გავსწირე თავი და არა მივეც განსარყვნელად, იავარსაქმნელად და შესაჭმელად სიწმიდენი და ალაგნი ქართლისანი
გავსწირე თავი და არა მივეც განსარყვნელად, იავარსაქმნელად და შესაჭმელად სიწმიდენი და ალაგნი ქართლისანი
წმინდა კეთილმსახური მეფეები - არჩილი და ლუარსაბი სხვადასხვა დროში ცხოვრობდნენ, მაგრამ ეკლესიამ მათ მოხსენიების ერთი დღე, 4 ივლისი დაუდგინა , რადგან მათი მიწიერი ცხოვრება და მოღვაწეობა გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ერთმანეთს - ორივე მეფემ სიცოცხლე ქრისტეს რწმენასა და სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა.

მურვან ყრუს შემოსევების დროს ქართლში არჩილის ძმა, მირი მეფობდა. როდესაც მტრებმა ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში სისხლის კალო დაატრიალეს და პირისაგან მიწისა აღგავეს და გააცამტვერეს "ყოველივე შენებულნი და სიმაგრენი საქართველოსანი", გვირგვინოსანი ძმები აფხაზეთს გახიზნულან და დღედაღამ გულმხურვალე ლოცვით ავედრებდნენ უფალს სამშობლოს. ღმერთმა შეისმინა მათი. წმინდა არჩილს ყოვლადუბიწო ქალწული მარიამი გამოეცხადა და უთხრა: "აღდეგ და ებრძოლე უსჯულოთა მათ, რამეთუ ანგელოზი უფლისაი წინა წარგიძღუეს თქუენ და თქუენ წილ უფალი ბრძოდის". ამ ხილვის შემდეგ ძმები "მინდობითა ღმრთისიათა და შეწევნითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისაითა" თავს დაესხნენ უსჯულოთა უთვალავ ლაშქარს და მცირედი მხედრობით დაჯაბნეს მოძალადე. იმ ღამით არაბთა მხედრობას გამძვინვარებულმა სტიქიამაც შემოუტია: "საშინელი კოკისპირული წვიმა მოვიდა. ცხენისწყალი და აბაშისწყალი კალაპოტიდან გადმოიჭრა და არაბთა ბანაკს დაეძგერა. ბევრი მეომარი და სალაშქრო ცხენი დაეხრჩო სარკინოზთა სარდალს.

აქედან აიყარა და სამხრეთისკენ გაემართა. ძლივს მიარღვევდნენ კოლხეთის ჭაობებს. ლაქაშებში იძირებოდა ცხენი და კაცი. ტალახით დამძიმებული კუდები დააჭრეს ცხენებს. ძლივს გააღწიეს. გურიას შეესივნენ და ააოხრეს. მერე აჭარას და სპერს მისდგა მურვანი - "ოხერ და უვალ ჰყო ყოველი ქვეყანა ზღვის პირისა", - აღწერს მწერალი და ისტორიკოსი ლევან სანიკიძე იმ საბედისწერო ღამეს უტყუარ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით. მართალია არაბთა უძლეველმა მხედართმთავარმა სამარცხვინო დამარცხება იწვნია და ფიცხელი შეტაკებები დასავლეთ საქართველოში ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ბრძოლის დროს ფერდში დაიჭრა მეფე მირი. ამის შემდეგ კურთხეული ძმები ქართლში დაბრუნებულან, ქვეყანა რომ იქიდან ემართათ და უსჯულოთაგან იავარქმნილი სოფლები აეღორძინებინათ, მაგრამ სტეფანე ერისმთავრის უფროს ძეს ანაკოფიასთან ბრძოლის დროს მიღებულმა ჭრილობამ კვლავ შეახსენა თავი, რაც საბედისწერო აღმოჩნდა. ვინაიდან ძე არ ებადა, მირმა თავის უმრწემეს ძმას, არჩილს გადააბარა სამეფო ტახტი, ობლად დარჩენილი 7 ასულის მფარველობა და გარდაცვალების შემდეგ მცხეთაში დასაფლავებაც შესთხოვა და ასე მიაბარა სული უფალს.

