მატიანე გაოცებულია მეფე დავითის ღვაწლითა და მის ტოლსა და ბადალს ვერ ჰპოვებს მთელს მსოფლიო ისტორიაში
მატიანე გაოცებულია მეფე დავითის ღვაწლითა და მის ტოლსა და ბადალს ვერ ჰპოვებს მთელს მსოფლიო ისტორიაში
მეფე დავით აღმაშენებელი 1125 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა

ძველი გაზეთებიდან

თითქმის რვა საუკუნემ განვლო მას შემდეგ რაც მიიცვალა სახელოვანი და დიდებული მეფე გაერთიანებულის საქართველოსი დავით აღმაშენებელი.
დავით მეფემ აღადგინა ჩვენი ქვეყანა ნანგრევთაგან, ფენიქსებრ განაახლა და მოუმზადა ბრწყინვალე დრო გიორგი მე-III-სა და თამარ მეფისა. ამიტომ ისტორიამ უწოდა მას დავით-აღმაშენებელი.

დავით იყო წმიდა კაცი, ღრმად მორწმუნე და ღვთის მოსავი. მრავალჯერ განსაცდელში ჩავარდნილი ლაშქრობის დროს. ამიტომ შეასხა ამ მეფეს ხოტბა ლექსით მაშინდელმა მგოსანმა შავთელმა და გმირს თვისის სახოტბო პოემისას, იმავე დავითს, უქოდა არაბულის ენით აბდულმესია, ანუ მონა ქრისტესი, ხოლო საქართველოს ეკლესიამ შერაცხა იგი თვისთა წმდათა შორის და დააწესა მის მოსახსენებელ დღედ 24 იანვარი.

მატიანე გაოცებულია მეფე დავითის ღვაწლითა და მის ტოლსა და ბადალს ვერ ჰპოვებს მთელს მსოფლიო ისტორიაში. მემატიანეს აზრით, ბერძენთა და ჰრომთა უმთავრესი გმირნი ვერ შეედრებიან დავითსაო და, თუმცა ჰომსოს, არისტოტელ და იოსიპოს აქებდნენ თვისსა გმირებს, მაგრამ "ამით ნივთნი საქმეთანი არა ჰქონდეს კმად მისათხრობელად: ამისთვისაცა ტიტორებითა მით ხელოვნებისათა განავრცელეს".
მატიანეს თქმით, თვით ალექსანდრე მაკედონელი ქართველების მცირე ჯარით ვერ იქმოდა იმდენს საქმეს, რაც დავით მეფემ ჰქმნა: "და თუმცა დავითს სპარსთა მეფობა ჰქონებოდა, ანუ ბერძენთა და ჰრომთა ძალი, ანუ სხვათა დიდთა სამეფოთა მაშინღა გენახნეს ნაქმარნი მისნი"!

საქართველოს გვირგვინოსანთა შორის ვერავინ შეედრება დავითს ვერც ახოვანებითა და უძლეველობით, ვერც სამეფო საიბრძნით და ვერც ადამიანობითა და კაცურის კაცობით. მან გააერთიანა სამეფო და თავზარი დასცა განდგომილებისა და ცალკე სამთავროების მოტრფიალეთა. დავით მეფემ აღადგინა უშენი ქვეყანა, განაახლა მტრისგან დანგრეულნი და დარღვეულნი ტაძარნი და ეკლესია-მონასტერნი. ძეგლის წერით რუის-ურბნისში აამაღლა ზნეობა ერისა, წესი და რიგი შემოიღო საეკლესიო ცხოვრებაში. ("ივერია" 1902წ. N20)
თეა ცაგურიშვილი


ბეჭდვა
1კ1