მე ვიცოცხლებ, თუკი თქვენ ჩემთან მოხვალთ
მე ვიცოცხლებ, თუკი თქვენ ჩემთან მოხვალთ
თქვენი საქმე არ არის, ვინ საით გარბის, თქვენ საკუთარი ცოდვები იტირეთ!
თხუთმეტი წელი გავიდა მამა გაბრიელის გარდაცვალებიდან, მაგრამ დრომ ვერ გაანელა მისადმი სიყვარული. სოფლად თუ ქალაქად, თითქმის არავინ დარჩენილა, მამა გაბრიელის საფლავი არ მოელოცოს და ღირსი მამისგან შეწევნა არ მიეღოს. ხალხი მის კანონიზაციას ელოდება, თუმცა ამ საქმეს, მომხრეებთან ერთად, მოწინააღმდეგეებიც ჰყოლია. ამ პერიპეტიებმა ერთი ამბავი გამახსენა: რუსების (და არამარტო მათი) ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წმინდანია ღირსი სერაფიმე საროველი. მაგრამ თურმე მის წმინდანად შერაცხვას დიდი წინააღმდეგობა შეხვედრია წმინდა სინოდის ნაწილისა და "განათლებულ" დიდგვაროვანთაგან. მამა სერაფიმეს გარდაცვალების მერე მორწმუნეებმა მისი კანონიზაციის საკითხი რამდენჯერმე დააყენეს, მაგრამ 60 წელი ისე გავიდა, საქმე წინ არ წაწეულა. აცხადდა წმინდა სერაფიმეს ნათქვამი, თავის სულიერ შვილს, მიხეილ მოტოვილოვს, რომ უთხრა: "უფალი მხოლოდ მაშინ აღამაღლებს თავის წმინდანებს და მხილოდ მაშინ აიძულებს ეკლესიას, მათ შერაცხვას წმინდანებად, როცა იგი - ეკლესია - სრულად ანუ, მთელი თავისი წევრებითა და ნაწევრებით, მძიმედაა დასნეულებული უკეთურებათა გამო".

ეს საშინელი ჟამი რუსეთის ეკლესიას წმინდა მეფე ნიკოლოზის დროს დაუდგა: პარტიებად დაყოფილი რუსეთი, გახრწნილება, სექტანტობა, ცრუ მისტიციზმი. მორწმუნე ერს მართლაც სჭირდებოდა დახმარება, თუნდაც იმით, რომ მათი საყვარელი მამა სერაფიმე განდიდებულიყო, რათა უფრო მეტად შესწეოდა თავის სამშობლოს.

ეშმაკი გამალებით იბრძოდა ამის წინააღმდეგ; რაღა არ დააბრალეს წმინდა სერაფიმეს: მწვალებლობის ქადაგება, ხიბლი. ამან რომ არ გაჭრა, მერე მოიმიზეზეს: თუ წმინდანი იყო, მისი სხეული რად გაიხრწნაო. მოკლედ, კანონიზაცია კიდევ დიდხანს გაჯანჯლდებოდა, რომ არა მეფე ნიკოლოზის მეცადინეობა. როცა მეფე ნიკოლოზმა წაიკითხა არქიმანდრიტ სერაფიმეს (ჩიჩეგოვი) ფუნდამენდური შრომა "სერაფიმო-დივეევოს მონასტრის ქრონიკები" (საგულისხმოა, რომ არქიმანდრიტ სერაფიმეს, როცა "ქრონიკების" წერა დაასრულა, წმინდა სერაფიმე საროველი გამოეცხადა და წიგნის დაწერისთვის მადლობა გადაუხადა), უფრო დიდი სასოებით განიმსჭვალა ღირსი სერაფიმეს მიმართ და ბრძანა: "დაუყოვნებლად შეირაცხოს წმინდანად". მეფის ასეთივე დიდი ძალისხმევით, შემდგომში წმინდა იოანე ტობოლსკელის და წმინდა იოსებ ბელგოროდელის კანონიზაციაც მომხდარა. წმინდა სერაფიმეს უთქვამს, - მეფეს, რომელიც მე განმადიდებს, მერე მე განვადიდებო. 1903 წელს წმინდა სერაფიმეს წმინდანად შერაცხვას და საზეიმო ღონისძიებებს 500 000 კაცი დაესწრო. სიწმინდეს მოწყურებული ხალხი დაეწაფა ახალ სულიერ წყაროს - წმინდა სერაფიმე საროველს.

