ვინ იყო წმინდა მაქსიმე აღმსარებელი?
ვინ იყო წმინდა მაქსიმე აღმსარებელი?
ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტის სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ლოცვა-კურთხევით, წმიდა მაქსიმე აღმსარებლის ტაძარში მოსაპირკეთებელი სამუშაოების დაწყებისას, საკურთხევლის ნაწილში გამოჩნდა წმიდა ნაწილები.
წმიდა მაქსიმე აღესრულა 662 წლის 13 (26) აგვისტოს. მისი სახელი წელიწადში ორჯერ მოიხსენიება: გარდაცვალების დღეს და წამების დღეს (21 იანვარს, ახ.სტ. 3 თებერვალს), როცა ენა და ხელი მოჰკვეთეს.
მეუფე სტეფანე:
-წმიდა მაქსიმე 580 წელს ქალაქ კონსტანტინოპოლში დაიბადა წარჩინებული და ღვთისმოშიში ცოლ-ქმრის - იოანესა და ანას ოჯახში. განათლება შინ მიიღო. თანატოლებთან თამაშის ნაცვლად მთელ დროს წმიდა წერილის კითხვასა და უფლის მცნებების დაცვას უთმობდა. წმიდა მაქსიმე ღვთივსათნო ცხოვრებასა და სიბრძნეში ისე წარემატა, რომ ეს ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემაც შეიტყო და წმიდანს სასახლეში მწიგნობართუხეცესის თანამდებობაზე უხმო. მაშინ, როცა წმ. მაქსიმე იმპერატორის კარზე მსახურობდა, მან გაიცნო იმპერატორ ჰერაკლეს მეუღლის, ევდოკიას კანცელარიის მწერალი, შემდგომში მისი მოწაფე - ანასტასი ბერი. გარკვეული პერიოდის შემდგომ, სავარაუდოდ 613 წელს, ღმრთისაგან მოწოდებულმა წმიდა მამა მაქსიმემ და, როგორც ჩანს, მასთან ერთად, წმ. ანასტასიმაც, საერო სამსახური დატოვა და კონსტანტინეპოლის მახლობლად მდებარე ქრისოპოლის მონასტერში დამკვიდრდა.
ქრისოპოლის მონასტერი კონსტანტინოპოლის მოპირდაპირე მხარეს, ქალკედონთან ახლოს მდებარეობდა. იგი განთქმული იყო წმიდა მამათა მოღვაწეობით. წმიდა მაქსიმე ბერად აღიკვეცა და შემდეგ ამ მონასტრის წინამძღვრობა იტვირთა.
მონასტერში მოღვაწეობის დროს ნეტარი მამა ძაძას ატარებდა და მხოლოდ ხმელი პურითა და ველური მხლით იკვებებოდა. მისი უმთავრესი და უსაყვარლესი საქმე ლოცვა და შრომა იყო, ხოლო თუ თვალს ოდნავ მაინც მიეკარებოდა რული, მაშინვე დგებოდა და ლოცვასა და გალობას იწყებდა.
წმიდა მაქსიმე სიმდაბლის გამო თავს ყველაზე ცოდვილ ადამიანად მიიჩნევდა, ხოლო სიყვარულის უნარი ისეთი ჰქონდა, რომ უფლის სიტყვები: "შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მათ. 22:39) ჭეშმარიტად აღესრულებოდა მასზე. ამასვე მოწმობს წმინდა მამის სწავლანი სიყვარულის შესახებ.
ბიზანტიასა და სპარსეთს შორის ომი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 616 წელს სპარსეთის ჯარები ქალკედონზეც გამოჩნდნენ და საფრთხე ქრისოპოლის მონასტერსაც დაემუქრა. როგორც ჩანს ამ დროს გახდა იძულებული წმ. მაქსიმე დაეტოვებინა ეს მონასტერი. მან, თავის მოწაფეებთან ერთად თავი შეაფარა კვიპროსსა და კრეტას.
628 წელს იმპერატორმა ჰერაკლემ მთელი რიგი ბრწყინვალე გამარჯვებებისა იზეიმა სპარსელებზე. როცა წმ. მაქსიმემ მიიღო შეტყობინება ომის დამთავრების შესახებ, გადაწყვიტა დაბრუნება, ოღონდ არა ქრისოპოლში, არამედ ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც კიზიკელი მთავარეპისკოპოსის იოანეს დაქვემდებარებაში იყო.
