წმინდა ბაგრატ მესამე - გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე
წმინდა ბაგრატ მესამე - გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე
ახალშერაცხული წმინდა კეთილმსახური მეფე
გვესაუბრება გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, ისტორიის დოქტორი ლევან ტყეშელაშვილი:

- ბაგრატ მესამე (978-1014) ერთიანი საქართველოს პირველი მეფე იყო, მან შეძლო ქართული მიწების გაერთიანება და საფუძველი ჩაუყარა დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის საქართველოს. 975 წელს ტაოს მეფე დავით კურაპალატმა მცირეწლოვანი ბაგრატი ქართლში, უფლისციხეში გაამეფა, ამ დროისათვის ბაგრატი დაახლოებით 13 წლის უნდა ყოფილიყო, რის გამოც დავით მეფემ მცირეწლოვან ბაგრატს "თანაგამგებლად" მამა გურგენი და დედა გურანდუხტი დაუტოვა. დიდი ქართველი მამულიშვილის იოანე მარუშის ძის უშუალო ინიციატივით ბაგრატი აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) მიიყვანეს გასამეფებლად, რადგან თეოდოსი, მისი ბიძა უშვილო იყო. "შთაიყვანეს იგი აფხაზეთს იგი აფხაზეთს დალოცეს მეფედ და დაემორჩილნეს ყოველნი ბრძანებასა მისსა... რამეთუ ყოვლითურთ მიემსგავსებოდა ქცევასა გამზრდელისა თვისისა, დიდისა მეფისა დავით კურაპალატისასა, და იხილვებოდა მის თანა ყოველი საქმე კეთილისა", - გვაუწყებს "მატიანე ქართლისა". ბაგრატ მეფემ გვირგვინი დაიდგა ქუთაისში 16 წლის ასაკში, ტაძარში, რომლის საფუზველზეც შემდეგ ააგო ბაგრატის საკათედრო ტაძარი.

ბაგრატ მესამის განსაკუთრებული ღვაწლის წყალობით გაერთიანდა ქართული ქვეყნების უდიდესი ნაწილი, ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში მოექცა აფხაზეთი (დასავლეთ საქართველო), ქართლი, "ქართველთა სამეფო" (ტაო-კლარჯეთი) და კახეთ-ჰერეთი. ბაგრატ მეფის ინიციატივით აიგო ბედიისა და ბაგრატის (ქუთაისის სიონი) საეპიკოპოსო ტაძრები. "ამანვე დიდმან მეფემან აღაშენა საყდარი ბედიისა და შექმნა საეპისკოპოსოდ", "ამანვე აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწდომელითა, რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ხელმწიფენი და კათალიკოსნი, მღვდელთმოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღუარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი, მამულისა და სამეფოსა მისსა მყოფნი, და სხუათა ყოველთა სახელმწიფოთაგანი". ბაგრატის ტაძარი იყო ერთიანი საქართველოს სიმბოლო, ამიტომ ტაძრის კურთხევისას ბაგრატ მეფეს უცხო სახელმწიფოებიდანაც მოუწვევია სტუმრები. ბაგრატის მეფობაში აიგო ასევე ნიკორწმინდის, კაცხის და ხცისის ტაძრები.

"მატიანე ქართლისას" ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს ბაგრატ მეფის დამსახურებას "ესე ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე წარემატა ყოველთა ხელმწიფეთა ყოვლითა განგებითა... და დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი და წინააღმდგომნი მისნი, მომადლა დღეთა მისთა მშვიდობა და დიდი დაწყნარება ქუეყნისა". უცნობი მემეტიანე ბოლოს განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს ბაგრატის ღვაწლს: "და სთქუა ესეცა, რომელ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არავინ გამოჩენილ არს სხუა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა და ყოვლითა გონებითა; ეკლესიათა მაშენებელი იყო, გლახაკთა მოწყალე და სამართლის მოქმედი ყოველთა კაცთათვის".

ბაგრატ მესმე გარდაიცვალა 1014 წელს 7 მაისს, იგი დაკრძალეს მის მიერ აგებულ ბედიის ტაძარში. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა ბაგრატ მესამე წმინდანთა დასში შერაცხა.

ბეჭდვა
1კ1