წმინდა ნექტარიოსი ახლაც ყურადიღებს ტანჯულთა ლოცვებს
წმინდა ნექტარიოსი ახლაც ყურადიღებს ტანჯულთა ლოცვებს
საბერძნეთში ყოფნისას ამ წმინდანისადმი მოწიწება უფრო გამიძლიერდა. იქ მის წმინდა ნაწილებსაც ვეცი თაყვანი.

ლავრიოში წმინდა ნექტარიოსის სახელობის ტაძარში წმინდანის სასწაულთმოქმედი ხატი და წმინდა გერასიმეს ფაჩუჩი ბრძანდება. ტაძრის წინამძღვარია მამა ნექტარიოსი. ერთხელ მამა ნექტარიოსი მძიმედ დაავადდა და სიკვდილს თვალებში ჩახედა. ამ დროს გამოეცხადა წმინდა ნექტარიოსი და უთხრა, - შენი ადგილი ჯერ არ არის ცათა სასუფეველში, იყავი ადამიანებთან, მათ სჭირდებიო. ასე დაუბრუნდა თურმე გამოჯანმრთელებული მამა ნექტარიოსი წუთისოფელს. წმინდანმა მას კურნების მადლი მიანიჭა და დღესაც კურნავს მძიმე სენით, ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულებს. საქართველოში წმინდა ნექტარიოსის სახელობის ტაძარი მხოლოდ ერთია - უწმინდესის ლოცვა-კურთხევით და წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა გიორგი რაზმაძის ძალისხმევით რამდენიმე წლის წინ ზაჰესის დასახლებაში აშენდა.

წმინდა ნექტარიოსის ცხოვრება და მოღვაწეობა
წმინდა ნექტარიოსი დაიბადა 1846 წელს სილივრიაში (თრაკიაში), ღარიბ ოჯახში. ანასტასი, როგორც მას ნათლისღებისას უწოდეს, მეხუთე შვილი იყო. მისი ღვთისმოსავი მშობლები: დიმოს და ვასილისა კეფალასები ცდილობდნენ, შვილები კარგ ქრისტიანებად აღეზარდათ.

შვიდი წლის ანასტასიმ ქაღალდის ფურცლების ერთმანეთზე მიკვრა დაიწყო. "რა უნდა გააკეთო?" - ჰკითხა დედამ. "მინდა წიგნი შევკრა და შიგ ღვთის სიტყვა ჩავწერო", - მიუგო მან. ეკლესიიდან დაბრუნებულ ანასტასის ახსოვდა მთელი ქადაგება და სხვებსაც უყვებოდა. ხშირად თავს მღვდლად წარმოიდგენდა: მოაწყობდა ამბიონს, ადიოდა და ქადაგებდა.

***
თოთხმეტი წლის ანასტასი დედის კურთხევით კონსტანტინოპოლს გაემგზავრა.

კონსტანტინოპოლისკენ მიმავალი გემის კაპიტანმა გემზე არ აუშვა. ბიჭი ნაღვლიანად შეჰყურებდა ზღვაში გასასვლელად გამზადებულ გემს. მაშინ მოხდა სასწაული: კაპიტნის ბრძანებისთანავე ძრავი ამუშავდა, მაგრამ გემი ადგილიდან არ დაძრულა. როგორც კი ანასტასი გემბანზე ახტა, გემი მაშინვე ნაპირს მოშორდა.

ანასტასის სწავლა სურდა და ღამ-ღამობით სახელმძღვანელოებსა და წმინდანთა ცხოვრებებს კითხულობდა. კარგად რომ დაემახსოვრებინა, გამონათქვამებს წიგნებიდან თამბაქოს კოლოფებზე იწერდა, რადგან ქაღალდის ყიდვა არ შეეძლო. ამოწერილი გამონათქვამებიდან მოგვიანებით შედგა წიგნი "წმინდა აზრთა საუნჯე".

ერთხელ პალესტინაში გაემგზავრა გემით, რომელიც გზად საშინელ ქარიშხალში მოყვა. კაპიტანმა მგზავრებს უბრძანა, დამცავი ჟილეტები ჩაეცვათ და სათადარიგო ნავები მოემზადებინათ. ანასტასიმ ლოცვა დაიწყო: "უფალო, რატომ უშვებ ამას? მე სიკვდილი არ მსურს, მინდა ვიქადაგო". მოიხსნა თავისი ჯვარი, რომლითაც ოდესღაც ბებიამ დალოცა, ქამარზე მიაბა და ზღვაში სამჯერ ჩაუშვა. ქარი ჩადგა, ტალღები დაცხრა, გრიგალი შეწყდა. ყველა ზეიმობდა, ანასტასი კი დაღვრემილი იყო, რადგან მისი ჯვარი მორევში დაინთქა.