წმინდა სერაფიმეს უგუნურმა მტრებმა, ღირს მამას რომ ვერაფერი დააკლეს, ჯავრი მის სულიერ შვილზე, მიხეილ მოტოვილოვზე იყარეს (მიხეილი ამ დროს უკვე გარდაცვლილი იყო), მას მწვალებლობის ქადაგება დააბრალეს და გიჟად გამოაცხადეს. ეს ბრძოლა უფრო გამძაფრდა წმინდა სერაფიმე საროველისადმი მიძღვნილი სერგი ნილუსის წიგნის გამოქვეყნების შემდეგ (1903 წ.), სადაც პირველად დაიბეჭდა წმინდა სერაფიმეს საუბარი მოტოვილოვთან სულიწმინდის მადლის მოხვეჭაზე. გავიდა ასი წელი და წმინდა სერაფიმეს სახელი მთელ საქრისტიანოში განდიდდა, ხოლო მისი პატარა მტრების ხსოვნა სიომ გაფანტა...

ჩვენს დაუძლურებულ, დაქუცმაცებულ სამშობლოსაც სჭირდება წმინდა მამა გაბრიელი, რომლის სულისთვის პანაშვიდს კი აღარ გადაიხდი, არამედ პარაკლისს აღავლენ და ისიც უფრო შეგვეწევა. როცა ღვთის ნება იქნება, მაშინ მოხდება მისი კანონიზაციაო. ნუთუ მამა გაბრიელის ქრისტეს აღმსარებელ ცხოვრებაში, იმ სასწაულებში, სიცოცხლეში თუ გარდაცვალების შემდეგ რომ მოუხდენია, არ ჩანს ღვთის ნება?! გული მწყდება, როცა ვხედავ, თუ როგორი პატივით ეპყრობიან რუსები და ბერძნები თავიანთ ღირს მამათა საფლავებს. მაგალითად, მამა ვიტალის (სიდორენკო) დაბადების თუ გარდაცვალების დღეებში წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში, სადაც მამა ვიტალია დაკრძალული, მრავალი მღვდლის, ეპისკოპოსების თანხლებით იმართება საღმრთო ლიტურგია და იხდიან პანაშვიდს. მამა გაბრიელის სახსოვარ დღეებში კი სამთავროს ტაძარში მონასტრის მოძღვარი მარტოდმარტო გადაიხდის საღვთო ლიტურგიას და მერე ერთი-ორი მღვდელი თუ ჩამოვა და მოილოცავს მის საფლავს...

მამა გაბრიელი პატრიარქსა და მღვდლობის პატივზე. ერთხელ სამთავროს დედათა მონასტრის იღუმენიამ, დედა ქეთევანმა, შესჩივლა, აღარ შემიძლია, ჯვარი უნდა მოვიხსნაო. ბერი შეყოვნდა, ჩვეულებისაებრ ხატებისაკენ მიბრუნდა, ხელაპყრობილმა ილოცა და შემდეგ უთხრა: "მოთმინება იქონიე, დაო და დედაო, შენით ნუ მოიხსნი ჯვარს, ვინც მოგხსნის, პასუხს იგი აგებს. განა პატრიარქს არ უჭირს? შენ არ იცი, "ქათალიკოსის" ჯვარი რა მძიმეა, იგი ხომ ორ ჯვარს ატარებს - ერისას (მეფისას - ზოგ ვარიანტში ასე წერია) და ეკლესიისას, იმან რაღა ქნას? ბევრი განსაცდელი გელოდება, ღმერთი ღუმელში შეგაგდებს, რომ გამოგცადოს და განგწმინდოს"...

დიახ, მძიმეა კათოლიკოსის ჯვარი. იგი ხომ მათზეც აგებს პასუხს, ვისაც ხელნი დაასხა. ერთი მოძღვარი, რომელიც იმ ძმათა მკვლელი ომის დროს პატრიარქს განიკითხავდა, ბერმა შეაჩერა: - შენ პატრიარქს დაუჯერე, მაგის ნაკურთხი ხარ, მე კი სულიწმინდის კურთხევით დავდივარო.

...1995 წელი იდგა. მაშინ, მრავალი წლის მერე, პირველად გაიმართა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სამღვდელო კრება. რატომღაც ელოდნენ, ამ კრებაზე მიიღებდნენ გადაწყვეტილებას და ჩვენი ეკლესია ეკუმენისტური მოძრაობიდან გამოვიდოდა. ირგვლივ ვნებები დუღდა. გულადუღებული ჩემი სულიერი ძმა, დავითი მამა გაბრიელს მიადგა. რამე მითხარიო, - უთხრა მამა გაბრიელმა, მაგრამ დავითი დუმდა. მაშინ მამა გაბრიელმა უამბო, გულში რა ცეცხლი უტრიალებდა, უწინასწარმეტყველა საქართველოს მომავალი და გაამხნევა, რომ არც ისე უიმედოდ იყო საქმე. მერე კი კუბო მოატანინა, კიბის თავში დაადგმევინა: კრების მონაწილენი რომ ამოვლენ, დაინახავენ, შეეშინდებათ და გაახსენდებათ, რომ მოკვდავნი არიანო. როცა პატრიარქი ამობრძანდა, ბერს ჰკითხა: - მამა გაბრიელ, ეს კუბო აქ რად დაგიდგამსო. შიგ ეკუმენისტები უნდა ჩავასვენო და რომის პაპს გავუგზავნო, ოღონდ მას ჩემს კუბოს ვერ დავუთმობო,- უპასუხა ევლოგი სალოსის შთამომავალმა. პატრიარქს გაეღიმა, მამა გაბრიელმაც ღიმილითვე, სალოსურად უპასუხა: "დავლიოთ?" და პატრიარქს შეჰყვა შენობაში.

