მოწამეთობას მორწმუნეები სხვადასხვა კუთხეებიდანაც ჩამოდიან
მოწამეთობას მორწმუნეები სხვადასხვა კუთხეებიდანაც ჩამოდიან
უცნობი ავტორის "დავით და კონსტანტინეს მარტვილობა" მოგვითხრობს არგვეთის მთავრების საოცარი თავდადების შესახებ. როცა ძმებმა მურვან ყრუს სარწმუნოების შეცვლაზე უარი განუცხადეს, არაბთა სარდლის ბრძანებით, ათი დღე აშიმშილეს ისინი და შემდეგ კიდევ სცადეს მოლაპარაკება, მაგრამ მაინც უარი მიიღეს. მაშინ დავითი და კონსტანტინე წმიდა კოზმანისა და დამიანეს ტაძრის მახლობლად (შემდგომდროინდელი "ჯაჭვის ხიდის" ქვემოთ), მდინარის ნაპირას გაიყვანეს, ხეზე დაკიდეს და სასტიკად აწამეს. მერე ხელ-ფეხი შეუკრეს, ქედზე ლოდები გამოაბეს და მდინარეში გადააგდეს. ღამით აღსრულდა სასწაული: ზეციდან მიწაზე სამი ნათლის სვეტი გარდამოვიდა, შუქმა გაანათა იქაურობა. ღვთის ნებით მოწამეების ქედს "ლოდნი შემოეძარცვნეს"" და მათი სხეულები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდა. მსახურებმა ცხედრები ნაპირზე გამოასვენეს. უცებ მოესმათ ნათლის სვეტიდან გამომავალი ხმა, რომელმაც მოუწოდა მათ, მინიშნებულ ადგილას წაესვენებინათ წმინდანთა ნაწილები. წყალწითელას ხევში ღრმად ჩაჭრილ კლდოვან ყელს ჩაუდგა პროცესია და მივიდა იმ ადგილამდე, სადაც ადრე ხარების სახელობის ეკლესია იდგა. ნაეკლესიარში ძველთაძველი აკლდამა იყო, იქ დაასვენეს მოწამენი. ამ ადგილს მოწამეთა ეწოდა. XI საუკუნეში ბაგრატ III ააშენა დანგრეული ეკლესია და მასში გადაასვენა წამებული გმირები.

KARIBCHE

ამ დრომდე წმინდანთა გაუხრწნელი და უვნებელი ცხედრები თავშექცევით იწვნენ სამარეში და მრავალ სასწაულებრივ კურნებას აღასრულებდნენ "ვითარცა - ესე თვით მათ ითხოვეს ღმრთისაგან".

გადმოცემის მიხედვით კი მონასტერი სწორედ იმ ადგილზეა აგებული, სადაც დავითი და კონსტანტინე აწამეს.
მოწამეთობის დღესასწაულის აღსანიშნავად, რომელიც 15 ოქტომბერს იმართება, მორწმუნენი იმერეთში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდანაც ჩამოდიან. ტრადიციულად, სურვილის ჩაფიქრების შემდეგ, მომლოცველები გაივლიან საძვალის ქვეშ და პატივს მიაგებენ წმინდანთა ნაწილებს.
ბეჭდვა
1კ1