ცხოვრება და მოღვაწეობა რომის პაპისა სილვესტრისა და მის მიერ იუდეველების და ელენე დედოფლის ქრისტიანობაზე მოქცევა.
 ცხოვრება და მოღვაწეობა რომის პაპისა სილვესტრისა და მის მიერ იუდეველების და ელენე დედოფლის ქრისტიანობაზე მოქცევა.
წმინდა სილვესტრი რომში დაიბადა. იგი პრესვიტერ კვიპრიანეს მოწაფე იყო და წმინდა რწმენით იზრდებოდა, ეუფლებოდა მეცნიერებას და წარემატებოდა ზნეობრივ ცხოვრებაში. ის სრულწოვანების ასაკის მიღწევასთან ერთად შეიქმნა უცხოთშემწყნარებელი. ღვთისა და მოყვასის სიყვარულით ანთებული, თავის სახლში მუდამ შეიწყნარებდა უცხოთ,მოგზაურთ,ბანდა ფეხს , უმასპინძლებოდა მათ და სრულ მყუდროებაში ამყოფებდა.
როდესაც ანტიოქიიდან რომში ქრისტეს სასუფევლის საქადაგებლად ჩამოვიდა წმინდა კაცი და ქრისტეს აღმსარებელი ტიმოთე, სილვესტრმა ის თავის სახლში მიიღო და იხილა რა ეპისკოპოსის წმინდა ცხოვრება და მოისმინა მისი სწავლება უფრო მეტად წარემატა სათნოებასა და რწმენაში. სილვესტრის სახლში წლისა და რამოდენიმე თვის ცხოვრებისას ეპისკოპოსმა ტიმოთემ მისი ქადაგებებით კერპთაყვანისცემლობიდან ქრისტეს მოძღვრებაზე ბევრი რომაელი მოაქცია. ამის გამო იგი ქალაქის პრეფექტმა ტარკვინიუსმა საპყრობილეში ჩააგდო. ხანგრძლივი პატიმრობის პერიოდში იგი მრავალგზის იქნა აწამეს და ჰგვემეს, მაგრამ ამის შემდეგაც უარს აცხადებდა კერპთათვის მსხპერპლის შეწირვაზე, რისთვისაც ის ხმლით აწამეს და მოკლეს. ნეტარმა სილვესტრიმ ღამით მისი წმინდა ნაწილები ფარულად წამოაბრძანა და მისთვის საკადრისი პატივით თავისივე სახლში დაფლა. შემდეგ ერთმა კეთილმსახურმა ქალმა,სახელად თეონისიამ რომის ეპისკოპოსის ელქიადის კურთხევითა და საკუთარი სახსრებით წმინდა ტიმოთეს სახელზე ააშენა ტაძარი, სადაც ეპისკოპოს ელქიადის მიერ გადაბრძანებული იქნა წმინდა ტიმოთეს ნეშტი.
ქალაქის პრეფექტმა ტარკვინიუსმა მოიხმო თავისთან სილვესტრი და მოთხოვა მას წმინდა ტიმოთეს ქონება , ასევე იგი აიძულებდა მას კერპებისათვის შეეწირა მსწვერპლი , ხოლო დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საშინელი ტანჯვით ემუქრებოდა. სილვესტრმა წინასწარ უწყოდა რა პრეფექტის მოახლოებული აღსასრულის შესახებ, მას სახარების სიტყვებით უპასუხა : ,, ამას ღამესა მოგიღონ სული შენი"(ლუკა 12:20) ხოლო მუქარა,რომლითაც შენ მემუქრები შეუსრულებელი დარჩება.
ამ სიტყვებით განრისხებულმა პრეფექტმა წმინდა სილვესტრის რკინის ბორკილებით შეპყრობა და საპრყობილეში ჩაგდება ბრძანა, თავად კი სატრაპეზოდ სუფრას მიუჯდა. ტრაპეზობისას მას ყელში თევზის ფხა გაეჩხირა ,რომლის ამოღება ექიმებმაც კი ვერ მოახერხეს, ისინი სადილიდან შუაღამემდე ცდილობდნენ მის შველას თუმცა ამაოდ. ტარკვინიუსი წმინდა სილვესტრის წინასწარმეტყველების მიხედვით გარდაიცვალა.

წმ. სილვესტრი მორწმუნეებმა მაშინათვე დიდი სიხარულით გაანთავისუფლეს. ამ დროიდან იგი დიდად პატივცემული შეიქმნა არა მხოლოდ მორწმუნეთაგან არამედ ურწმუნოთა მიერაც. პრეფექტის კარის მრავალმა მსახურმა,რომელთაც იხილეს მისი წინასწარმეტყველების აღსრულება, მუხლი მოიდრკიკეს მის წინაშე და ემთხვივნენ. ისინი შიშობდნენ რაიმე არ შემთხვეოდათ როგორც მათ ბატონს (პრეფექტ ტარკვინიუსს). სხვებმა კი ამ სასწაულით ხილვით ქრისტე ირწმუნეს. ამ ამბის შემდეგ მალევე წმინდა სილვესტრი, რომის პაპის მარცელინის მიერ იქნა ხელდასხმული ჯერ დიაკვნად შედეგ კი მღვდლად. რომის პაპის მელქიადის გარდაცვალების შემდეგ, წმინდა სილვესტრი ერთსულოვნად იქნა არჩეული რომის პაპის მემკვიდრედ.

იგი გულმოდგინედ იღწვოდა თავისი სამწყსოს ცხოვრების სიწმიდისათვის, თვალყურს ადევნებდა იმას, რომ მღვდლები ამაო, მიწიერი საზრუნავებით არ დამძიმებულიყვნენ და პატიოსნად აღესრულებინათ თავიანთი მოვალეობა. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მან შენიშნა კლერიკოსების ნაწილი თავიანთი მსახურების გულგრილობასა და უპასუხისმგებლობაში, რადგან ისინი დაკავებულნი იყვნენ საერო ყოფითი საქმეებით. მან აიძულა ისინი დაბრუნებოდნენ საეკლესიო მსახურებას და მალევე გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც საეკლესიო იერარქს ეკრძალებოდა ვაჭრობის საქმეებში მონაწილეობა.

მან რომაელი ქრისტიანებისათვის დღეების ახალი სახელები დაადგინა, რადგან იმ დროს რომაელები პირველ დღეს ანუ კვირას, მზის დღეს უწოდებნენ, ხოლო დანარჩენ დღეებს კი მთვარის, მარსის, მერკურის,
ზევსის, ვენერას და სატურნს. წარმართი ღმერთების სახელებისადმი უარყოფითად განწყობილმა წმინდა სილვესტრმა ბრძანა , რომ პირველ დღეს უწოდონ ღმერთის დღე იმიტომ,რომ ამ დღეს აღსრულდა ჩვენი მეუფის აღდგომა მკვდრეთით. დანარჩენი დღეები კი დატოვა ისე,როგორც რომის ქრისტიანები მოიხსენებდნენ. ასევე მან გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც შაბათი დღეებიდან ქრისტიანებს უნდა ემარხულა მხოლოდ დიდ შაბათს, რადგან ამ დღეს ქრისტე ჩავიდა ჯოჯოხეთში, დაარღვიია მისი ძალაუფლება და სიძლიერე და ამოიყვანა ჩვენი პირველმშობელი ადამი სხვა მამებთან და მართლებთან ერთად, სხვა შაბათ დღეებში კი მან აკრძალა მარხვის დაცვა.