ერთმა მრევლთაგანმა მამა გაბრიელს შესჩივლა: - რა დრო დადგა, მღვდლები როგორ იქცევიანო.

- შენ ვინ მოგცა მაგის თქმის უფლება? მღვდელი რომ ყოფილიყავი, კიდევ მესმის. რა გიწერია სახარებაში? არ უნდა მოვიდნენ ცუდი მოძღვრები? მდგომარეობა ცუდისკენ წავა და შენ გინდა შეაჩერო ისინი? სახარებას ეწინააღმდეგები! - მიიღო პასუხად.

მამა გაბრიელი ასწავლიდა: "მოციქულიდან მოყოლებული, მართლმადიდებელ მღვდელს სულიწმინდა ხელდასხმის მადლით აქვს მინიჭებული, განსხვავებით სექტანტებისა და მწვალებლებისგან, რომელთაც ეს არ გააჩნიათ. თუ ცოდვილია მღვდელი, წესის აღსრულებისას უხილავი თოკებით არის შეკრული და წმინდა ანგელოზები ასრულებენ საიდუმლოს. მღვდელი მაშინ არის მღვდელი, როცა თვითონ ასრულებს საიდუმლოს. ცოდვილი მღვდელი იმას ემსგავსება, უკვდავების ჭასთან რომ იდგეს და უკვდავების წყალი ოქროს თასით ამოჰქონდეს. მისი ცოდვილიანობით წყაროს არაფერი აკლდება. ამიტომ ბრძენი კაცი იმ მადლს გამოიყენებს, რაც ღვთისმსახურზეა დავანებული. ხოლო თუ მღვდელი დოგმატურ საკითხებს არასწორად გადმოსცემს, მაშინ მას გაექეცი, როგორც მტერს და მოღალატეს. სანამ არ განკვეთენ ასეთ მსახურს. კრების განჩინებამდე, მიმსვლელთათვის, ვინც არ იცის, მადლი მაინც რჩება".

მამა გაბრიელი მკაცრი იყო სამღვდელო პირთა განმკითხველთა მიმართ. ერთხელ, როცა მასთან პატრიარქიც კი განიკითხეს, განრისხებულმა განმკითხველს მიმართა: - როგორ ბედავ! შეხედე ჩემს მუხლებს! ხომ ხედავ, გადაყვლეფილი მაქვს დღედაღამ მასზე ლოცვით? ამას რომ ამბობ, შენ კი გაქვს მისი სიყვარული?! მე მაქვს უფლება, და თუ საჭიროა, მე ვეტყვი!

როდესაც პატრიარქი სამთავროში მივიდა, გაბრიელ ბერი მოინახულა და სიმდაბლით სთხოვა, საქართველოსთვის და მისთვის ელოცა.

კათოლიკოსი ხარ და შენ გმართებს ყველას დალოცვაო, - სიმდაბლითვე მიუგო გაბრიელ ბერმა. ერთხელ, საუბრისას, პატრიარქმა ღვთივგანბრძნობილი სიტყვით მიმართა მამა გაბრიელს: - ხედავ, გაბრიელ, ჩვენ შორის ღმერთს მეტად ვინ უყვარს? შენ სიგლახაკე გიბოძა, მე კი წოდება...

ბერი არავის შეიწყნარებდა, თუ ის წმინდა სამოციქულო ეკლესიას და მის პატრიარქს უპატიოდ შეეხებოდა. ერთ მღვდელმონაზონს მიმართა:

- კარგად დაიმახსოვრე! განხეთქილება მწვალებლობის ტოლფასია! ვინც პატრიარქს განუდგება, ის სექტაა! ვინც პატრიარქს ფიზიკურად უწესოდ შეეხება, მეფეთა კანონით ადგილზევე უნდა მოიკლას. ადამიანის სიკვდილით დასჯა მხოლოდ მეფეს შეუძლია, ოღონდ სინოდის გადაწყვეტილებით და მხოლოდ ისეთი ცოდვის გამო, რომელიც კაცს არ ეპატიება, არ სწორდება და სულებს ღუპავს.

