ღირსი დოროთე თებაიდელი-ხსენება 16(29) სექტემბერს.
ღირსი დოროთე თებაიდელი-ხსენება 16(29) სექტემბერს.
ღირსი დოროთე თებაიდელი ალექსანდრიის ახლოს უდაბნოში, "განდეგილთა კელიებში" ცხოვრობდა. ელენოპოლოსის ეპისკოპოსი პალადიოსი ახალგაზრდობაში მოწმე იყო მისი მარხვის ღვაწლისა და მასზე შემდეგ რამეს მოგვითხრობს "ლავსაიკონში".

ბერდიდს 60 წელი დაეყო გამოქვაბულში და ძალზე მკაცრად ცხოვრობდა. ნეტარმა მამა ისიდორემ მე მას ჩამაბარა და მიბრძანა, რომ მასთან სამი წელი დავრჩენილიყავი. მას უნდა დავემწყსე და ამ გზით ჩემში სრულიად აღმოიფხვრებოდა სულის ვნებები.

ნეტარმა ისიდორემ იცოდა, რომ ეს მამა მკაცრი ცხოვრებით გამოირჩეოდა. სამი წლის შემდეგ კი ისევ ისიდორესთან უნდა დავბრუნებულიყავი. მაგრამ, ძლიერი სენით დავსნეულდი და ვერ შევძელი სამი წელი ბერთან ვყოფილილიყავი, და უკან უფრო ადრე დავბრუნდი. ბერთან ყოფნისას ვხედავდი, რაოდენ საკვირველი მოღვაწე იყო. ის მეტისმეტი ღვაწლისგან ძალზე გამხდარიყო.

მამა დოროთე შუადღემდე ზღვის პირას მიმოდიოდა, ქვებს აგროვებდა და ამ ქვებით მთელი დღე სენაკებს აშენებდა. და მერე თავის სენაკს უთმობდა იმას, ვისაც აშენება არ შეეძლო, ასე გრძელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში. თავად კი ახლადაშენებულ სენაკში გარდაიცვალა. მისი მკაცრი ცხოვრების შემხედვარემ ვუთხარი:

- რას სჩადი, მამაო, ასეთი მოხუცი ხარ და გარდარეული სიცხით საკუთარ სხეულს ჰკლავ?!

მან მომიგო:

- რადგან ის მკლავს, ჯერ მე უნდა მოვკლაო.

მამა დოროთე მცირე პურით მხლითა და წყლით იკვებებოდა.

ღმერთია მოწმე, მე ის არასოდეს მინახავს მიწაზე ან საწოლზე დაწოლილი, არც მჯდომარე მძინარი. ის მთელი ღამე ფინიკის ფურცელს წნავდა, რათა ამ გზით საჭმელი ეშოვა. როცა მის საქმიანობას ვუყურებდი, ვფიქრობდი, რომ ამგვარ ღვაწლს ჩემი მოსვლის შემდეგ შეუდგა.

ამ წმინდა მამას ბევრი მოწაფე ჰყავდა, რომლებიც თავიდანვე მასთან ცხოვრობდნენ. მე მათ ვთხოვე, ეთქვათ ჩემთვის თავიდანვე ასე მოღვაწეობდა თუ არა მათი მოძღვარი. მათ მიპასუხეს: 
-მამა დოროთეს სიჭაბუკიდან ასეთი ჩვეულება ჰქონდა: ის არასოდეს წვებოდა დასაძინებლად, მხოლოდ ხელსაქმისას ან პურის ჭამისას თუ მიერულებოდა.

ჩაძინებულს ხშირად პირიდან პური დავარდნია. ერთხელ ვაიძულე, რომ ცოტა ხნით ჭილზე მიწოლილიყო. მან კი ტირილით მითხრა:
-`მოსაგრემ სხეული საერთოდ არ უნდა მოასვენოს ძილითო.

ერთ დღეს, როცა ძმები ტრაპეზობდნენ, ნეტარმა მამამ წყლის მოსატანად გამგზავნა. დღის ცხრა საათი იყო. იქ მისულმა ვნახე, რომ ჭაში გველი იყო ჩასული. შეშინებულმა ვეღარ გავბედე წყლის ამოღება, ბერთან გავიქეცი და ვუთხარი:

- დავიხოცებით, მამაო, ჭაში გველი ვნახე.

მან სიყვარულით თავი გააქნია და თქვა:

- ეშმაკს რომ გველები, ასპიტები ან სხვა ქვეწარმავლები ყველა ჭასა და წყაროში ჩაეყარა, განა აღარ დავლევდით წყალს?
სენაკიდან გამოვიდა, ჭურჭლით ჭიდან წყალი ამოიღო ზედ ჯვარი გადასახა, დალია და თქვა:
- სადაც პატიოსანი ჯვარი გამოისახება, იქ ეშმაკის ყოველგვარი მზაკვრობა უძლურია.


ბეჭდვა
1კ1