იმ ჟამად რომში ტარპეის კლდის ღრმა გამოქვაბულში ბინადრობდა დიდი გველის მსგავსი არსება, რომელსაც წარმართები როგორც ღმერთს ყოველ-თვე სწირავდნენ მსხვერპლს. როცა ეს გველი გამოდიოდა გამოქვაბულიდან, წამლავდა ჰაერს, რის შედეგადაც გამოქვაბულის ახლოს მცხოვრები ადამიანები იხოცებოდნენ , უმეტესად კი ბავშვები. იმისათვის, რომ მოეშორებინა ეს საშინელი გველი და მოექცია უღმერთობიდან ჭეშმარიტი ღმერთისაკენ ის წარმართები,რომლებიც მსხვერპლს სწირავდნენ ამ გველს , მან მოიწვია ქალაქში ქრისტიანები და მცნებად დაუდო ემარხულათ და გაძლიერებულად ელოცათ სამი დღის განმავლობაში, თავად კი უმკაცრეს მარხვასა და მოუკლებელ ლოცვას შეუდგა. ერთ ღამეს მას გამოეცხადა მოციქული პეტრე და უბრძანა რამოდენიმე მღვდლისა და დიაკვნის წაყვანა გამოქვაბულთან. მის შესასვლელთან წმინდა სილვესტრს უნდა აღესრულებინა საღვთო ლიტურგია, შემდეგ უნდა შესულიყო გამოქვაბულში და მოეხმო ქრისტეს სახელისათვის, რათა დაეტყვევებინა გველი, რომ არასოდეს გამოსულიყო გამოქვაბულიდან. წმინდა მოციქულის ბრძანებით წმინდა სილვესტრი მივიდა გამოქვაბულთან და საღვთო ლიტურგიის აღსრულების შემდეგ შევიდა შიგნით, მან იხილა კარები რომელიც შემდეგი სიტყვებით ჩაკეტა: ,,დაე ნუ გაიღება ეს კარები ვიდრე ქრისტეს მეორედ მოსვლამდე".

ამგვარად დაატყვევა რა მან გველი , საუკუნოდ აუკრძალა მას გამოსვლის უფლება. წარმართებს კი ეგონათ, რომ გამოქვაბულში შესულ სილვესტრს თავის მსახურებთან გველი შეჭამდა. მაგრამ როდესაც მათ იხილეს წმინდანი და მისი თანხმლები პირნი უვნებელად გამოვიდნენ გამოქვაბულიდან, ძალიან გაუკვირდათ. მას შემდეგ როცა ნახეს, რომ გველი აღარ გამოვიდა გამოქვაბულიდან, ბევრმა შეიცნო ჭეშმარიტი ღმერთის ძალა და შეუერთდნენ მორწმუნეებს.

იმ ჟამად რომის იმპერიას კონსტანტინე დიდი მართავდა, რომელსაც ჯერ კიდევ არ იყო მონათლული, მაგრამ მას მთელი გულით წამდა ღმერთი. მან გამოსცა ბრძანება, რომ არავის გაებედა ღვთის გმობა ან დაერბია ქრისტიანთა საკრებულოები, მანვე ბრძანა რომ დაეხურათ ყველა წარმართული ტაძარი და შეეწყვიტათ მსხვერპლშეწირვა კერპებისათვის, ხოლო ტყვეობასა და საპყრობილეში მყოფი ყველა ქრისტიანი გაანთავისუფლა. იგი ძალზედ ყურადღებიანი იყო მთხოვნელთა მიმართ და ყველა სამართლიან თხოვნას უსრულებდა ადამიანებს. ძალიან მოწყალე გახლდათ გლახაკთა მიმართ და მუდამ გასცემდა მათთვის მოწყალებას. კონსტანტინემ ბრძანა რომში და მის საზღრვებს გარეთ აეშენებინათ ქრისტიანული ტაძრები, შედეგად მრავლდებოდა ქრისტიანული საკრებულოები, ხოლო კერპთაყვანისმცემლობა მცირდებოდა. ამ ამბავმა მორწმუნე ქრისტიანები ძალიან გაახარა, ვინაიდან მათი რიცხვი ძალიან დიდი იყო რომის იმპერიაში. მათ (ქრისტიანებს) სურდათ გაეძევებინათ ქალაქიდან ყველა ის ადამიანი, ვინც არ ისურვებდა ქრისტიანობას, თუმცა იმპერატორი არ დაეთანხმა მათ ამგვარ მოთხოვნას და ბრძანა:
ჩვენს ღმერთს არ ესათნოება ვინმეს ქრისტიანად იძულებით მოქცევა, არამედ მას სურს რომ ადამიანებმა კეთილი ნებითა და თავისუფალი არჩევანით მიიღონ იგი (ქრისტიანობა). მაშასადამე ვისაც როგორ სურს დაე ირწმუნოს სრული თავისუფლებით და ნუ იქნება ერთმანეთის დევნა.

იმპერატორის ამ სიტყვებმა ხალხი ძალზედ გაახარა, მათ დაინახეს რომ ყველა ადამიანს აქვს არჩევანის თავისუფლებას ირწმუნოს ისე , როგორც სურს თავად. მორწმუნე ერი ხარობდა არა მხოლოდ რომში არამედ მთელ მის იმპერიაში, ქრისტესათვის წამებულნი განთავისუფლებულნი იქნენ საპყრობილეებიდან და ტყვეობიდან.

ამ ყოველივეს მხილველმა, უძველესი მტერმა ღვთისა და მისი ქმნილებისა - ეშმაკმა, ვერ აიტანა რა ეკლესიისა და კეთილმსახურების აყვავება, მან შთააგონა ებრაელებს რომ მიემართათ იმპერატორ კონსტანტინეს დედის - ელენესათვის, რომელიც იმხანად ბითვინიაში ცხოვრობდა.
კარგად მოიქცა შვილი შენი, რომ იგი არ შეეხო კერპთაყვანისცემლების ტაძრებს; მაგრამ ცუდია, რომ მან ირწმუნა იესო როგორც ძე ღვთისა და ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც წარმოშობით იყო ებრაელი და უდიდესი ჯადოქარი. იგი როგორც უდიდესი დამნაშავე ჯვარცმული იქნა პილატეს მიერ. მათ თან დაურთეს, შენ დედოფალო ვალდებული ხარ გამოიყვანო შენი შვილი ამგვარი ცდომილებისა და დაბნეულობისაგან, რათა არ განრისხდეს ღმერთი და არ მოიწიოს მასზე სასჯელი და უბედურება.

მოისმინა რა ეს ყოველივე ელენე დედოფალმა, მან სასწრაფოდ გაუგზავნა წერილი შვილს , იმპერატორმა წაიკითხა დედის წერილი რაზეც უპასუხა: ის იუდეველნი, რომელთაც ამ ამბის შესახებ აუწყეს დედოფალს , მასთან ერთად ჩამოსულიყვნენ რომში და აქ გაემართათ პოლემიკა ქრისტიან ეპისკოპოსებთან რწმენის საკითხებში. რომელი მხარეც გაიმარჯვებს, დაე ის იყოს რწმენა ჭეშმარიტი. როცა დედოფალმა განუცხადა იუდეველებს მისი შვილის, იმპერატორ კონსტანტინეს ბრძანება მეყვსეულად შეიკრიბა უამრავი მეცნიერი ებრაელი, რომლებიც ზედმიწევნით შეისწავლიდნენ საღვთო სჯულსა და კანონებს, ასევე კარგად ფლობდნენ ბერძნულ ფილოსოფიას და მზად იყვნენ ყველა სახის დაპირისპირებისათვის. ისინი დედოფალთან ერთად რომში გაემგზავრნენ.

მათ თან ახლდათ ერთი ბრძენი რაბინი, სახელად ზიმრი, რომელსაც შესწავლილი ჰქონდა არა მხოლოდ ფილოსოფია და ებრაული წიგნები, იგი ამავე დროს იყო უდიდესი მისანი (მაგი). ებრაელები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ და ფიქრობდნენ, რომ თუ ის ვერ დაამარცხებს ქრისტიანებს სიტყვიერ პაექრობაში, მაშინ იგი განგმირავს მათ მაგიის დახმარებით.