ცოტა ხანში, ქრისტიანულ სამყაროში მონოთელიტური ერესი აღმოცენდა, რომელიც ქრისტეს ორი ბუნების ღვთაებრივისა და კაცობრივის შესაბამის, ორ ნებასა და ორ ქმედებას უარყოფდა და აღიარებდა მხოლოდ ერთს, ღვთაებრივს. კაცთმოძულე ეშმაკმა უბრალო ხალხის მონადირება არ იკმარა და მეფის სასახლეშიც მტკიცედ მოიკიდა ფეხი. საქმე იქამდე მივიდა, რომ, მეფის ბრძანებით, ქრისტეს ერთი ნების, ქმედებისა და ბუნების შესახებ ცრუ მოძღვრება გრაგნილზე დაწერეს და აია სოფიას ეზოში გამოაკრეს, რითაც დაგმეს ჭეშმარიტი მოძღვრება.

წმიდა მაქსიმე მეფისა და პატრიარქის ცდომილებაში რომ დარწმუნდა, საბოლოოდ დატოვა იქაურობა და დაახლოებით 630 წელს, მოწაფესთან წმ. ანასტასისთან ერთად, თავისი მოღვაწეობის გაგრძელება წმიდა მიწაზე გადაწყვიტა. იქ იმ დროს უკვე ცხოვრობდა მღვდელ-მონაზონი სოფრონიუსი, მომავალში იერუსალიმის პატრიარქი, რომელსაც წმ. მაქსიმე თავის მამასა და მასწავლებელს უწოდებს. წმიდა მიწაზე გაიცნო წმ. მაქსიმემ თავისი მეორე მოწაფე - წმ. ანასტასი აპოკრისიარი.
წმიდა მიწაზე წმ. მაქსიმემ 633 წლამდე დაჰყო, ხოლო შემდეგ, წმ. სოფრონიუსთან და სხვა ბერებთან ერთად გაემგზავრა ალექსანდრიაში, სადაც მართლმადიდებლობის დამცველებთან ერთად დადგა მწვალებელი ალექსანდრიელი პატრიარქის კიროსის წინააღმდეგ.
634 წელს იმ მხარეში დაიწყო არაბთა შემოსევები. 636 წელს არაბებმა დაიპყრეს სირია, შემდეგ შეიჭრნენ იერუსალიმსა და მესოპოტამიაში და დაემუქრნენ ალექსანდრიას. დაახლოებით 638 წელს წმ. მაქსიმე, თავის მოწაფეებთან ერთად გადადის აფრიკის პროვინციაში და კართაგენის მახლობლად მკვიდრდება. მას კართაგენში სიხარულით შეეგებნენ. აფრიკის პროვინციის პრეფექტმა, გრიგოლმა, მას მხარდაჭერა და მფარველობა აღუთქვა. აფრიკის პროვინციის მოსახლეობა ძირითადად მართლმადიდებელი იყო. თუმცა, იმპერიის ხელისუფლების ზეწოლით, აქაც იკიდებს ფეხს მონოთელიტობა.
სულ უფრო მატულობს დაძაბულობა იმპერიის დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. დაძაბულობის მთავარი მიზეზი რელიგიური ხასიათისაა. რომის პაპი და დასავლეთის ეკლესია იმ დროს ქალკედონის მსოფლიო კრების ერთგულია და მტკიცედ იცავს მართლმადიდებლობას, ხოლო აღმოსავლეთში იერუსალიმის პატრიარქ სოფრონიუსის გარდა, ყველა საპატრიარქო კათედრა მონოთელიტებს უპყრიათ.
