ღირსი მამა შიო რჩეული ჭურჭელი იყო ღვთის მადლისა
ღირსი მამა შიო რჩეული ჭურჭელი იყო ღვთის მადლისა
გთავაზობთ კათოლიკოს-პატრიარქის წმინდა ლეონიდეს (ოქროპირიძე) ქადაგებას ღირსი შიო მღვიმელის წმინდა ნაწილთა აღმოსვენებისა და მისი სახელის სხენების დღესთან დაკავშირებით:

"ყველიერის ხუთშაბათს საქართველოს ეკლესიის ძველთაგანვე დიდსა და ღირს-შესანიშნავ დღესასწაულს წარმოადგენდა ძველად დღევანდელი დღე; მთელი ქართველი დიდიდან პატარამდე მოისწრაფოდა ყოველ-წლის ღირსი შიოს წმინდა საფლავის თაყვანისსაცემლად.

მოუსვენარმა სპარსელებმა და ლეკებმა მრავალჯერ გაძარცვეს შიოს ლავრა, წარიტაცეს მთლად მისი მდიდარი სამკაული, მიანგრ-მოანგრიეს ძვირფასნი შენობანი, ამოსწყვიტეს აქ მოღვაწე ბერ-მონაზვნები, შემოფანტეს და შიშის ზარი დასცეს მლოცველებს, ვეღარავის შეეძლო აქ მოსვლა და ამის გამო ბოლოს საქმემ იქამდე მიაღწია, რომ ეს ოდესღაც ფრიად ცნობილი და სახელგანთქმული სავანე, ეს "სიქადული მთელი ქართლისა", შეიქმნა სრულებით მივიწყებული და ყველასაგან თავ-მინებებული. ძნელი იყო, რომ ამ 20-15 წლის წინათ დღევანდელ დღეს ენახა ვისმე აქ ხუთიოდე მლოცავი, ან კი საიდან უნდა მოსულიყვნენ იგინი, როდესაც მონასტრის მიდამო დაჭერილი ჰქონდათ ატეხილ, გაუვალ ძეძვსა და საცალფეხო ბილიკიც არსად მოიპოვებოდა, ხოლო ეს ეკლესია (იოანე ნათლისმცემლის) იმყოფებოდა ისეთ უკიდურეს მდგომარეობაში, რომ თავზე დაწოლის შიშის გამო ვერავინ ბედავდა მასში შესვლას? მადლობა ღმერთსა, რომ სამუდამოდ გათავდა ეს შავი და ავად სახსენებელი მყუდროება, და აჰა, შიო მღვიმელის მადლითა და შეწევნითა, დანგრეულ-დაძველებული ეკლესიები განახლდნენ, აეგნენ ძვირფასნი და საკმარისად მოზრდილნი შენობანი ბერთა საცხოვრებლად და მლოცველთა სადგურად, გამრავლდა კრებული, გაიმართა მუდმივი წირვა-ლოცვა, გაიღვიძა ხალხმა, კვალად ვეღირსენით ღისრი მამა შიოს წმინდათა ძვალთა ამბორის ყოფას განახლებულ და გამშვენებულ ტაძარში!

Dდიდება მამასა, რომელმანც შეგვასწრო ამ გარემოებას, მადლობა ძესა, რომელმანც ღირს-გვყო დღევანდელი დღისა, თაყვანის-ცემა სულსა წმიდასა, რომელმანცა აღგვიდგინა მამეული სალოცავი; სულით განათლება მას, ვინც ასე მხნედ შეუდგა ამ გაცივებული მონასტრის განახლებას და მას უმსხვერპლა თავისი ჯანი, გონება, გამოცდილება და ქონება.