არჩილ მეფემ შეასრულა მირის ანდერძი. მცხეთის ზემო ეკლესიაში დიდი პატივით დაკრძალა სამშობლოსთვის თავდადებული მეფე, მამასავით უპატრონა დაობლებულ ძმისშვილებს, ერთ-ერთი მათგანი, გურანდუხტი, ბიზანტიის კეისარს მიათხოვა, დანარჩენები კი ქართველ დიდებულებს - შესაფერისი მზითვით. 12 წელიწადი ქუთაისში იმეფა. იქიდან ეწადა ქვეყნის გაერთიანება, მერე ქართლში დაბრუნდა არაბთა მიერ გავერანებული სოფლების ასაღორძინებლად.

VIII საუკუნის 60-იან წლებში არაბები ქართლში შემოიჭრნენ. არჩილ მეფე შეეცადა, მშვიდობიანი მოლაპარაკებით გადაერჩინა ქვეყანა, მაგრამ დიპლომატიით ვერაფერი გააწყო პირსისხლიან მტერთან. არაბთა სარდალმა ქართველთა მეფის სამშვიდობო ინიციატივას იმით უპასუხა, რომ წმინდა არჩილი საპყრობილეში ჩასვა, ქრისტიანობის უარყოფა და მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა. თუ ასე მოიქცეოდა, დაიბრუნებდა ქართლის მეფობას და სპასალარობასაც უბოძებდნენ: "იცოდე, მძლავრო, არ დავუტევებ ჩემს უფალს, არ უარვყოფ ქრისტეს სახელს, არც საწუთო ცხოვრებაზე გავცვლი მარადიულს, არც ჟამიერ მეფობას უჟამო თანაყოფაზე ქრისტესთან", - მიუგო არჩილმა ჯალათებს. გაშმაგებულმა არაბთა ურდომ მიწასთან გაასწორა ქართლი და გეზი კახეთისკენ აიღო. სიკვდილის მოახლოების წინ, წმინდა არჩილი ხატის წინ მუხლმოდრეკილი, ხელაპყრობილი ლოცვით ავედრებდა უფალს სისხლისგან დაცლილ საქართველოს.

ქართველმა აზნაურებმა ღამით ფარულად წამოასვენეს მეფე არჩილის წმინდა ცხედარი ნიტკორაში და მის მიერვე აგებულ ტაძარში მიუჩინეს სამუდამო განსასვენებელი.

14 წლის ლუარსაბ მეორის მეფედ კურთხევა იმ პერიოდს უკავშირდება, როცა საქართველოში ერთმანეთს ებრძოდნენ თურქები და სპარსელები. ცბიერებით ცნობილი შაჰ-აბასი ათასგვარ ხრიკს მიმართავს საქართველოს დასამორჩილებლად.

გიორგი X-ის ძე ლუარსაბი, მამის გარდაცვალების შემდეგ, მეფედ თბილისში მყოფმა შაჰ-აბას პირველმა დაამტკიცა. ლუარსაბის გამეფებისთანავე ქართლ-კახეთში ოსმალთა ბატონობა ყიზილბაშთა ბატონობით შეიცვალა.

1609 წელს, როცა ოსმალთა ლაშქარი ქართლში შემოიჭრა, ლუარსაბ მეფე ცხირეთის ციხეში იყო გამაგრებული თავისი მეომრებით. ურიცხვ მტერს გზად თევდორე მღვდელი გადაეყარა, რომელიც დაატყვევეს და უბრძანეს, ცხირეთისკენ გასძღოლოდათ. თევდორემ იცოდა, რომ ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ამიტომ დრო რომ გაეხანგრძლივებინა, გზა აურია ოსმალებს. როცა ისინი ამას მიხვდნენ, მეფე უკვე სამშვიდობოს იყო გასული. ოსმალებმა ხმლებით აკუწეს თავდადებული მოძღვარი. ბრძოლა, რომელიც ტაშისკართან გაიმართა გიორგი სააკაძის წინამძღოლობით, ქართველთა ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა, რაშიც მხედართმთავართან ერთად დიდი წვლილი შეიტანა ახალგაზრდა მღვდელმა თევდორე კველთელმა: "საწუთრო ესე ცალკე კაცისა არს წამიერ და წარმავალ, ხოლო ცხოველი მარადჟამეული არს ქრისტე და საქართველო, სამშობლო ჩემი.