იმ დროს კართაგენში აღმოჩნდა კონსტანტინეპოლიდან განდევნილი ყოფილი პატრიარქი მონოთელიტი პიროსი. წმ. მაქსიმემ იცოდა მისი შეხედულებები და ყველგან მოუწოდებდა არ გაჰყოლოდნენ პიროსის ცრუსწავლებას. მწვალებლობაში მხილებული პიროსი შეეცადა თავისი პოზიციის დაცვას პრეფექტ გრიგოლის მიერ ორგანიზებულ საჯარო დისკუსიაში წმ. მაქსიმე აღმსარებელთან. დისკუსია გაიმართა კართაგენში, 645 წლის ივლისში. დისკუსიის შედეგად პიროსი დარწმუნდა წმ. მაქსიმეს არგუმენტების ჭეშმარიტებაში, მოინანია თავისი ცდომილება და აღიარა მართლმადიდებლობა.
645 წლის ბოლოს წმ. მაქსიმე პიროსთან ერთად რომში ჩავიდა. აქ პიროსმა სამღვდელოებისა და მრევლის წინაშე საჯაროდ დაგმო მწვალებლობა და პაპ თეოდორეს ჩააბარა ხელწერილი, რო,ელშიც გმობდა ყოველივე იმას, რაც გააკეთა მან და მისმა წინამორბედმა, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა სერგიმ მართლმადიდებლობის წინააღმდეგ. პაპმა ღირსეულად მიიღო იგი, ცნო კონსტანტინეპოლის პატრიარქად და მისცა ბინა რომში.
წმ. მაქსიმე რომის ერთ-ერთ მონასტერში დამკვიდრდა. მან დიდად გაითქვა სახელი რომში თავისი სათნო ცხოვრებითა და ღვთივსულიერი დარიგებებით.
649 წელს რომის პაპი თეოდორე გარდაიცვალა და მისი ადგილი პაპმა მარტინემ დაიკავა. ამ დროისათვის კიდევ უფრო მეტად აგრესიული გახდა მონოთელიტთა მოქმედებები, რადგან მათ ზურგს უმაგრებდა იმპერიის ხელისუფლება. აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობამ კიდევ უფრო იმატა.
649 წელს ნეტარი მაქსიმეს რჩევით, რომში, ლათერანის ტაძარში, ადგილობრივი საეკლესიო კრება გაიმართა. კრებაზე რომის ეპისკოპოსებმა და სხვა სასულიერო პირებმა შეაჩვენეს ქრისტეს ერთი ბუნების, ერთი ნებისა და ქმედების მქადაგებელთა მწვალებლობა.
ცოტა ხანში, 653 წლის 17 ივნისს ღამით, განრისხებული მეფე კონსტანტის ბრძანებით, ფარულად შეიპყრეს პაპი მარტინე და გემით კონსტანტინეპოლში ჩაიყვანეს. კონსტანტინეპოლში მას სასტიკად გაუსწორდნენ და 654 წელს ყირიმში გადაასახლეს. იქ მან ერთ წელზე ოდნავ მეტ ხანს იცოცხლა და შიმშილითა და განსაცდელებით გაწამებულმა 655 წლის 16 სექტემბერს სული უფალს მიაბარა.
არც წმ. მაქსიმესა და მის მოწაფეებს ასცდათ მწვალებელთა შურისძიება. კონსტანტინეპოლში მყოფი წმ. ანასტასი აპოკრისიარი ადრევე, 648 წელს შეიპყრეს და ტრაპიზონში გადაასახლეს. წმ. მაქსიმე და მისი მოწაფე წმ. ანასტასი აპოკრისიარი, როგორც ჩანს, წმ. მარტინეს შეპყრობამდე ერთი-ორი დღის წინ დააპატიმრეს.
ერთი წლის შემდეგ, 654 წელს, ისინი კონსტანტინოპოლში ჩაიყვანეს. წმიდა მაქსიმე და მისი მოწაფე კონსტანტინოპოლში ჩასვლისთანავე მეფისგან მიგზავნილმა სამხედროებმა ცემით მიათრიეს საპყრობილემდე და ბნელ საკნებში ცალ-ცალკე გამოკეტეს. მეფის წინაშე, დაკითხვის დროს, რა აღარ დააბრალეს წმიდა მამას. ნეტარმა მაქსიმემ ცრუ მოწმეებს უთხრა: "მადლობას ვწირავ უფალს ამდენი ცილისწამების გამო, რათა განვიწმინდო ცოდვებისა და მანკიერებისგან". თავი ღმერთს მიანდო და მორჩილად თქვა: "დაე, აღსრულდეს ჩემზე ნება უფლისა სადიდებლად ღვთისა". მეფემ, პატრიარქის რჩევით, ნეტარი მაქსიმე ჯერ გაასამართლა, შემდეგ კი თრაკიის პატარა ქალაქ ვიზიაში გადაასახლა. წმ. ანასტასი ბერი - პერვერიაში გადაასახლეს, ხოლო მეორე ანასტასი, რომელიც თავის დროზე ტრაპიზონში იყო გადასახლებული მესამბრიაში გადაიყვანეს.
