საითაც წმინდა ისე მიდიოდა, წყალიც იქით მიჰყვებოდა
საითაც წმინდა ისე მიდიოდა, წყალიც იქით მიჰყვებოდა
ისე წილკნელი
ერთ-ერთი ასურელი მამა, წმინდა იოანე ზედაზნელის მოწაფე და თანამოღვაწე, წმინდა ისე წილკნელი, VI საუკუნის შუა წლებში მონაზონთა ჯგუფთან ერთად სირიიდან ქართლში ჩამოვიდა. ერთხანს ცხოვრობდა ზედაზნის მონასტერში, შემდეგ განაგებდა წილკნის საეპისკოპოსო კათედრას. სხვა ასურელ მამათა მსგავსად, წმინდა ისე წილკნელმა საქართველოში გააჩაღა სამონასტრო და კულტურული მოღვაწეობა. თავისი სამწყსოს მოვლა-პატრონობის გარდა, მისიონერულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მიხედა იმ მხარეებს, სადაც ქრისტიანობა ჯერ კიდევ არ იყო დამკვიდრებული და მოსახლეობა ძველებურად კერპებს სცემდა თაყვანს. მან "იწყო სწავლად და წურთად სამწყსოთა თვისთა და მიჰმართა ჩრდილოით კერძო, რამეთუ ჯერ მოუქცეველ იყვნეს და მტკიცედ ეპყრა კერპთმსახურება" და გააქრისტიანა საქართველოს ჩრდილო მთიანეთის მოსახლეობა. მისი "ცხოვრება" ("დაძინება ისე წილკნელისა") აღწერა კათალიკოსმა ბესარიონ ორბელიშვილმა. უფრო ძველ ცნობებს მისი ბიოგრაფიის შესახებ გვაწვდის შიო მღვიმელის X საუკუნის "ცხოვრება". "წმინდანთა ცხოვრებაში" ვკითხულობთ, რომ წილკნის ეპისკოპოსის გარდაცვალების შემდეგ უბიწოებით განთქმული, სათნოებათა სისრულეს მიწევნული, "ნერგი იგი სამოთხისაი, ყუავილი შუენიერი და ყოვლის კეთილისა ძირი", წმინდა ისე ევლავიოს კათალიკოსმა იძულებით აკურთხა მღვდელმთავრად. ისეს არ უნდოდა ეპისკოპოსის პატივის მიღება, ცრემლით და ტირილით ითხოვდა განტევებას, მაგრამ კათალიკოსისა და წმინდა იოანე ზედაზნელის ლოცვა-კურთხევით წინ ვერ აღუდგა. აგიოგრაფის ცნობით: "შეიპყრა წმიდამან მამამთავარმან კათალიკოზმან და აკურთხა იგი ეპისკოპოზად საყდარსა ზედა წილკნისასა და დაღაცათუ იგი არა თავს იდებდა საქმესა მას და შევრდომით ითხოვდა განტევებასა".

წმინდა მღვდელმთავრის მღვიძარებასა და მარხვას საზომი არ ჰქონდა. მოწყალებით და კაცთმოყვარეობით, უცხოთშეწყნარებითა და გლახაკთა ხელის აღპყრობით შორს გაითქვა მან სახელი. ღირსი ისე მთელ ეპარქიაში მოგზაურობდა და სახარებას ქადაგებდა. კეთილი მწყემსი და გონიერი მნე ქალაქ-ქალაქ, დაბა-დაბა დადიოდა და ჰყოფდა სასწაულებს, სნეულთ კურნავდა, კეთროვანთ განწმენდდა, ეშმაკთა განასხმიდა და ცოდვათა დახსნიდა, დავრდომილებს ხელის შეხებით აღადგენდა.

ერთხელ ნეტარმა იოანე ზედაზნელმა მოუწოდა თავის მოწაფეებს, ისე წილკნელს და შიო მღვიმელს, რათა სათნოებაში გამოეცადა ისინი და ხალხისთვის ქრისტეს ძლიერება ეჩვენებინა.

წმინდა მამამ თავის სულიერ შვილებს უთხრა: "მნებავს თქუენ მიერ სასწაულისა რასამე ქმნა, რათა მხილველნი მათნი ადიდებდენ ღმერთსა, რამეთუ ფრიად მოქენე არიან ქართველნი ხილვად თქუენგან სასწაულთა და საკვირველებათა, რათა უმეტესად ჰრწმენეს ჩუენ მიერ ქადაგებული იგი სარწმუნოება". ღირსმა მამებმა მორჩილებით მიიღეს ლოცვა-კურთხევა.

წმინდა იოანემ ელია დიაკონს უბრძანა, ჭიქა მიერთმია მისთვის, შემდეგ ეს ჭიქა საკურთხებლად ისეს მიაწოდა, როგორც ეპისკოპოსს და უპირატესს. ისემ, პირიქით, მისგან ითხოვა ლოცვა. "მაშინ ნეტარმან ზეაღუპყრა ჭიქა იგი და ჰყო ლოცვა, დაასრულა და განუტევა იგი. და ჰაერთა შინა დადგა ჭიქა იგი, ვითარცა მყარსა რასმე ზედა".