როდესაც ქრისტიანებსა და ებრაელებს შორის პაექრობის დღე დადგა , იმპერატორი დაჯდა თავის ტახტზე, ირგვლივ მრჩეველები მიუსხდნენ, მის წინაშე კი წარდგა წმინდა სილვესტრი თავის მცირერიცხოვან თანმხლებ ქრისტიანებთან ერთად, რომელთა შორის რამოდენიმე ეპისკოპოსი იმყოფებოდა. შემდეგ, იმპერატორის წინ წარდგნენ ებრაელები, მიახლოებით ასოცი კაცის ოდენობით და დაიწყო საუბარი, ხოლო დედოფალი ელენა ფარდის უკან იჯდა და დიდის ყურადღებით უსმენდა მათ. მეფე კი თავის მრჩევლებთან ერთად განიხილავდა იმ საკითხებს რასაც მეორე მხარე ამბობდა. თავდაპირველად ებრაელებმა მოითხოვეს , რომ ქრისტიანების მხრიდან პაექრობისათვის თორმეტი ბრძენი ქრისტიანი გამოსულიყო, მაგრამ წმინდა სილვესტრმა პროტესტით მიმართა მათ:

-ჩვენ არა ხალხის სიმრავლეზე ვამყარებთ იმედს, არამედ ყოვლადძლიერ ღმერთზე რომელსაც შემდეგი სიტყვებით მოვუხმობთ შეწევნისათვის: ,, გამოიღვიძე, გამოიღვიძე ჩემდა განსაკითხად, ღმერთო და უფალო ჩემო, ჩემი დავის გასარჩევად."(ფს. 32;23)

ეს სიტყვები ჩვენი წიგნიდან არის, გააპროტესტეს იუდეველებმა. ეს ჩვენმა წინასწარმეტყველმა დაწერა და შენ კი გმართებს შენი წიგნებიდან საუბარი და არა ჩვენიდან.

რაზეც წმინდა სილვესტრმა უპასუხა:
-მართალია, თავდაპირველად თქვენ გემცნოთ წინასწარმეტყველთა ქადაგებები და ძველი აღთქმის წერილები, მაგრამ ისინი ამავე დროს ჩვენიც არის, რადგან მასში ბევრი რამ არის ნაუწყები ჩვენი უფლის, ქრისტეს შესახებ. და ამგვარად ჩვენი დავა უნდა ეფუძნებოდეს თქვენს წიგნებს, რამეთუ თქვენი წიგნები გახდა ჩვენიც, ხოლო ჩვენი წიგნები თქვენთვის უცხოა ( იგულისხმება ახალი აღთქმა. მთარგ.) რის გამოც თქვენ, საკუთარი წიგნებისას უფრო ირწმუნებთ ვიდრე ჩვენისას. ამიტომ ჩვენ თქვენსავე წიგნებზე დაყრდნობით გიჩვენებთ ჭეშმარიტებას, რომელსაც თქვენ ეწინააღმდეგებით; ასეთი გამარჯვება უფრო ნათელი და შთამბეჭდავი იქნება, როდესაც ჩვენ მტერს მათსავე იარაღით დავამარცხებთ!

-ეპისკოპოსის ეს სიტყვები სამართლიანია,- ბრძანა იმპერატორმა,- და არ შეიძლება შეეწინააღმდეგოთ, რადგან თუ კი ქრისტიანები თქვენივე წიგნიდან მოგიყვანენ მტკიცებულებას ქრისტე ღმერთზე , რა თქმა უნდა გამარჯვება მათ დარჩებათ, თქვენ კი გამტყუნდებით თქვენივე წიგნებით.

- იქ მყოფმა საზოგადოებამ იმპერატორის ამგვარ გადაწყვეტილებას ტაში დაუკრა. მაშინ ებრაელებმა ქრისტიანებს შემდეგი მიმართეს:
უფალი ჩვენი, ყოვლისმპყრობელი მეორე რჯულის წიგნში ბრძანებს : ,,ამიერიდან იცოდეთ, რომ ეს მე ვარ, მე! და არ არის ღმერთი ჩემს გარდა! მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვგმირავ და მე ვკურნავ. ვერავინ დაიხსნის ჩემი ხელიდან".(2 რჯ. 32, 39) როგორ უწოდებთ იესოს თქვენ ღმერთს, მაშინ როცა ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ჩვენმა მამებმა ჯვარს აცვეს? თქვენ როგორ აიგივებთ სამ ღმერთს ერთმანეთთან? მამას, რომელის ჩვენც გვწამს და იესოს, რომელსაც თქვენ ძე ღვთისას უწოდებთ და ხოლო მესამე ღმერთს კი სული წმიდას უწოდებთ? ამგვარი რწმენით ნუთუ თქვენ ყოვლის შემოქმედის,ღმერთის წინააღმდეგნი არ გამოდიხართ,რომელიც გვასწავლის , რომ ,, არ არს სხვა ღმერთი გარდა ერთისა"?

ამაზე ღმრთივშთაგონებულმა სილვესტრიმ უპასუხა:

-თუ თქვენ წმინდა წერილს საღი აზრით, გაღიზიანებისა და უარყოფითი წინარე განწყობის გარეშე ჩაუღრმავდებით მაშინ დარმწუნდებით, რომ ჩვენ არ შემოგვაქვს სიახლე სწავლებაში ძისა და სულიწმინდის აღიარებით, რამეთუ არა ჩვენი სიტყვები, არამედ ეს არის ღვთის გამოცხადება , რომელიც ღვთის წინასწარმეტყველეთა წიგნებშია ნაუწყები. უპირველეს ყოვლისა წინასწარმეტყველი და მეფე დავითი, მოასწავებდა რა თქვენი მამების აჯანყებას ჩვენი მხსნელის იესოს ქრისტეს წინააღმდეგ, თქვა: რატომ ბობოქრობენ ხალხები და ერები ესწრაფიან ამაოებას? ამქვეყნიური მეფეები ამხედრებულან და შეთქმულან წარჩინებულნი უფლის წინააღმდეგ, და მის ცხებულზე გალაშქრებულან".(ფსალმ. 2 ; 1-2)
და ამგვარად უწოდებს რა მას მეფე ქრისტეს და უფალს იგი მიუთითებს არა ერთ პირზე არამედ ორზე. და ის რომ ქრისტე ჭეშმარიტად არის ღვთის ძე ამაზე იგივე წინასწარმეტყველი შემდეგი სიტყვებით გვაუწყებს: ,,გაუწყებთ უფლის კანონმდებლობას: უფალმა მითხრა: ,, შენ ძე ხარ ჩემი, დღეს გშობე შენ"(ფსალმ. 2 ; 7). სხვა არის მშობელი და სხვა არის შობილი.

ამაზე იუდეველებმა უპასუხეს:

-იმის თქმით, რომ შვა ღმერთმა, შენ უვნებოს ვნებიანს უწოდებ . ამგვარად ძეც, რომელიც დაიბადა გარკვეულ დროში და ცხოვრობდა გარკვეული დროით შეიძლება იყოს ღმერთი ? ვინაიდან სიტყვა ,,დღეს გშობე შენ" მიუთითებს ნაცნობ და განსაზღვრულ დროზე და არ გვაძლევს ამითი უფლებას ძეს მარადული ღმერთი ვუწოდოთ.

