ღირსი პორფირე კავსოკალიველი (ხს. 02 დეკემბერს ახალი სტილით)
ღირსი პორფირე კავსოკალიველი (ხს. 02 დეკემბერს ახალი სტილით)
წმინდა პაისი (ეზნეპიდისი) ათონელი მასზე ამბობდა: "მამა პორფირეს ფერადი ტელევიზორი აქვს, მე კი შავ-თეთრი". ამით აღნიშნავდა ღირსი მამის დაფარულმცოდნელობის აღმატებულ მადლს.

ღირსი პორფირე კავსოკალიველი (ერისკაცობაში ევანგელოს ბაირაკტარისი) დაიბადა საბერძნეთში, ევიას პროვინციაში, ალივერის სიახლოვეს, 1906 წლის 7 თებერვალს. ევანგელოსის მშობლები უბრალო გლეხები იყვნენ, ღარიბები, მაგრამ ღვთისმოშიშები. მათ თავიიანთ ვაჟს სიყრმიდანვე ჩაუნერგეს ღვთის შიში. მამა პორფირე შემდგომში ჰყვებოდა: "ღარიბი მშობლები მყავდა, ამიტომაც მამაჩემმა სოფელი დატოვა და ამერიკაში გაემგზავრა. მუშად მუშაობდა პანამის არხის მშენებლობაზე. ჩვენ, გლეხის შვილები, ნორჩობიდანვე ვშრომობდით: ვრწყავდით ბაღს, ბოსტანს, პირუტყვს ვუვლიდით, ყველგან დავრბოდით, სადაც უფროსები გვგზავნიდნენ. სიყრმიდან მთებში პირუტყვს ვმწყემსავდი. გულუბრყვილო და მორცხვი ვიყავი. სკოლაში მხოლოდ ერთი წელი ვიარე და თითქმის ვერაფერი ვისწავლე, რადგან მასწავლებელი ავადმყოფობდა. ფარის მწყემსვისას მარცვალ-მარცვალ წავიკითხე წმინდა იოანე კალივიტის (მმარხველის) ცხოვრება და მხურვალე სურვილი გამიჩნდა მონაზვნობისა, თუმცა არც მონაზონი მენახა, არც მონასტერი და არც არაფერი ვიცოდი. შვიდი წლისა დედამ სამუშაოდ ქალკედონში ერთ დიდ მაღაზიაში გამგზავნა". თუმცა წმინდა იოანე მმარხველის ცხოვრების გაცნობამ ისე იმოქმედა მასზე, რომ გადაწყვიტა თავი ღვთისთვის მიეძღვნა და ათონზე გამგზავრებულიყო, მაგრამ მას ამ სურვილის ასრულებაში სხვადასხვა გარემოებები ეწინააღმდეგებოდა. მთაწმინდაზე მისვლა მხოლოდ 14-15 წლისამ შეძლო.


როცა ევანგელოსი ხომალდით ათონისკენ მიცურავდა, მან გამოცდილი მღვდელმონაზონი მამა პანტელეიმონი გაიცნო. ბერმა ყმაწვილის სურვილის შესახებ, რომ შეიტყო დათანხმდა სულიერი მფარველობა გაეწია.. ის მას ათონის მთაზე დასახლებაში დაეხმარა, რადგან ასაკის გამო შესაძლოა ევანგელოსისთვის მიღებაზე უარი ეთქვათ, ასე, რომ არ მომხდარიყო მამა პანტელეიმონმა ყმაწვილი თავის ძმიშვილად გაასაღა.


პანტელეიმონმა ევანგელოსი კავსოკალივში, თავის კელიაში შეიფარა, სადაც უკვე მოსაგრეობდა მისი ძმა , მამა იოაკიმე. ამგვარად ღვთის განგებულებით ყმაწვილმა ევანგელოსმა ერთდროულად ორი სულიერი წინამძღვარი შეიძინა. "როგორც უკვე გითხარით, ჩემი ბერდიდები იყვნენ მამა პანტელეიმონი და მისი ძმა მამა იოანიკე. ძალზე მკაცრნი იყვნენ. მაშინ მე ამას ვერ ვამჩნევდი, რადგანაც ორივე მიყვარდა და არ ვფიქრობდი, რომ მკაცრად მეპყრობოდნენ. მათდამი უდიდეს პატივისცემას, კრძალვას და სიყვარულს ვგრძნობდი. ისეთი კრძალვა მქონდა მათი, როგორც ქრისტეს ხატისა. ღმერთის შემდეგ ჩემი ბერდიდები მყავდნენ"-ჰყვებოდა წმინდა პორფირე..


მოძღვრების კურთხევითა და საკუთარი ძალისხმევით, მოსაგრე ცდილობდა ნაბიჯ-ნაბიჯ გაეღრმავებინა თავისი ღვაწლი; ცოტა ეძინა, ისიც იატაკზე, ზამთარშიც კი ფეხშიშველი დარბოდა. რაც მთავარია ყველაფერში ემორჩილებოდა ბერებს: " მორჩილება! აბა, როგორ გითხრათ, მე ვიცი, ეს რაც იყო! სიხარულით და სიყვარულით მივუძღვენი საკუთარი თავი მორჩილებას. ამ სრულმა მორჩილებამ გადამარჩინა კიდეც. სრული მორჩილების გამო ღმერთმა ნიჭი გამომიგზავნა. დიახ, გიმეორებთ, მე სრულად ვემორჩილებოდი ჩემს ბერდიდებს. მორჩილება იყო არა ნაძალადევი, არამედ სიხარულით და სიყვარულით. მე ისინი ნამდვილად მიყვარდა. ეს სიყვარული მეხმარებოდა, გამეგო და მეგრძნო, მათ რა სურდათ. ვიდრე რამეს მეტყოდნენ, მე უკვე ვიცოდი, რისი გაკეთება უნდოდათ და როგორ, და ასე იყო ყოველი საქმის დროს. აქეთ-იქით დავრბოდი და ვაკეთებდი იმას, რასაც მაკურთხებდნენ. მე მათ ჩემი თავი მივუძღვენი. ამიტომ სული ჩემი მათ გვერდით სიხარულით დაფრინავდა. სხვაზე არაფერზე ვფიქრობდი. სად არიან ნათესავები, სად არიან ნაცნობები, სად არიან მეგობრები, სად არის მთელი სოფელი? ცხოვრება ჩემი მიედინებოდა ლოცვით, სიხარულით და ბერდიდებისადმი მორჩილებით. საკმარისი იყო, ერთხელ ეთქვათ, მე მათ ნათქვამს ვასრულებდი... სული ჩემი მიილტვოდა ჩემი ბერდიდისაკენ. სიმართლეს გეუბნებით! და გული ჩემი მის გულთან ერთად იყო. მას თან დავყავდი, თავიდან ტაძარში შევიდოდით, იქიდან კი ერთად მივდიოდით სამუშაოდ. დიახ, მე მას ვგრძნობდი! ის, რომ მივეჯაჭვე ჩემს მოძღვარს და გული ჩემი მის გულს მიეწება. ამან გამწმინდა (მაკურთხა) მე და დიდი სიკეთე მომიტანა. ის უდიდესი წმინდანი იყო!


