ბოლშევიკებს სურდათ, ღამით ფარულად გადაესვენებინათ დავით და კონსტანტინეს ნაწილები, თუმცა მოსახლეობამ მაინც შეიტყო და ისინი ანთებული სანთლებით მიაცილებდნენ წმიდა ნაწილებს...
ბოლშევიკებს სურდათ, ღამით ფარულად გადაესვენებინათ დავით და კონსტანტინეს ნაწილები, თუმცა მოსახლეობამ მაინც შეიტყო და ისინი ანთებული სანთლებით მიაცილებდნენ წმიდა ნაწილებს...
გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიკის ლექტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი, თეოლოგიის მაგისტრი ირაკლი ლორთქიფანიძე:

-მოწამეთას, ეს უმნიშვნელოვანესი მონასტერი, რომელიც ქუთაისის ჩრდილო-აღმოსავლელით მდებარეობს, წმიდათა დიდთა მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს ძვალთშესალაგი გახლავთ. მონასტრის ადგილას ჯერ კიდევ VIII საუკუნეში ყოფილა ციხე-ქალაქი. მოწამეთას მონასტრის დაარსება არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში დაცემული არგვეთის მთავრების, ძმების დავით და კონსტანტინეს სახელს უკავშირდება.

XII საუკუნის პირველ ნახევარში დაწერილი თხზულებიდან ვგებულობთ, რომ "მურვან ყრუსაგან დანგრეული ეკლესიის აკლდამაში ნეშთი დიდხანს იყო უჩინო და დაფარული, ვიდრე დღეთამდე დიდისა ხელმწიფისა ბაგრატისამდე".

მეფე ბაგრატ მეოთხემ "აღაშენა ადგილი იგი მონასტრად უდაბნოებისა და მყუდროებისათვის მის ადგილისა, და აღუშენა საწამებელი წმიდათა მათთვის მოწამეთა, ტაძარი შუენიერი... გუამნი იგი წმიდათა მოწამეთანი დაასვენა მის მიერ აღშენებულსა მას ტაძარსა შინა კუბოითა შუენიერითა." "საქართველოს სამოთხეში" დაცული ცნობებიდან ვგებულობთ წმინდა დავითისა და კონსტანტინეს ფიზიკური აღნაგობის შესახებ "იყვნეს წმიდანი ესე ქალწულ ხორცითა და მეცნიერ ძუელისა და ახლისა აღთქმისა, ჭეშმარიტნი მორწმუნენი და გამოცდილნი და ახლოვანნი წყობათა შინა და ბრძოლათა, რამეთუ იყო დავით უხუცესი დღითა და ჰაეროვან და სპეტაკ ხორცითა, მოწაბლე თმითა, მშუენიერ გუამითა და ხშირ წუერითა, ხოლო კონსტანტინე მშუენიერ გუამითა და მოწაბლე თმითა და ორნივე სავსე სულითა წმიდითა". ხოლო "ქართლის ცხოვრება" ადასტურებს, რომ ისინი არგვეთის მთავრები ბრძანდებოდნენ "მაშინ იყვნეს დიდნი და დიდებულნი ტომებითა მთავარნი, ქართველნი, სანახებისაგან ქვეყანისა არგუეთისა, დავით და კონსტანტინე."

ამჟამად მოწამეთას ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი ტიპისაა, ჯვრის ოთხივე მკლავი თანაბარია. გუმბათი ეყრდნობა ოთხ სვეტს, ორი საკურთხევლის შვერილია, ეკლესიას აქვს ორი კარი, დასავლეთის და სამხრეთის. საკურთხეველი ჩრდილოეთ მხარეს აქვს, რაც მეტად საინტერესოა. შეიძლება ეს განაპირობა იმან, რომ ყველაზე საპატიო ადგილს აღმოსავლეთის მხარეს დასვენებულია წმინდა მოწამეთა დავითისა და კონსტანტინეს წმიდა ნაწილები, ამიტომაც საკურთხეველი ხუროთმოძღვარმა გადაიტანა ჩრდილოეთით. ეკლესიის სამხრეთით ორსართულიანი სამრეკლოა, მასზე წარწერაა: რომ აგებულია იმერეთის მიტროპოლიტის დავითის (წერეთელი) განკარგულებით 1845 წელს.

KARIBCHE

მოწამეთას მონასტერში არაერთი სიწმიდე იყო დავანებული, მე-19 საუკუნეში მოწამეთა მოინახულა მოგზაურმა გიორგი ავალიშვილმა, მისთვის უჩვენებიათ ქვები რომელიც კისერზე მოაბეს წამებისას დავით და კონსტანტინეს. დაბრძანებული იყო თამარ მეფის დროინდელი მაცხოვრის ოქროს ხატი სანაწილეთი. მოწამეთას მრავალი ნივთი შესწირა იმერეთის დედოფალმა ანამ, მათ შორის სახარება, ვერცხლის ჯვარი, დავით და კონსტანტინეს ლუსკუმაზე გადასაფარებელი ძვირფასი ქსოვილი, საცეცხლური და წმიდა ბარძიმი მარიამ დედოფალმა, ძვირფასი კანდელი ეკატერინე დადიანმა.