წმიდა მაქსიმეს, თეოდორე იპატოსის ბრძანებით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ძაგება დააბრალეს - თეოდორეს იმედი ჰქონდა, ამის შემდეგ ხალხი წმინდა მაქსიმეს ჩაქოლავდა. წმიდანმა ეს მკრეხელური ცილისწამება რომ მოისმინა, ხელები ზეცად აღაპყრო და თვალცრემლიანმა წარმოთქვა: "ვინც არ აღიარებს და არ ქადაგებს ყოვლადწმიდასა და უხრწნელსა, უმეტესად კურთხეულსა და ზეცისა მხედრობათა პატივისმცემელსა დედოფალსა ჩვენსა, მარადის ქალწულსა მარიამს ჭეშმარიტად ღვთისმშობლად, ჭეშმარიტად დედად ღვთისად, შემოქმედისა ცათა და ქვეყანისა, ზღვისა და ყოველთა, რაი არს მათ შინა, წყეულ იყავნ და შეჩვენებულ მამისა და ძისა და სულისა წმიდისა მიერ, შეურყვნელისა მის და განუყოფელისა სამებისა და ყოველთაგან ზეცისა ძალთა და წმინდა მოციქულთა კრებულისგან, წინასწარმეტყველთა, მოწამეთა და ყოველთა მართალთაგან".
კიდევ მრავალ ეცადნენ მტარვალები, რომ გაეტეხათ წმიდა მამები, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს კონსტანტინეპოლში ჩაიყვანეს, სასამართლო მოუწყვეს, ხარის ძარღვების მათრახით დაუნდობლად გვემეს და სისხლი ადინეს. მოწაფეებსაც ასევე სასტიკად გაუსწორდნენ. ცოცხალმკვდარი მამები ბნელ საკნებში დააბრუნეს.
მეორე დილით, გაწამებ მამებს განაჩენი წაუკითხეს: "ღვთივდაცულმა მეფემ და ყოველმა მთავარმა სჯულისა და სიმართლის მიხედვით შემდეგი განვაჩინეთ თქვენზედა, მაქსიმე მონაზონო, ანასტასი და ანასტასი. უმჯობესი იყო, თქვენი უკეთურებისა და ბოროტად მეტყველების შესატყვისად გვეტანჯეთ, მაგრამ არ ვინებეთ თქვენი ბრალისა და გმობის შესაბამისად შურისგება, რათა ჯეროვანი მოსაგებელი საუკუნო ცხოვრებაში მოგეგოთ. ამქვეყნად ცხოვრებაში კი მოგისჯით მცირე ტანჯვას თქვენი უწესობისა და განდგომილების გამო. ვუბრძანებთ დიდებულ ეპარქოსს, რათა სამსჯავროზე წარგადგინოთ და ზურგი შოლტით აგიჭრელოთ, შემდეგ ჯერ ენა ამოგკვეთოთ, წერილების წერის გამო კი მარჯვენა მოგკვეთოთ. ვბრძანებთ, რომ ბოროტ ასოთა მოკვეთის წუთიდან სამეფო ქალაქის თორმეტი უბანი შემოგატარონ და გლანძღონ, ამის შემდეგ დარჩენილი ცხოვრება გადასახლებაში გაატაროთ. ექსორიაგყოფთ ლაზიკაში, რათა ყოველდღე იგლოვდეთ თქვენი ცდომილების გამო".
მოგვიანებით, წმ. მაქსიმესთან ერთად ლაზიკაში გადასახლებულმა ანასტასი აპოკრისიარმა ყოველივე აღწერა და გაუგზავნა იერუსალიმში მოღვაწე თეოდოსი ხუცესს, რომელიც წმინდა მაქსიმეს გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ლაზიკაში თავად ეწვია იმ ადგილებს, სადაც ნეტარი მამები მოღვაწეობდნენ.