იგი არასწორ მოქმედებას მართალი სიტყვითა და გულახდილობით ამხელდა და თუ სახარების მცნება ირღვეოდა, თვით იერარქსაც არ დაერიდებოდა: - სადაც საჭირო იყო, ქრისტე განრისხდა. ეს ჩემი საქმეა და ღვთისგან მაქვს მომადლებულიო, - იტყოდა.

ერთხელ მეუფე დანიელი (ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი) მონასტრის კრებულთან სამონასტრო ცხოვრების საკითხებს განიხილავდა. ერთ-ერთი მონაზონი საყვედურს ამბობდა იღუმენიაზე. გაბრიელ ბერმა ყური მოჰკრა თუ არა, მიუახლოვდა და დაემუქრა:

- რაო, იღუმენია შენი სატარტაროა?! რო ტარტარებ, რას ტარტარებ, ხმა გაიკმინდე!

მერე მიიჭრა მეუფე დანიელთან და ხმამაღლა უთხრა, - ამას გაუფრთხილდი, ეს შეიბრალე.

ყველანი ხმაგაკმენდილნი უსმენდნენ. უეცრად მიტრიალდა და კიბეზე დაეშვა. გაოცებულმა მეუფემ მოგვიანებით აღნიშნა: - სულ რაღაც უნდა მეთქვა, სულ სხვა რაღაც მქონდა გადაწყვეტილი, მამა გაბრიელმა შემაცვლევინა სათქმელი, თითქოს ღმერთმა მიბრძანა მისი პირითო...

ერთხელ ერთ-ერთი ერისკაცის მიერ ეკლესიის მსახურზე საოცრად დაუნდობლად დაწერილი წერილი წაიკითხა და შეწუხდა: - უსიყვარულოდ დაწერილია, ეს მხილება არ არის. ადამიანი ისე უნდა ამხილო, გული სიყვარულით გქონდეს სავსე.

ასეთი წერილები არასოდეს წაიკითხოთო, ურჩევდა ყველას.

მამა გაბრიელი - ეკლესიიდან განდგომილებზე.
მამა გაბრიელმა იცოდა, რომ ჩვენს ეკლესიაშიც მოხდებოდა განდგომილება და თავის სულიერ შვილებს ურჩევდა, მათგან თავი შორს დაეჭირათ. ერთხელ გამომცდელად იკითხა:

- ყოველი პატრიარქის დროს იყო წინააღმდეგობები. ეფრემსაც განუდგნენ, მაგრამ მე მათ საქმეში არ ჩავრეულვარ... როგორ ფიქრობთ, სწორად მოვიქეცი?

- დიახ, მამა გაბრიელ, - მიუგეს მყისვე.

- ჰოდა, კარგად დაიმახსოვრეთ! თქვენი საქმე არ არის, ვინ საით გარბის, თქვენ საკუთარი ცოდვები იტირეთ!

ერთხელ მაზუთსა და მტვერში ერთიანად ამოთხვრილ-ამოგანგლული გაბრიელ ბერი სიონის ეზოში აჩრდილივით გამოჩნდა, გალავანსა და სამრეკლოს კედლებზე ხმამაღალი სიმღერით უცნაურ როკვას მოჰყვა. გარსშემოხვეული ბავშვებისა და ცნობისმოყვარეთა ბრბო ტაშს უკრავდა და ჟრიამულებდა. ხმაურზე ტაძრიდან მღვდელმონაზონი გამოვარდა და მრისხანედ დაუძახა:

- ეი, შენ, ბრიყვო, გესმის კი, რას სჩადი?!

გაბრიელ ბერი უცებ შეიცვალა: სახეზე სისპეტაკე აღებეჭდა. თითქოს უკვალოდ გაქრა შელანძღული ტანსაცმელი და მის სამოსს უცნაური პეწი მიეცა. მიუბრუნდა ამ სასულიერო პირს და უპასუხა: - მე კი არა ვარ ბრიყვი, არამედ ისინი, ვისაც პირტიტველა ახალგაზრდები აჰყავს ბერის ხარისხში. მათ არ ესმით, რას სჩადიანო.

როგორც კი ეს სიტყვები წარმოთქვა, შეტრიალდა და წავიდა.

შედგომში ეს მღვდელმონაზონი ჩამოშორდა დედაეკლესიას.