თუმცა ბერდიდი არა მარტო იმას, საიდან იყო წარმოშობით, არამედ თავის გვარსაც კი არ მეუბნებოდა, არაფერს, საერთოდ არაფერს... არასოდეს იტყოდა: `ჩემს სამშობლოში~ ანდა `ჩემი მშობლები, ჩემი ძმები~ და ასე შემდეგ. ის ყოველთვის ჩუმად იყო, ყოველთვის ლოცულობდა, ყოველთვის მშვიდი გახლდათ. თუ ზოგჯერ მრისხანებდა, მისი რისხვა და ნათქვამი მოჩვენებითი იყო. მე მიყვარდა ის და მწამს, რომ მორჩილებისა და სიყვარულის გამო, რასაც მისადმი განვიცდიდი, ღვთის მადლმა მომიხილა.


ვაკვირდებოდი, რათა რაიმე გადამეღო მისგან, დავმსგავსებოდი მას. მე ის მიყვარდა, კრძალვით ვეპყრობოდი და ამისგან სიკეთეს ვიღებდი. მხოლოდ მისი შეხედვა საკმარისი იყო ჩემთვის.... დაჯდომა საერთოდ არ შემეძლო. მოძრაობა მსურდა, აქეთ-იქით სიარული, ბოსტნის მორწყვა, შეშის დაჭრა. ყველაფერ ამას მუხლმოდრეკის შემდეგ ვაკეთებდი. სიხარულით და მხიარულებით ვიყავი აღსავსე. გრძნობამორეული დავრბოდი. ერთი მაჯავრებდა, რომ ბერდიდები ჩემს სირბილს დაინახავდნენ, ამიტომაც თავიდან წყნარად მივდიოდი, შემდეგ ცოტას რომ გავცდებოდი, გავრბოდი ხოლმე. თითქოს ფრთები გამომსხმოდა, რათა ყველაფერი სწრაფად გამეკეთებინა და უკან მალევე დავბრუნებოდი ჩემს ბერდიდებს. ეს გახლდათ მადლმოსილი, ნამდვილი ანგელოზებრივი ცხოვრება! ჩემს კურთხეულ ბერდიდსაც დიდი მოშურნეობა ჰქონდა. მეტყოდა ხოლმე: `აქეთ წადი, იქით წადი~, თან სამუშაო მართლაც ბევრი გვქონდა. მე კელიების მიხედვა დამავალეს. სახლი ფაქიზად გვქონდა მოვლილი. რამდენიმე ზეთისხილის ხე გვედგა და ბოსტანი გვქონდა. ბევრ საქმეს ვასრულებდი. ხშირად ავდიოდი მთაზე. ბუნებრივია, სამუშაო მღლიდა. ხშირად მუხლები მეკვეთებოდა. მაგრამ ჩემს ბერდიდებს საიდან უნდა სცოდნოდათ, ბავშვს როგორ მომქცეოდნენ? ჩამოვიდოდი მთიდან სამსაათიანი გზის გამოვლის შემდეგ და მამა იოანიკე მეტყოდა:


- ხვალ პური უნდა გამოვაცხოთ, წადი და ფიჩხი მოაგროვე.

ავიღებდი თოკს და მთაზე ფიჩხისთვის მივდიოდი.

მივუყვებოდი გაუკვალავ, ციცაბო ბილიკს. მაგრამ მარტო ეს არ მახსოვს. ხშირად მამები კუნძების ან მორის მოსატანად მგზავნიდნენ. ავიკიდებდი და მომქონდა, როგორც საპალნე - სახედარს. როცა სიმძიმისაგან თირკმელი მეტკინებოდა, ქვაზე ვჯდებოდი დასასვენებლად. თუ ტვირთი მძიმე იყო, საკუთარ თავს ვეტყოდი: "ესეც წაიღე, ბებერო ვირო!" არ ვიცოდი, სიზარმაცე რა იყო. დიახ, მე მართლაც არ მებრალებოდა საკუთარი სხეული. როცა მუხლები ამტკივდებოდა, მათზე შურისძიება მინდოდა ხოლმე. უფრო მძიმე ტვირთს ვიღებდი და კვლავ ვამბობდი: "ესეც წაიღე, ბებერო ვირო!"


... არაფერი მეზარებოდა, ლოცვა მომწონდა, მაშინაც კი, როცა დაღლილი ვიყავი. ძალაგამოცლილი უფრო მეტად ვეძებდი ღმერთს. თქვენ უნდა დაიჯეროთ და მიხვდეთ, რომ ეს ყველაფერი მართლაც შესაძლებელია. ესაა სიყვარულის შედეგი. საქმე ის კი არ არის, რომ სწრაფად დადიხარ, აკეთებ ერთ საქმეს, იწყებ მეორეს, უკან ბრუნდები და ცდილობ, ყველა დაწყებული საქმე მოასწრო: მორწყა, მოთოხნო, მიწა და შეშა მოიტანო, ახვიდე მთაზე და მოიტანო ხის გადანაჭრები ხელსაქმისათვის. სიყვარულის წყალობით, დაუღლელი ხდები. იცით, მაშინ სად მიდიან ცოდვები? მათ ყველას სძინავთ. გესმით? ასეთია სინამდვილეში მწირის ცხოვრება, ღირს მამათა დარი ცხოვრება, წმინდა, სამოთხის მსგავსი ცხოვრება.


... მთაწმინდაზე ბევრი უსახელოდ ცხოვრობდა, ისე კვდებოდნენ, მათზე არავინ არაფერი იცოდა. მეც მსურდა ასე დაფარულად მეცხოვრა. არ მინდოდა მქადაგებელი მღვდელი, ან სხვა ვინმე გავმხდარიყავი. გუნებაშიც კი არ გამივლია მთაწმინდიდან წასვლა.


პატარა ბიჭი სრულყოფილ უდაბნოში! იმისთვის, რომ გამეგო, თუ როგორ უნდა მეცხოვრა სხვების დაუხმარებლად ამ უდაბნოში, ავდიოდი მთაზე და საათობით ვრჩებოდი მეუდაბნოესავით. ვკრეფდი ველურ მწვანილს და ვჭამდი, და ამას მოღვაწეობისთვის ვაკეთებდი. მსურდა, მარტოს მეცხოვრა წმინდა იოანე კალივატივით, იმ წმინდანივით, რომელიც ყრმობიდანვე მიყვარდა. ის ჩემი საყვარელი წმინდანი გახლდათ. მას ვბაძავდი. მაოცებდა, თუ როგორ შეძლო მშობლების გვერდით ცხოვრება. თავისი კელია მათი სახლის წინ დადგა და მათ კარს არ უღებდა, არ ენახვებოდა და ისე გაძლიერებდა. მის ტროპარშიც ხომ იგივე წერია...


ჩემს ბერდიდს მოვუყევი ყველაფერი, მას ჩემს ყველა გულისთქმას ვუმხელდი და ის, ზოგჯერ როცა ხედავდა, რომ ნამეტანს ვშვრებოდი, მაფრთხილებდა ხოლმე: - ეს ხიბლია, შვილო.

