ღირსი კუკშა ოდესელი (+1964) - 16 (29) სექტემბერი (წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღე) და 11 (24) დეკემბერი.
ღირსი კუკშა ოდესელი (+1964)  - 16 (29) სექტემბერი (წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღე) და 11 (24) დეკემბერი.
ღირსი კუკშა დაიბადა 1874 წლის 12 იანვარს ხერსონის გუბერნიაში, სოფელ გარბუზანკაში, ღვთისმოსავი ქრისტიანების, კირილე და ხარიტინა ველიჩკოების ოჯახში და ნათლისღებისას კოზმა უწოდეს. ყრმობიდანვე უყვარდა მას განმარტოება და წმინდა წერილის კითხვა. სიყრმიდანვე დიდი სიყვარული ჰქონდა ადამიანებისა. ერთხელ მან თავისი ეშმაკეული ბიძაშვილი ერთ ბერდიდთან წაიყვანა, რომელმაც ლოცვით ეშმაკი განდევნა მისგან, რის მერეც ამ ბერმა კოზმას უთხრა: "ეს რომ აქ მოიყვანე, ამისთვის ეშმაკი შურს იძიებს და მთელი ცხოვრება დევნილი იქნებიო".

როცა კოზმა ოცი წლის გახდა, თანასოფლელებთან ერთად წმინდა ადგილების მოსალოცად წავიდა. იერუსალიმის მოლოცვის შემდეგ მომლოცველები ათონზეც მივიდნენ. ყმაწვილკაცს აქ ნანახმა შემონაზვნების სურვილი გაუჩინა. მაგრამ მშობლების კურთხევის გარეშე ვერ გაბედა. დედამის ხარიტინას, ადრე მონაზვნობა სურდა, მაგრამ მშობლებმა გაათხოვეს. მაშინ შეევედრა ღმერთს, ჩემი შვილებიდან ერთი მაინც შეუდგეს შენს გზასო. შვილის ასეთმა გადაწყვეტილებამ ძალზე გაახარა, მით უმეტეს, როცა გაიგო რომ დიდმა სასწაულთმოქმედმა მამამ, იონა კიეველმა კოზმას ჯვარი დაადო თავზე და აკურთხა: "მონასტერში წასვლაზე გაკურთხებ! ათონზე იცხოვრებო!" და შვილი დედამაც დალოცა ყაზანის ღვთისმშობლის ხატით. მხოლოდ მამა - კირილე ყოყმანობდა, არ ეთმობოდა შვილი, მაგრამ ისიც მოდრიკეს. კოზმა 1896 წელს ათონის გზას გაუდგა და იქ წმინდა პანტელეიმონის მონასტერში შედგა მორჩილად.

ოთხი წლის შემდეგ იღუმენის კურთხევით კვლავ მოილოცა იერუსალიმი, ახლა დედასთან ერთად და უკან ათონზე დაბრუნდა. თუმცა ერთი წლის შემდეგ კვლავ გააგზავნეს იერუსალიმში და უფლის საფლავთან რუსი ღვთისმსახურების მორჩილება დაავალეს. 1902 წელს ათონზე დაბრუნდა და 1905 წელს ქსენეფონტეს სახელით ბერად აღკვეცეს, მისი სულიერი მოძღვარი, მეუდაბნოე მელქისედეკი, იყო დიდსულიერი ადამიანი. 1912 წელს "სახელისმადიდებელთა" ერესის გამო ათონის რუსული სავანეებიდან რვაასამდე მონაზონი გააძევა საბერძნეთის ხელისუფლებამ. რომელთა შორის ბევრი უდანაშაულო ბერი იყო, მათ შორის იყო მამა ქსენეფონტე. სულიერმა მოძღვარმა დაამშვიდა, აკურთხა და გამოუშვა.

პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მამა ქსენეფონტე, სხვა მონაზვნებთან ერთად, სანიტარულ მატარებელზე გამწესეს, რომელიც კიევსა და ლვოვს შორის დადიოდა. ბერები ეხმარებოდნენ მძიმედ დაჭრილებს. სანიტარულ მატარებელზე მსახურება რომ დაამთვრა, მამა ქსენეფონტე კიევის მღვიმევის ლავრაში დასახლდა. მას ხელი დაასხეს ჯერ დიაკვნად, ხოლო შემდეგ მღვდელმონაზვნად და დაავალეს შორეულ მღვიმეებში ღირსი მამების უხრწნელ ნაწილებთან კანდელების ანთება, იქაურობის დასუფთავება, მღვიმელი მამების სხეულების ნაწილთა სამოსის შეცვლა. ქსენეფონტეს დიდი სქემის შემოსვა სურდა, მაგრამ უარს ეუბნებოდნენ და ახლა, როცა დიდსქემოსანი ღირსი სილუანის ნაწილებს სამოსს უცვლიდა, მან წმინდანს შესთხოვა, მისთვის ღვთისაგან დიდი სქემა გამოეთხოვა. მალევე მამა ქსენოფონტე ავად გახდა და სიკვდილის პირას მისული დიდი სქემით შემოსეს და კუკშა მღვიმელის სახელი უწოდეს. თუმცა სქემის შემოსვის შემდეგ კუკშა უეცრად გამოკეთდა მალე სულ გამოჯანმრთელდა. სავანის დახურვის შემდეგ ის კიევის ერთ-ერთ ტაძარში მსახურებდა. 1938 წელს მამა კუკშა დააპატიმრეს და მოლოტოვის ოლქში, ქალაქ ვილმეში საკონცეტრაციო ბანაკში ხუთი წლით ჩაამწყვდიეს, სადაც ტყის კაფვაზე მუშაობდა. პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ სამი წლით სოლიკამის ოლქში ქალაქ კუნგურის სიახლოვეს სოფელში გადაასახლეს. სოლიკამის ეპისკოპოსისგან კურთხევის აღების შემდეგ ის ხშირად ატარებდა წირვას მეზობელ სოფელში.

1947 წელს გადასახლების ვადა გაუვიდა. მამა კუკშა კიევის მღვიმევის მონასტერში დაბრუნდა. ხალხმა დაიწყო მასთან აღსარებაზე და რჩევებისთვის მისვლა. ეს საბჭოთა ხელისუფლებას არ გამოპარვია და მამა კუკშა 1951 წელს პოჩაევოს ლავრაში გადაიყვანეს. ხალხი ახლა პოჩაევოსკენ დაიძრა და მასთან აღსარების რიგში ასობით მორწმუნე იდგა. 1957 წლის აპრილში ის კრეშჩატიცკის მამათა მონასტერში გადაიყვანეს. მისი მისვლის შემდეგ  უამრავი მომლოცველი მოდიოდა ამ სავანეში და მალე მონასტერს ახალი შენობების აშენების საშუალება მიეცა. თვითონ მამა კუკშაც მიუხედავად სისუსტისა, აქ კარგად გრძნობდა თავს, ამბობდა ხოლმე: "აქ მე სახლში ვარ, აქ მე ათონზე ვარ!"თუმცა აქაც დიდხანს არ უღვაწია. 1960 წელს, ჩერნოვიცკის დედათა მონასტრის დახურვის შემდეგ, იქაური დედები კრეშჩატიცკის მონასტერში დაასახლეს, იქური ბერები პოჩაევოს მონასტერში გადაიყვანეს, ხოლო მამა კუკშა ოდესის მიძინების სახელობის მამათა მონასტერში გაგზავნეს, სადაც ის ტაძარში ხალხისგან აღსარებებს იღებდა და პროსკომიდიისას სეფისკვერიდან ნაწილებს კვეთდა.

