წმინდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (+1770) - ხსენება 17 (30) ოქტომბერს
წმინდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (+1770) - ხსენება 17 (30)  ოქტომბერს
წმინდა იოსებ კათოლიკოს-პატრიარქი (ჯანდიერიშვილი) მოღვაწეობდა დოდოს მონასტერში. "მრავალთა მისთა სათნოებათათვის" იგი მღვდელმთავრად დაადგინეს რუსთავის კათედრაზე.
წმინდა იოსებს სასწაულქმედების ნიჭი ჰქონია მიმადლებული ღვთისგან: ერთხელ მისი დიაკონი მუცლის სიმსივნით დაავადდა. ავადმყოფობა ისე გართულდა, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. როდესაც მღვდელმთავარი სნეულთან შევიდა, ავადმყოფი ვეღარც სუნთქავდა და აღარც ლაპარაკი შეეძლო. წმინდა იოსებმა "იხილა სენი და შეელმა გულსა მის ლმობიერსა", დაუტევა სნეული და სამლოცველოში განმარტოვდა ლოცვად. მხურვალე ლოცვის შემდეგ ის ავადმყოფთან დაბრუნდა და, რადგან კაცთაგან განდიდებას ერიდებოდა, ჩვეულებრივად თქვა, რომ ასეთი სნეულების დროს წამლად თხილის ჯოხის ნახშირის მიღება იყო საჭირო. ცეცხლში შეაგდო თავისი თხილის ჯოხიდან გამოთლილი კვერთხი, წყალში გალესა, ჯვარი გადასახა და სნეულს დაალევინა.

სიმსივნე იმ წუთსვე დაუცხრა, მესამე დღეს კი ავადმყოფი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა.

ასეთი სიმდაბლითა და სასწაულთქმედებით გამორჩეული მღვდელმთავარი 1755 წელს კათოლიკოსად იქნა არჩეული ანტონ I-ის მაგივრად.

წმინდა იოსები, კათოლიკოსობის ტვირთისა და პატივის მიუხედავად, მაინც უდიდეს ასკეტ ბერად რჩებოდა: "მამამთავრობასა შინა რაოდენ დაუგებდნენ ცხედარსა, ნიშანსა დასდებინ იდუმალ და იხილონ ხვალისად, რომელ ყოვლადვე არა დაწოლილ იყვის ცხედარსა, არამედ ღამე ყოველ ილოცვის მარტოებით ლმობიერად". მან, როგორც იოანე ბატონიშვილი წერს, "კეთილად დამწყსო ეკლესია თვისი და მერმე დაუტევა საყდარი თვისი".

1764 წელს წმინდა იოსებ კათოლიკოსმა, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის მსგავსად, ეკლესიის მშვიდობისათვის, სიმდაბლით დაუტევა კათოლიკოსის ტახტი, ახმეტაში წავიდა და "ცხოვრობდა ჭეშმარიტისა მონაზონებითა". წმინდანი საკუთარი ხელით ამუშავებდა ვენახს და მოსავლის უმეტეს ნაწილს ღარიბებს ურიგებდა. იმ მხარეში ძალიან ხშირია გვალვები და სეტყვა, რომელიც ხშირად თითქმის მთელ მოსავალს ანადგურებდა. წმინდა იოსების იქ მოღვაწეობის დროს "არცა მოლების წვიმა ვენახთა და არცა მისრულ არს სეტყვა მავნებელი". იგი ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს და ბრმებს თვალთა სინათლეს ანიჭებდა, რის გამოც იქაურებს ძალიან უყვარდათ.

ეს სიმდაბლე მეუფე იოსებს სიკვდილამდე გაჰყოლია. შემორჩენილია წერილი იოსებ ნეკრესელისადმი, რომელიც მისი სულიერი შვილი გახლდათ. მეუფე იოსებს თავისი სულიერი შვილისთვის მონასტრის წინამძღვრობა დაუთმია და, როგორც უბრალო მღვდელ-მონაზონი, ისე ცხოვრობდა გარეჯას. უკვე წლების ტვირთით დამძიმებული მღვდელმთავარი ძმათა გვერდით ვეღარ იდგა სამორჩილო საქმეში და ამაზე წუხდა: "ამ თქვენს მონასტერში ბევრის ხარჯის მეტი, უდებობის მეტი, ნაყროვნების მეტი ვერა ვქენ რა... მე უღირსი და ცოდვილი ამ საქმისთვის შემიწყალეთ, თქვენი ტკბილი მამაშვილობის და ძმობის გაყრილი და საუკუნოდ განშორე¬ბული და დატყვევებული, ამიერ წავლით წარსული და აღარა სადა მოქცევადი შემიწყალეთ, შემიწყალეთ საუკუნოდ, ამინ..." რამხელა თავმდაბალი, წმინდა მღვდელმთავარი გვყოლია ქართველებს! ჩვენც შეგვიწყალოს ღმერთმა მისი წმინდა ლოცვით - კ.კ.).

წმინდა გაბრიელ მცირე (ხს. 17 მარტს) სიხარულით წერს, რომ მან "ერთგზის იხილა" და "ორგზის ამბორს უყო ხელსა მას წმინდასა".

1770 წელს "ესრეთ სიწმიდით მოხუცებულმან სული თვისი შეჰვედრა ღმერთსა".

ბეჭდვა
1კ1