მთელი ჩემი ცხოვრება ნამდვილი სამოთხე იყო: მსახურება, ხელსაქმე, ჩემი ბერდიდის მორჩილება. ამ კურთხეულმა მორჩილებამ დიდი სიკეთე მომიტანა. მან მე შემცვალა. საზრიანი გავხდი, ენერგიული, სხეულითა და სულით უფრო განვმტკიცდი. ამან ყველაფრის შეცნობამდე მიმიყვანა. დღედაღამ უნდა ვმადლობდე ღმერთს, რომ ღირსი გამხადა, ამგვარი ცხოვრებით მეცხოვრა. ქედი მოვიხარე მორჩილების უღლის ქვეშ და მის (მორჩილების) შესწავლას შევუდექი. სხვა ყველაფერი, რაც ღმერთმა ჩემს ცხოვრებაში მოიტანა, თავისთავად მოვიდა. დაფარულმცოდნელობის ნიჭიც ღვთისგან მორჩილების გამო მომეცა. მორჩილება ქრისტესადმი სიყვარულს აჩვენებს. ქრისტეს განსაკუთრებით მორჩილები უყვარს. ამიტომაც ის ამბობს: და მოყუარენი ჩემნი მიყუარან და რომელნი მეძიებენ მე, მპოონ~ (იგავნი. 8,17). წმინდა წერილში ყველაფერია ნათქვამი, ოღონდ დაფარულად.


დიდი მოშურნეობა მქონდა

ბერდიდები არასოდეს მიმითითებდნენ, რა როგორ უნდა გამეკეთებინა. მათ სკვნილი მომცეს და მითხრეს, - ლოცვა წაიკითხეო.

მეტი არაფერი. ისინი ჩემს მოშურნეობას ხედავდნენ და ბევრს არაფერს მეუბნებოდნენ, იმასაც კი, რა წამეკითხა. დიდი მამების ნაწერების წაკითხვის ნებას არ მაძლევდნენ, სადაც ძალზე მკაცრი კანონებია მოცემული. ანუ ნებას არ მაძლევდნენ, წამეკითხა ღირსი ეფრემი, ისააკი, იოანე კიბისაღმწერელი, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, წამეკითხა ევერგეტინოსი და ბევრი სხვა. მხოლოდ წმინდანთა ცხოვრებას, ფსალმუნებს, მარხვანს, თვენს ვკითხულობდი და ასე კარგად ვისწავლე კითხვა, რადგან ადრე დამარცვლითაც მიჭირდა.


მაგრამ დიდი მოშურნეობა მქონდა სულიერი ცხოვრების მიმართ. ხშირად დავდიოდი წმინდა გიორგის ტაძარში, მშენებლობაში ვეხმარებოდი და ბევრ საგალობელს ვგალობდი. ყველაზე მეტად სამების კანონები მომწონდა, ასევე ის საგალობლები, სადაც ღვთის სიყვარულზეა ნათქვამი. ეს იყო თრთოლვა, სიყვარულის საგალობელი _ რაც გნებავთ, ის უწოდეთ. მე ვტიროდი, ცრემლად ვიღვრებოდი. მაგრამ ეს არ იყო მწუხარების ცრემლები, სიხარულის ცრემლები გახლდათ, ღვთაებრივი სიხარულისა. გული შემემუსრებოდა ხოლმე. მშვენივრად ვგალობდი! ეს იყო ჩემი ცხოვრება. ღვთის მადლით ვცხოვრობდი და არა საკუთარი ძალით. ყველაფერი ეს ღვთაებრივი მადლისგან იყო. ყველაფერი ამის მიზეზი იყო არა ჩემი ნიჭიერება, არა ჩემი განსწავლულობა, რომელთაგან არც ერთიც არ მქონდა... ყველაფერს ღვთის მადლი იქმდა" (წმინდა პორფირე).


სულიერი გამოცდის შემდეგ მამებმა ევანგელოსი ნიკიტას სახელით მონაზვნად აღკვეცეს: "ორი-სამი წლის შემდეგ დიდი სქემა შევიმოსე. მანამდე კი კიდევ ერთი განსაკუთრებული კურთხევა მივიღე. ჩემს ბერდიდთან ერთად დიდ ლავრაში წავედი, სქემით შემოსვის კურთხევა რომ მოეცათ. მაკურთხეველი იღუმენი ძალზე წმინდა კაცი იყო. ლავრის გზაზე, როცა ჩავუარეთ ასკეტის კელიას, სადაც ადრე წმინდა ნილოს მირონმდინარე ცხოვრობდა, პირველად ვიგრძენი ზეციური კეთილსურნელება, რამაც მთლიანად ამავსო და ეს ბერდიდს ვუთხარი. მან მომისმინა და სიტყვის უთქმელად გზა განაგრძო. ჩვენც გვმართებს, ამას ასე ვუცქიროთ. ზეციური სურნელება მეორედ წმინდა ხარლამპეს ნაწილებიდან ვიგრძენი. ჩემი აღკვეცის ღამეს მამები კირიაკონში, წმინდა გიორგის ეკლესიაში შეიკრიბნენ, ღამისთევის ლოცვა გადავიხადეთ და მშვენიერი სულის შემმუსვრელი საგალობლები ვიგალობეთ. ფეხშიშველა, თეთრი წინდების ამარა გულშემუსვრილი ვიდექი, ყველას მუხლი მოვუდრიკე, ვეამბორე წმინდა ხატებს, წინამძღვარი სპეციალურ კითხვებს მისვამდა, რომელსაც დიდ სქემაში შემოსვისას ეკითხებიან. აღფრთოვანებისგან თვალები ცრემლით მქონდა ავსებული. როცა ღამისთევის ლოცვა დასრულდა, კელიაში დავბრუნდით. მიხაროდა, მაგრამ დუმილს ვიმარხავდი. მსურდა ღმერთთან მარტო დავრჩენილიყავი. როცა ასეთ მდგომარეობაში ხარ, არც გალობა გინდა და არც საუბარი. ეძებ მდუმარებას, რათა ცხადად გაიგონო ქრისტეს ხმა" (წმინდა პორფირე).


