ეფრემ, ეფრემ! როგორსაც ხედავ ამ ცეცხლის სვეტს, ამგვარივეა ბასილი
ეფრემ, ეფრემ! როგორსაც ხედავ ამ ცეცხლის სვეტს, ამგვარივეა ბასილი
წმინდა ეფრემი მესოპოტამიის ქალაქ ნიზიბიაში დაიბადა. იგი ყრმობიდანვე გამორჩეული იყო. მის ღვთისმოშიშ მშობლებს სიზმარი უნახავთ: ვაზი ამოიზარდა თურმე ყრმა ეფრემის ენიდან, გაიზარდა და რტოებითა და მტევნებით მთელი ცისქვეშეთი მოფინა. მოფრინდნენ ზეციური ფრინველნი, კენკავდნენ მტევნებს და რაც მეტს ჭამდნენ, უფრო იზრდებოდა ყურძენი.

სიყმაწვილეში წმინდა ეფრემი ძალზე ფიცხი იყო. ხშირად ჩხუბობდა, უგუნურად იქცეოდა. მაგრამ უფალმა გულისხმაყო იგი. ერთხელ ეფრემს ცხვრის ქურდობა დააბრალეს და საპყრობილეში ჩააგდეს. მასთან ერთად ორი უდანაშაულოც დაიჭირეს. შვიდი დღის შემდეგ მან სიზმარი ნახა, ვიღაცამ უთხრა: "იყავ ღვთისმოსავი და გულისხმაყავ განგებულება უფლისა, განიხილე გულისთქმანი შენნი, რას ფიქრობდი, რას აკეთებდი, და საკუთარი თავიდან შეიცნობ, რომ ეს ხალხი უდანაშაულოდ არ იტანჯება, ხოლო დამნაშავეებიც ვერ გაექცევიან სასჯელს". ამ შემთხვევამ ისე შეძრა ახალგაზრდა, რომ მთებში განდეგილებს მიაშურა და დაემოწაფა დიდ იაკობს, შემდგომში ნიზიბიის მღვდელმთავარს.

უდიდესი სიმდაბლე და გულის შემუსვრილება ჰქონდა ახალგაზრდა მონაზონს. ერთმა ღმერთშემოსილმა მამამ ძილში იხილა ანგელოზივით მბრწყინავი კაცი. მას ხელთ დაწერილი გრაგნილი ეჭირა და კითხულობდა: "ვინ მიიღებს და შეინახავს ამ გრაგნილს?" ხმა მოესმა ზეციდან: "არავინ არის ასეთი, ჩემი სათნომყოფელი ეფრემის გარდა". ამ კაცის წინ იდგა ეფრემი. მან გახსნა ბაგე და კაცმა პირში გრაგნილი ჩაუდო. ამის მერე ეფრემმა იწყო საუბარი და წერა დამრიგებლური ქადაგებებისა, რომლებიც ყოველ კაცს აღუძრავდნენ ღვთის შიშს და აყენებდნენ სინანულის გზაზე. სხვა მამამაც იხილა ამგვარივე სიზმარი. ზეციდან გარდამოსულ ანგელოზთა დასს ორმხრივ დაწერილი გრაგნილი მოჰქონდა და ამბობდნენ, რომ სიმდაბლითა და სიმშვიდით ავსებული ეფრემის გარდა ვერავინ მიიღებდა მას.

363 წელს ნიზიბია სპარსელებმა დაიპყრეს და ბევრმა ქრისტიანმა დატოვა სამშობლო. წმინდა ეფრემი ქალაქ ედესისკენ გაემართა. გზად ღმერთს შესთხოვა: "უფალო, ღირსმყავი შენი ქალაქის ხილვისა, და შესასვლელში შემახვედრე კაცს, რომელიც წმინდა წერილიდან სულის მარგებელ სწავლას მეტყვისო". ქალაქის კარიბჭესთან მას დედაკაცი შეხვდა. დაღონდა ეფრემი - ეს რა სიბრძნეს მეტყვისო. დედაკაცი კი იდგა და უყურებდა.

- მითხარი, დედაკაცო, რას დგახარ და მიყურებ? - ჰკითხა ეფრემმა.

- მე შენ გიცქერი, რადგან დედაკაცი მამაკაცისაგან არის გამოღებული. შენ კი მიწას უცქირე, ვინაიდან მიწისაგან ხარ აღებულიო, - უთხრა ქალმა.

