ინებოს ღმერთმა, ვძლიოთ, თუ არადა, დავსდვათ სული ჩვენი უფლისათვის და ძმათა ჩვენთათვის
ინებოს ღმერთმა, ვძლიოთ, თუ არადა, დავსდვათ სული ჩვენი უფლისათვის და ძმათა ჩვენთათვის
ღვთის წყალობის, მადლის გამოვლინება არაერთხელ ყოფილა "ქართლის ცხოვრებაში"
წმინდა გიორგი საქართველოს ზეციური მფარველია. დიდი განსაცდელების ჟამს მუდამ შეეწეოდა ქართველებს და მათაც საგანგებო სასოება ჰქონდათ ამ წმინდანის მიმართ, რასაც Gვენი ქვეყნის ყოველ კუთხე-კუნჭულში მის პატივსაცემად აგებული ტაძრები მოწმობს. დღესაც ბოლო ჟამის ქართველებს, როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ამ დიდი წმინდანის მეოხება ღვთის წინაშე.

დიდგორის ბრძოლა
დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ საქართველოდან განდევნილმა თურქ-სელჩუკებმა და თბილისის, დმანისისა და განძის მმართველთა წარმომადგენლებმა სხვა მუსლიმან მფლობელებს სთხოვეს დახმარება. მუსლიმანთა გაერთიანებული ლაშქრის საქართველოზე თავდასხმის წამომწყები და ხელმძღვანელი იყო ერაყის სელჩუკიანთა გამგებელი სულთანი მაჰმუდ მოჰამედის ძე. მან მუსლიმანებს მიმართა: "სადაღაცა ვინ იყო, დამასკო და ჰალაბიდან ამოღმართ, ყოველსა მხედრობად შემძლებელსა, ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხითისა ამირათა" მონაწილეობა მიეღოთ საქართველოსთან ომში. საომრად შეიკრიბნენ აღმოსავლეთის ცნობილი და გავლენიანი მმართველები. კოალიციურ ლაშქარს სულთნის სახელით სათავეში ჩაუდგა ანტიჯვაროსნული ომის მთავარსარდალი ილღაზი, კაცი "მოხერხებული და მრავალღონე". ივ. ჯავახიშვილის ვარაუდით, თურქ-სელჩუკთა კოალიციური ჯარი 300 000 მეომრისაგან შედგებოდა (ფრანგი გოტიე 600 000-ს ასახელებს) და ბევრად აღემატებოდა საქართველოს ლაშქარს. ერთ-ერთი ცნობით, ქართველთა ლაშქარში შედიოდა 40 000 ქართველი, 15 000 ყივჩაღი, 500 ალანი და 100 ფრანგი მეომარი.

"შეკრბეს ესე ყოველნი, შეითქუნეს, შეიმტკიცნეს სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღვისა, რომლითა აღივსო ქვეყანა". 1121 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში მუსლიმანთა ლაშქარი თრიალეთ-მანგლისსა და დიდგორში განლაგდა და ხელთ იგდო ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული მისადგომი. დავით აღმაშენებლის სარდლობით საქართველოს ლაშქარი დიდგორის ველს ნიჩბისის ხევიდან მიუახლოვდა. "ხოლო მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა, თუ ვითარ წინა განაწყო სპა მისი, და თუ ვითარ ყოველი საქმე შვენიერად და ღონიერად ყო, რაბამ რამე წყნარად, უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო, და თუ ვითარ თვისნი სპანი დაიცვნა უვნებელად, - ამათ ყოველთათვის არა ჩვენი, არამედ ვგონებ, რომელ ყოველთა ბრძენთა სოფლისათა ენა ვერ შემძლებელ არს მითხრობად ზედმიწევნით ყოველსავე", - ბრძანებს მემატიანე.

ამ ბრძოლაში არნახულად გამოვლინდა უხილავი, მფარველი ძალის მონაწილეობა: "რამეთუ პირველსავე ომსა იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა, რამეთუ ხელი მაღლისა შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ფარვიდა მას, და წმიდა მოწამე გიორგი განცხდებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსვრიდა ზედამოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თვით იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისსა, და ვითარითა ღონითა მოსრნა სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი, და ანუ მეოტთა ვითარ სიმარჯვით და განკრძალულად სდევნნა და მოსრნა, რომლითა აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითა..."

ხოლო ჩვენი ჯარი და სამეფო ოქროთი და ვერცხლით აივსო: "რაოდენ ქარტამან და მელანმან დაიტიოს აღწერად?!" ამ ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ დავით აღმაშენებელმა საქართველოს სამეფოს თბილისი შემოუერთა და სატახტო ქალაქი ქუთაისიდან კვლავ თბილისში გადმოიტანა. "და დაუმკვიდრა შვილთა თვისთა საჭურჭლედ და სახლად თვისად საუკუნოდ". ეს იყო 1122 წელს.