ჩემმა სულიერმა ძმამ, ა.კ-მ მამა გაბრიელს თავისი მეგობარი იაკობი მიუყვანა, - დიდი მამა უნდა განახოო. იაკობი ახალი მოსული იყო ეკლესიაში. შეხვედრისთანავე მამა გაბრიელმა, ძალზე განრისხებულმა, ჩხუბი დაუწყო ა-ს, იაკობი შეშინებული უყურებდა ამ ამბავს, - მე რაღას მიზამსო. მამა გაბრიელმა ხელი იაკობისკენ გაიშვირა და ა-ს მკაცრად უთხრა: - ამას თავი არ დაანებო, ამას არ მოშორდეო. მაგრამ, სამწუხაროდ, ა-მ მიატოვა არა მარტო თავისი მეგობარი იაკობი, არამედ დედაეკლესიაც!..

მახსოვს, მაშინ მორწმუნეებში ფრთიან ფრაზებად დადიოდა მამა გაბრიელის გამონათქვამები: "სადა ხარ, გოგო!.. აქამდე რომის პაპას მოვნათლავდი" (როცა მორჩილი პარასკევა რაიმეს გაკეთებას დააგვიანებდა), "წადი, ახლა და რომის პაპთან მიჩივლე".

ერთხელ გაბრიელ ბერმა ეკუმენიზმის საშინელებაზე იქადაგა: - ჯერ იქნება ერესი და აღრევა, მაშინვე ეკუმენიზმი შემოვა და მალე ანტიქრისტეც მოჰყვებაო. რამდენიმე დღის შემდეგ ერთი ადამიანი მივიდა სამთავროში და ეკუმენიზმის შესახებ ლამის უქადაგა ბერს და იქ მყოფ ხალხს. მამა გაბრიელმა კი, ვითომ არ იცოდა, შეაჩერა და ჰკითხა მოსულს: - რი ეკუმენა, რა ეკუმენა? ვერ გავიგე. და მერე დანარჩენებს მიმართა: - თქვენ რა გიშლით ხელს ცხონებაში, ისინი თუ ასეთ მდგომარეობაში არიან?!

მამა გაბრიელისთვის მიუღებელი იყო ყველა, ვინც საქართველოს და მის მართლმადიდებელ ეკლესიას პატივს არ მიაგებდა. როცა ერთმა მორწმუნემ, ათონის მთის ესთიგმენუს მონასტრიდან, რომელიც ჩვენს ეკლესიას არ იხსენიებს, გაბრიელ ბერს სქემმონაზვნის სურათი ჩამოუტანა, მან ხელით გააწევინა ფოტო და უთხრა:

- არ მჭირდება ისინი, ვინც საქართველოს ეკლესიას არ იხსენიებს.

ერთხელ რუსეთიდან "კატაკომბური ეკლესიის" წარმომადგენელი ჩამოვიდა. იდგა სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში და იძახოდა, საქართველოს ეკლესიაში მადლი არ არისო. საშველად მამა გაბრიელს მოუხმეს. მან "სტუმარს" შეხვედრისთანავე უთხრა: - შენს გარშემო სულიწმინდას ვერ ვხედავო. და ისეთი რუსულით ესაუბრა მას, რომ სინანულში ჩააგდო და ბოლოს რუსეთის ერთ-ერთ ოფიციალურ მონასტერში გაგზავნა. მამა გაბრიელი ხშირად ამბობდა, - საქართველოს ეკლესიას მადლი არასოდეს გაშორდებაო. ერთ საზოგადო, საერო მდგომარეობით შეწუხებულ მოძღვარს უიმედობის გრძნობა დაეუფლა და სამთავროს სავანეს მიადგა. გაბრიელ ბერმა მკაცრად ჩახედა თვალებში: - როგორ გაიფიქრე! განა ცისა და ზეცის დედოფალი თავის წილხვედრ ივერიას მიატოვებდა? ამის გაგონებაზე მუხლმოდრეკილმა მღვდელმა შენდობა ითხოვა: - აი, მართლაც, ახლა სვეტიცხოვლის ტაძრიდან რომ გამოვდიოდი, დავიჩოქე და ღვთისმშობელს მივმართე: ღვთისმშობელო! როგორ მიგიტოვებია საქართველო, ამ მიწაზე ერთი წმინდა ბერიც კი ვერ ვნახე-მეთქი. გაბრიელ ბერმა უთხრა: - ძმაო, მე კი ნუ მთხოვ შენდობას, წადი და ღვთისმშობელსა სთხოვე! - დაუყვავა, მოეფერა და გულში ჩაიკრა.