სილვესტრმა უპასუხა:

-ჩვენ არ ვამბობთ, რომ ღმერთთან მიმართებაში ადგილი ქონდა შობის ადამიანურ (ვნებიან) გაგებას. ჩვენ გვწამს, რომ რომ ღვთაებრიობა უვნებოა და რომ შობა ძისა იყო ისეთი, როგორიც არის სიტყვის შობა აზრისაგან. ჩვენ არ შემოგვქვს სწავლება ძის მამისაგან დროებით შობაზე, მაგრამ ჩვენ გვწამს ძის მარადიული შობა მამისაგან, რომელიც არ ექვემდებარება დროის დინებას და მისი მიღმიერია, რამეთუ ჩვენ ვიცით, რომ დროის შემოქმედი არის ძე მამასთან და სული წმიდასთან ერთად, ხოლო თავად დროის შემოქმედი არ იმყოფება ამავე დროის დაქვემდებარებაში, რამეთუ იგი მისი მიღმიერია. ,,რაც შეეხება გამოთქმას : ,, მე დღეს გშობე შენ" აღნიშნავს არა უწინარეს საუკუნეთა შობას, არამედ შემდეგს, რომელიც აღსრულდა იმ დროს როცა ეს იყო საჭირო, მან ხორცი შეისხა ჩვენი ხსნისათვის. წინასწარმეტყველმა უწყოდა, რომ ქრისტე - იყო უწინარეს საუკუნეთა ღმერთი, ამიტომაც ამბობს: ,, ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა, სიმართლის კვერთხია კვერთხი შენი მეუფებისა."(ფსალმ.44,7) მას წინასწარ უწყებული ჰქონდა რა განკაცების აღსრულება, ბრძანა: ,, შენ ძე ხარ ჩემი,"(ფსალმ. 2 ; 7) და ამ სიტყვებით იგი მიუთითებს არა ამ დროში, არამედ უწინარეს საუკუნეთა შობაზე. თქვა რა წინასწარმეტყველმა: ,,მე დღეს გშობე შენ", მან აჩვენა , რომ ძის დაბადება რომელიც განსაზღვრულ დროში უნდა აღსრულებულიყო, მამა ღმერთი თავის ნებაზე მიუთითებს , რადგან ეს უნდა აღსრულდეს მისი (მამის) ნებით. მაგრამ საკუთრივ ეს გამოთქმაც კი ,, მე დღეს გშობე შენ" საუბრობს ღმერთის უსასრულობაზე, სადაც არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი, არამედ არსებობს მხოლოდ ერთი, აწმყო დრო , ხოლო წმინდა სულზე იგივე წინასწარმეტყველი დავითი შემდეგი სიტყვებით ამოწმებს : ,,სიტყვითა უფლისათა ცანი დაემტკიცნეს და სულითა პირითა მისისათა, ყოველი ქვეყანა"(ფს.32.6). აქ წინასარმეტყველი სამ პირზე საუბრობს: მამა ღმერთზე და ძეზე , რომელსაც მას სიტყვას უწოდებს მისი უვნებო და უწინარეე საუკუნეთა შობის გამო და მესამე პირზე ანუ სული წმიდაზე. ხოლო სხვა ადგილას ის ამბობს: ,, სულსა წმინდასა შენსა, ნუ მიმიღებ ჩემგან " (ფს.50:13). და კვლავ: ,,საით, წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი?"(ფს.138;7) ამ სიტყვებით წინასწარმეტყველი ნათლად წარმოაჩენს, რომ არსებობს სულიწმინდა, რომელიც მისით ყოველივეს აღავსებს. იგი კვლავ ამბობს შემდეგს : ,, გაუშვებ შენს სულს - წარმოიქმნებიან და განაახლებ პირს მიწისას,,(ფს.103) განა დავითის მიერ არ არის ეს ყოველივე თქმული? ასევე ღვთის მხილველ მოსეს მოჰყავს შექმნათა წიგნიდან ღვთის სიტყვები: ,, თქვა ღმერთმა:გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად" (შექმნ. 1;26). მაშ ვისთან საუბრობდა ღმერთი , თუ კიდევ მასთან არ იყო სხვა პირი? არავინ იტყვის, რომ ღმერთმა ეს უთხრა ზეციურ ძალებს , რადგან თავად ეს სიტყვები ,,ჩვენს ხატად და მსგავსად" არ იძლევა არანაირ უფლებას მისი ამგვარად გაგებისა, რადგან ღმერთსა და სხვა ზეციურ ძალებს ( ანგელოზებს) ხომ არ აქვთ ერთი ხატება და მსგავსება და არც მათი არსი და ძალა არ არის ერთნაირი. სხვა არის ანგელოზებისა და სხვა არის ღვთისა , რომელიც თავად არის შემოქმედი ყველა სხვა არსებისა . და ამგვარად საჭიროა ვივარაუდოთ, რომ ღმერთთან საუბარში მონაწილეობდა ვიღაც სხვა, ვისაც ღმერთმა უთხრა შემდეგი სიტყვები: ,, ჩვენს ხატად" . ეს ,,ვიღაც" უნდა ყოფილიყო ისეთი , რომელსაც უნდა ჰქონოდა იგივე არსი და მსგავსება მასთან მოსაუბრე ღმერთთან. ვინ უნდა ყოფილიყო ეს , თუ არა ძე , რომელიც ერთარსია მამისა და თანასწორია დიდებითა , ძალაუფლებითა და ღმრთაებრივი არსით. რა შემოგვაქვს ჩვენ ახალი რწმენის საკითხებში, როდესაც გვრწამს და ვაღიარებთ მამას , ძესა და წმინდა სულს ? და თუ ეს წარმართებს ეჩვენებათ წარმოუდგენლად და აბსურდათ, ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს, რამეთუ მათ არ უწყიან წმინდა წერილი , მაგრამ რატომ არ გწამთ თქვენ , რომელთაც შესწავლილი გაქვთ წინასწარმეტველთა სიტყვები, რომელთაგან ნუთუ არცერთი არ წინასწარმეტყველებდა ჩვენზე ?

ამის შემდეგ, წმინდა სილვესტრის წმინდა სამებაზე უნდოდა ლაპარაკი , მაგრამ იმპერატორმა გააწყვეტინა მას სიტყვა და თავად მიმართა იუდეველებს:

- ის სიტყვები , რომელიც წმინდა წერილიდან ჩვენ გვამცნო ეპისკოპოსმა, ასევე თქვენს წიგნებშიც წერია და კითხულობთ?

- დიახ!- უპასუხეს მათ.

მაშინ იმპერატორმა ბრძანა:

-ამგვარად, ამ პოლემიკაში, რომელიც წმინდა სამების შესახებ გაიმართა, თქვენ დამარცხდით იუდეველებო.
- არა მოწყალეო მბრძანებელო , შესძახეს იუდეველებმა - სილვესტრი ვერანაირად ვერ გაიმარჯვებს ჩვენს წინააღმდეგ, თუ ჩვენ გამოვთქვავთ მათ წინააღმდეგ რაც გვაქვს ; არადა ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, მაგრამ ვხედავთ რომ ჩვენ ამაოდ გავირჯებით წმინდა სამებაზე პოლემიკით. ამის სასაუბროდ კი არ მოვსულვართ ჩვენ, რომ გავარკვიოთ ერთია ღმერთი თუ სამი, არამედ იმის დასადასტურებლად, რომ ნაზარეველი - ღმერთი არ არის. ვინაიდან თუ დავთანხმდებით იმ აზრსაც კი , რომ არსებობს სამი ღმერთი, აქედან მაინც არ გამომდინარეობს ის , რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ ვირწმუნოთ იესოს ღმერთობა. ის არ იყო ღმერთი, არამედ გახლდათ ადამიანისაგან შობილი ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა, ჭამდა და სვამდა მეზვერეებთან , მეძავებთან და სხვა ცოდვილ ადამიანებთან ერთად. სახარების მიხედვით ის გამოიცადა ეშმაკისაგან, გასცა მისივე მოწაფემ, შეიპრყეს, სცემეს, ნაღველი შეასვეს , სამოსი გახადეს , რომელიც ჯარისკაცებმა გაიყვეს წილის ყრით. ჯვარს აცვეს, მოკვდა და დამარხეს. როგორ შეიძლება ასეთს ვუწოდოთ ღმერთი? აი ამაზე ვამბობთ მბრძანებელო, ჩვენ ამიტომაც ვართ ქრისტიანების წინააღმდეგნი , რომ მათ შემოჰყავთ ახალი ღმერთი. ამგვარად , თუ მათ აქვთ ამის თაობაზე რაიმე სათქმელი ან აქვთ რაიმე დამადასტურებელი საბუთი დაე თქვან!