მგზავრებს საიდანღაც უცნაური ხმები ესმოდათ. ნავსადგურში მისვლისას კაპიტანმა გემის გარედან დათვალიერება ბრძანა. იმ ადგილას, საიდანაც ხმა მოისმოდა, მეზღვაურებმა იპოვეს ანასტასის ჯვარი. მღვდელმთავარი მას მთელი სიცოცხლე ატარებდა.

***
დროთა განმავლობაში ანასტასის მონაზვნობის სურვილი უმძფრდებოდა. იზიდავდა ასკეტური ცხოვრება.

1876 წელს მონაზვნად აღიკვეცა და გახდა მორჩილი ქიოსის მონასტერში - "ნეა მონში", სადაც სამი წელი ასკეტურად ცხოვრობდა.

***
ქიოსის მიტროპოლიტმა გრიგოლმა 1877 წელს წმინდა მინას ტაძარში ხელი დაასხა დიაკვნად და უწოდა სახელი - ნექტარიოსი.

ერთმა ქიოსელმა მდიდარმა იოანე ქორემისმა გადაწყვიტა, ნექტარიოსს დახმარებოდა განათლების მიღებაში და საკუთარი ხარჯით გაგზავნა ათენში.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ქორემისის სარეკომენდაციო წერილით ნექტარიოსი ალექსანდრიის პატრიარქ სოფრონს ეახლა. დარწმუნდა რა ნექტარიოსის ღვთისმოსაობასა და სათნოებაში, პატრიარქმა ის ათენში, უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე სასწავლებლად გაგზავნა.

ათენიდან ნექტარიოსი ალექსანდრიაში დაბრუნდა. პატრიარქი სიხარულით შეეგება თავის სულიერ შვილს და 1886 წელს ხელი დაასხა პრესვიტერად. ნაქტარიოსს დაეკისრა მქადაგებლის, საპატრიარქოს მდივნისა და კაიროში პატრიარქის წარმომადგენლის მოვალეობები.

სამწუხაროდ, მოშურნეებმა უპირატეს იერარქს ენა მიუტანეს, - ნექტარიოსი ასე იმიტომ ირჯება, რომ თავად სურს პატრიარქობაო. მეუფე ნექტარიოსმა ყველაფერი ეს მიიღო როგორც გამოცდა და 1889 წელს ათენში გადასახლდა. თუმცა ერთხელ მაინც გამოხატა, რომ პატრიარქს არ ეთანხმებოდა. ეს მოხდა მაშინ, როდესაც განათლების სამინისტრომ კაიროდან მისი დახასიათება გამოითხოვა, ალექსანდრიის საპატრიარქოდან მიღებული პასუხი კი ცილისწამებებს ადასტურებდა. ალექსანდრიაში მყოფმა საბერძნეთის კონსულმა სამინისტროს მისწერა: "პენტაპოლისის მიტროპოლიტის ქვეყნიდან გაძევება უკავშირდება მის უპასუხისმგებლო მოქმედებებსა და უზნეო საქციელს".

და მაშინ მიტროპოლიტი ნექტარიოსი პატრიარქს წერილს წერს: "უნეტარესო პატრიარქო, მე თქვენთვის ცუდი გავხდი, და ახლა, ეგვიპტიდან ჩემი უსამართლო გამოძევებიდან ოთხი წლის შემდეგ, ლუკმაპურის საშოვნელად დავიარები, ვცხოვრობ სიღატაკეში, მაგრამ მაინც ვითმენ თქვენგან, პატრიარქისგან, ჩემს გაკიცხვას. მაგრამ რა ცნობებს იძლევით ახლა ჩემზე? თქვენი აზრით, რით გამოიხატება ჩემი უპასუხისმგებლობა, რა ამტკიცებს ჩემს უსინდისობასა და ჭირვეულობას? რის საფუძველზე მიწოდეთ ბოროტი, ცბიერი მონა საეკლესიო ხელისუფლების თვალში? რომელმა საეკლესიო სამსჯავრომ განმსაჯა და გადაწყვიტა, რომ უზნეო ვარ, ან რის საფუძველზე აცნობეს საპატრიარქოს მოხელეებმა საბერძნეთის ხელისუფლების წარმომადგენელს ჩემი მოღვაწეობის შესახებ და ოფიციალურ შეკითხვას უპასუხეს, რომ ეგვიპტიდან გამომაძევეს, როგორც მეამბოხე და უზნეო? სად არიან ჩემი ბრალმდებლები, საბრალდებო დოკუმენტები, მოწმეები? რას ეფუძნება ეს ბრალდება? რა უდიდესი ბოროტება ჩავიდინე თქვენს ან თქვენი გარემოცვიდან ვინმეს წინააღმდეგ, რომ ასე დამამცირეთ? რა დაგიშავეთ? რა ცოდვა მიმიძღვის თქვენს წინაშე? რაშია ჩემი ბოროტება და ცბიერება? ღმერთია მოწამე, არავისთვის მიმიყენებია ზიანი - ვიქმოდი კეთილ საქმეებს და ვცდილობდი, სიკეთისთვის მემსახურა. თქვენ ბევრი საბუთი გაქვთ ჩემი კეთილი ზრახვების დასადასტურებლად.