Eეხლა, ძვირფასნო მსმენელნო, როდესაც განვლო ჩვენი მწუხარების ღამემ და გაგვითენდა დღე სიხარულისა, როდესაც განახლდა თქვენი მამა-პაპის სალოცავი, როდესაც ყველას შეგიძლიათ სულ ადვილად და დაუბრკოლებლად აქ მოსვლა გულითადი ლოცვა-ვედრების აღვლენით დასატკბობად, თქვენ ზნეობრივ მოვალეობას უნდა შეადგენდეს, სხვათა შორის, ზრუნვა და თავდადებული მეცადინეობა იმის შესახებ, რომ ღირსი მამა შიოს სახელს აღუდგენია კვალად თქვენს ნაცნობთა შორის ძველებური ხსოვნა და პატივისცემა; თვითოეული თქვენგანი მოვალეა, გაიტანოს ამ ღირსი მამის სახელი შორს ხალხში, მიუთხრას აქ არა მყოფს ერს, რა სულიერ კმაყოფილებას, ნეტარებას და ზეციურ ბედნიერებას ჰპოვებს შიოს საფლავის მლოცავ-მავედრებელი და ამით აღუძრას ყველას მხურვალე წადილი ხსენებული წმინდანის სასწაულმოქმედთა ნაწილთა თაყვანისცემისა.

იგი მუდამ ევედრება და უგალობს ღმერთსა, და განა რომ მისთვის გასახარელი არ იქნება დანახვა ისეთი პირისა, რომელმაც არ იცის ყველა რიგიანი ქრისტეანისათვის სავალდებულო ლოცვები და არ უყვარს წირვა-ლოცვაზე დასწრება? მისი პირი წარმოსთქვამს მხოლოდ ღვთის ვედრება-გალობას, და განა რომ დიდად სამწუხაროდ დაურჩება მას დანახვა ისეთი ადამიანისა, რომელსაც ენაზედ აკერია გინება, ლანძღვა, უწმაწური სიმღერა და უშვერი ლაპარაკი? მისი გულის შინაარსს შეადგენს ყველას სიყვარული, ყველასთვის ბედნიერება, ყველას დახმარება და შებრალება; განა რომ სამძიმოდ დაურჩება მას ხილვა ისეთი ადამიანისა, რომელიც მტერია თავისი მეზობლისა, ცდილობს ქვრივ-ობლების დაჩაგვრას, დაძალებას და ღალატს? მან შრომით და მომჭირნეობით მოიპოვა ღვთის მადლი, და განა რომ არა სასიამოვნო იქნება მისთვის კაცი უდები, ზარმაცი და მცონარი? მან მარხულობაში დალია თავისი დღენი და განა რომ არაფრად უნდა ესიამოვნოს ხილვა ავ-მუცელა და მსმელი ადამიანისა? აქ თითო ფეხის დადგმა ალაგი მოწრყულია მისი ანგელოზებრივი ლოცვა-ღაღადით, და რა კითხვა უნდა, რომ თქვენი რომელიმე ზნეობრივი უწმინდურება, ზნეობრივი ნაკლულევანება და არა წმინდა მიდრეკილება შელახავს აქაურობას და ამის გამო გარისხდება და გაწყრება აქაურობის მცველი და მფარველი ღირსი მამა შიოც.

***
სამწუხაროდ, სავალალოდ და სატირლად, ქართლის სოფლების მცხოვრებლებს ძალიან ნაკლებად აქვთ შეგნებული ცოდნა ღმერთზედ და წმინდანებზედ. იშვიათია, რომ იცოდეს ვინმემ მათ შორის ორიოდე ლოცვა; დიდმაც და პატარამაც გული აიყარეს ეკლესიაზედ და მის მაგივრად დიდად შეუყვარებიათ დუქანი, რომლის კარების წინ აღამებენ კვირა-უქმეებს უაზრო, უთავბოლო და გამხრწნელ ლაყბობაში, მუშაობის დროს ნაბიჯს არ გადასდგამენ, რომ ჯოჯეხეთური გინებით არ მიმართონ სამუშაო იარაღს ან საქონელს.