ქალის სიბრძნით გაოცებული ეფრემი შევიდა ქალაქში. იქ დიდხანს ცხოვრობდა. არსობის პურისთვის აბანოების მეპატრონეს დაუდგა მსახურად და თავისუფალ დროს წარმართებთან ღვთის სიტყვის ქადაგებას ანდომებდა. მერე კი, თავისი მოძღვრის კურთხევით, ედესის მთებში განმარტოვდა. წმინდა ეფრემმა მოსეს ხუთწიგნეულის განმარტება დაიწყო. ასურულ ენაზე დაწერილმა მისმა წიგნმა უამრავი ედესელი მიიზიდა. ეფრემმა გაქცევა მოისურვა, მაგრამ უფლის ანგელოზმა გააფრთხილა, წინ არ აღდგომოდა უფლის ნებას. წმინდა ეფრემი დაუბრუნდა თავის სამსახურს, რისკენაც მოუწოდა უფალმა: იწყო ზეპირად და წერილობით დამოძღვრა ხალხისა. მან ამისთვის ედესაში სასწავლებელიც კი დააარსა, რომელმაც ასურეთის ეკლესიის არაერთი სახელგანთქმული მასწავლებელი აღზარდა.

შემთხვევით წმინდა ეფრემის სახლის გვერდით ერთი მეძავი ცხოვრობდა. ერთხელაც ქალმა წმინდანის შეურაცხყოფა გადაწყვიტა. სარკმლიდან დაინახა, რომ წმინდანი საჭმელს იმზადებდა. ჰკითხა, რა აკლია შენს საჭმელსო.

- სამი ქვა და ცოტაოდენი ქვიშა მჭირდება იმ სარკმლის ამოსაქოლად, საიდანაც შენ იცქირები, - მიუგო ეფრემმა.

ქალი შეტევაზე გადავიდა და თავისთან დაწოლა შესთავაზა. წმინდანმა უთხრა, - თუ ჩემთან დაწოლა გინდა, ქალაქის მოედანზე გავიდეთო. მეძავმა იუარა, - სირცხვილიაო, რაზეც წმინდა ეფრემმა ბრძანა:

- თუ ადამიანების გვრცხვენია, როგორ არ უნდა გვრცხვენოდეს და გვეშინოდეს ღმერთის, რომელმაც უწყის კაცთა საიდუმლონი! იგი ხომ განიკითხავს მთელ სამყაროს და ყველას მიაგებს საქმეთაებრ.

ქალი ამ სიტყვების გაგონებაზე შეძრწუნებული დაემხო მის წინ და შესთხოვა:

- მონაო ღვთისაო! დამმოძღვრე ცხოვრების გზაზე, რათა შევძლო განთავისუფლება ჩემს ბოროტ საქმეთაგან!

წმინდანმა იგი დამოძღვრა და ბოლოს ერთ-ერთ დედათა მონასტერში გაგზავნა.

ჰყვებიან, რომ მას მერე, რაც წმინდა ეფრემი მონაზონი გახდა, არავის განრისხებია. ერთხელ მის მორჩილს მასთან საჭმელი მოჰქონდა, წაიქცა და კერძიანი ჭურჭელი გაუტყდა. წმინდანმა დაამშვიდა შეშფოთებული მოწაფე:

- ნუ ჯავრობ, შვილო, თუ საჭმელმა არ ისურვა აქ მოსვლა, ჩვენ თვითონ მივალთ მასთანო.

მივიდა, მოაგროვა საჭმელი და მიირთვა.

ერთხელ მან მიწიდან ზეცამდე აღმართული ცეცხლის სვეტი იხილა. ამ დროს მოესმა:

- ეფრემ, ეფრემ! როგორსაც ხედავ ამ ცეცხლის სვეტს, ამგვარივეა ბასილი.

მაშინ წმინდა ეფრემმა გადაწყვიტა ბასილი დიდი მოენახულებინა და თან თარჯიმანი გაიყოლა, რადგან ბერძნული ენა არ იცოდა. მან წმინდა ბასილი მაშინ ნახა, როცა ის ხალხს დამოძღვრიდა. ეფრემმა მისი ქება ხმამაღლა დაიწყო:

- ჭეშმარიტად დიდია ბასილი, ვითარცა ცეცხლის სვეტი! ჭეშმარიტად სულიწმინდა საუბრობს მისი ბაგეებით.

წირვის მერე წმინდა ბასილმა ჰკითხა, ასე რატომ განმადიდეო. წმინდა ეფრემმა უპასუხა:

- ვინაიდან ვხედავდი თეთრ მტრედს, რომელიც მხარზე გაჯდა და რასაც ყურში გიჩურჩულებდა, იმას ეუბნებოდი ხალხს. ხოლო ცეცხლის ენები გამოდიოდა შენს ბაგეთაგან.

მაშინ ბასილი დიდმა მის წინ მდგომ უცნობ წმინდა კაცს სახელით მიმართა:

- ცხადად ვხედავ იმას, რაც შენზე გამეგონა, უდაბნოსა მოქალაქევ და მოყვარულო მყუდროებისა! ასე წერია წინასწარმეტყველ დავითთან: "ეფრემ დამამტკიცებელი თავისა ჩემისა" (ფსალმ. 59,9). ჭეშმარიტად შენ გეხება ეს წინასწარმეტყველური სიტყვები, რამეთუ მრავალნი დააყენე სათნოებათა გზაზე და განამტკიცე მასში. სიმდაბლე შენი და უბოროტობა გულისა ბრწყინავს ყველასთვის, ვითარცა ნათელი.

