დიდმოწამე მერკვირი (III) - 24 ნოემბერი (7 დეკემბერი)
დიდმოწამე მერკვირი (III) - 24 ნოემბერი (7 დეკემბერი)
მე არ მეშინია შენი სატანჯველების, ხოლო თუ მომკლავ, უფალი აღმადგენს საყოველთაო განკითხვისას
უწმინდურმა მეფე დეციუსმა დიდებულებთან შეთანხმებით გამოსცა ბრძანება, - ყველას "სამადლობელი" მსხვერპლი უნდა შეეწირა ღვთისთვის. თუ ვინმე გაბედავდა ბრძანების დარღვევას, დაატუსაღებდნენ და წამების შემდეგ თავს მოჰკვეთდნენ, ცხედარს კი ან ზღვას მისცემდნენ, ანდა ნადირს მიუგდებდნენ. განსაკუთრებით უნდა დასჯილიყვნენ ქრისტიანები, რომლებიც უარს არ იტყოდნენ თავის რწმენაზე.

ბრძანება მთელ იმპერიაში გავრცელდა. ამ დროს რომის სახელწიფოს აუჯანყდნენ ბარბაროსები და მეფემ თავისი პოლკები ყველა მხრიდან რომში გამოიხმო, მათ შორის იყო მარტენესის პოლკი. სწორედ ამ პოლკის ჯარისკაცი გახლდათ წმინდა მერკვირი.

დეციუსი საომრად გაემართა. რომაელებსა და ბარბაროსებს შორის ხანგრძლივი ბრძოლა გაიმართა. ამ ბრძოლის დროს მერკვირის გამოეცხადა უფლის ანგელოზი გოლიათის სახით და უთხრა: ნუ გეშინია, მერკვირი, მე შენს დასახმარებლად გამომგზავნეს. აიღე ეს მახვილი, შეებრძოლე ბარბაროსებს და როცა გაიმარჯვებ, ნუ დაივიწყებ უფალსა ღმერთსა შენსა.

მერკვირიმ ის ერთ-ერთ რომაელ დიდებულად მიიღო, გამოართვა მახვილი და მხნედ ისწრაფა მტრისკენ. შეიჭრა ბარბაროსთა ჯარის შუაგულში, მიაღწია მეფემდე, ისიც განგმირა და მისი მცველებიც. ისე იბრძოდა, რომ მტრის სისხლით მახვილი ხელზე მიეწება. დამფრთხალმა მტრის ჯარმა უკან მოკურცხლა.

როცა მისი გმირობის ამბავი დეციუსმა შეიტყო, მერკვირი უხვად დააჯილდოვა, მხედართმთავრად დაადგინა და მის პატივსაცემად რომში ზეიმი მოაწყო.

ერთ ღამეს მასთან მივიდა უფლის ანგელოზი იმავე სახით, როგორც ადრე, გააღვიძა და უთხრა: - მერკვირი, გახსოვს, რა გითხარი ომის დროს? - არ დაივიწყო უფალი ღმერთი შენი, რამეთუ მისთვის ვნება მოგიწევს და უფლისგან მიიღებ გამარჯვებულის გვირგვინს და მის სასუფეველში განდიდებას.

ამის მერე უფლის ანგელოზი უჩინო შეიქნა. მერკვირი გონს მოვიდა, მადლობა შესწირა ღმერთს. გაიხსენა პაპისა და მამის მონათხრობი ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. მამამისი გორდიანე ამავე პოლკის მეომარი იყო და ხშირად იტყოდა: "ნეტარი ის არის, ვინც ზეციური მეფის მეომარია, რამეთუ ის მეფე მას ზეციური სისუფევლით დააჯილდოებს. რამეთუ მან სიტყვით შექმნა ყოველივე და თითოეულს საქმეთაებრ მიაგებსო".

მერკვირიმ შეუდარა მამის ნათქვამი ანგელოზის გამოცხადებას, შეიმუსრა გულით, იწყო ტირილი და გლოვა, ამბობდა: "ვაიმე ცოდვილს! ამწვანებული ხის ტოტი ვიყავ და გავხმი, რადგან ძირად ღვთის შემეცნება არ მაქვსო".

როცა ამას ამბობდა აცრემლებული, მეფესთან დაიბარეს სათათბიროდ. მერკვირიმ თავი ავადმყოფად მოაჩვენა, მაგრამ მეორე დღეს დილით იძულებული გახდა, მისულიყო, რადგან დეციუსი უმისოდ არაფერს წყვეტდა. რომისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ითათბირეს, მერე მეფემ უთხრა: ერთად წავიდეთ არტემიდეს ტაძარში, რომ მსხვერპლი შევწიროთო.

მერკვირი მეფისგან უჩუმრად შინ წავიდა. ვიღაც დიდებულმა ის მეფესთან დაასმინა.