მსურს განვაცხადო, რომ ყოველივე, რაც ჩემს წინააღმდეგ ხდება, უსამართლობაა. ღმერთია ჩემი მოწმე და მსაჯული!

ღრმა პატივისცემით - ნექტარიოს პენტაპოლელი".

***
როდესაც მღვდელმთავარი ნექტარიოსი პირველად ეწვია ეგინას, უცნაური რამ მოხდა. ამ კუნძულზე ცხოვრობდა ეშმაკეული ყმაწვილი სპიროსი. იგი თვალებს ხუჭავდა და წინასწარმეტყველებდა. მისი ნათქვამი ზოგჯერ მართლდებოდა. იმ დღეს, როდესაც კუნძულზე წმინდა ნექტარიოსი უნდა ჩასულიყო, სპიროსი თვალდახუჭული იჯდა და ყვიროდა: - ჩვენთან პენტაპოლელი მიტროპოლიტი მოდის და ის გადაარჩენს კუნძულს! მოდის ჩვენთან წმინდანი! ის გადაგვარჩენს! მოემზადეთ მის დასახვედრად!

ადამიანები უსმენდნენ სპიროსს და ვერაფერს ხვდებოდნენ, შემდეგ პროტოპრესვიტერ მიქაელთან წავიდნენ, რომელმაც გადაწყვიტა, თავად მოესმინა, რასაც სავაჭრო მოედნის ცენტრში მწოლიარე სპიროსი წინასწარმეტყველებდა:

- ახლა ჩვენს კუნძულზე ჩამოვა პენტაპოლისის წმინდა მიტროპოლიტი! ის გვიხსნის! მას თავად უფალი გვიგზავნის, რადგან ჩვენს კუნძულზე გული შესტკივა.

მამა მიქაელმა ვერ შეძლო, აეხსნა ეს ყველაფერი და ნავსადგურში წავიდა. ამ დროს ნაპირს მოადგა გემი, მამა მიქაელმა დაინახა, რომ ანძაზე ფრიალებდა დროშა, ნიშნად იმისა, რომ მგზავრებს შორის იყო ოფიციალური პირი. მართლაც, ხომალდზე აღმოჩნდა პენტაპოლისის მიტროპოლიტი ნექტარიოსი. მამა მიქაელი დახვდა მას და უთხრა: - თქვენო უსამღვდელოესობავ, ვერ შევძელით აგვეხსნა ერთი ბიჭის სიტყვები თქვენ შესახებ. ის განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ თქვენ ჩვენთან მოდიოდით.

მეუფემ მისი ნახვა ისურვა.

სპიროსი ისევ თვალდახუჭული იწვა, ყვიროდა და ვიღაც წმინდანს ახსენებდა. მეუფე მივიდა მასთან, კვერთხით ჯვარი გადასახა და შეეხო მის ტუჩებს, შემდეგ ეშმაკეულ სულს სხეულიდან გამოსვლა უბრძანა. სპიროსი მაშინვე წამოდგა, ეპისკოპოსს ხელზე ემთხვია და იმ წუთიდან წინასწარმეტყველებას თავი დაანება, დაბრუნდა სკოლაში, რომელიც სნეულების გამო მიატოვა და სწავლა განაგრძო, გაიზარდა, დაოჯახდა და ეგინაზე ცხოვრობდა, როგორც ღვთისმოსავი ქრისტიანი.