მონასტრის კეთილმოწესე მამა კუკშას დევნიდა და ცრუ მორჩილი მიუგზავნა, რომელიც მამა კუკშაზე ყველაფერს ატყობინებდა. ერთხელ მამა კუკშა ამ კეთილმოწესემ თვითნებურად კელიაში ჩაკეტა, რომ არავინ მიეღო. თუმცა ღირსი მამა უდრტვინველად იღებდა განსაცდელს, ამბობდა ხოლმე: -მონაზონი არ ჩივის და თავს არ იმართლებსო. 1964 წლის ოქტომბერში ამ ცრუ მორჩილმა მამა კუკშა შუაღამისას შიშველი გამოაგდო კელიიდან. სიბნელეში ხეტიალისას მამა კუკშა ორმოში ჩავარდა და ფეხი დაიზიანა. იმ ორმოში იწვა დილამდე. დილით ლოცვაზე მიმავალ ძმებს ორმოდან მისი კვნესა მოესმათ. ორმოდან ამოიყვანეს, მაგრამ უკვე ცუდად იყო - მას ორმხრვი ფილტვების ანთება დაემართა დ საწოლს მიეჯაჭვა. მისი მომვლელი მონაზონი ამბობდა, რომ მამა კუკშა სულით უკვე ზეცაში ცხოვრობსო, ღამით ესმოდა ხოლმე როგორ ლოცულობდა და წირვის ასამაღლებლებს ამბობდა, პირს აღებდა საზიარებლად. როცა დილით ძმები მოდიოდნენ საზიარებლად, მათი წასვლის შემდეგ ბუზღუნებდა, დღეს ორჯერ მაზიარესო.

ღირსი კუკშა 23/24 დეკემბერს გარდაიცვალა. ხელისუფლება შეეწინააღმდეგა მის მონასტერში დაკრძალვას და მოითხოვდნენ სამშობლოში გადასვენებას, რაზეც მონასტრის წინამძღვარმა ბრძნულად უთხრა: მონაზვნის სამშობლო მონასტერიაო! მაშინ ხელისუფლებამ დაკრძალვისთვის ორი საათის ვადა მისცა.

მისი დაკრძალვისთანავე უამრავი ხალხი მოდიოდა წმინდა კუკშას საფლავზე. ღირსი მამის ლოცვით უამრავი სასწაული ხდებოდა და ხდება. 1994 წლის 16 (29) სექტემბერს მოიპოვეს ღირსი კუკშას წმინდა ნაწილები, ხოლო უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. 2016 წელს კი იგი რუსეთის ეკლესიამაც შერაცხა წმინდანად. წმინდა კუკშას ხსენება  წმინდა ნაწილთა ამოყვანების დღეს დაწესდა. 

წმინდა კუკშას სულიერი კავშირი ჰქონია ბეთანიელ წმინდა მამებთან - ღირს იოანესა (მაისურაძე) და ღირს იოანე-გიორგისთან (მხეიძე). აი, რას წერს ამაზე არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) თავის წიგნში "ბეთანია - სახლი სიგლახაკისა":

"50-იან წლებში ჩვენი მორწმუნე ქალები რუსეთში დადიოდნენ სქემ-იღუმენ კუკშასთან, ეს იყო მაღალი სულიერი ცხოვრების მამა, რომელსაც მასთან მისული ადამიანების აზრების წაკითხვაც კი შეეძლო. "წავიდეთო, -თქვეს ერთხელაც, -წმინდა კაცი მოვინახულოთო", -სულ შვიდნი იყვნენ. მივიდნენ, ჯერ სიტყვაც არ უთქვამთ, სქემ-იღუმენმა კი მიმართა: "რაო, თბილისელო დედაკაცებო, ცოდვილი კუკშას სანახავად ჩამოხვედით?! თქვენთან კი ახლოს მთებში ორი მნათობი ბრწყინავს, იქ წადით და მათგან მოიკრიბეთ სულიერი ძალა!" მხოლოდ სახელები არ უთქვამს. ეტყობა, იგი ჩვენს მამებთან სულიერად იყო დაკავშირებული, ან კი თბილისის მახლობლად მთებში სხვა რა ორი მნათობი უნდა ყოფილიყო, თუ არა ეს ჩვენი ორი ბერი? იმ დროს ხომ მთელ საქართველოში მეტი მოქმედი მონასტერი არ იყო".



ბეჭდვა
1კ1