როგორი იყო ბერი გაბრიელი. მამა გაბრიელთან ყველა გულმკვდარი და უსასოო ეძიებდა ნუგეშს. ერთი მათგანი იხსენებს, - როცა მათი ახლო ნათესავი გარდაიცვალა, ოჯახში ყველაფერი აირია. მისმა შვილმა ვერ გაუძლო ასეთ სტრესს და დამამშვიდებელი წამლების სმას მოუხშირა. დედამ თავისი ხელით შეუძინა წამლები და მოსკოვში გაატანა. არავინ იცის, იქ რა მოხდა. ეს კია, რომ იგი გარდაიცვალა. დედა თავს იდანაშაულებდა, - ჩემი ხელით მოვკალი შვილიო. მცხეთისკენ, გაბრიელ ბერის გზა მიასწავლეს. ქალი მოკრძალებით დაჯდა საყდართან და ქვითინი დაიწყო. ვერც კი გაიგო, ისე მიუახლოვდა მოთქმით უცნობი. ქალმა გაიფიქრა, ჩემს ტკივილს რაღა ახალი განსაცდელი სჭირდება, თვითონ უნუგეშომ სხვა როგორ ვანუგეშოო. მიუტრიალდა მოტირალს და მისდა გასაკვირად, ბერულად მოსილი ჭარმაგი კაცი იხილა - გაბრიელ ბერი იყო. მან გულშეძრულმა უთხრა:

- განა ღვთისმშობელი დედა არ იყო?! მისი ერთადერთი ძე ჯვარს აცვეს, როგორ განიცდიდა მისი გული ამ სიმწარეს?!. მაგრამ თავი არ მოუკლავს - ღვთის ნებას მიენდო!

ამ სიტყვებმა ნუგეში და იმედი ჩაუსახა სასოწარკვეთილ დედას.

ერთ დღეს მამა გაბრიელი კელიიდან ეზოში გამოვიდა, ხელთ ღვინით სავსე ქილა ეჭირა, ნება-ნება სვამდა, თან ირწეოდა. მერე, თითქოს მარტო სმა მოსწყინდაო, თვალი ეზოს მოავლო და სამთავროში მოსალოცად მისულ ერთ სტუმარს დაუძახა, - დამილიეო. მას ფერი ეცვალა, ღვინოს ტკბილი წვენის გემო ჰქონდა, მაგრამ მაინც მიუჯდა ბერს გვერდით და სმა განაგრძეს. ცოტა ხანში სტუმარმა თამაში დაიწყო, თითქოს შეთვრაო. მამა გაბრიელს გაუხარდა, რომ გაუგეს.

ერთი უცნობი თვალს ადევნებდა მათ ქცევას. აშკარად ეტყობოდა, ლოთებად მიიჩნია მეინახენი. გაბრიელ ბერმა დაუძახა იმ კაცს, ღვინო შესთავაზა. უცნობმა ჭიქა აიღო და გასინჯა, მაგრამ როცა ტკბილი წვენი იგემა, უხერხულობისგან გაწითლდა. გაბრიელ ბერმა მშვიდად მიუგო:

- განკითხვისთვის ხომ შეიძლება დაღუპულიყავი?! ყოველი ცოდვა ეპატიება ადამიანს, სულიწმინდის გმობის გარდა, მაგრამ განკითხვის სიმძიმეს მაინც განგაცდევინებს ღმერთი, რათა შევიგრძნოთ ეს გარემოება; შენ რომ განგიკითხო, შენზე დიდი რომ მეგონოს თავი, საძაგელი ვარ უფლის წინაშე; როცა თქვენთან ერთად ღვინოს ვსვამ, ღვინო კი არ არის მთავარი, არამედ სიყვარული!

თავის სიცოცხლედ იგი ერთგული მრევლის სიყვარულს მიიჩნევდა და ამბობდა: - მე ვიცოცხლებ, თუკი თქვენ ჩემთან მოხვალთ. რაც კი დედამიწაზე შევკარი, ცაში ამაქვს, - ხელს აღაპყრობდა და დაამატებდა, - ამათი სიყვარული ზეცაში მიმაქვს, შენთან, უფალო, "და შენ, უფალო, მიცი მე და გამოსცადე გული ჩემი წინაშე შენსა და შეკრიბენ იგინი, ვითარცა ცხოვარნი კვლადნი, უბიწო-ჰყვენ იგინი დღისათვის დაკვლისა მათისა" (იერემია 12,3).

ერთხელ მამა გაბრიელმა ხალხს მაცხოვრის ხატზე მიუთითა და იკითხა: - ვინ არის ამ ხატზე გამოსახული? იცით, ეს ვინ არისო? გაკვირვებით შეხედეს: - როგორ არ ვიცით, ქრისტეაო.

KARIBCHE


- ვინ არის ქრისტე? ღმერთია! ნეტავ გაიცნოთ ღმერთი, ნეტავ გაუგოთ ღმერთს, - თქვა აცრემლებულმა.

სხვა დროს კი თქვა: - მაცხოვარს არ უვლია ზანზალაკებით ხალიჩაზე, კარგად დაიხსომეთ ეს. დეკორაცია ღმერთს არ უყვარს. ქრისტე უბრალო კაცი იყო. ერთი პერანგი ეცვა, ღვთისმშობლის მოქსოვილი, რომ დაეხეოდა, ღვთისმშობელი გაუკერავდა. როცა მაცხოვარი პატარა იყო, თამაშობდა და თან დურგლობას სწავლობდა. "მამამისს" ეხმარებოდა. მინდოდა ქრისტესთვის მიმებაძა და ამიტომ დურგლობა შევისწავლე.