ამის მერე წმინდა ბასილმა ჰკითხა:

- რატომ არ ეკურთხები ხუცესად, შენ ხომ ამის ღირსი ხარ?

- ცოდვილი ვარ, წმინდაო მეუფეო!

- ეჰ, ნეტავ მე მქონდეს შენი ცოდვები! - თქვა წმინდა ბასილმა და დაუმატა, - მოდი, მუხლნი მოვიდრიკოთ.

როცა მიწაზე დაემხნენ, წმინდა ბასილმა დაასხა ხელნი წმინდა ეფრემს თავზე და წარმოთქვა დიაკვნად კურთხევის ლოცვა. მისი თარჯიმანი კი ხუცესად აკურთხა და გაუშვა მშვიდობით.

წმინდა ეფრემს მრავალი მოწაფე გამოუჩნდა. იგი ცხოვრობდა ედესაში და მრავალს დამოძღვრიდა. გაურბოდა სახელსა და დიდებას. როცა ერთხელ ედესელებმა მისი ეპისკოპოსად კურთხევა გადაწყვიტეს, თავი მოიგიჟიანა და ქალაქიდან გაიქცა და მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როცა ეპისკოპოსის საყდარზე სხვა აიყვანეს. წმინდა ეფრემი განუწყვეტლივ ლოცულობდა, ჰქონდა შემუსვრილი გული, მუდამ ცრემლს ღვრიდა, რადგან ახსოვდა საშინელი სამსჯავრო, რაზეც წერდა. იყო უპოვარი და სიღარიბე სიმდიდრეზე მეტად უყვარდა.

წმინდა ეფრემის დროს იყო ვინმე ერეტიკოსი აპოლინარი, რომელმაც თავისი გონებამახვილური ქადაგებით მრავალი ჩაითრია თავის ერესში. ბევრი წიგნი დაწერა მართლმადიდებელთა წინააღმდეგ, განსაკუთრებით გამორჩეული იყო ორი, რომლებშიც სრულად ჰქონდა გადმოცემული თავისი სულის მავნებელი სწავლება. ეს ორი წიგნი თავისთან მცხოვრები ქალისთვის ჰქონდა ჩაბარებული. წმინდა ეფრემი მივიდა ამ ქალთან, აქო და ადიდა აპოლინარი, თავი მის მოწაფედ მოაჩვენა და სთხოვა, ეს წიგნები წასაკითხად მიეცა. ქალმა ათხოვა. ოღონდ - მალე დამიბრუნე და არავის უთხრა ეს ამბავიო. წმინდა ეფრემმა წაიღო ეს წიგნები თავის სავანეში და ფურცლები ერთმანეთზე დააწება. გამოხდა ხანი და აპოლინარს მართლმადიდებლებთან მოუხდა პაექრობა. რადგანაც მოხუცებულს მახსოვრობა უკვე აღარ წყალობდა, მართლმადიდებლებზე გამარჯვება ამ წიგნების დახმარებით მოისურვა. წიგნები ვერ გადაშალა და დამწუხრებული განეშორა კრებას. ამ მწუხარებამ ბოლო მოუღო.

წმინდა ეფრემი 373 წელს გარდაიცვალა ქალაქ ედესაში. მან მრავალი ღვთივსულიერი წიგნი დაწერა. მისი შეთხზული ლოცვები სინანულად მოსდრეკენ ცოდვილთ, მათ შორის აღსანიშნავია ლოცვა: "ჰე, უფალო და მეუფეო", რომელსაც "წმინდა ეფრემ ასურის ლოცვას" უწოდებენ ქრისტიანები. ეფრემ ასურის ლოცვა ძირითადად დიდმარხვის განმავლობაში, "დილისა" და "ძილის წინ" ლოცვების შემდეგ იკითხება. ამ ლოცვას ყველიერის კვირის სამშაბათ საღამოს, ოთხშაბათ დილას, ხუთშაბათ საღამოს და პარასკევ დილას ვამბობთ, შემდეგ კი შენდობის კვირის საღამოდან მთელი დიდმარხვის განმავლობაში ვნების კვირის ოთხშაბათ დილის ჩათვლით. ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოდან კვირა დილის ჩათვლით. კვირა საღამოდან კი კვლავ განვაახლებთ. ეფრემ ასურის ლოცვისას თექვსმეტი მეტანია კეთდება: პირველი სამი მუხლის მერე - სამი დიდი მეტანია, შემდეგ - თორმეტი მცირე და განმეორებით ლოცვის ბოლოს - ერთი დიდი მეტანია.
ბეჭდვა
1კ1