ამის შემდეგ დაიწყო საუბარი წმინდა სილვესტრიმ:

- იუდეველნო, ჩვენ სამი ღმერთის კი არ გვწამს , როგორც თქვენ წარმოგიდგენიათ, არამედ ვაღიარებთ და თაყვანსვცემთ ერთ ღმერთს, რომელსაც სამი პირი (იპოსტასი) გააჩნია, თქვენ კი ვალდებულნი იყავით გერწმუნათ ის სიტყვები , რომლებიც მე თქვენივე წიგნებიდან მოგიყვანეთ, თვენსავე დასმული კითხვების საპასუხოდ. თქვენ არ გსურთ რა, რომ ჩაერთოთ ჩვენთან პოლემიკაში და ისაუბროთ მასზე (წმინდა სამებაზე) , მაშ ვისაუბრებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეზე, რაც თქვენ თავადაც გსურთ . დავიწყოთ შემდეგიდან: ღმერთმა, მოიყვანა რა ყოველივე არსებობაში და შექმნა ადამიანი და იხილა მან , რომ მიიდრიკა იგი ბოროტისაკენ და არ გულისხმაყო თავისი ნამოქმედარი ბოროტი საქმეები , მიუხედავად ამისა ღმერთმა არ უარყო საკუთარი ქმნილება, რომელიც დასაღუპად იყო განწირული და ინება თავისი ძის ,რომელიც განუყოფელად მამასთან მყოფობდა (ვინაიდან ღმერთი ყველგან მყოფია) მოვლინება დედამიწაზე . და ამგვარად იგი ,,გარდამოხდა ზეცად" და იშვა რა ქალწულისაგან რჯულს დაექვემდებარა ,, რათა გამოეხსნა რჯულის ქვეშე მყოფნი"(გალატ:4: 4-5) . და ის, რომ უნდა დაბადებულიყო ქალწულისაგან, ამის შესახებ იწინასწარმეტყველა ღვთაებრივმა ესაიამ შემდეგი სიტყვებით: ,, აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს ემანუელს".(ეს:7:14). როგორც თქვე უწყით ეს სახელი ადამიანებთან ღვთის მყოფობას ნიშნავს , ვინაიდან ბერძნული ორიგინალის მიხედვითაც ,,ემანუელი" ნიშნავს ,,ჩვენთან არს ღმერთს". ამგვარად, წინასწარმეტყველმა დიდი ხნით ადრე იწინასწარმეტყველა, ქალწულისაგან ღმერთის შობა.

იუდეველები შეეწინააღმდეგნენ:

-ჩვენს ჩვენს ებრაულ წერილში, ისაიას წიგნში არ არსებობს ადგილი სადაც ნახსენები იყოს ქალწული, არამედ მოხსენიებულია სიტყვა ,,ყმაწვილქალი" . თქვენ დაამახინჯეთ წერილი და ყმაწვილქალის ნაცვლად ქალწული ჩაწერეთ.

წმინდა ეპისკოპოსმა უპასუხა:

-თუ თქვენს წიგნებში წერია ,, ყმაწვილქალი" და არა ,,ქალწული" , განა მაინც ერთი და იგივე არ არის? როდესაც წინასწარმეტყველმა ესაიამ ღვთის პირიდან ახაზს მიმართა : ,, 10. კვლავ უთხრა უფალმა ახაზს:11. მოსთხოვე უფალს, შენს ღმერთს, შენთვის ნიშანი დაბლა ქვესკნელიდან ან მაღლა ზესკნელიდან.12. უთხრა ახაზმა: არ მოვთხოვ და არ გამოვცდი უფალს. 14. ამიტომ თავად მოგცემს მეუფე ნიშანს" (ესაია.7) და რომელ ნიშანს? :,,აჰა, მუცლადიღებს ქალწული და შობს ძეს, და უწოდებს საბელად ემანუელს".
თუ თქვენ ამბობთ , რომ წინასწარმეტყველი საუბრობს არა ქალწულზე არამედ ყმაწვილქალზე , და რომ ეს ყმაწვილქალი არ არის ქალწული, მაშინ წინასწარმეტველისგან დანაპირები ნიშანი არ შეიძლება ჩაითვალოს ნიშნად (იხ.ეს.7;11-14). ვინაიდან თუკი ყმაწვილქალი გათხოვების შედეგად გააჩენს შვილს, არაფერია განსაკუთრებული და სასწაული, არამედ ჩვეულებრივი რამ გახლავთ , მაგრამ გააჩინო ისე, რომ არ შეხვიდე მეუღლესთან ურთიერთობაში - ჭეშმარიტად სასწაულია, რომელიც აღემატება ბუნებრივ შობას. ამგვარად ის ყმაწვილქალი, რომელზეც თქვენს წერილშია საუბარი ქალწული იყო, რადგან უფალი ნიშნის მოცემას ქალწულის მეშვეობით დაპირდა, რის შედეგადაც იგი დაორსულდებოდა ზებუნებრივად, მეუღლის შეცნობის გარეშე და შობდა ძეს, სახელად ემანუელს რაც ნიშნავს (ჩვენთან არს ღმერთი). როგორც ჩანს ჩვენ არ დაგვიმახინჯებია წმინდა წერილი იმით , რომ ,,ყმაწვილქალის" ნაცვლად დავწერეთ ,ქალწული " არამედ პირიქით, ჩვენ ზუსტად გადმოვეცით მისი აზრი, რომ ნათელი გამხდარიყო სახილველად ღვთის ეს ნიშანი, რომელიც ადამიანის გონებას აღემატება. ადამიანთაგან ვინ დაბადებულა მეუღლესთან ურთიერთობის გარეშე გარდა ადამისა, რომელიც მიწისაგან შექმნა უფალმა და ევასი, რომელიც ადამის ნეკნიდან იქნა შექმნილი? და ამგვარად თუ ეს ყმაწვილქალი მეუღლესთან შეერთების გზით გააჩენდა შვილს არ იქნებოდა აქ არაფერი სასწაული და ზეციური წარმომავლობის ნიშანი, ხოლო ვინაიდან შვა რა მან მამაკაცის გარეშე, სულიწმინდის მეშვეობით სწორედ ეს არის ღვთისაგან აღთქმული მინიშნება.

- მაგრამ ვინაიდან მარიამისგან შობილს არა ემანუილი, არამედ იესო დაარქვეს ,შესაძლოა არ იყოს ის ვინც უფალმა წინასწარმეტყველის პირით აღგვითქვა?- შეეწინააღმდგენენ იუდეველები წმინდა ეპისკოპოსს.