ერთი მორწმუნე იხსენებს: "ჯერ სახარებაც არ მქონდა ბოლომდე წაკითხული, როდესაც ღმერთისა და ადამიანების მტერმა მოისურვა, ეკლესიისთვის ჩამოვეშორებინე და სულიერად დავეღუპე. ერთხელ სიონში მივდიოდი, ტრანსპორტში ახალგაზრდა ქალის გვერდით აღმოვჩნდი, რომელსაც სახარება ეკავა და თავისთვის კითხულობდა. მორწმუნე მეგონა და გამოველაპარაკე (მაშინ არა გამეგებოდა რა სექტების შესახებ). მთელი გზა ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ ქრისტე ღმერთი არ იყო და ეკლესიაში სიარული არ იყო აუცილებელი. ბიბლიიდან მაგალითისთვის ისეთი ადგილები მოჰყავდა, რომელსაც ბოლომდე არ მაკითხებდა. ამას საღვთო წერილის წაკითხვის შემდეგ მივხვდი. ამ ლაპარაკმა საოცრად ცუდი გავლენა მოახდინა ჩემზე. თითქოს სული გამეხლიჩა. საოცარ დეპრესიაში ჩავვარდი. უხალისოდ მივედი სიონში ლოცვაზე. დაჩოქილმა თავი დავადე ქვის იატაკს, ვემშვიდობებოდი ტაძარს. თუ წინათ ლოცვაზე დასწრება მიხაროდა, ახლა ლოცვის ვერც ერთ სიტყვას ვეღარ ვისმენდი და მხოლოდ იმ სექტანტი ქალის სიტყვები მესმოდა: - იესო ქრისტე ღმერთი არ არის. ამდენ ხალხში ვიღაც უცნობმა ბერმა (მამა გაბრიელმა) თავზე ხელი დამადო, წამომაყენა და მითხრა: - იესო ქრისტე არ ირწმუნეს ღმერთად ებრაელებმა და იმიტომ წარწყმდნენ. ქრისტეა ჭეშმარიტი ღმერთი, გწამდეს ჩემი, - თან დააყოლა: - ახლა ხომ გაიგე? - და წავიდა. ამ ბედნიერი შემთხვევის შემდეგ თითქოს სულიერად ხელახლა ვიშვი, სიხარულით თითქოს ფრთებიც შემესხა და ლოცვაში ჩავერთე, ეს იყო მკვდრეთით აღდგომა. ამის მერე მამა გაბრიელი ჩემი უახლოესი მოძღვარი შეიქნა.

ეს ამბავი ჩემმა ახლობელმა, მცხეთელმა ეთერ მრევლიშვილმა მიამბო. ეთერს მამა გარდაეცვალა და წლისთავზე, დაპირებისაებრ, მამა გაბრიელთან მივიდა პანაშვიდის გადასახდელად. ტაძარში შეჰყევი და გააშლევინეო, - უთხრა მამა გაბრიელმა თავის მორჩილს, მამა ნიკოლოზს (მაქარაშვილი). ტაბლა გაშალეს ჯვარცმის წინ, რომელიც, ახლა რომ წმინდა ნიკოლოზის ხატია, იქ იყო დასვენებული. შემოვიდა მამა გაბრიელი და სუფრა გუმბათის ქვეშ გადაატანინა - აქ უფრო მეტი მადლი გადმოდისო. სუფრაზე ყველაფერი ჰქონდა ეთერს, მათ შორის ჭოპორტული წითელი პომიდორიც. უეცრად ტაძარში შემოდის მამა ნიკოლოზი და თეფშით შემოაქვს წვრილად დაჭრილი შემრეშილი პომიდორი - მამა გაბრიელმა გამოგიგზავნაო. გაოცდა ეთერი, მამამისს ხომ სწორედ ასეთი უყვარდა და უკბილობის გამო წვრილად ჭრიდა. თითქოს მამა გაუცოცხლდაო, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ... შეიმოსა მამა ნიკოლოზი. ამ დროს შემოდის მამა გაბრიელი და ალუმინის ჯამით შემოაქვს ცხელი, ქაფქაფა წვნიანი.Eეთერი მღელვარებისგან კინაღამ ჩაიკეცა... მამამისი ნაომარი კაცი იყო და იქ ისე შესჩვეოდა ალუმინის ჯამს, რომ შემდეგ ყოველთვის ჯამით ჭამდა საჭმელს, არ ერიდებოდა, თუნდაც საპატიო სტუმარი ჰყოლოდა. საჭმელი კი სწორედ ქაფქაფა უყვარდა. უცნაური სწორედ ის იყო, რომ მამამისის ალუმინის ჯამი მამა გაბრიელის შემოტანილს ჰგავდა. "მამაჩემი რომ გაცოცხლებულიყო, ალბათ ამ შემრეშილ პომიდორსა და ალუმინის ჯამში ჩასხმულ სუპს შეჭამდაო", - ამბობდა ეთერი. მოკლედ, მამა ნიკოლოზმა დაიწყო პანაშვიდის გადახდა, მამა გაბრიელი ყველა სიტყვას უკონტროლებდა. რაღაც მომენტში მამა გაბრიელმა საგალობელი გააძლიერა. მამა გაბრიელი აგალობდა და ამ დროს ჩვენმა წმინდა მამამ სიმაღლეში გაზრდა დაიწყო, გაიზარდა, საცაა გუმბათს აანგრევდა. უცქერდა ეთერი და ეგონა, ეჩვენებოდა, თურმე სხვებიც იმავეს ხედავდნენ. მერე ბერი შეჩერდა, გალობა შეწყვიტა და თავის სიმაღლეს დაუბრუნდა. მამა ნიკოლოზი მთლად მოიკუნტა. "რაო, ნიკოლოზ, ხომ არ გეწყინა, ხელი ხომ არ შეგიშალე?" - ჰკითხა გაბრიელ ბერმა. "არა, მამაო, პირიქით", - უთხრა მორჩილმა. ასე დამთავრდა ეთერ მრევლიშვილის მამის პანაშვიდი.