ნიკიტა დიდი გულმოდგინებით შეუდგა მოსაგრეობას. სწორედ იმ პერიოდში მან ღვთისაგნ დაფარულთმცოდნელობის მადლი მიიღო. აი როგორ აღწერს იგი ამ ამბავს:

"კირიაკონში, სადაც ღამისთევის ლოცვასა და ღვთისმსახურებაზე დავდიოდი, წმინდა კაცები გავიცანი. ახლა ერთ უცნობ წმინდანზე მოგითხრობთ. ჩვენი კალივის მაღლა, უღარიბეს კალივაში, ერთი რუსი მოსაგრე ცხოვრობდა, ბერდიდი დიმასი. ძალზე ღვთისმოსავი იყო. მას პრაქტიკულად არავინ იცნობდა. არავინ ახსენებდა არც მის სახელს, არც მის ნიჭებს. არავინ იყო მის გვერდით, რომ ეთქვა: "დღეს ხუთასი მეტანია გავაკეთე. ასეთი რამ ვიგრძენ"... ის დაფარული მოსაგრე გახლდათ, სრულყოფილი და უანგარო. მასთან ერთად მარტოდმარტო ვიყავი და არანაირი კაცთმოთნეობა არ მქონდა. მე მას ვემსახურებოდი, როგორც მონა მეუფეს. მეტი არაფერი. არც იღუმენი, არც "ბრავო" შენ, არც კითხვები: "ეს ასე რატომ მოხდა?" მე ვხედავდი ცოცხალ, უცნობ წმინდანს. საწყალს აბუჩად იგდებდნენ. არავინ იცის, როდის მოკვდა... იქ, ზემოთ, მის დაწყობილ ქვების კელიაში ვინ ავიდოდა! მას ვერავინ ხედავდა. ხშირად ასეთ მეუდაბნოებს გარდაცვალებიდან ორი თვის შემდეგ პოულობდნენ.


როცა პირველად დავინახე, უფალმა, ჩემზე, მდაბალზე, უხვად გადმოღვარა მადლი, ბერდიდი დიმასი კირიაკონში მეტანიებს აკეთებდა და ლოცვისას ქვითინებდა. ლოცვისას ისეთმა მადლმა მოიხილა იგი, რომ მას ჩემზეც ასხივებდა. მაშინ გადმოიღვარა ჩემზე მადლის სიმდიდრე. მანამდეც მიგრძნია ასეთი სიყვარული ჩემი ბერდიდისადმი, მაგრამ მაშინ ძლიერ ვიგრძენი მადლი. მოგიყვებით, ეს როგორ მოხდა. ერთხელ, დილით, დაახლოებით ოთხის ნახევარზე, მივედი წმინდა სამების საკრებულო ტაძარში ღვთისმსახურებაზე. ჯერ ადრე იყო. დაფებზე ჯერ არ რეკავდნენ. ტაძარში არავინ ჩანდა. კიბისქვეშ, კარიბჭეში დავჯექი. არა ვჩანდი, ვლოცულობდი. უეცრად ეკლესიის კარი გაიღო და შემოვიდა მაღალი ხანდაზმული მონაზონი - ბერდიდი დიმასი. ირგვლივ მიმოიხედა და ვერავინ დაინახა. ხელთ გრძელი სკვნილი ეპყრა. სწრაფად დაიწყო დიდი მეტანიების კეთება და ლოცულობდა: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე... ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნე ჩვენ". მალე ის განკვირვებაში მოვიდა. არ შემიძლია, ვერ ვპოულობ სიტყვებს, თქვენ რომ მისი ღვთის წინაშე მოქცევა აღგიწეროთ: ეს იყო სიყვარულით აღძრვა, კეთილკრძალვა, ღვთაებრივი სიყვარულით აღძვრა და მთლიანად მიძღვნა საკუთარი თავისა. ვხედავდი, როგორ იდგა, წელგამართული, ჯვრის სახედ ხელებგანპყრობილი, როგორც მოსე მეწამულ ზღვაზე და ქვითინებდა...


"ხოლო განირთხა მოსე ხელი თუისი ზღუასა ზედა". (გამოსვლათა 14,21). რა იყო ეს? ის მადლით იყო მოცული. ბრწყინავდა. მან მაშინ გადმომცა ლოცვა. მე უმალ მის მდგომარეობაში შევედი. ის მე ვერ მხედავდა. დამიჯერეთ! გული შემემუსრა და ტირილი დავიწყე. და ჩემზე, მდაბალსა და უღირსზე, ღვთის მადლი გარდამოვიდა. როგორ აგიხსნათ? მან მე მადლი გადმომცა. ანუ ის მადლი, რომელიც ამ წმინდანს ჰქონდა, ჩემს სულში გაბრწყინდა. მან მე თავისი სულიერი ნიჭები გადმომცა.


ამგვარად, ბერდიდი დიმასი განკვირვებას მიეცა. ამას ის თავისი სურვილის გარეშე აკეთებდა. მას არ შეეძლო თავისი სულიერი გამოცდილების დაფარვა. თუმცა, რასაც გეუბნებით, მთლად სწორი არ არის. არ შემიძლია ამის სიტყვით გადმოცემა. ეს საღმრთო დატყვევება იყო. ეს აუხსნელია. და თუ ეცდები, სხვა რამეს იტყვი. არა, ასეთ რამეს ვერ ახსნი, წიგნებში ვერ იპოვი, ვერ მიხვდები. რომ ჩასწვდე, ამის ღირსი უნდა იყო.

ოთხ საათზე ზარი დარეკეს. ბერდიდმა ზარის ხმა გაიგო, კიდევ რამდენიმე მეტანია გააკეთა და ლოცვა შეწყვიტა. მიჯდა ქვის სკამზე, რომელიც ალბათ ჯერ კიდევ ტაძრის აშენებამდე იყო გაკეთებული. ტაძარში მაკარუდასი შემოვიდა _ ასე ვეძახდით მოფერებით მამა მაკარს. ის სწრაფი და ტკბილადმოუბარი გახლდათ. ნამდვილი ანგელოზი იყო. როგორ კარგად ანთებდა კანდელებს! როგორ ოსტატურად ანთებდა ქორკანდელს! როგორ ლამაზად აქრობდა სანთელს! როგორ ლამაზად იდრეკდა მუხლს! ის მარჯვნივ და მარცხნივ შენდობას ითხოვდა, რათა წიგნი აეღო და კანონები წაეკითხა. ჰოი, როგორ მიყვარდა! ის სიყვარულის ღირსი იყო, რადგან ღვთის მადლი ჰქონდა. ამგვარად, მაკარი, მაკარუდასი, მთავარ ტაძარში შემოვიდა. მის შემდეგ კარები გააღო ბერდიდმა დიმასმა და ისიც შიგნით შემოვიდა. ის სტასიდიაზე დადგა, რათა მსახურების წინ თავი მოეწესრიგებინა, რადგან თვლიდა, რომ ვერავინ დაინახა. კიბის სიბნელეში შევიმალე და თამამად შევედი მთავარ ტაძარში. მივედი და ვეამბორე წმინდა სამების ხატს. შემდეგ მოვბრუნდი და მოშორებით დავდექი. `შიშითა ღმრთისათას~ ასამაღლებელზე ბევრი მამა ეზიარა. მეც მოვიდრიკე მუხლი და ვეზიარე. იმ მომენტში, როცა ვეზიარე, ჩემში უზომო, განსაკუთრებული სიხარული, უჩვეულო აღფრთოვანება შემოვიდა.