სპიროსის გამოჯანმრთელების ამბავი მაშინვე ყველამ შეიტყო და ხალხმაც მეუფის გაცნობა მოისურვა. მასთან მივიდა ერთი დედაკაცი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში სისხლდენით იტანჯებოდა და ვერავინ შეძლო მისი განკურნება. იგი მაშინ გამოვიდა შინიდან, როცა მეუფე ნექტარიოსმა ჩაიარა. მიუახლოვდა, ანაფორის კალთაზე ემთხვია და სისხლდენა მაშინვე შეუწყდა. შემდეგ მღვდელმთავარს ეწვია ეგინას მერი დეპუტატებთან ერთად და სთხოვა, გვალვის გამო პარაკლისი გადაეხადა.

- მომდევნო კვირას პარაკლისს გადავიხდით საკათედრო ტაძარში, მანამდე კი მთელი კვირა ყველამ უნდა ვიმარხულოთ და ზიარებისთვის მოვემზადოთ, - ბრძანა მეუფემ.

პარაკლისის გადახდის შემდეგ, საღამოს გაწვიმდა და ორი თვე ხამუშ-ხამუშ წვიმდა. გლეხებს ხელი ეშლებოდათ თესვაში, ამიტომაც სთხოვეს მეუფეს, წვიმის გადაღებისთვის პარაკლისის გადახდა.

- შვილებო, - მიუგო მათ ნექტარიოსმა, - უფალმა უკეთ იცის, რა არის საჭირო.

და მართლაც, რამდენიმე ხნის შემდეგ ნალექი შეწყდა. იმ წელიწადს გლეხებმა უხვი მოსავალი მიიღეს.

დასაწყისში მეუფეს მიძინების მონასტრის იღუმენი მამა თეოდოსი პაპაკონსტანტინუ ეხმარებოდა. მან მღვდელმთავარ ნექტარიოსს აჩვენა ადგილი, სადაც წმინდა სამების მონასტრის აგება შეიძლებოდა და თავის თავზე აიღო სავანის მომარაგება სურსათით.

ნექტარიოსმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა სემინარიის დირექტორობა და კუნძულ ეგინაზე საკუთარ მონასტერში დასახლდა.

***
ბევრი მნიშვნელოვანი რამ მოხდა კუნძულზე იმ დროს. მონასტერში მიმავალ მეუფეს გამოეცხადა წმინდა დიონისე ეგინელი. ოდესღაც დიონისე ეგინის ეპისკოპოსი იყო, ხოლო იმ დროისთვის მისი უხრწნელი ნაწილები უკვე ზაკინთეში ბრძანდებოდა. ეგინაზე შემონახულია პატარა ეკლესია და მისი კელია.

- მე გელოდები, ნექტარიოს, - უთხრა მან.

მღვდელმთავარმა ნექტარიომა დიონისეს ზურგს უკან სამხედროფორმიანი კაცი დაინახა და წმინდანს ჰკითხა, - ეს ძმა ვინ არისო. ეს მინაა, ისიც აქ ცხოვრობს, - უპასუხა დიონისემ. წმინდა ნექტაროსმა, რომელიც წარმოშობით იქაური არ იყო, ადგილობრივ მცხოვრებლებს ჰკითხა:

- გაქვთ აქ წმინდა მინას ტაძარი?

- არა, - მიუგეს, - მხოლოდ ერთი მიტოვებული ეკლესიაა, ისიც - ძალიან შორს.

- სად არის, მაჩვენეთ, - სთხოვა მეუფემ.

- წმინდა მარინეს ყურეს გადაჰყურებს, მესაგროს ახლოს.

- როგორ მივიდე იქ?

- ო, ეს ძალზე ძნელია, უკაცრიელი ადგილია, ფიჭვებით დაფარული.

მოგვიანებით, კუნძულზე ცხოვრების ორი წლის თავზე, მღვდელმთავარმა გადაწყვიტა, ორ დასთან ერთად მოეძებნა ეს პატარა ეკლესია. აიღეს სანთლები, კანდელის ზეთი, საკმეველი და ერთ დილას სახედრებით გაემართნენ საძებრად და იპოვეს კიდეც - ეს იყო ერთი პაწაწინა მიტოვებული ეკლესია, სადაც ავდარში მწყემსები თავს აფარებდნენ და ცეცხლს ანთებდნენ.

- აქ ერთ მშვენიერ დღეს დედათა მონასტერი იქნება, - თქვა მეუფე ნექტარიოსმა.