მონაზონი დედა პარასკევა იხსენებს: - კელიაში კურთხევის გარეშე შესვლის უფლება მქონდა. ერთ დღეს, როცა მასთან შევედი, დავინახე, მამა გაბრიელი ლოცულობდა და მთელი წყრთის სიმაღლეზე აზიდულიყო ჰაერში. ნეტავ, თუ იცის-მეთქი, გავიფიქრე. ცოტა ხნის შემდეგ თვალცრემლიანმა მამა გაბრიელმა მითხრა: - მე რა შუაში ვარ, უფალმა მოიღო წყალობაო.

ძლიერ განიცდიდა ღვთის ამ წყალობას და ცხარე ცრემლით ტიროდა.

სამთავროს მონასტერში მამა გაბრიელთან სტუმრად ბრძანდებოდა ფსკოვის მღვიმევის მონასტრის მოძღვარი, მამა ვასილი (შვეცი), სულიერი შვილი წმინდა სერაფიმე ვირიცელისა, თვითონაც დიდი სულიერი ბერი, სიყვარულითა და თავმდაბლობით გამორჩეული.

როდესაც მამა ვასილმა გაბრიელ ბერთან გადაღებულ სურათს დახედა, ღიმილით თქვა: - მაჯობე, გაბრიელ. ამ სურათზე ისე ჩანს, თითქოს მე წმინდანი ვიყო და შენ - ცოდვილიო.

ლენინის სურათის დაწვის გამო გაბრიელ ბერი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. იქიდან გამოსული - პირდაპირ სიონის ტაძარში მივიდა. ცოცხალი რომ დაინახეს, ყველა გაოცდა. ღვთის სამადლობლად მამა გაბრიელი თავისი ყრმობის საყვარელ საყდარში - წმინდა ბარბარეს ეკლესიაში მივიდა. იქ ეძიებდა შვებას, ხატებისა და ტაძრის დაწმენდა-დასუფთავებით ცდილობდა მიევიწყებინა განცდილი ტანჯვა. მალე მძიმე ფიქრებით მოქანცული მოეშვა და იქვე, ქვის ფილაქანზე, კუთხეში ჩამოჯდა, თვალები მიხუჭა. თავის ტკივილებთან მარტო დარჩა. უცებ ხმა ჩაესმა:

- გძინავს, გაბრიელ, დაიღალე?.. მე ვტირი შენთვის!

გაბრიელ ბერის მოგონებიდან: "სასწრაფოდ გავახილე თვალი, მაგრამ ვერავინ დავინახე. მცირე ხნის სიფხიზლის შემდეგ ისევ წამიღო ძილმა. კვლავ განმეორდა ხმა:

"გძინავს, გაბრიელ, დაიღალე?.. მე ვტირი შენთვის!"

შევკრთდი. წამოვდექი. ჩემს წინ ჯვარცმა იდგა. მივხვდი, მისგან მოდიოდა თანამგრძნობი ხმა. მივედი. ორივე ხელით მივენდე. ხელები მთლიანად იესოს პატიოსანი ცრემლით დამენამა".
ბეჭდვა
1კ1