მაგრამ ნუ ავიხვევთ ტყუილ-უბრალოდ თვალებს, ნუ მოვტყუვდებით განზრახ; მლოცავთა დიდი უმრავლესობა მოვიდა ამ წმიდა ალაგს და წარსდგა ღირსი შიოს საფლავის წინ სწორედ იმ ზნეობრივი ნაკლულევანებით, რომლებიც აბნელებენ მის ყოველდღიურ ცხოვრებას სოფელში. ცხადია, მაშასადამე, რომ სწუხს და არ უხარიან ღირს მამა შიოს ეს სიმრავლე მლოცველებისა, იგი გამწარებულ-განრისხებულია ჩვენზედ და ამის გამო სულ ამაოა ეს ჩვენი შრომა და ცალმხრივი ხვეწნა-ვედრება.

დიახ, სწორედ ასეა, მაგრამ მაინც სასოწარკვეთილებას ნუ მივეცემით.Kკიდევ გვაქვს საშუალება, გავასწოროთ დანაშაული და კვალად მხიარულ ვყოთ იგი, ვის კარსაც მოვსულვართ შენდობისა და ლოცვა-კურთხევის მისაღებად. დიდ სიკეთედ ჩაგვეთვლება და ღირსი შიოც მოიბრუნებს ჩვენზე გულს, უკეთუ ამ წმინდა ნაწილების და საფლავის წინ შევიკვრით ყველანი მტკიცე და შეუდრეკელი დაპირებით, რომ დღეის ამას იქით მოვიშლით უკეთურობას და შეუდგებით ქრისტიანულ ცხოვრებას. ღირსი მამა, მხედველი ამგვარი ჩვენი აღთქმა-დაპირებისა, დაგვლოცავს რა გულმტკივნეულად, მხიარულებით წარუდგება ზეციურ მამას და მოახსენებს: ვიხილე მე სამწყსო ჩემი; იგი ყელამდინ აღვსილა ცოდვა-დანაშაულებით, მეტად დაცემულა და დაავადებულა ზნეობით, მაგრამ ჩემი ხსენების დღეს მას დაებადა წრფელი სურვილი ცოდვათა შენანებისა და კვალად სიკეთისაკენ გამობრუნებისა; ამისთვის მხურვალედ გევედრები: მიანიჭე მას, მეუფეო, მადლი და კურთხევა შენი, რათა შესძლოს მან მომავალში დაუბრკოლებლად აღსრულება იმ კეთილი აღთქმისა, რომელიც წარმოსთქვა მან გულის სიღრმითგან ჩემი საფლავის წინაშე.

დავემხნეთ პირქვე, საყვარელნო მსმენელნო, ამ წმიდა ნაწილების წინ, მოვიდრიკოთ ყველამ ქედი და შემუსვრილი გულით ესრეთ შევთხოვოთ: ითხოვე ჩვენთვის წყალობა, ჰოი, მამაო, კადნიერებით წინაშე მეუფისა! მოგვხედენ, ტკბილო, გულითა და სიტყვითა, ტკბილად ყოველთა ხსენებისა ამის შენისა დღეს. ამინ.

***
...იყო დრო, როდესაც ეს ღრმა და ბნელი მღვიმე, ეს ცივი და ნოტიო ორმო, ალაგი ღირსი შიოს განსაცვიფრებელი მოღვაწეობისა, საკუთარ თვალის ჩინზედ უძვირფასესად მიაჩნდა ყოველ ქართველს და იმ დროს ჩვენი ერიც ერობდა, ქართველსაც ქუდი ეხურა, მაშინ ქართველობა ნიშნავდა შიო მღვიმელისა, ანტონ მარტოდ-მყოფელისა, დავით გარეჯელისა, ისე წილკნელისა, ისიდორე სამთავნელისა და მათ მსგავსთა მოწაფეობას. მაშინ ურწმუნოება, მოყვასთა მტრობა, ქურდობა და ავაზაკობა, მეძაობა, სიმთვრალე, ქვრივ-ობოლთა და ღარიბ-დავრდომილთა განუკითხაობა, სამშობლოს არ-სიყვარული და დავიწყება საზოგადო სარგებლობისა ქართველს მიაჩნდა ჩამოთვლილი წმინდანების ღალატად.