მეფემ დამსმენს უთხრა: - თუ მას შურით სწამებდი ცილს, დიდად დაისჯები. თუ მართალი აღმოჩნდები, დაგაჯილდოებო. დეციუსმა წმინდა მოწამე მოიხმო და უთხრა: - განა პატივი არ მოგაგე, როცა ჩემს დიდებულთა თავკაცად დაგნიშნე, იმის გამო, რომ ღმერთების შემწეობით მტერს სძლიეს? რატომ აღმოჩნდი უმადური, რატომ არ მიაგე პატივი ჩვენს ღმერთსო.

უფლის მხნე მხედარს, რომელიც ამ დროს უკვე მონათლული იყო, ძველი კაცი განემოსა და ნათლისღების მიერ ახალ კაცად შექმნილიყო, კადნიერად უპასუხა:

- დაე, შენი პატივი შენადვე დაგრჩეს, რამეთუ მე მტრებს შენი უძლური ღმერთების დახმარებით კი არა, ჩემი ღმერთის იესო ქრისტეს ძალით ვძლიე. წაიღე ჩემგან, რაც მოგიცია. შიშველი გამოვედი დედაჩემის მუცლიდან და შიშველი წავალ.

უთხრა ეს, მოიხსნა სამხედრო ქამარი, მეთაურის სამოსი, მეფეს ფერხთით დაუწყო და შესძახა: "მე ქრისტიანი ვარ, ისმინეთ ყველამ, მე ქრისტიანი ვარ".

განრისხდა დეციუსი, მდუმარედ უცქერდა, გააოცა მისმა ნათქვამმა და მისი დატუსაღება ბრძანა: - ამ კაცმა არ დააფასა თავისი პატივი, როცა უპატიობასა და სიმწარეს იგემებს, მაშინ დაუბრუნდება კეთილგონივრული ფიქრებიო.

წმინდანი, როცა საპყრობილეში წაიყვანეს, ადიდებდა და მადლობდა ღმერთს. იმავე ღამეს კვლავ უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: - გამხნევდი და არ შეგეშინდეს. გწამდეს უფლისა, რომელიც აღიარე და ის დაგიხსნის ყოველგვარი მწუხარებისგან.

დილით მერკვირი დეკციუსის სამსჯავროს წარუდგინეს.

- შენი უგუნურებით ასეთი "პატივი" დაიმსახურე და დგახარ, როგორც დამნაშავე, სასამართლოს წინაშე.

- ჭეშმარიტად მახარებს ჩემი უფლის გამო მოწეული ამგვარი პატივი. შენ აიღე ჩემგან ის, რაც მალე კვდება, მე კი საუკუნო საზღაურს მივიღებ.

- გვითხარი, ვისი გვარის ხარ და სად არის შენი სამშობლო? - ჰკითხა მეფემ.

- მამაჩემს გორდინეს ეძახდნენ. წარმოშობით სკვითი და მარტენესის პოლკის მეომარი იყო. სამშობლო ჩემი კი, საითკენაც მოშურნედ ვისწრაფვი, ზეციური იერუსალიმი, ზეციური მეუფის ქალაქია.

მეფემ ჰკითხა: "რატომ არ დაემორჩილები ჩვენს ნებას? რატომ არ სცემ თაყვანს ღმერთებს. ნუთუ ტანჯვით სიკვდილი გინდა?"

წმინდა მერკვირიმ მხნედ უპასუხა:

- მე აქ მოვედი შენი და მამაშენის, ეშმაკის დასაძლევად. იგია მიზეზი ყველა ბოროტებისა და რათა ძლევის გვირგვინი მივიღო ჩემი უფლის იესო ქრისტესგან. დაუყოვნებლივ აღასრულე ის, რასაც მიპირებ, რამეთუ მაქვს მე ფარი და ჯავშანი, რომლითაც დავძლევ შენ მიერ განზრახულ წამების ხერხებს.

განრისხდა მეფე: - მაშ, რწმენის ფარი და ჯავშანი გაქვს... ახლავე ვუბრძანებ, რომ შიშველი ოთხ ბოძს მიგაკრანო.

როცა ასეც მოიქცნენ, მეფემ ჰკითხა:

- სად არის ახლა შენი საბრძოლო იარაღი?

წმინდა მერკვირიმ ზეცისკენ აიხედა და წარმოთქვა:

- უფალო იესო ქრისტე, შემეწიე მე, შენს მონას!

მეფის ბრძანებით, გალესილი მახვილებით და დანებით დაუსერეს წმინდანს სხეული, ქვემოთ კი ცეცხლი შეუნთეს. მისმა სისხლმა კოცონიც კი ჩააქრო. წმინდა მოწამე ყველაფერს მხნედ დაითმენდა. მერე მისი სხეული მეფის ბრძანებით ჩამოხსნეს, მალე არ მოკვდესო და საპყრობილეში ჩააგდეს. წმინდანი ოდნავღა სუნთქვადა.

შუაღამისას გამოეცხადა უფლის ანგელოზი: - მშვიდობა შენდა, სათნო ვნებულო! - და წყლულებისგან განკურნა.

წმინდანს ძალა მიეცა, წამოდგა სრულიად ჯანმრთელი და ადიდა ღმერთი.

მისი მნახველი მეფე განცვიფრდა და ჯარისკაცებს უბრძანა, - წყლულები შეუმოწმეთო. მათ უთხრეს: - ვფიცავთ შენს მეფობას, ნაკაწრიც კი არ აქვსო.