შემდეგ წმინდა იოანემ ღირს შიოს უთხრა: "ჯერ-არს მადლისა მიცემა და საკმევლისა შეწირვა". წმინდა შიო მივიდა ცეცხლთან, ნაკვერჩხალი აიღო, ხელისგულზე დაიდო და საკმეველი დაასხა. ყველას უკმია, მაგრამ არაფერი დაშავებია.

ამ სასწაულის მხილველნი ღმერთს ადიდებდნენ. წმინდა იოანემ ახლა ღირს ისეს მიმართა: "მამაო მფლობელო, გუნებავს, რათა შენგან კურთხევა მოვიღოთ, რომელ გუაქუნდეს სახსენებელად შენდა". მორჩილმა მოწაფემ მოძღვრის ურჩობა ვერ გაბედა და მდინარე ქსნის ნაპირას ჩავიდა, მას უკან გაჰყვნენ წმინდა მამები და უამრავი ხალხი. ღირსმა ისემ ჯვარი გადასახა მდინარეს, შემდეგ კვერთხი "დასცა წყალთა მათ ზედა სახელითა ქრისტესითა". თან ბრძანა: "მდინარეო, სახელითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა გიბრძანებ, ჩემ მიერ კსინვით ვიდოდე და შემომიდეგ, ვიდრეღა ვიდოდე". უცებ მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და ისეს კვერთხს შეუდგა, საითაც წმინდა ისე მიდიოდა, წყალიც იქით მიჰყვებოდა, ვიდრე წილკნის საყდრამდე არ მიაღწია. აღმართს მისთვის ხელი არ შეუშლია.

ამ სასწაულის მხილველი მცხეთისა და გარემო სოფლების მკვიდრნი ადიდებდნენ ქრისტეს სახელს, რომელმაც ასეთი მადლი გარდამოავლინა თავის რჩეულებზე.

სასწაულთმოქმედ მამას უფლისგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. შეკრიბა მოწაფენი და ეკლესიის მსახურნი, დაარიგა ისინი, დალოცა, ეზიარა და უფალს შეავედრა სული: "უფალო, ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა", - ეს იყო წმინდანის უკანასკნელი სიტყვები.

წმინდა ისე წილკნელის ნეშტი დაკრძალეს იქვე, წილკნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში. მისი საფლავის ქვა ახლაც ასვენია ჩრდილოეთის სვეტთან.

წილკნისა და დუშეთის ეპარქია შიდა ქართლში, მცხეთის საკათალოკოსო ტაძრის ჩრდილოეთით მდებარეობს და მოიცავს მდინარეების - არაგვისა და ქსნის აუზებს და კავკასიის მთიანეთს.

წმინდა ისე წილკნელი წილკნის სამწყსოს მე-6 საუკუნის 50-იან წლებში ჩაუდგა. მისი მოღვაწეობის დროს საეპისკოპოსო განსაკუთრებით გაძლიერდა და განმტკიცდა, მისი საზღვრებიც შესამჩნევად განივრცო. ამ დროს მის სამწყსოს შეემატნენ მოხევეებიც. სამისიონერო მუშაობა ავლევის ხეობაშიც გაჩაღებულა...

1811 წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მმართველობამ წილკნის საეპისკოპოსოც გააუქმა და ახალწარმოქმნილ მცხეთა-თბილისის ეპარქიას მიუერთა, საწილკნო, ისე როგორც საქართველოს დანარჩენი ეპარქიები, დიდ მატერიალურ გაჭირვებაში აღმოჩნდა.

1917 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლდა წილკნის ეპარქიაც, მაგრამ მისი სამწყსო ტერიტორია დროებით შეიერთა მცხეთის ეპარქიამ და წილკნელი ეპისკოპოსები მცხეთის სვეტიცხოველში აღასრულებდნენ წირვა-ლოცვას. მოგვიანებით კი გამოკეტილი წილკნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი ღვთსმსახურებისთვის დაიბრუნა ეკლესიამ. 1984 წლიდან წილკნის ეპარქიას განაგებს მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი).

"წილკნის ეპარქიაში არც ერთი ტაძარი არ მოქმედებდა, - ბრძანა მეუფე ზოსიმემ, - წილკნელად ვიწოდებოდი, მაგრამ არ შემეძლო წილკნის საკათედრო ტაძარში წირვა - მოქმედი არ იყო. ამიტომ მეც, ჩემი წინამორბედი მღვდელმსახურების მსგავსად, მომეცა ლოცვა-კურთხევა, მცხეთის სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მეწირა. როცა საერო ხელისუფალთაგან მივიღეთ ნებართვა წილკნის საკათედრო ტაძრის ასამოქმედებლად, ეს იყო ჭეშმარიტად ბედნიერი დღე ჩემი ცხოვრებისა, რამეთუ ღვთის განგებამ სწორედ წილკნის ღვთისმშობელთან დააკავშირა მრავალი წელი ჩემი შემდგომი ეკლესიური ცხოვრებისა. წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი იქცა ჩემთვის იმ მყუდრო ნავსაყუდლად, სადაც უფალი წარმავალი ქვეყნიური შფოთისა და ამაოებისგან მიცავდა და, სადაც უწმიდესი დედოფლის წმიდა კალთას ამოფარებულს, სულიერად მზრდიდა და მიფარავდა".