მსახურების შემდეგ ტყეში განვმარტოვდი, სიხარულით და მხიარულებით ავსებული. სიგიჟე! კალივისკენ გავემართე და გონებაში წარმოვთქვი სამადლობელი ლოცვები. აღფრთოვანებული დავრბოდი ტყეში, სიხარულისაგან დავხტოდი, გონმიღებული გავშლიდი ხელებს და ხმამაღლა ვყვიროდი: `დიდება შენდა, ღმეეეეერთოოო! დიდება შენდა ღმეეეერთოოო!~ ხელები გამეყინა, გამიხევდა, და გაშლილი ხელები ტანთან ერთად ჯვარსა ქმნიდა. ანუ, ვინმეს უკნიდან რომ შემოეხედა _ ჯვარს დაინახავდა. თავი ზეცისკენ მქონდა აწეული, მკერდი ხელების დახმარებით ზევითკენ მიისწრაფოდა, საგულედან გული გამოხტომას და გაფრენას ლამობდა. რასაც ახლა გიყვებით, მართლა განვიცადე. რამდენ ხანს დავრჩი ამ მდგომარეობაში, არ ვიცი. როცა გონს მოვედი, ხელები ჩამოვუშვი და მდუმარემ, ცრემლმომდგარმა გზა გავაგრძელე.


მივედი კელიაში, ჩვეულებისამებრ არ ვისადილე. ლაპარაკიც კი არ შემეძლო. შევედი ეკლესიაში, მაგრამ ჩვეულებისამებრ გულისშემმუსვრელი ტროპარები არ ვიგალობე. დავჯექი სტასიდიაზე და ლოცვა დავიწყე: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. ისევ იმ მდგომარეობაში ვიყავი, ოღონდ უფრო მშვიდად. მგუდავდა გულისშემუსვრილება. ცრემლებით ავივსე, ისინი თავისთავად, ძალდაუტანებლად თვალთაგან მდიოდა. მე ეს არ მინდოდა, მაგრამ ღვთის სტუმრობით გამოწვეული მღელვარებით ვიყავი ავსებული. ცრემლები საღამომდე მდიოდა. არ შემეძლო არც გალობა, არც ფიქრი, არც საუბარი. იქ ვინმე რომ ყოფილიყო, არ დაველაპარაკებოდი, ისე გავცილდებოდი, რათა მარტო ვყოფილიყავი.


დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ბერდიდმა დიმასმა ლოცვისა და დაფარულმცოდნელობის ნიჭი სწორედ იმ დროს გადმომცა, როცა ის წმინდა სამების სახელობის კავსოკალივის საკრებულო ტაძარში ლოცულობდა. იმაზე, რაც ჩემს თავს მოხდა, არასოდეს მიფიქრია, არასოდეს მომისურვებია, არც არასოდეს ველოდი, რომ მივიღებდი. ბერდიდები არასოდეს მეუბნებოდნენ ასეთ ნიჭებზე. მათ ასეთი ჩვევა ჰქონდათ. ისინი სიტყვებით კი არა, თავიანთი მაგალითით მასწავლიდნენ. წმინდანთა და ღირს მამათა ცხოვრების წაკითხვისას ვხედავდი იმ ნიჭებს, რომელიც ღმერთმა ბერდიდებს უბოძა. მამები არ ევედრებოდნენ, არ ითხოვდნენ ნიჭებს, არ ისწრაფოდნენ ნიშსასწაულებისკენ. დამიჯერეთ, არასოდეს მითხოვია ღვთისთვის ნიჭები. და რაზეც არასოდეს მიფიქრია, უეცრად გამოჩნდა, მაგრამ ამას მნიშვნელობას არ ვაძლევდი.


იმ საღამოს ეკლესიიდან გამოვედი, დავჯექი დახლთან და ზღვას გავცქეროდი. მოახლოვდა საათი, როცა მამები ჩვეულებისამებრ ბრუნდებოდნენ ხოლმე. მე ვიცქირებოდი იმ მხარეს და დავინახე ისინი _ მარმარილოს საფეხურებზე ჩამოდიოდნენ. მაგრამ ეს ადგილი შორს იყო და არ უნდა დამენახა. მე ისინი ღვთის მადლით დავინახე. აღვფრთოვანდი. ასეთი რამ პირველად დამემართა. ადგილიდან მოვწყდი და გავვარდი მათთან შესახვედრად. გამოვართვი აბგები და ავიკიდე.

- საიდან გაიგე, რომ მოვდიოდით? - შემეკითხა ბერდიდი.


არ ვუპასუხე. მაგრამ როცა კელიაში დავბრუნდით, მივედი "უფროს" ძმასთან, მამა პანტელეიმონთან და მამა იოანიკესგან მალულად ვეუბნები:

- მამაო, არ ვიცი, როგორ აგიხსნათ! თუმცა მთის იქით იყავით, მაგრამ დავინახე, როგორ მოდიოდით დატვირთულები და გამოვიქეცი. მთა მინასავით გახდა და ვხედავდი, რა ხდებოდა მის მეორე მხარეს.

- კარგი, კარგი, - მიპასუხა ბერდიდმა, - ნუ მიანიჭებ ამას მნიშვნელობას და ნურავის მოუყვები, რადგან ბოროტი დახეტიალობს ირგვლივ.

სულიერ ცაზე ვცხოვრობდი

დაფარულმცოდნელობის ნიჭი არასოდეს მომისურვებია და როცა მივიღე, მისი განვრცობა არ მიცდია. ამას მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. არასოდეს მითხოვია ღმერთისთვის და არცა ვთხოვ, რომ რამე გამომიცხადოს, რადგანაც ვთვლი, რომ ეს მისი ნების საწინააღმდეგოა. მაგრამ მამა დიმასთან მომხდარი ამბის შემდეგ სრულიად შევიცვალე. ჩემი ცხოვრება ერთიანად სიხარული და მხიარულება გახდა. მაშინ ვარსკვლავებს შორის, უსასრულო სივრცეში, სულიერ ზეცაში ვცხოვრობდი! ადრე ასეთი არ ვიყავი. მას მერე, რაც ღვთის მადლი შევიგრძენი, ყველა ნიჭი გამიმრავლდა. საზრიანი გავხდი, შევისწავლე წმინდა სამების კანონი, იესოს კანონი, სხვა კანონები. თუ ამ კანონებს ეკლესიაში გალობდნენ ან კითხულობდნენ, მე მათ ზეპირად ვსწავლობდი. ფსალმუნებს ზეპირად ვკითხულობდი. გარკვეულ ფსალმუნებს, სადაც ერთნაირი სიტყვებია, ვუკვირდებოდი, რომ ერთმანეთში არ ამრეოდა. მართლაც შევიცვალე. ბევრს ვხედავდი, მაგრამ არაფერზე ვყვებოდი, რადგანც უფლისგან ამის ნებართვა არ მქონდა. ყველაფერს ვხედავდი, ყველაფერს ყურადღებას ვაქცევდი, ყველაფერი ვიცოდი. სიხარულისგან მიწაზე აღარ დავდიოდი. მაშინ გამეხსნა ყნოსვა, ყველა სუნს ვარჩევდი. გამეხსნა ხედვა, გამეხსნა სმენა. შორიდან ყველაფერს ვცნობდი, ცხოველებსა და ფრინველებს. გალობით ვცნობდი, რომელი ჩიტი იყო _ შაშვი, ბეღურა, სკვინჩა თუ იადონი, შოშია ანდა ნისკარტმარწუხა. განთიადისას ვხარობდი, იადონების, შაშვების და ყველა სხვა ჩიტების გალობით.