ღირსი მამა შიო რჩეული ჭურჭელი იყო ღვთის მადლისა, ეს მადლი მოსავდა მას სასწაულთმოქმედებით; იგი დღესაც იმდენად სასწაულთმოქმედია, რამდენადაც თავისი სიცოცხლის დროს იყო და თუ შენზე ამისთანა გავლენას არ ახდენს, ამის მიზეზი შენა ხარ. ღირს მამა შიოს სწამდა, რომ ღმერთი ხედავს როგორც მის საქმეებს, აგრეთვე აზრებსა და განზრახვებს, ამიტომ იგი ასრულებდა და ფიქრობდა მხოლოდ იმას, რაც ღვთის სურვილს შეესაბამება, რაც საამო და სათნოა ღვთისთვის. აბა, შენც ასეთი რწმენით გაიმსჭვალე, თუ სირცხვილის ალმა არ დაგწვას, რომ აგრე გატაცებული ხარ ქეიფით, ავხორცობით, არ ერიდები ქურდობას და კაცის კვლას! ღირსი მამა შიო იმას გვასწავლის და გვიქადაგებს, რომ თუ მართლა ღმერთი გწამთ, თუ ნამდვილად გიყვართ თქვენი გამჩენი, თუ გინდათ, რომ თქვენი ცხოვრებით დაიმსახუროთ უფლის მადლი და კურთხევა, თუ მონდომებული ხართ იესო ქრისტე იყოლიოთ თქვენ შორის და მისი მადლი მუდამ გმოსავდეთ, იქონიეთ ერთიმეორის სიყვარული, ნუ დაივიწყებთ ნურასოდეს ზრუნვას, რომ შეუმსუბუქოთ ცხოვრების სიმწარე ქვრივს, ობოლსა, საპყარსა და ბეჩავსა. აბა, ყველანი ამ გზას დავადგეთ, თუ დღევანდელი ჩვენი ჯოჯოხეთის მსგავსი ცხოვრება ყოველი სიკეთისა და ბედნიერების წალკოტად არ გადაიქცეს. განა სასურველი იქნება კიდევ ვისთვისმე ამაზე დიდი სასწაული, ამაზე მეტი სიკეთე, ამაზე უდიდესი დახმარება?

ძვირფასნო მსმენელნო! იცოდეთ, გწამდეთ და ნურასოდეს ნუ დაივიწყებთ, რომ ურწმუნოების მქადაგებელი, ვინც უნდა იყოს იგი, საერო თუ სასულიერო, სწავლული თუ უსწავლელი, ცხადი და პირდაპირი მტერია თქვენი ბედნიერებისა, თქვენი ცხოვრებისა, თქვენი ადამიანობისა.

გონიერი ადამიანისთვის ურწმუნოება ღვთის მსგავსების დაკარგვა და უგუნურ ცხოველთა დამსგავსებაა.

ღირსო მამაო შიო! ყველამ განგარისხეთ, ყველამ შეგცოდეთ და დაგივიწყეთ, მაგრამ ნუ მოგვაგებ სამაგიეროს; შეგვინდე დღევანდლამდე ჩვენ მიერ ჩადენილი უგუნურება და დღეიდან ჰქმენ ეს შენი ცრემლით მორწყული მღვიმე იმ რწმენის დაუშრეტელ წყაროდ, რომ ჭეშმარიტი სარწმუნოება, ნამდვილი ქრისტიანობა, კაცობა და ადამიანობა გამოიხატება ქრისტეს გულისათვის ერთიმეორის მსახურება-დახმარებაში, რომ ურწმუნოება არის მხოლოდ სიბნელე, სიმწარე და უგუნური ცხოველობა. ამინ.
ბეჭდვა