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი
წილკნის ღვთისმშობლის უძველესი საეპისკოპოსო ტაძრის წარმოშობა უკავშირდება ქართლში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელების პირველ ხანებს, წმინდა ნინო განმანათლებლის მოღვაწეობას და მდინარე არაგვსა და ქსანს შორის მცხოვრებთა ქრისტიანობაზე მოქცევას. საქართველოს ამ რთული რეგიონის ქრისტიანული განათვლა და სულიერი დამოძღვრა დაევალა ოდითგან წილკნის უძველეს ეკლესიას, რომელიც პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის მემკვიდრის ბაქარის ძალისხმევით აშენდა (IV ს.). ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: "არაგვის პირს, მთის ძირს არს ეკლესია წილკანს, ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შუენიერი. აღაშენა მეფემან ბაქარ".

KARIBCHE


ტაძრის პირვანდელი სახე ბაზილიკური ყოფილა, მხოლოდ შემდეგ გადაუკეთებიათ გუმბათოვან ეკლესიად; წილკნის ტაძარს განუყრელად უკავშირდება მისი განსაკუთრებული სიწმინდე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც თავისი საკვირველი მადლისა და ძლიერების გამო ჩვენს ხალხს ოდითგანვე მიაჩნდა შემწედ და მფარველად, ამიტომაც მორწმუნეთა დიდი სიყვარულით სარგებლობდა. საეკლესიო გადმოცემის თანახმად, ამ სასწაულმოქმედი ხატის შექმნა ლუკა მახარებელს მიეწერება. იგი საქართველოში ჩამოსვენებულ იქნა ქრისტიანობის გარიჟრაჟზე, მეფე მირიანის ძის - ბაქარის დროს ბიზანტიიდან. სავარაუდოა, რომ ხატი თავიდანვე მეფე ბაქარის მიერ წილკანში აშენებულ ეკლესიაში დასვენდა, სადაც იგი უამრავ სასწაულს ახდენდა და საიდანაც მიიღო ხატმა თავისი სახელწოდებაც.

1926 წლიდან წილკნის ღვთისმშობლის ხატი ინახება საქართველოს მუზეუმის განძთსაცავში. ტაძარში ამჟამად ხატის ასლი ასვენია.

წილკნის ღვთისმშობლის ტაძარი განსაკუთრებით განიდიდა მას შემდგომ, რაც აქ მოღვაწეობა დაიწყო წმინდა ისე წილკნელმა, რომელიც დიდად გაისარჯა სამწყსოს სულიერი განათლებისთვის და სამუდამო განსასვენებელი ტაძარშივე პოვა. წმინდა ეპისკოპოს იესეს საფლავი დიდი სიწმინდეა საქართველოს ეკლესიისა და იგი ღვთისმშობლის ხატთან ერთად ბევრს იზიდავს საკვირველი მადლისა და კურთხევის მისაღებად. მისი ხსენება ეკლესიაში 15 დეკემბერს აღინიშნება.

დროთა მუხანათობამ ბევრი ტკივილი მიაყენა წილკნის კათედრალს, ათწლეულების მანძილზე იგი იყო გამოკეტილი და მოკლებული ღვთისმსახურებას. მისი ხელახალი კურთხევა და ამოქმედება მოხდა 1988 წელს წილკნელი ეპისკოპოსის ზოსიმეს მიერ, რომელიც საწილკნოს სათავეში ჩაუდგა 1984 წლიდან და მისი აღდგენა-აღორძინებისთვის დიდად გაისარჯა. 1992 წელს ტაძრის ეზოში მოხერხდა საეპისკოპოსო რეზიდენციის აშენება, ცოტა მოგვიანებით კი - ეკლესიის ხელახალი გადახურვაც. წილკნის საეპისკოპოსო ტაძარში აღდგა საგანმანათლებლო საქმიანობაც. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა (21 სექტემბერი) წილკნელთა საყვარელი ტაძრის დიდებული დღესასწაულია. ამ დღეს აქ საქართველოს ყოველი კუთხიდან უამრავი ხალხი იკრიბება, რათა თაყვანი სცენ ღვთისმშობლის საკვირველმოქმედ ხატს და გამოსთხოვონ მას ზეციური მფარველობა. წილკნის ღვთისმშობლის ეკლესია კვლავაც ზარების რეკვით უხმობს თავის უძველეს სამწყსოს, რათა მადლიანი კალთა გადააფაროს მას და ქვეყნიური ცხოვრებისაგან შეჭირვებულნი და დამაშვრალნი შეავედროს უფალს, მიწიერნი აზიაროს ზეცას და მარადიული სიხარული შესძინოს მათ.
ბეჭდვა
1კ1