ნეტარი მაქსიმე სქიმარში წაიყვანეს.
როგორც მეუფე სტეფანემ ბრძანა, სქიმარი დღევანდელი სკიმერი უნდა იყოს, რომელიც ლენტეხის მაღალმთიან რაიონში, მდინარე სკიმერულასთან მდებარეობს. გარკვეული ხნის განმავლობაში სკიმერის ხეობა ხან სპარსეთის მფლობელობაში შედიოდა, ხან კი ბიზანტიისა. VII საუკუნეში აქ ბიზანტიელთა გარნიზონი იდგა.
წმ. ანასტასი ბერი აფხაზეთში კოდორის ციხეში გამოკეტეს. მალევე, 18 ივლისს, ჭრილობების გამო დაუძლურებული ნეტარი მამა სვანეთის ერთ-ერთ ციხეში გადაიყვანეს, სადაც 24 ივლისს (ძვ.სტ.) გარდაიცვალა.
წმ. ანასტასი აპოკრისიარი ორი თვის ავადმყოფობის შემდეგ აფშილთა და მისიმიელთა საზღვარზე მდებარე ფუსტას ციხეში გაგზავნეს. ურჯულო მთავრებმა მას რამდენჯერმე შეუცვალეს საცხოვრებელი ადგილი. მოგვიანებით მისი მდევნელი მთავრები გააძევეს, ხოლო ახალდანიშნულმა მთავარმა გიორგიმ, ნეტარი ანასტასი თავის მახლობლად დაასახლა და მფარველობას უწევდა. ანასტასი აპოკრისიარი 666 წლის 11 ოქტომბერს (ძვ.სტ.) გარდაიცვალა.
გადმოცემით, წმიდა მაქსიმეს ღვთის ნებით აღუდგა მეტყველებისა და წერის უნარი და კვლავ არაერთი ეპისტოლე დაწერა. გარდაცვალებამდე მას უფლის ანგელოზისგან ეუწყა, რომ მალე დატოვებდა ამ სოფელს. სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში წმიდა მამამ საზრდელის მიღებაზე უარი თქვა და მთელ დროს ლოცვაში ატარებდა. 13 აგვისტოს, შაბათ დღეს, წმიდა მაქსიმე გარდაიცვალა. მისი ცხედარი სხიმარის ციხეში დაკრძალეს. წმიდა მაქსიმეს საფლავზე სამი ღვთიური ლამპარი ჩნდებოდა და არაერთი კურნება აღესრულებოდა. შემდეგ მისი ნაწილები აღმოიყვანეს და ცაგერთან ახლოს მურის ციხის ძირში მდებარე წმინდა არსენის მოანსტერში გადაასვენეს, რომელსაც შემდგომ წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახლელი ეწოდა მისი ნეშტის იქ დასვენების გამო.
***
წმიდა მაქსიმეს საფლავი დღესაც მდებარეობს მურის ციხესთან წმიდა მაქსიმე აღმსარებლის მონასტერში აგებულ მცირე ეკლესიაში. ეკლესია, რომელშიც გადმოცემის თანახმად დაკრძალულია წმიდა მაქსიმე აღმსარებელი საკმაოდ უბადრუკ მდგომარეობაში იყო, რადგან მონასტერი წინა სამი საუკუნის მანძილზე არაერთხელ დაანგრიეს. ბოლო ნგრევა მან კომუნისტური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს განიცადა.
1988 წელს, ადგილობრივი მოსახლეობის ძალისხმევით, მოხერხდა იმ პატარა ეკლესიის აღდგენა, სადაც მდებარეობდა წმიდა მაქსიმეს ნეშტი. 2003 წელს აშენდა სამონასტრო საცხოვრებელი, ხოლო 2010 წელს გადაწყდა ამ მცირე ეკლესიის ინტერიერის განახლება, რათა შემდგომ ღვთის წყალობით, აშენდეს დიდი ტაძარი, ისე რომ ეს პატარა ეკლესია აღმოჩნდეს დიდი ტაძრის ქვედა სართულზე, საკურთხევლის ქვეშ.


ბეჭდვა
1კ1