მე ვარ მწყემსი კეთილი... და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის, მე ვარ მწყემსი სოფელ კველთის მცირე სამწყსოსი, ხოლო სული ჩემი უნდა დავსდვა დიდი სამწყსოსთვის - საქართველოსთვის... რამეთუ ქრისტეს შემდგომ ღმერთი ჩვენი არს საქართველო.

მადლობელი ვარ, შემოქმედო, რამეთუ შემქმენ ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის მსხვერპლად, ზვარაკად"...

1610 წელს ირანში ჩასულმა ლუარსაბმა შაჰს თბილისის ციხის დაბრუნება სთხოვა და მიაღწია კიდეც საწადელს. ციხე დაიბრუნა და იქ ქართველი მეციხოვნეები დააყენა, შემდეგ ცოლად შეირთო აზნაურ გიორგი სააკაძის და, რომელიც ძალიან შეუყვარდა. მეფის ამ ნაბიჯს დიდგვაროვანნი წინ აღუდგნენ და აიძულეს ლუარსაბი, დასცილებოდა თავის პირველ და უკანასკნელ სიყვარულს, რადგან მას შემდეგ სხვა ცოლი აღარ შეურთავს.

1613 წელს გამძვინვარებული შაჰი თავს დაესხა საქართველოს. არჩილმა და თეიმურაზმა მოასწრეს დასავლეთ საქართველოში გადასვლა და თავი იმერეთის მეფეს შეაფარეს. 1614 წელს, ქართლი რომ გადაერჩინა აოხრებისგან, დიდგვაროვანთა ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ლუარსაბ მეფემ გადაწყვიტა შაჰ-აბას პირველთან გამგზავრება - ქვეყნის სიყვარულმა და მეფურმა სინდისმა გადაადგმევინა ეს ნაბიჯი, რადგან იცოდა, სადაც მიდიოდა: "უკუეთუ არა წარვიდე, ამიყრის ქვეყანათა და მოაოხრებს, რა მადლი არს ჩემდა?" - მტკიცედ განაცხადა გვირგვინოსანმა და იძულებით დაჰყვა დამპყრობლის ნებას.

ქართლელთა მეფე დიდი პატივით მიიღეს შაჰის გარემოცვაში და შეუქეს გადაწყვეტილება. ყველა განაცვიფრა სილამაზით, ახოვანებითა და ვაჟკაცობით. აბასმა ის ჯერ ყაირათში წაიყვანა სანადიროდ - ნადირობის შემდეგ სამშობლოში დაგაბრუნებო, თანაც ცდილობდა, ძველებურად მოპყრობოდა და სიყვარული დაემტიცებინა, ამავე დროს, ახალი მმართველი მიავლინა ქართლში და ჯარებიც ჩააყენა. ლუარსაბ მეფე ხვდებოდა მის თვალთმაქცობას, ისიც იცოდა, დაპირების მიუხედავად, აღარასოდეს ეღირსებოდა სამშობლოში დაბრუნება. მაგრამ ყველაფერს დიდსულოვნად იტანდა: "უწყი, რამეთუ არღარა განმიტევებს, ამისათვის უმჯობეს არს სიკეთისა ჩვენება, ვიდრე სიავისა", - გამოუტყდება თავის დას, თინათინს, რომელიც შაჰის ცოლი იყო. ერთხელ, დიდმარხვაში, ნადიმზე, ლუარსაბს შაჰ-აბასმა თევზი მიაწოდა. უარი მიიღო: "დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ კი ქრისტეს უარყოფასაც მომთხოვო", - გაამჟღავნა შაჰის დაფარული განზრახვა. განრისხებულმა აბასმა ვეღარ მოითმინა და უბრძანა ქრისტეს რწმენის უარყოფა. ლუარსაბმა "არად შერაცხა რისხვა მძლავრისა, არამედ ეგო, ვითარცა ანდამატი და შეუძვრელი, ვითარცა კლდე, და უშიშარ იყო, ვითარცა ლომი საყოფელსა თვისსა".