სხვანაირი გავხდი, განახლებული. ყველაფერს, რასაც ვხედავდი, ლოცვად ვაქცევდი. ყველაფერს ჩემზე ვიღებდი. რატომ გალობს ჩიტი და ადიდებს შემოქმედს? მეც ასე მინდოდა მოვქცეულიყავი. ასევე ყვავილებსაც. ყვავილებს სურნელით ვარჩევდი და ნახევარი საათის სავალზე კეთილსურნელებითა ვცნობდი. განვარჩევდი ბალახებს, ხეებს, წყლებს, კლდეებს. კლდეებსაც კი ვესაუბრებოდი! როგორ ვუცქერდი მათ. მე მათ ვეკითხებოდი და ისინი კავსოკალივის ყველა საიდუმლოს მიმჟღავნებდნენ. ეს მე ღრმად შემძრავდა და გულს შემიმუსრავდა. ყველაფერს ღვთის მადლის პრიზმაში ვხედავდი. ვხედავდი, მაგრამ არაფერს ვამბობდი. ხშირად დავდიოდი ტყეში. ძალზე მომწონდა მაღალ ხეებსა და ბუჩქნარს შორის ამოსულ მაღალ ბალახში სიარული".


მაგრამ ზამთარში ფეხშიშველმა სიარულმა შეარყია მისი ჯანმრთელობა, ფილტვების ანთება დაემართა, გვერდში წყალი ჩაუდგა. იძულებული გახდა ათონის მთა დაეტოვებინა. აცრემლებული დაემშვიდობა სულიერ მამებს და მატერიკზე დაბრუნდა. მკურნალობის შემდეგ უკან დაბრუნდა : "როცა თავი კარგად ვიგრძენი, მაშინვე მთაწმინდისკენ ვიჩქარე. წავედი. როგორ გაიხარეს ჩემმა ბერდიდებმა! 10-13 დღის შემდეგ ყველაფერი თავიდან დაიწყო. გამიქრა მადა, ფერი დავკარგე, გავხდი, გადავედი ვერმიშელზე და სხვა ამგვარ საკვებზე. წარმოიდგინეთ, რა მძიმე ავადმყოფი ვიყავი. მაშინ კიდევ ერთხელ მივიღე კურთხევა წმინდა ხარლამპეს მონასტერში წავსულიყავი. იქ კვლავ კვერცხი, ყველი, კარაქით და სხვა პროდუქტებით მკვებავდნენ. კვლავ გონს მოვედი, მოვძლიერდი. სამი თვის შემდეგ ათონზე დავბრუნდი. სამჯერ წავედი და ჩამოვედი, 10-13 დღის შემდეგ ყველაფერი მეორდებოდა. მესამედ ბერდიდებმა მითხრეს:


- ჩვენ პასუხს ვაგებთ შენს ჯანმრთელობაზე და არ შეგვიძლია აქ დაგტოვოთ. ჩვენ გვიყვარხარ, გვინდა, რომ აქ იყო. მაგრამ ღმერთი გვიჩვენებს, რომ უნდა წახვიდე, რათა არ მოკვდე. ჩვენ შენ გვიყვარხარ, და თუ ოდესმე ღმერთი ღირსგყოფს, და ჩვენ გვჯერა, რომ ღმერთი შეგეწევა და გამოჯანმრთელდები, თუ აქ ჩამოსვლას მოინდომებ, მოძებნე შენნაირივე ყმაწვილი და ჩამოდი. გვინდა, რომ ჩვენთან იყო, _ მაკურთხეს და გამომგზავნეს, დამშვიდობებისას მითხრეს:

- გვეშინია, ასეთი ახალგაზრდა აქ არ მოგვიკვდე, და ძმებმა ამის გამო განგვიკითხონ. არ გვინდა, რომ სოფელში გაგაგზავნოთ, მაგრამ სხვანაირად მოქცევაც არ შეგვიძლია. ხედავ, როგორ განვიცდით. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული, ის, რისი გაკეთებაც შეუძლიან მოსიყვარულე გულს. შენ სამჯერ წახვედი და დაბრუნდი, მაგრამ ვერ შეძელი აქ გაჩერება".

მაშინ ნიკიტა მხოლოდ ცხრამეტი წლის იყო. წმინდა ხარალამპეს სავანეში გადასახლდა, რომელიც მისი მშობლიური სოფლის სიახლოვეს მდებარეობდა. აქ მან განაგრძო ასკეტური ცხოვრება, მაგრამ შერყეული ჯანმრთელობა არ აძლევდა საშუალებას განსაკუთრებით მკაცრი მარხვა დაეცვა.


ერთხელ მონასტერი, სადაც ნიკიტა მოსაგრეობდასინას მთის მთავარეპისკოპოსმა პორფირემ მოინახულა. მან როცა ახალგაზრდა მონაზონის დიდსულიერება დაინახა, ის ბერდიაკვნად აკურთხა და მეორე დღეს მღვდლად ხელი დაასხა. ამასთან მას თავისი სახელი პორფირე უწოდა. ეს მოხდა 1927 წელს მოხდა. მაშინ მამა პორფირე სულ 22 წლის იყო. აი რას ჰყვება იმ დროზე წმინდა პორფფირე:

"ვცხოვრობდი, როგორც წმინდა ხარლამპეს მონასტრის მონაზონი, კანონს ვასრულებდი... მე ძალიან მომწონდა, როცა ვკითხულობდი წმინდანთა ცხოვრებას, კანონებს, და მრავალ სხვას. ზეპირად დავისწავლე ახალი აღთქმა, სხვადასხვა ლოცვები. ფსალმუნები მანამდე რამდენიმე წლით ადრე დავიზეპირე. ვიცოდი ყველა ფსალმუნი და შემეძლო, სხვადასხვა ადგილი წმინდა წერილთან დამეკავშირებინა. ფსალმუნები საკვები იყო ჩემი განსჯისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: მონასტერში მონაზონივით ვცხოვრობდი, ძველ კაბაში გამოწყობილი. ღამე ჩვეულებისამებრ მონასტრიდან გამოვდიოდი და ვკითხულობდი ფსალმუნებს, რომელსაც მონასტერში არ კითხულობდნენ. ვეხმარებოდი მონასტრის მუშებს. აქეთ-იქით დავრბოდი. მონასტრის ყველის ქარხნის გასაღები მომცეს, რადგან მონასტერში ორი-სამი მონაზონი ცხოვრობდა და დახმარება სჭირდებოდათ. ის საწყლებიც ყველაფერში მენდობოდნენ. მორჩილებისას გონებას უქმად არ ვტოვებდი, დავმოძღვრავდი ხოლმე. ანუ კი არ ვასწავლიდი, ეს განუწყვეტელი სურვილი იყო ღმერთთან ყოფნისა. აბა როგორ აგიხსნათ? წარმოიდგინეთ გოგონა, რომელიც პლევრიტით დაავადდა, მაგრამ სულ მუდამ საყვარელ ადამიანზე ფიქრობს. გესმით? საყვარელზე... ეს გახლდათ სასურველი ქრისტესადმი სრულად მიძღვნა საკუთარი თავისა. მღვდელიც იქ გავხდი. მოგიყვებით ამის შესახებ. მეუფე ფოსტინემ გარს ღვთისმეტყველები შემოიკრიბა და მათ ეხმარებოდა. ერთხელ მეუფესთან სოფელ კიმში ერთი ღვთისმეტყველი სტუდენტი ჩავიდა, რათა გამოსაშვები გამოცდებისთვის მომზადებულიყო. ჩვეულებისამებრ, მეუფე ნასადილევს სატრაპეზოში მონაზვნებს სხვადასხვა სულიერ საკითხზე ესაუბრებოდა. მაგალითად, ეკითხებოდა: _ შვილებო, მითხარით, რა არის ყველაზე დიდი სათნოება?


