20 მაისს წმიდა იოანე ზედაზნელის ხსენებაა
20 მაისს წმიდა იოანე ზედაზნელის ხსენებაა
VI საუკუნის შუა წლებში ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, იოანემ, შეარჩია "მთაი მახლობლად მცხეთის აღმოსავლეთით და ცხოველსა ჯვარსა ჩრდილოით კერძო. აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰქვიან ზედა-ზადენ". აქ "პოვა მცირე ქუაბი და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად და დაემკვიდრნეს მუნ". ამის შემდეგ ეწოდა იოანეს ზედაზნელი. აქედან იოანეს თავისი მოწაფენი დაუგზავნია სამოღვაწეოდ ქართლსა და კახეთში, ხოლო თვითონ ერთ მოწაფესთან ერთად დარჩენილა ზედაზენზე. ღრმად მოხუცებული იოანე 573 წელს გარდაიცვალა. მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა იოანეს გვამი ჯერ თათას მონასტერში დაკრძალეს (სავარაუდოდ, წმინდა იოანეს მოწაფის თათას მიერ უნდა იყოს აშენებული წმინდა გიორგის სამნავიანი ბაზილიკა), მაგრამ მალე, წმიდანის ანდერძის თანახმად, "დიდითა პატივითა აღიყვანეს ადგილსავე თვისსა და მითვე ლუსკუმითა დაასუენეს ნაწილნი მისნი და შემდგომად მისსა აღაშენეს ეკლესიაი".

KARIBCHEწმინდა იოანე ზედაზნელი დასაფლავებული იყო მისთვის საგანგებოდ აშენებულ ეკვდერში. VIII საუკუნეში კათალიკოსმა კლემენტოსმა ააგო სამნავიანი ბაზილიკა და წმინდა იოანეს ეკვდერი მასში ჩართო. მონასტერი გაშენდა და კეთილმოეწყო წინამძღვარ გაბრიელის დროს, IX საუკუნის I ნახევარში, აშენდა კარიბჭე, მიქაელის დროს - სადიაკვნე, მიქაელის მიერ - "აკლდამასა თანა" ეკვდერი, X საუკუნის ბოლოს ეკლესია განადიდა ზაქარიამ, სამოელმა - მარანი ქვითკირითა ქმნა და სხვა. ზედაზნის ციხე და მონასტერი XI საუკუნემდე კახეთის სამეფოს მისადგომებს იცავდა. 1101 წელს დავით აღმაშენებელმა ზედაზნის ციხეში თავშეფარებული თურქ-სელჩუკთა და კახეთის მეფის კვირიკეს ლაშქარი საბოლოოდ გაანადგურა. მან კახთა მეფეს "წარუღო ციხე ზედაზენი" და თავის თანამებრძოლს ნიანია ბაკურიანს გადასცა.

1479 წლიდან ზედაზნის მონასტერში ზედგინიძე-გურამიშვილების საგვარეულო საძვალე იყო. 1705 წელს აქ სამონასტრო ცხოვრება დროებით შეწყდა. XVIII საუკუნეში აიგო სამრეკლო და ბერთა სენაკები. ამავე საუკუნეში ეკლესია განაახლა კათალიკოსმა დომენტიმ. XIX საუკუნეში, ეპისკოპოს ალექსანდე ოქროპირიძის წინამძღვრობის დროს, კვლავ განახლდა სამონასტრო ცხოვრება. 1889 წელს ეკლესია შეაკეთა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ. უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, წლებია მამათა მონასტერია დაფუძნებული და ღვთის სადიდებელი ლოცვები აღევლინება.


KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1