წმინდა სილვესტრიმ უპასუხა:

-ხშირად წმინდა წერილში სახელების ნაცვლად ამა თუ იმ პიროვნების საქმეებზეაა მინიშებული, როგორც მაგალითად ,, დავუახლოვდი ქადაგ ქალს, რომელმაც მუცლადიღო და შვა ვაჟი.მითხრა უფალმა: დაარქვი სახელად მაჰერ-შალალ ხაშ-ბაზ (იჩქარე სათარეშოდ, ისწრაფე საძარცვავად)." (ესაია.7;3). თუ ნამდვილად არავინ იყო ისეთი, ვინც უნდა წოდებულიყო ამგვარი სახელით, როგორც ქრისტე , რომელსაც უნდა დაემარცხებინა კაცობრიობის მტერი, ხოლო მისი სახელის ნაცვლად წინასწარმეტყველის მიერ მინიშნებულია მისი ის საქმე ,რომელიც მას უნდა აღესრულებინა. იგივე წინასწარმეტყველი იმავე აზრით საუბრობს იერუსალიმზე ,, ამის შემდეგ სიმართლის ქალაქი დაგერქმევა" (ეს. 1;26), თუმცა არასოდეს არავის უწოდებია ამ ქალაქისათვის ,,სიმართლის ქალაქი, არამედ მას ჩვეულებრივ, იერუსალიმად მოიხსენიებენ. მაგრამ რადგან იმხანად იერუსალიმი გამოსწორდა ღვთის წინაშე და იქ აღსრულებული ამბის გამო მას წინასწარმეტყველებაში ,,სიმართლის ქალაქი" ეწოდა . ასევე შესაძლებელია წერილში შეხვდე ადგილს , სადაც მინიშნებულია ადგილების სახელები იქ მომხდარი მოვლენების მიხედვით. და რა, ღმერთი იყო იმ ადამიანებთან, ვინც ცრუ წინასწარმეტყველებას უსმენდა? მოისმინეთ ამაზე ბარუქის წინასწარმეტყველება : ,, ეს არის ღმერთი ჩვენი და სხვა არ შეირაცხება მის წინაშე. მან იპოავა ყველა გზა ცოდნისა და მისცა იგი იაკობს, თავის მორჩილს, და ისრაელს, რომელიც შეიყვარა. შემდგომად ამისა გამოჩნდა იგი დედამიწაზე და მიმოიქცეოდა ადამიანთა შორის". (ბარუქ.3; 36-37-38). და ის ,რომ იგი უნდა ყოფილიყო გამოცდილი ეშმაკისაგან ამაზე ზაქარიამ თქვა : ,, დამანახვა მან იესო მღვდელმთავარი, უფლის ანგელოზის წინაშე მდგარი, და სატანა, მის ხელმარჯვნივ მდგარი, მის მოსაყივნებლად. უთხრა უფალმა სატანას: გიკრძალავს უფალი, სატანავ! გიკრძალავს უფალი"(ზაქ. 3; 1-2) ქრისტეს შეპყრობაზე სოლომონის წიგნშა მოთხრობილი : ,, თქვეს ერთმანეთში მათ, რომელნიც უმართებულოდ მსჯელობენ: საცდური დავუგოთ მართალს, რადგან ჩვენთვის ტვირთია მხოლოდ და ჩვენი საქმეების წინააღმდგომი, გვაყვედრის ცოდვებს რჯულის წინაშე და ჩვენი აღზრდის ცოდვებში გვადანაშაულებს."(სოლ.2;12) და ის , რომ იგი მისი მოწაფისაგან იქნებოდა გაცემული ამაზე ფსალმუნთმგალობელმა თქვა : ,,ჩემთან მშვიდობიანად მყოფმაც კი, რომლის იმედიც მქონდა, რომელიც ჩემს პურს ჭამდა, ტერფი აღმართა ჩემს წინააღმდეგ."(ფსალ. 40;10) ხოლო ცრუ მოწმეებზე თქვა : ,,რადგან აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ცრუ მოწმენი" (ფსალ.26;12). ჯვარცმაზე თქვა : ,, განჴურიტნეს ჴელნი ჩემნი და ფერჴნი ჩემნი. და აღრაცხეს ყოველი ძუალები ჩემი"(ფსალ. 21;18) ასევე წინასწარგვაუწყა მისი კვართის შესახებ : ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემსკვართზე"(ფსალ. 21;19). ნაღველის დალევაზე (ძმრის) მან თქვა : ,, და აურიეს ჩემს საჭმელში ძირმწარე და წყურვილის დროს მასვეს ძმარი"(ფსალ.68 ; 22)
მის დასაფლავებაზე მოგვითხრო : ,, დამდვეს მე მღჳმესა ქუესკნელსა ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა."(ფსალ.87;7) ხოლო იაკობმა თქვენმა დიდმა მამამ თქვა წმინდა სულით : ,,ლომის ბოკვერია იუდა! წამომდგარხარ, შვილო, ნადავლით ხელში; წაიხარა, გაწვა ლომივით"(შექმნ. 49;9).

მოიყვანა რა ეს და სხვა კიდევ მრავალი ადგილი წმინდა წერილიდან ქრისტეს ღმერთობის დასადასტურებლად , წმინდა სილვესტრიმ გაიმარჯვა იუდეველებზე. ვინაიდან თავად სულიწმინდა იყო მეტყველი წმინდა სილვესტრის ბაგეებიდან. მან ნათლად დაამტკიცა რომ ქრისტე იყო ძე ღმერთი ქალწულისაგან შობილი.

მაშინ ებრაელებმა თქვეს: რა საჭიროება ჰქონდა ღმერთს განკაცებულიყო (ხორცი შეესხა და ადამიანად მოსულიყო) , ნუთუ მას არ შეეძლო სხვანაირად გამოეხსნა კაცობრიობა?

წმინდანმა უპასუხა:

-ღვთისათვის არაფერია შეუძლებელი , მაგრამ ეშმაკი უნდა დამარცხებულიყო მისგან (ადამიანისაგან), ვინც მის მიერ იქნა ცდუნებული. ადამიანი განსხვავებულად(უჩვეულოდ) შობილი ბუნებრივი შობისაგან, არა მამაკაცის თესლისაგან , მაგრამ შექმნილი ისეთი წმინდა და უხრწნელი მიწისაგან , როგორც ქალწული. რამეთუ ის (მიწა) ჯერ კიდევ არ იყო ღვთისაგან დაწყევლილი და არ იყო შებილწული მოკლული ძმის სისხლით, ცხოველების გახრწნილი სხეულები არ იყო მასში შეზავებული , არც სხვა რაიმე ბოროტი საქმით იყო შერყვნილი, სწორედ ამგვარი მიწისაგან იყო შექმნილი ჩვენი პირველმშობლები , რომლების ღვთაებრივმა სულმა განაცხოველა. მაგრამ ვინაიდან უბეროტესმა ეშმაკმა სძლია ასეთ ადამიანს, სამართლიანობა ითხოვდა ასეთივე ადამიანისაგან ყოფილიყო ძლეული . სწორედ ასეთი ადამიანი იყო (არის) უფალი ჩვენი იესო ქრისტე , რომელიც ბუნებითი შობისაგან განსხვავებულად, წმინდა და უხრწნელი საშოსაგან იშვა, ისე როგორც ადამი იქნა შექმნილი ჯერ კიდევ ცოდვებისაგან შეურყვნელი მიწისაგან. და როგორც ადამი იქნა განცხოველებული ღვთაებრივი სულის შთაბერვით , ამგვარად ქრისტეც განკაცდა ქალწულ მარიამზე სულიწმინდის გარდამოსვლით და იქმნა იგი სრული ღმერთი და სრული ადამიანი, გარდა ცოდვისა. ქრისტეს პიროვნებაში თავი მოიყარა ორმა ბუნებამ ადამიანურმა და ღვთაებრივმა, სწორედ ამის გამო იყო რომ იგი ვნებას განიცდიდა ადამიანური ბუნებით,მაგრამ ღვთაებრივი ბუნებით უვნებო რჩებოდა.