მონაზვნები თავის აზრს გამოთქვამდნენ. მაგიდასთან ორმოცდაათამდე კაცი იჯდა. თემები სხვადასხვა იყო ხოლმე: წმინდა წერილზე, რელიგიაზე, მონაზვნობაზე. ერთხელ საღამოს საუბარი მონაზვნობას შეეხო, მეუფემ წამოიძახა: _ ეჰ, მომეცით მე მონაზვნები! სხვა არაფერი მინდა. მხოლოდ ეს. მხოლოდ მონაზვნები, კარგები, მორწმუნეები, მომთმენნი. მაშინ ბევრი რამის გაკეთებას შევძლებდი.

ამ მომენტში ეს ღვთისმეტყველი წამოდგა, ის კოკლეიდან იყო, თებესთან ახლოს, _ და ეუბნება:

- აბა, რა გითხრათ, მეუფეო? თქვენ აღფრთოვანდებით მონაზვნებით, მონასტერში კი ერთი მთაწმინდელი მონაზონი ნელ-ნელა კვდება და ეს არც იცით.

- რას ამბობ! - აღელდა მეუფე.

- დიახ, ჩამოვიდა მთაწმინდიდან ერთი საცოდავი ახალგაზრდა, ის ძალიან კარგია, მაგრამ ძალზე გამხდარია, ძვალი და ტყავია, იღუმენი კი მას ამუშავებს.

- ახლავე წადი და აქ ჩამომიყვანე.

მოვიდა იღუმენთან მეუფის წერილით. იკითხა ნიკიტა, - მაშინ ასე მეძახდნენ, ეს იყო ჩემი ბერობის სახელი. მაშინვე წამიყვანა მეუფესთან. როცა მასთან მივედი, თავზე ხელი დამადო და მითხრა: _ როგორ ხარ, შვილო?

შემიყვანა თავის ოთახში და გამესაუბრა: - სადაური ხარ? აქ როგორ მოხვდი?


მოკლედ მოვუყევი, თუ როგორ მიყვარდა ქრისტე და მოსაგრე ცხოვრება, როგორ წავედი ძალზე პატარა მთაწმინდაზე. ისიც მოვუყევი, რომ ავად გავხდი და ბერდიდებმა სოფელში გამომგზავნეს გამოსაჯანმრთელებლად. იცით, ამის შემდეგ იქ რა მოხდა? მან ქალაქიდან საუკეთესო ექიმი გამოიძახა. მან გამსინჯა, მთელი გროვა წამლები მომცა. მეუფეს უნდოდა მასთან დავრჩენილიყავი. მე კიდევ მის გვერდით დარჩენისა მრცხვენოდა. მომწონდა ტყე, სიმშვიდე, სიჩუმე. დავბრუნდი უკან, წმინდა ხარლამპეს მონასტერში. მეუფე ხშირად სტუმრობდა მონასტერს. ის უწმინდესი კაცი იყო. ეს მე მისი ნიჭებიდან შევიტყვე. ერთხელაც ჩამოვიდა წმინდა ხარლამპეს მონასტერში. მოვისმინე მისი ნათქვამი და ძალიან მომეწონა. არასოდეს მომესმინა მქადაგებელი სამღვდელო პირისთვის. ამ მეუფემ კიმთან ახლოს შექმნა "წმინდა პანტელეიმონის საძმო". ხშირად მოდიოდა ხოლმე მონასტერში ამ საძმოს ბიჭებთან ერთად. ერთხელაც, მეუფე მონასტერში მოვიდა სინას მთის მთავარეპისკოპოს პორფირე მესამესთან ერთად. მათ გადაწყვიტეს, რომ ჩემთვის მღვდლად ხელი დაესხათ. მე ეს არ მინდოდა, ვიცოდი, რაც სწორია _ მონაზვნობის სურვილი გქონდეს, მაგრამ ნუ მოინდომებ მღვდლობას და ეპისკოპოსობას. უნდა გაექცე ამ ყველაფერს. ეს მე ზუსტად ვიცოდი! საბოლოოდ, ეპისკოპოსმა პორფირემ მღვდლად მაკურთხა და საკუთარი სახელიც მომცა. ამან აღმაფრთოვანა. როცა მასთან ერთად მთებში მივდიოდი, ღვთის მადლით, მას რაღაც მისთვის პირადი რამ გამოვუცხადე და მან უთხრა მეუფეს: - ამას გაუფრთხილდი.


მაშინ ოცი წლის ვიყავი. მღვდლობა არ მინდოდა, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლებოდა. მეუფემ მაიძულა, მეუფე კი ქრისტეს სახეა. არ შეიძლება, გაჯიუტდე და უარი უთხრა. არ შეიძლება ეპისკოპოსთან ურთიერთობის გაფუჭება, ვინაიდან ამ დროს შენი ლოცვა უნაყოფო რჩება და ზეცაში არ ადის. აი ასე, დიაკვნად ხელი დამასხეს წმინდა პარასკევას დღესასწაულზე და წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღეს მღვდლად მაკურთხეს".

გავიდა ცოტა ხანი და კარისტის მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა ახალგაზრდა მღვდელმონაზონი პორფირე როგორც ღირსეული მონასტრის სულიერ მამად დაადგინა. ამ მორ/ცილებას ის წმინდა ხარალამპეს სავანეში 1940 წლამდე ასრულებდა. უამრავი ადამიანი მოდიოდა წმინდა პორფირესთან, ყველას ანუგეშებდა ის თავის ლოცვითა და ქადაგებებით. მისი დაფარულთმცოდნელობის მადლი უამრავ ადამიანს იზიდავდ მისკენ. 1938 წელს ის არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანეს..


მეორე მსოფლიო ომის დროს ის უკვე ათენის პოლიკლინიკაში არსებული წმინდა გერასიმეს სახელობის ტაძარში მსახურებდა. მასთან ხშირად მიდიოდნენ ექიმები და ზოგი ლოცვა კურთხევას სთხოვდა მძიმე ოპერაციის წინ. ზოგიც რჩევას ეკირთხებოდა. ჰყვებიან თუ როგორ უსვამდ მამა პორფირე ავადმყოფებს დიაგნოზს, მაშინ როცა ექიმები ამას ვერ იგებდნენ. ჰყვებიან თუ როგორ იკურნებოდნენ მისი ლოცვით ადამიანები. წმინდა პორფირემ 33 წელი იმსახურა წმინდა გერასიმეს ეკლესიაში. ის უამრავ ადამიანს დაეხმარა სულიერი სიმშვიდის მოპოვებაში.