მეფემ თქვა: - ეს აუცილებლად იტყვის, ქრისტემ განმკურნაო. ხომ არავის მიუყვანია მკურნალი საპყრობილეშიო.

ჯარისკაცებმა დაიფიცეს, - არაო. მაშინ მეფემ წმინდანს მიმართა: - ასე თვალის დახამხამებაში განკურნება მხოლოდ ჯადოქრებს ძალუძთო.

- შენ თვითონვე, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ თქვი, რომ მე უფალმა ჩემმა იესო ქრისტემ, სულისა და სხეულის ჭეშმარიტმა მკურნალმა განმკურნა. მან, რომელმაც დაურღვეველი ჯაჭვებით შეკრა ყველა ჯადოქარი და დაწყევლილ კერპებთან ერთად ჯოჯოხეთის ცეცხლს მისცა იმისთვის, რომ არ შეიმეცნეს უფალი ღმერთი - შემოქმედი.

- ისევ დაგისერავ სხეულს და ვნახოთ, განგკურნავს თუ არა ქრისტე! - დაემუქრა მეფე.

წმინდანმა უპასუხა:

- მწამს ჩემი უფლისა, რომ ვერ მძლევ. მე არ მეშინია შენი სატანჯველების, ხოლო თუ მომკლავ, უფალი აღმადგენს საყოველთაო განკითხვისას.

წმინდა მერკვირი უდრტვინველად დაითმენდა წამებას. მეფე დასცინოდა: - სად არის შენი მკურნალი, მოვიდეს და გიშველოსო.

- ქენი, რაც გინდა, - უთხრა მას წმინდა მერკვირიმ, - შენ შეგიძლია დაეუფლო მხოლოდ ჩემს სხეულს, სული კი უფლისა და უხრწნელი იქნება.

მეფემ ბრძანა, თავდაყირა ჩამოეკიდათ მერკვირი, კისერზე ლოდი შეაბეს, მაგრამ ვერაფერი უყვეს. მერე კი სპილენძისბოლოიანი შოლტებით გაამათრახეს, ძვალი და რბილი გაუერთიანეს. რვალივით მტკიცე იყო წმინდანი და ღმერთს მადლობდა, რომ ღირსყო მისი წმინდა სახელისთვის ევნო.

განრისხებულმა მეფემ რომიდან წასვლა გადაწყვიტა და ბრძანა, - მერკვირის კაპადუკიაში მოჰკვეთეთ თავი მრავალთა გონს მოსაყვანადო.

ჯალათებმა წმინდა მერკვირი ჯორზე დააკრეს, წაიყვანეს კაპადოკიის ცენტრში, კესარიაში. წმინდანს უფალი გამოეცხადა და უთხრა:

- მერკვირი, მოდი ჩემთან და განისვენე; რწმენა დაიმარხე - მიიღე გვირგვინი გმირობისა, რამეთუ შენ აქ უნდა აღესრულო.

ამ ხილვით გამხნევებულმა მოწამემ ჯალათებს უთხრა, - ქენით ის, რაც ნაბრძანები გაქვთო. მას თავი მოჰკვეთეს. მეორე დღეს წმიდანის სხეული თოვლზე უფრო განსპეტაკდა და მირონდენა დაიწყო. ამ სასწაულის მერე მრავალმა ირწმუნა ქრისტე. სხეული მერკვირისა საპატიო ადგილას დააბრძანეს და მრავალს კურნავდა.

ცნობილია, რომ როცა წმინდა ბასილი დიდი ლოცულობდა ღვთისმშობლის ხატის წინ, სადაც ასევე გამოსახული იყო დიდმოწამე მერკვირი, რათა ქრისტიანთა მდევნელი იულიანე განდგომილი სპარსეთის ომიდან აღარ დაბრუნებულიყო, ცოტა ხნის შემდეგ ხატზე წმინდა მერკვირი უჩინარი შეიქმნა. მერე კი კვლავ გაჩნდა, ოღონდ სისხლიანი მახვილით. იმ დროს სპარსეთის ომში იულიანე ვიღაც უცნობმა მხედარმა განგმირა და მაშინვე უჩინო შეიქმნა. მიწაზე განრთხმული ღვთისმგმობელმა უკანასკნელად წამოიძახა: შენ გაიმარჯვე, გალილეველო.

ამ სასწაულით გახდა ცნობილი, რომ თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გაგზავნა თავისი მხნე მხედარი ქრისტეს მებრძოლი ეკლესიის დასაცავად.

კონდაკი:

მოწამემან შენმან, უფალო, მერკური, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა. რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.

ტროპარი:

მბრძოლთა შინა უძლეველსა მხედარსა, და ჭირთა შინა ურცხვენელსა ხელის აღმპყრობელსა, გალობით ვადიდებდეთ მერკურის დიდებულსა, რამეთუ ხსენებისა მისისა მედღესასწაულეთა ჭირთაგან იხსნის და მწუხარებათა.

ბეჭდვა
1კ1