დატყვევებული ქართველთა მეფე ერთხანს ციხეში ჰყავდათ, მერე შირაზს გადაიყვანეს და 7 წელი ციხეში გამოკეტეს. ეს უმძიმესი წლები წმინდა ლუარსაბ მეორემ ლოცვასა და მარხვაში გაატარა. როდესაც შაჰ-აბასი დარწმუნდა, რომ ვეღარაფერი შეარყევდა ქრისტიანი მეფის რწმენას, ბრძანა, წამებით ამოეხადათ მისთვის სული. წმინდანმა იგრძნო აღსასრულის მოახლოება, ეპისკოპოსი იხმო, ეზიარა მაცხოვრის ხატის წინ, მეტად გულში ჩამწვდომი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც, საბედნიეროდ, ისტორიამ ანდერძად შემოგვნახა: "შენ უწყი, უფალო ჩემო, ქრისტე, ვითარ არცა ანგარებითა, არცა სიმდიდრის მოყვარებით დავუტევე მამული და საყოფელი ჩემი და ვერცა ვინ შემძლებელ იყო შეპყრობად ჩემდა და ვერცა გამოყვანებად სიმაგრეთა მათგან, რომელსა მე ვიმყოფებოდი. გარნა ვიყავ მწუხარე და მელმოდა გულსა იავარ-ყოფა საქართველოსი, დამხობა წმიდა ხატთა და ჯვართა და დარღვევა წმიდათა ეკლესიათა, ხოლო უკეთუ მე განვრინებულიყავ ხელთაგან ყიზილბაშთა, მაშინღა განირყვნებოდა და მოოხრდებოდა მშობელი ქართლი, ვითარცა იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის მიერ. და მე აღვირჩიე საქმე ესე, რომელი ბრძანე წმიდასა შინა სახარებასა: "მწყემსმან კეთილმან დადვის სული თვისი ცხოვართა თვისთათვისო". გავსწირე თავი და არა მივეც განსარყვნელად, იავარსაქმნელად და შესაჭმელად სიწმიდენი და ალაგნი ქართლისანი. მინდობილმან ბრძანებისა შენისამან დავსდევ თავი ჩემი ქვეყანისათვის და გადარჩა ქართლი მოოხრებისაგან. ესე ყოველივე შენ უწყი, რამეთუ მეცნიერ ხარ გულისსიტყვათა და გონებათა. არა მეწყალვის მეფობა და შარავანდედობა ჩემი, არცა შვენიერობა, ჰაეროვნება და ახოვანება სიჭაბუკისა ჩემისა, არცა უებრობა და ყვავილი სიორძილისა ჩემისი, არცა კისკასად მორბედობა ასპარეზობისა და ქველყოფელობა ჰასაკობისა ჩემისა, არცა ბრძოლასა შინა მხნეობა და სიმაგრე მკლავისა და არცა თეატრონსა შინა მორბედობა ცხენთა და მსწრაფლმავლობა და მარჯვედ სრვა მხეცთა, დაუშრომელობა მკლავთა და ყოველივე მოსავთა ჩემთა უზეშთაეს ყოფა, არცა დიდება, არცა პატივი და სანოვაგენი, მრავალფერი ტაბლანი და გამოჩვენებითი ლხინი და მხიარულითა პირითა მეტყველებანი, ძმანი და მღერანი და მეფობრივი სარეცელი და ტახტ-გვირგვინოსნებანი. ესე ყოველივე დამიტევებია შენი და საქართველოს სიყვარულისთვის..."