პენსიაში გასვლის მერე წმიდა პორფირე 1978 წლამდე განაგრძობდა აღსარებების მიღებას პენდელის რაიონში არსებული წმინდა ნიკოლოზის სახელობის მიტოვებულ ტაძარში. მას მერე რაც ინფარქტი დაემართა მან ათენში რამდენიმე თვე ახლობლებთან იცხოვრა.

ამის მერე 1979 წელს დასახლდა მილესის რაიონში, სადაც მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის დიდი მეტოქიონი ააგო.

წმინდა პორფირე არასოდეს კარგავდა ათონზე დაბრუნების იმედს. 1984 წელს მან შეიტყო რომ ათონზე, წმინდა გიორგის კელია,სადაც მან მონაზვნური ცხოვრება დაიწყო, დაცარიელდა. ამიტომაც მივიდა დიდი ლავრის ხელმძღვანელებთან და სთხოვა მისთვის წმინდა გიორგის კელია გადაეცათ. ლავრა დათანხმდა. წმინდანმა სიცოცხლის ბოლო ორი წელი ათონზე გაატარა. ამ დროს ის ხშირად ამბობდა ხოლმე რომ საშინელ სამსჯავროს წინაშე უნდა წარმსგარიყო.. მან სულიერ შვილს კელიასთან ახლოს საფლავის მომზადებაში დახმარება სთხოვა.


სიცოცხლის ბოლო ღამეს აღსარება თქვა, თავისი საბერო კანონი შეასრულა. წმინდა პორფირე 1992 წლის 2 დეკემბერს გარდაიცვალა. სიკვდილის წინ მან სულიერი შვილებითვის გამოსამშვიდებელი წერილი დაწერა.


წერილი შვილებს

საყვარელო ჩემო სულიერო შვილებო, ახლა ვიდრე ჯერ კიდევ საღ გონებაზე ვარ, მინდა მნიშვნელოვანი რჩევები მოგცეთ.

ყრმობიდანვე ცოდვებში ვიყავი ჩაფლული. ღარიბები ვიყავით და მამაჩემი სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, ჰოდა, როცა დედაჩემი ცხვრების სამწყესად მთაში მაგზავნიდა, იქ საბალახოზე ჩამომჯდარი დამარცვლით ვკითხულობდი წმინდა იოანე კალიველის ცხოვრებას. მე ძალიან შევიყვარე წმინდა იოანე და ძალიან ბევრს ვლოცულობდი ბავშვურად. 12-15 წლის ვიყავი, ზუსტად არ მახსოვს, მისი მიბაძვის სურვილით აღძრულმა მალულად, დიდის გაჭირვებით მივატოვე ჩემი მშობლები და მთაწმინდაზე, კავსოკალივში მივედი, სადაც ბერდიდებს, ორ ხორციელ ძმას _ მამა პანტელეიმონს და მამა იოანიკეს დავემორჩილე. გამიმართლა, რომ ისინი ძალზე ღვთისმოსავები და მოღვაწენი იყვნენ. ძალიან შევიყვარე ისინი, რადგან მათი ლოცვით, მათ სრულ მორჩილებაში ვიყავი. ამან დიდი სიკეთე მომიტანა. დიდი სიყვარული ვიგრძენი ღვთის მიმართ და ძალზე კარგად ვცხოვრობდი. მაგრამ ღვთის დაშვებით, ჩემი ცოდვების გამო, ძალიან ცუდად გავხდი და ბერდიდებმა მითხრეს, რომ ევბეაზე, წმინდა იოანეს სოფელში წავსულიყავი ჩემს მშობლებთან.


თუმცა პატარამ ბევრი ცოდვა ჩავიდინე, სოფელში დაბრუნებულმა კვლავ ცოდვა განვაგრძე და ახლა უამრავი დამიგროვდა. მაგრამ ადამიანებმა კარგად მიმიღეს და ყველა ყვიროდა ჩემზე _ წმინდანი არისო. მე კი ვგრძნობ, რომ ყველაზე ცოდვილი ადამიანი ვარ დედამიწაზე. ის ცოდვები, რომლებიც გამახსენდა, ვაღიარე და ვიცი, რომ ღმერთმა ისინი მაპატია. მაგრამ, ახლა ვგრძნობ, რომ უამრავი სულიერი ცოდვა მაქვს, და ვინც მიცნობს, ყველას გთხოვთ, რომ ილოცოთ ჩემთვის, რადგან როცა მე ცოცხალი ვიყავი, მდაბლად ვლოცულობდი თქვენთვის.


მაგრამ ახლა წავალ ზეცაში და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ღმერთი მეტყვის: "აქ რა გინდა?" და მხოლოდ ერთ სიტყვას ვეტყვი: "უფალო, მე აქ ყოფნის ღირსი არა ვარ, მაგრამ როგორც შენი სიყვარული ინებებს, ისე იყვენ ჩემ ზედა". შემდეგ არ ვიცი როგორ იქნება, მაგრამ მსურს, რომ ღვთის სიყვარულმა იმოქმედოს. მინდა, რომ ჩემი სულიერი შვილები ყოველთვის ღვთის სიახლოვეს იყვნენ, რომელიც ყველაფერია, რათა მან ღირს გვყოს შევიდეთ მის მიწიერ და ხელთუქმნელ ეკლესიაში. ამიტომაც აქედან უნდა დავიწყოთ.


ყოველთვის ვცდილობდი, მელოცა და წამეკითხა საღვთიმსახურო ტექსტები, წმინდა წერილი და წმინდანთა ცხოვრებები. მსურს, რომ თქვენც ასევე მოიქცეთ.

გთხოვთ ყველას - შემინდოთ ყველაფერი, რომლითაც შეგაწუხეთ.

მღვდელ-მონაზონი პორფირე.

კავსოკალივი, 4/17 ივნისი 1991 წელი

...

2013 წლის 27 ნოემბერს კონსტანტინეპოლის საპატრიარქომ არქიმანდრიტი პორფირე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 02 დეკემბერი (19 ნოემბერი ძვ.სტილით) დააწესა.

ნახეთ ასევე:

თუ ქრისტე გვყავს სულში, დაე, ნუ გტანჯავთ კითხვები ბოლო ჟამზე, ანტიქრისტესა და მის ნიშნებზე

თქვი ის, რასაც წმინდა მამები წერდნენ

მან სიკვდილიდან სიცოცხლეში გამოგვიყვანა

ღმერთს რომ გავიხსენებ, მიხარია

ეს სულის ნერვია

ნუთუ არ გესმით, რომ თქვენი შვილის გადარჩენა თქვენს პირად განწმენდაზეა დამოკიდებული?

ბავშვებმა მოჩხუბარნი არ უნდა დაგინახონ






ბეჭდვა
1კ1