ბახტრიონის ბრძოლა
ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი წერს: "მაშინ უსჯულოთა აგარიანთა მიიმძლავრეს სრულიად კახეთი და მრავალსა ბოროტსა უყოფდნენ მკვიდრთა კახეთისათა, მოაოხრეს და განრყუნეს წმინდანი ეკლესიანი". ჩამოსახლებულმა თურქმანთა ურდოებმა (ოთხმოცი ათასმა სახლმა, - როგორც ბრძანებს მემატიანე) მთელი კახეთის ბარი დაიჭირეს. სულიერმა უკუნმა მოიცვა კახეთი. ალავერდის ტაძარში მწუხრ-ცისკრის ნაცვლად ნამაზი აღესრულებოდა. ქართველებს ბარში აღარ დაედგომებოდათ და მთებში ივლტოდნენ. ქრისტეს სახელს ბარში აღარავინ ახსენებდა. ყოველ დილით მუეძინის ყვრილი აღვიძებდა კახეთს".

ამ ამბებით შეწუხებულმა ზაალ ერისთავმა "შემოიფიცა ქსნის ერისთავი შალვა და ელიზბარ და კახი სუფრაჯი (სუფრის ზედამხედველი) ბიძინა ჩოლოყაშვილი. და შემოიფიცეს მთის კაცნი თუშნი". "ან შურისძიება, ან სიკვდილი", - შესძახეს თუშებმა და კაცები გაგზავნეს ფშავ-ხევსურეთში, იწყეს მზადება სალაშქროდ. გადაწყდა, რომ ხევსურნი არდოტის ზევით, მთაზე შეიყრებოდნენ, ფშაველები ლაშქარს ჯვარში შეერთებოდნენ და ერთად წამოვიდოდნენ პანკისის ხეობაზე, თუშნი კი ნაქერალის მთაზე შეგროვდებოდნენ. ბიძინა ჩოლოყაშვილმა, რომელიც აჯანყების მოთავე იყო, ქსნისა და არაგვის ერისთავებს უთხრა: - ძმებო, ეს ჭირი, რომელიც კახეთზე მოიწია, თქვენამდეც მოაღწევს. ავდგეთ და გავწყვიტოთ მტერი, სანამ უფრო გამრავლებულა და ძირი გაუდგამს კახეთში. თითქოს შეუძლებელი ჩანს მტრის დამარცხება, მაგრამ უფალი ჩვენთანაა, წმინდა გიორგი თავისი ტაძრის (ალავერდის) შერყვნისათვის თვითონ მიაგებს უსჯულოთ. ინებოს ღმერთმა, ვძლიოთ, თუ არადა, დავსდვათ სული ჩვენი უფლისათვის და ძმათა ჩვენთათვის. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ უკუნისამდეო. ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავებმა "დიდითა გულსმოდგინებითა მოირთეს ძალი, რაისაცა შემძლებელ იყვნეს სპითა თვისითა. მოვიდნენ თიანეთს, იხმეს თუშ-ფშავ-ხევსურნი, ერთ ბნელსა და უმთვარო ღამეს გარდავლეს მთა და ჩავიდნენ ახმეტას".

ქართველთა ლაშქარი ორად გაიყო, ერთი ბახტრიონის ასაღებად გაემგზავრა, მეორემ ალავერდს მიაშურა. მტერს თავისი ძალები ძირითადად აქ ჰყავდა გამაგრებული. ილოცეს ქართველებმა და საომრად მოემზადნენ. ბრძოლა ღამით, მტრისთვის მოულოდნელად მოხდა: წარვიდეს ღამესა ერთსა, დაესხნენ თავსა სულთანსა ბახტრიანს და ამოსწყვიტეს და მოსრნეს ბახტრიანის ციხეში მდგომნი ელნი, და რაც იყვნენ, მიჰყვნენ იქიდამე ხოცითა, ჩავიდნენ ალავერდს და, რომელნიცა მუნ იყვნენ, თათარნი და ელნი, რაც ესახლა ყოველი მოსრეს პირითა მახვილისათა... არარადა დაშთა, რომ ყოველი არ მოკლეს, და რომელნიმე ივლტოდეს. წარვიდეს და განაძეს".

ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მცირე ცნობებია შემონახული ამ ბრძოლების შესახებ, ზეპირსიტყვიერებაში კი მდიდარი მასალაა დაცული.

ქართველებმა პატიოსანი ჯვრის ძალით და წმინდა გიორგის წინამძღოლობით აოტეს და განაბნიეს მტერი. "კახეთში თათარნი აღარსად იპოებოდნენ". ამბობენ, რომ ცხადად ხედავდნენ ამ ბრძოლაში წმინდა გიორგის "ელვის სახედ მიმასრბოლს წინა მავლად მათდა".

საკვირველი იყო ეს გამარჯვება. მან იმედი ჩაუსახა ქართველებს და ერთად ყოფნის აუცილებლობაში კვლავ დაარწმუნა. რომ არა ეს ბრძოლა, კახეთი ახლა დაკარგული გვექნებოდა.

ამ გამარჯვებით უსჯულოთაგან განიწმინდა კახეთი, რითაც სპარსთა ბატონობას საფუძველი შეერყა.
ბეჭდვა
1კ1