დასასრულს, ისევ ლევან სანიკიძეს მოვიშველიებთ, რომელიც სრულად და ხატოვნად გადმოგვცემს წმინდა ლუარსაბ მეფის სიცოცხლის ბოლო წუთებს და მის მოწამებრივ აღსასრულს.

"ჯალათი შემოვიდა. იქ დამსწრეთ ანიშნა - გადით, მარტო დაგვტოვეთო.

მეფემაც თვალით უბრძანა თავისიანებს - წადითო და კაეშნიანი ღიმილით დაემშვიდობა ყველას, ცალკეულად მზერის გადაკვრით.

ქართველები გალაგდნენ - გამშრალნი, დამეხილნი.

კიდევ შემოვიდა ჯალათი. მეორეს მესამე შემოჰყვა. მერე მეოთხე, მეხუთე, მეექვსე. შემზარავი სახეები აელანძა მეფის თვალებს.

ერთს უზარმაზარი მშვილდი ეპყრა ხელთ - მსხვილი, გასანთლული ლარით გაჭიმული. ლუარსაბმა რატომღაც ამ მშვილდის ლარ-საბმელს დაადგა თვალი და თქვა მშვიდი ხმით: "აღასრულეთ ბრძანებული თქვენი!"

საბელი შეხსნეს მშვილდს ჯალათებმა. ლუარსაბ მეფის ახოვან ყელ-კისერს ყულფად შემოაჭდვეს და ორივე მხრისკენ დაიქნიეს საბელის თავნი...

ასე აღესრულა მეფე ქართლისა ლუარსაბ მეორე - "კაცი შვენიერი და კეკლუცი და კაცი ყოვლისა საღვთო-საკაცობრიო ზნეობით გათავებული და უკლები".

გამეფდა 14 წლისა, იმეფა 10 წელი, წამებულის სიკვდილით აღესრულა შობითგან 24 წლისა. გადაეგო უშვილძიროდ.

მისი ყველაზე დიდი "ხელმწიფური უნარი" სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის პირადი სიცოცხლის გაწირვა იყო და კიდევაც პირნათლად აღასრულა თავისი ვალი მშობლიური ხალხისა და ქვეყნის გადასარჩენად.

ქართულ მიწაში განსვენება არ ღირსებია ქართული მიწისთვის თავგანწირულ ჭაბუკ ხელმწიფეს...

შაჰ-აბასი ისევ აბიქურენის პირას იდგა, როცა ლუარსაბ მეორის წარკვეთილი თავი მიართვეს. დიდხანს გაქვავებული თვალით უცქირა შაჰმა სისხლით შეღებილ წამებულ სახეს. მერე ცახცახი აუვარდა, ისტერიულად ახარხარდა, მშობიარე ქალივით აკივლდა, პირიდან ლეზვი და ლოშქრი დასდინდა.

და ხელები წაუშინა სახეში მოკვეთილ თავს.

სცემა, ლანძღა და აგინა, აქეთ-იქით აგორა, მიახეთქ-მოახეთქა.

ბოლოს, როცა გული მოიჯერა და მოიძღო, ყურით აიღო და იქვე თავქვეზე მოისროლა, ჯერ ნელა დაგორდა წამებულის თავი, მერე სრბოლას უმატა და ძალცემით დაქანდა უფსკრულისაკენ".

ამბობენ, გარდაცვალების პირველ ღამეს წმინდა მოწამის ცხედარს საკვირველი ნათელი დაადგა და მრავალი თვითმხილველი განაცვიფრაო. გულაბ-ყალის ციხეში მშვილდის საბელით მოხრჩობილი წმინდა არჩილ მეფის ცხედარი იქვე, ციხის ეზოში დაკრძალეს.

რწმენისა და სამშობლოსათვის თავშეწირული წმინდა ქართველი მფეები არჩილი და ლუარსაბი გარდაცვალების შემდეგ ქართულმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.
ბეჭდვა
1კ1