1907 წელს მოწამეთას საეკლესიო წიგნი "გულანი" შესწირა აკაკი წერეთელმა, რომელიც დაცულია ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში.
დავით და კონსტანტინეს ნაწილები უხრწნელად განისვენებდნენ, ვახუშტი ბატონიშვილი წერს: "სხენან აქა ტაგრუცითა (ტაგრუცი არის ნაგები საფლავი)შინა მოწამენი ქრისტესნი დავით და კონსტანტინე, მდებარენი აწცა ხორცითავე."

საუკუნეების განმავლობაში მრავალი ადამიანი, ვინც რწმენითა და სასოებით მიეახლებოდა წმინდანთა ნაწილებს, კურნებას იღებდა.
მოგეხსენებათ საქართველოში ათეისტური ხელისუფლების რეჟიმის დამყარების შემდეგ ეკლესია ურთულეს მდგომარეობაში მოექცა. საუკუნეების მანძილზე, ქართველი ერი პატივს მიაგებდა წმიდა მოწამეებს ახალი სტილით 15 ოქტომბერს, მათი ხსენების დღეს ხალხს ვერ იტევდა მოწამეთას მონასტერი.
ათეისტურ ხანაში, დახურეს ასობით ეკლესია-მონასტერი, შეურაცხყვეს, დაანგრიეს ან დახურეს. გამოდევნენ ბერები და მონაზვნები, სამღვდელოებას ეკლესიებს უკეტავდნენ.

ანტირელიგიურ კამპანიას ვერც მოწამეთას მონასტერი და მასში დასვენებული "წმ. დავით და კონსტანტინეს" ნაწილები გადაურჩა და ბრბოსგან "შეურაცხყოფილი" იქნა.

უღმერთო-ათეისტები 1923 წელს შეიჭრნენ მოწამეთას მონასტერში.
ათეისტური გაზეთი "მუშა და გლეხი" წერდა:"მოხდა მოწამეთის მონასტრის წმიდანების - დავით და კონსტანტინეს ნაწილების გახსნა... ეკლესიიდან გარეთ გამოაქვთ წმიდა ნაწილები, მაღლობ ადგილზე ჩნდება ამხანაგი ვალია ბახტაძე, მას ხელში უჭირავს თავის ქალა..". წმიდა ნაწილებს ურმით დაატარებდნენ სხვადახვა რაიონსა და სოფელში.

ერთი პერიოდი ქუთაისში პროფკავშირების სახლში მოათავსეს. წმინდა დავითისა და კონსტანტინეს ნაწილებს ჩაუტარეს სამედიცინო გამოკვლევა. მრავალ მკრეხელობას ჩადიოდნენ... გადმოცემით, ბოლშევიკებმა განიზრახეს წმიდა ნაწილების მდინარე რიონში გადაყრა. ამ დროს, აღსანიშნავია საზოგადო მოღვაწის, ქუთაისის საისტორიო საზოგადოებისა და მუზეუმის დამაარსებლის ტრიფონ ჯაფარიძის ღვაწლი.
1954 წელს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის გაბრიელ ჩაჩანიძის, დეკანოზის ნაუმ შავიანის (შემდგომში მიტროპოლიტი) და მღვდელ ტრიფონ სულაკაძის ძალისხმევით მოწამეთას მონასტერში ღვთისმსახურება აღდგა და ქუთაისის მხარეთმცKARIBCHEოდნეობის მუზეუმიდან წმინდა დავით და კონსტანტინე მხეიძეების წმიდა ნაწილები მონასტერს დაუბრუნდა და ტაძარში დაბრძანდა. მას შემდეგ არ შეწყვეტილა ღვთისმსახურება მოწამეთას მონასტერში.
მოწამეთას მონასტრის წინამძღვართაგან ცნობილია: არქიმანდრიტი გერასიმე (ლორთქიფანიძე), არქიმანდრიტი ბესარიონი (დადიანი), არქიმანდრიტი პიროსი (ოქროპირიძე), არქიმანდრიტი ნესტორ (ყუბანეიშვილი) და სხვები. ძველი თაობის ბოლო არქიმანდრიტი გახლდათ მამა თორნიკე (გაგი) მოსეშვილი, რომელიც თითქმის სამი ათეული წელი წინამძღვრობდა მონასტერს.

"...მათ მრავლითა წყლულებითა მათითა ეკლესია ქრისტესი მრავალყვავილოვან ჰყვეს, ღირს არიან იგინი ქებად, რამეთუ ქრისტე ღუაწლთა მათთა შორის იქების.." (ამონარიდი იკოსიდან).

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1