წმინდანმა ამ საკითხის უკეთ გასაგებად შემდეგი მაგალითი მოიყვანა:

"როდესაც მზის სხივებით განათებული ხე ნაჯახით იჭრება, მაშინ მოჭრილი ნაწილთან ერთად მზის სხივი მოუჭრელი რჩება, სწორედ ასეა ქრისტეს შემთხვევაშიც, თუ მისმა ადამიანურმა ბუნებამ განიცადა ვნება ეს არ შეხებია მის ღვთაებრივ ბუნებას.

წმინდა სილვესტრის მიერ მოყვანილი ეს მტკიცებულება, დაამტკიცა იმპერატორმა და მთელმა საიმპერატორო კარმა და იგი გამარჯვებულად ცნეს , ვინაიდან ებრაელებმა ვეღარ შეძლეს მისი შეწინააღმდეგება. მაშინ მოგვმა ზიმრიმ უთხრა იმპერატორს:

"მართალია სილვესტრი გვჯობნის თავისი სიტყვით , არის რა მჭერმეტყველი და გამოცდილი მრავალ კამათში, ჩვენ ამის მიუხედავად არ მივატოვებთ მამა პაპის რწმენას და არ დავემოწაფებით ადამიანს, რომელიც ჩვენმა მამებმა საერთო შეთანხმებით სასიკვდილოდ გადასცეს. და ის ,რომ ერთია ღმერთი რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ, მზად ვარ დავადასტურო არა სიტყვებით,როგორც ამას სილვესტრი სჩადის, არამედ საკუთრივ საქმით . მხოლოდ მიბრძანე იმპერატორო, და ყველა აქ მყოფი დარმწუნდება რომ არ არის სხვა ღმერთი,გარდა ჩვენი ღმერთისა.

ერთმა დამსწრეთაგანმა თქვა:

-ჩემს ნახირში არის ერთი ისეთი ხარი, რომელიც ძალიან მოუთვინიერებელია, უღელს ვერავინ ადგავს კისერზე, მეტიც მას ვერც მოსაფერებლად მიეკარებით, იმდენად ავია.

იმპერატორმა ბრძანა დაუყონებლივ მოეყვანათ ეს ხარი , იმავდროულად განაგრძო რა საუბარი , წმინდა სილვესტრიმ ჰკითხა ზიმრის :

- რად გინდა შენ ხარ ან რის გაკეთებას აპირებ მასზე?

- მინდა ჩვენი ღმერთის ძალა წარმოვაჩინო, იმ შემთხვევაში თუ მე ყურში ვეტყვი ერთ სიტყვას ამ ხარს, იგი მყისიერად მოკვდება. რადგან მოკვდავ არსებას არ შეუძლია მოუსმინოს ღვთის სიტყვას და ცოცხალი დარჩეს. ვინაიდან ჩვენი მამები როდესაც შესაწირად ხარს ამზადებდნენ, მას ყურში ჩასჩურჩულებდნენ ამ სიტყვას და ისიც მყისიერად კვდებოდა.

სილვესტრი შეეწინააღმდეგა:

- როგორც შენ ამბობ თუ ეს სიტყვა ყველა ცოცხალ არსებას კლავს, როგორ მოხდა ისე,რომ შენ მოისმინე და ცოცხალი დარჩი?

ზიმრიმ უპასუხა :

- შენთვის არ შეიძლება ამ საიდუმლოს ცოდნა,რადგან მტერი ხარ ჩვენი.

როდესაც ზიმრიმ ამგვარად უპასუხა, იმპერატორმა მას უთხრა:

- თუ შენ ამ საიდუმლოს გამოცხადება არ გინდა ეპისკოპოსისათვის მაშ ჩვენ გვითხარი ის, რადგან ჭეშმარიტად საეჭვოა ეს საქმე, თუ არ ვივარაუდებთ , რომ ეს სახელი გაიგე ჩვეულებრივ, მისი სადმე ამოკითხვით.

ზამრიმ უპასუხა:
- არც ტყავს, არც ქარტიას , არც ხეს და არც ქვას და არც სხვა რამეს ძალუძს დაიტიოს ეს სახელი. რადგან ამ სიტყვის დამწერიც და ის საგანი რაზეც დაწერს ორივე დაიღუპებიან.

- მითხარი , შენ თავად როგორ შეძელი ამ სიტყვის მოსმენა და ცოცხლად დარჩენა? რადგან შეუძლებელია მისი ცოდნა თუ იგი არც წერილობით არ გადმოგვეცემა და არც ზეპირი გახმოვანებით.

-მე იმპერატორო, - უპასუხა ზიმრიმ, შვიდი დღე ვმარხულობდი, შემდეგ ახალ ვერცხლის საბანში ჩავასხი ახალი, წმინდა წყალი და ამ წყალზე გამოისახა სიტყვა , რომელიც ღმერთის სახელს აღნიშნავს.

ბრძენმა სილვესტრიმ კი ბრძანა:

-თუ შენ ნამდვილად ამ საშუალებით გაიგე ეს სახელი , მაშ როგორ ხდება , რომ როდესაც შენ ამ სიტყვას ეუბნები სხვას,თავად შენც გესმის და როგორღა რჩები ცოცხალი ?

გრძნეულმა უპასუხა:

- მე შენ უკვე გითხარი, რომ არ ეგების იცოდე ამ საიდუმლოს შესახებ, რადგან შენ ჩვენი მტერი ხარ. და რა საჭიროა სიტყვები თუ შესაძლებელია იმის საქმით დამტკიცება რასაც შენ ამბობ? აირჩიე ორიდან ერთი : ან შენ ნაზარეველის სახელის მოხმობით მოკლავ ხარს , რომ ჩვენც ვირწმუნოთ მისი , ან მე ვეტყვი ყურში ამ ხარს სიტყვას და მოვკლავ მას, შენ კი ირწუმნებ ჩვენს ღმერთს.

ყველა იქ მდგომთაგან მოისმინეს რა ეს წინადადება დაეთანხმნენ მას , ქრისტიანები მერყეობდნენ თუმცა წმინდანი ამშვიდებდა მათ.

იმპერატორმა კი უთხრა ზიმრის:

-ჯერ შენ ხარ ვალდებული აღასრულო დაპირებული და ერთი სიტყვით მოკლა ხარი.

მისანმა (ჯადოქარი. მთარგ) უპასუხა:

-თუ შენ მიბრძანებ იმპერატორო , მაშინ მზად ვარ გიჩვენოთ ჩვენი ღვთის ძალა.
თქვა რა ეს მიუახლოვდა ხარს , რომელიც რის ვაივაგლახით მოყავდა ძლიერ ადამიანებს და ყურში რაღაც ჩაუჩურჩულა,რის შედეგადაც ხარი მიწაზე მკვდარი დაეცა . ამის მხილველები გაკვირვებასა და აღფროვანებაშ მოვიდნენ,იუდეველებმა კი ყიჟინა დასცეს ,,ჩვენ ვძლიეთ,ჩვენ გავიმარჯვეთო".

მაშინ სილვესტრიმ სთხოვა იმპერატორს რომ ხალხი გაეჩუმებინა და როდესაც დამშვიდნენ ეპისკოპოსმა იუდეველებს მიმართა:

-განა თქვენს წიგნშ არ წერია ეს სიტყვები? ,, მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ, მე ვწყლავ და მე ვკურნავ " (2 რჯ : 32;39)

მათ დაუდასტურეს: ,, კი ეს ასე წერიაო" .