ორმოცი წლის შემდეგ იქ სასწაულებრივად აშენდა წმინდა მინას სახელობის მონასტერი. მიწის ეს ნაკვეთი ერთმა ღვთისმოსავმა ქრისტიანმა მღვდელმონაზონ ამფილოქე მაკრისს აჩუქა. ნელ-ნელა პირველი ბინადრებიც გაჩნდნენ, მალე მშვენიერი ტაძარიც აღიმართა.

***
მღვდელმთავარ ნექტარიოსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თხზულება, "სქიზმის შესახებ", ეძღვნება საეკლესიო განხეთქილებას და მიმართულია კათოლიკეების წინააღმდეგ. წმინდა ნექტარიოსი ამტკიცებს, რომ კათოლიკეები ერეტიკოსები არიან. მეუფე მთელი ძალით ცდილობდა, ეკლესია და მორწმუნეები დაეცვა პაპიზმისგან. ქრისტეს სარწმუნოებისგან განდგომილებთან მართლმადიდებლებს ურთიერთობა არ უნდა ჰქონოდათ.

***
მღვდელმთავარმა მონასტერში თორმეტი წელი იცხოვრა. 1920 წელს მძიმედ დაავადდა - საშინელი ტკივილები დაეწყო, მაგრამ არავის უმხელდა. ადამიანმა, რომელმაც თავისი ლოცვით მრავალი განკურნა, საკუთარი თავის შველა ვერ შეძლო - ასეთი იყო ღვთის ნება, რადგან ნათქვამია: "მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვაი სასუფეველსა ღმრთისასა".

მღვდელმთავარი გაემართა ეგინის ქრისოლეონდისას მონასტერში, სადაც ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია დაბრძანებული. ამ ხატთან ლოცულობდა განუწყვეტლივ თხუთმეტი დღე, მაგრამ დაავადებამ უკან არ დაიხია.

წმინდა ნექტაროსი სიკვდილს წინასწარ გრძნობდა. თავისი მონასტრისკენ მიმავალი, გზად შეჩერდა, სახედრიდან ჩამოვიდა და მიწაზე დაეშვა.

დაჩოქილი მეუფე თვალცრემლიანი წამოდგა და თქვა: - უკნასკნელად ვლოცავ ჩემს მონასტერს და კუნძულის ყველა მკვიდრს. მე მალე წავალ თქვენგან ზეცად.

- ჩვენ რაღა გვეშველება? - ჰკითხა მონაზონმა.

- თქვენ კეთილმსახური მონაზვნები გახდებით; თქვენთან მოვლენ მეგობრები: მოგივლიან, დაგიცავენ ერისკაცებიც, მღვდლებიც და ეპისკოპოსებიც!

როცა ტკივილი აუტანელი გახდა, მონაზვნებმა დაჟინებით მოითხოვეს მისი ათენის "არეტოს" საავადმყოფოში გადაყვანა. საავადმყოფოში ორი თვე დაჰყო და 1920 წლის 8 ნოემბერს მიეახლა უფალს.

KARIBCHEმეუფის დასაფლავების ადგილს უკავშირდება ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი: ჯერ კიდევ მონასტრის აღდგენამდე, ათეული წლის წინ არსებული და მერე ნახევრად ცარიელი, მიტოვებული სავანის ნანგრევებში ცხოვრობდა მოხუცი მონაზონი ქალი, რომელსაც ფიჭვის დარგვა უნდოდა. დაიწყო მიწის თხრა და უცებ მოესმა ხმა: "აქ ნუ დარგავ!" იფიქრა, მომეჩვენაო და საქმე განაგრძო, მაგრამ ხმა განმეორდა. კვლავ არ მიაქცია ყურადღება. უცებ იგრძნო, რომ რაღაც ძალამ გაიყვანა ამ ადგილიდან. მან ხე ცოტა მოშორებით დარგო, იმ ადგილზე კი, სადაც თხრა დაიწყო, წლების შემდეგ მღვდელმთავარი ნექტარიოსი დაკრძალეს.

***
მარმარილოს განსასვენებლი, სადაც მღვდელმთავრის ნაწილების გადასვენებას ფიქრობდნენ, ხუთი თვის შემდეგ უნდა დაესრულებინათ. იღუმენიას აფიქრებდა, როგორ გამოეჩინა სიფრთხილე, რადგან სხეული უკვე გახრწნილი უნდა ყოფილიყო.

იმ დღეებში მონასტრის ერთ-ერთმა დამ სიზმრად მეუფე ნექტარიოსი იხილა, რომელმაც ჰკითხა, როგორ ხართო.