მაშინ სილვესტრმა თქვა :

-თუ ზამრიმ ღვთის სახელით მოკლა ხარი, დაე აღდგეს იგი იმავე ღმერთის სახელით , რამეთუ ჭეშმარიტი ღმერთი სიკეთის მოქმედია და არა ბოროტების. ვინაიდან მისი არსიდან გამომდინარე მას მხოლოდ სიკეთის კეთება ძალუძს ხოლო ბოროტება ყოვლადუცხოა მისი ბუნებისათვის, ნება მისი მარად კეთილია და მუდამ სიკეთეს იქმს. არის ხოლმე , რომ იგი გარკვეულ ბოროტებას დაუშვებს ადამიანზე რომ ამითი როგორც მას ასევე სხვებს სიკეთისაკენ უბიძგოს და გამოაფხიზლოს , მაგრამ ესეც ხდება არა იმიტომ , რომ მას ეს სურდა , არამედ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ჩვენმა ბოროტმა ქმედებებმა გამოიწვიეს . და ამგვარად ის რაც ზამრიმ ადვილად ქმნა ის რასაც არ ისურვებდა ღმერთი, ვინაიდან მისთვის უცხოა ბოროტება, ხოლო მით ადვილი იქნება იმის ქმნა რაც მისივე ბუნებისათვის თვისობრივია. დაე აღადგინოს ეს ხარი , რომელიც მისი სახელით მოკლა ზიმრიმ.

- იმპერატორო ! - შეეწინააღმდეგა ზიმრი . - სილვესტრს კვლავაც სიტყვიერი კამათი სურს, მაგრამ რა საჭიროება არის სიტყვებისა , როდესაც საქმით აღვასრულე?

მიუბრუნდა რა სილვესტრს, მან განაგრძო:
- თუ შენ ეპისკოპოსო რაიმე ძალას ფლობ, მაშ ქმენ სასწაული შენი იესოს სახელით!

- თუ გსურს, - უპასუხა სილვესტრიმ - მე გაჩვენებ შენ ჩემი უფლის,იესო ქრისტეს ძალას , რადგან მისი სახელის მოხმობით მე აღვადგენ იმ ხარს , რომელიც შენ მოკალი.

-ამაოდ იხარჯები სილვესტრი , - შეეწინააღმდეგა ზიმრი ,- არ მოხდება ისე, რომ ხარი გაცოცხლდეს.

მაშინ იმპერატორმა ჰკითხა ზამრის:

-ის რაც შენი თქმით შეუძლებელია, თუ ამას ეპისკოპოსი აღასრულებს ირწმუნებ შენ მის სიტყვებს ?

ზიმრიმ უპასუხა:

- ვფიცავ შენს თავს, იმპერატორო, თუ სილვესტრი აღადგენს ამ ხარს მაშინ მე ვცნობ ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად და მივიღებ მის რწმენას.

იგივე გაიმეორა ყველა იუდეველმა , მაშინ ეპისკოპოსი დადგა მუხლებზე და დაიწყო გულმხურვალე და ცრემლიანი ლოცვა , დაასრულა რა ლოცვა წამოდგა ფეხზე, ხელები ზეცად აღაპყროდა ყველას გასაგონად თქვა:

-უფალო იესო ქრისტე , ძეო ღმრთისაო და ჭეშმარიტო ღმერთო, შენ რომელსაც ძალგიძს მოკვლა და გაცოცხლება , მოწყვლა და განკურნება , კეთილინებე რათა შენი უწმინდესი სახელის მოხმობით გაცოცხლდეს ხარი , რომელიც ზამრივ ბოროტ სულთა სახელის მოხმობით მოკლა. ინებე უფალო აღსრულება ჩემი ცოდვილის ლოცვისა რათა ამის მხილველნი გამტკიცდნენ რწმენაში და იდიდოს სახელი შენი წმინდა.


ხოლო ლოცვის შემდეგ იგი მივიდა ხართან და ხმამაღლა შესძახა :

- თუკი ჩემს მიერ ნაქადაგები ქრისტე, ქალწულისაგან შობილი , არის ჭეშმარიტი ღმერთი , გაცოცხლდი,დადექი ფეხზე , მიატოვე შენი უწინდელი სიავე და გახდი თვინიერი!

დაასრულა თუ არა ლოცვა წმინდანმა, ხარი მყისიერად წამოდგა ფეხზე და ძალიან მშვიდი შეიქმნა იგი. წმინდანმა მოახსნევინა ბაწარი მისგან და მიმართა ხარს :
-წადი მშვიდობით იქ საიდანაც მოსულხარ, ნუღარ იქნები ავი არამედ იყავი მშვიდი ისე,როგორც გიბრძანა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ.

და ხარიც მშვიდად წავიდა თავისი სადგომისაკენ. ამ ყოველივეს მხილველნი კი აღტაცებულნი ღაღადებდნენ:
-დიდია ღმერთი , რომელსაც სილვესტრი ქადაგებსო.
იუდეველები კი ზიმრისთან ერთად მივიდნენ წმინდანთან და მის ფერხთით დაეცნენ, ევედრებოდნენ რომ ელოცა მათვის ეპისკოპოსს და მოენათლა ისინი. ასევე ნეტარმა ელენემ იჯდა რა ფარდის მიღმა მოისმინა და უყურა მომხდარ ამბავს, გამოვიდა, წმინდანის ფერხთით დაიჩოქა და ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად აღიარა. ყველა იქ მყოფი იუდეველნი, რომელნიც მრავალნი იყვნენ, მოინათლნენ და შეუერთდნენ ქრისტეს ეკლესიას.

ამ ამბის მერე წმინდა პაპმა განაგრძო მუხლჩაუხრელი მსახურება, იგი იყო რომის მნათობი,ხალხთა იმედი და მწყემსი კეთილი. მან სულ 21 წელი დაჰყო რომის კათედრაზე, 335 წელს კი მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

თარგმანი მიქაელ მ. .ისა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
21.01.2019
აფხაზეთში მაღალი ქრისტიანული ცხოვრებისთვის დიდად შეიყვარეს აბო
19.12.2018
ერთხელ კონსტანტინეპოლში ერთი ხელოსანი ცხოვრობდა, სახელად ნიკოლოზი, რომელიც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზს
26.08.2018
წმინდა მამა გაბრიელი - ადამიანს ბილწავს არა ის, რაც პირში ჩადის, არამედ რაც პირიდან გამოდის
11.07.2018
სევერიენ ბიძია ლოცვით, სანთელით ანთებული შემოივლიდა სახლის ყველა ოთახს და ნაკურთხ წყალს გვასხურებდა
21.06.2018
ცნობილია, რომ წმინდა სინოდის სხდომამ წმინდანად შერაცხა დიაკონი სევერიანე (ბერიძე), რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა აჭარაში
21.05.2018
VI საუკუნის შუა წლებში ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, იოანემ, შეარჩია "მთაი მახლობლად მცხეთის აღმოსავლეთით და ცხოველსა ჯვარსა ჩრდილოით კერძო.
12.02.2018
"იხილა ღმერთმა, რომ კაცთა მოდგმას მტერი აშფოთებს, და მის დასამხობად სინანული დააწესა.
07.02.2018
მეფე დავით აღმაშენებელი 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა

ძველი გაზეთებიდან

თითქმის რვა საუკუნემ განვლო
24.12.2017
საბერძნეთში, კუნძულ კერკირაზე წმინდა სპირიდონის სახელობის ტაძარში სასულიერო პირები დღეში ერთხელ აღებენ ლუსკუმას, სადაც წმინდა სპირიდონის უხრწნელი, წმინდა სხეულია ჩაბრძანებული.
20.12.2017
წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
სახარებიდან გვახსოვს, რომ სინანული პირველად იოანე ნათლისმცემელმა იქადაგა. წმინდა მამების თქმით კი მოვლენათა სახარებისეული თანმიმდევრობა ადამიანის გულშიც უნდა გამეორდეს. ჯერ მოვიდა იოანე ნათლისმცემელი - სინანული, მერე კი უფალი ჩვენი იესო ქრისტე - სიყვარული.