- კარგად, თქვენო უსამღვდელოესობავ, - მიუგო მონაზონმა.

- მოდი, დაგლოცავ, - მოუხმო მეუფემ. როდესაც მონაზონს ჯვარი გადასახა, ჰკითხა:

- მითხარი, ცუდი სუნი მაქვს?

- არა, - მიუგო მონაზონმა.

- კარგად დამყნოსე.

- ვინ გითხრათ, რომ ცუდი სუნი გაქვთ?

- იღუმენია ქსენია ფიქრობს ასე.

მეუფემ აჩვენა ხელები, ფეხები, მერე ზურგით დადგა და უთხრა:

- ხომ ხედავ, უვნებელი ვარ.

როდესაც კუბო წინამძღვრის ოთახში გადაიტანეს და გახსნეს, ნახეს, რომ ნექტარიოსის სხეული სრულიად განუხრწნელი, რბილი იყო და კეთილსურნელებას გამოსცემდა. იმაში დასარწმუნებლად, რომ სხეული უხრწნელი იყო, მონასტერს ათენის არქიეპისკოპოსი ქრიზოსთომოსი ეწვია პოლიციის წარმომადგენელთან ერთად. მათ იხილეს მეუფის სახე და ხელები, რომლებიც ქათქათა თეთრი იყო. არქიეპისკოპოსის თქმით, ეს იყო მიმანიშნებელი სიწმინდისა და განსაკუთრებული მადლისა, რაც მეუფეს ღვთისმშობლისგან ებოძა.

არქიეპისკოპოსმა ბრძანა, კუბო ცხედრით საფლავში ჩაესვენებინათ, შვიდი წლის შემდეგ კი კვლავ გაეხსნათ. ეგინელი ექიმი გიორგი ქსიდეასი თავის მოხსენებაში ადასტურებს, რომ 1932 წლის ოქტომბერში, მეუფის გარდაცვალებიდან თორმეტი წლის შემდეგ, პირადად იხილა წმინდა ნექტარიოსის სხეული, რომელსაც ხრწნილება არ შეხებია: "სრულიად სარწმუნოდ შემიძლია განვაცხადო, რომ აუხსნელი მოვლენის მოწმე გავხდი - დავინახე კუბოში მწოლიარე წმინდა ნექტარიოსი, რომელსაც სიცოცხლეში კარგად ვიცნობდი და მძინარე მომეჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა მისი სიკვდილიდან, სხეულის ქსოვილებში საერთოდ ვერ აღმოვაჩინე რაიმე ცვლილება. მეუფის სხეული გაშეშებულიც კი არ იყო. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მე არ მახასიათებს ავადმყოფური ფანტაზიები და რელიგიურ ფანატიკოსთა რიცხვს არ ვეკუთვნი. რაც გიამბეთ, ნამდვილად ასე იყო".

მოგვიანებით წმინდა ნექტარიოსის სხეული წმინდა იოანე ოქროპირისა და სხვა წმინდათა ცხედრების მსგავსად გაიხრწნა, იქნებ იმიტომ, რომ მისი მადლიანი თანამყოფობა საბერძნეთის სხვა კუთხეებშიც ეგრძნოთ, სადაც მღვდელმთავარ ნექტარიოსის პატივსაცემად ტაძრები ააგეს და მისი წმინდა ნაწილები გადააბრძანეს.

მეუფის გარდაცვალების შემდეგ სასწაულები აღესრულებოდა. მსოფლიო საპატრიარქომ 1961 წელს ნექტარიოსი წმინდანთა დასს მიაკუთვნა. კუნძულ ეგინაზე წმინდა ნექტარიოსის საფლავთან დღესაც მიდის უამრავი მომლოცველი მისგან მეოხებისა და შემწეობის გამოსათხოვად.

***
მეუფის გარდაცვალებიდან დღემდე ცნობილია ასობით სასწაულებრივი შემთხვევა. წმინდანს განუკურნავს ონკოლოგიური დაავადებებით, პოლიომიელიტით, პნევმონიით, ფსიქოპათიით, თრომბოფლებიტით, პლევრიტით, ჰეპატიტით და სხვა სნეულებებით დაავადებულნი. წმინდა ნექტარიოსი ახლაც ყურად იღებს ტანჯულთა ლოცვებს და ეხმარება განკურნებაში. შეგვეწიოს წმინდა ნექტარიოსის მადლი.
ბეჭდვა
1კ1