ეს ჩემი ჯვარი იყო, რომელიც უნდა მეტვირთა და გოლგოთამდე მიმეტანა
ეს ჩემი ჯვარი იყო, რომელიც უნდა მეტვირთა და გოლგოთამდე მიმეტანა
მამა გაბრიელის ბავშვობა
ჩვენი საყვარელი მამა გაბრიელი (ურგებაძე) 1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა თბილისში. მამამისი ვასილი წარმოშობით კაკაბეთიდან იყო. იმ დროს ვასილი ნავთლუღის სოფლის საბჭოს თავმჯდომარე იყო და იქაური სალოცავი დაუნგრევია, ბევრი შეძლებული გლეხი გაუკულაკებია. 1931 წელს ვასილი დუქანში შეიტყუეს და წამებით მოკლეს. პატარა გოდერძი (ასე ერქვა მამა გაბრიელს ერისკაცობაში) მაშინ ორი წლისა თუ იქნებოდა, მამის პატივისცემის ნიშნად ყველა ვასიკოს ეძახდა. "მამის დანგრეული შვილმა უნდა ააშენოსო", - იტყოდა. ერთი ციცქნა იყო, კენჭებით ლამაზ სახლებს რომ აგებდა. "ეკლესია ავაშენეო", - იტყოდა. შიგ ჩასმულ თოჯინებს ანგელოზთა და წმიდანთა ხატებს ეძახდა და ასანთის ღერებით "სანთლებს" უნთებდა. საოცარი გული ჰქონდა. ისეთი სათაგური გააკეთა, რომელიც თაგვებს მხოლოდ იჭერდა, მერე კი უშვებდა. ძმა გახუმრებია: მაგ თაგვისთვის, თავდებით რომ გაუშვი, წითელი ძაფი უნდა შეგება, შემდეგაც რომ იცნოო.

მომავალ ღვთისმსახურს ხშირად სიზმარში ეცხადებოდა დემონი, რომელიც მოკვლას უპირებდა. ბიჭი უდრეკად შეჰყურებდა სატანის მსახურს. "რას მიყურებო", - დაუღრიალია ეშმას და თავში ჩაუკრავს მისთვის. ენაჩავარდნილი შვილი დედას უნახავს. ბიჭი მხოლოდ ღვთის მადლით მოსულა გონს. მამა გაბრიელი ამბობდა: ადამიანის სილამაზე მაშინ დავაფასე, დემონი რომ ვნახეო. სხვა ხილვაც ჰქონია. "ბავშვობაში თივაზე ვიძინებდი. ერთ დილას თითქოს ვიღაცამ მიკარნახა და ცას ავხედე. მოწმენდილი იყო. დავინახე ჯვარი, რომელიც მთელ ზეცას სერავდა. მაშინ ძალიან გამიკვირდა, შემდგომში კი მივხვდი, რომ ეს ჩემი ჯვარი იყო, რომელიც უნდა მეტვირთა და გოლგოთამდე მიმეტანა". ერთხელ გაბრაზებულ მეზობელს მეორისთვის უთქვამს: რა ქრისტესავით ჯვარს მაცვიო. იქვე მდგარ გოდერძის უკითხავს, - ქრისტე ვინ არის და ან ჯვარს რისთვის აცვესო. მას უთქვამს, არაფრი ვიცი, ისე წამომცდაო. ეკლესიაში წადი, იქ ნახავ ჯვარცმულ ქრისტეს და იქ გეტყვიან ყველაფერსო. წასულა გოდერძი ეკლესიაში, მოფერებია ჯვარცმულ ქრისტეს, ასე რისთვის გაწამესო. მისი ცრემლიანი თვალებით გაოცებულ დარაჯს უთქვამს, - მაგ ჯვარცმის შესახებ ყველაფერი ქრისტეს ისტორიის წიგნში წერიაო. ბიჭს ფული შეუგროვებია - შვიდი თუმანი, მთელი ნავთლუღის ბაზარი მოუვლია, მაგრამ წიგნი არავის ჰქონია, ანდა ვის ექნებოდა იმ დროში. დაღონებული უკან ბრუნდებოდა, რომ თეთრწვერა, თეთროსან კაცს შეხვედრია, მას ჰქონია "ქრისტეს ცხოვრების წიგნი", რომელიც შვიდ თუმნად მიუცია. გახარებულმა გოდერძიმ წიგნი ჩაიხუტა თურმე და წამოვიდა. მაგრამ მერე წიგნის სათაური ნახა, "სახარება" ეწერა. მე ქრისტეს ცხოვრების წიგნი მინდოდა, მან კი "სახარება" მომცა. ხომ არ მომატყუაო. მიბრუნდა და ვერც ის კაცი ნახა და ვერც იმ კაცის მნახველი.

"სახარებამ" საოცარი ძალა მისცა პატარა ვასიკოს. ერთხელ მეზობელს წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში მოფუსფუსე უნახავს - ეკლესიას ასუფთავებდა ნანგრევებისაგან. "შენ პატარა და სუსტი ხარ, ამ ლოდებს როგორ გადააგორებ, როცა მეც კი გამიჭირდება, ამ უბნის ფალავანსო", - უთქვამს მეზობელს და ლოდისთვის ძვრა ვერ უქნია. ვასიკოს უთქვამს, - მოდი, გაჩვენო, ქრისტეს რა შეუძლიაო. გადაუსახავსა ლოდისთვის ჯვარი და მსუბუქად მოუსვრია გვერდზე. კაცს გაკვირვებულს უთქვამს: "მადლობა ღმერთს, რომ ეს სასწაული მანახა, ქრისტეს კიდევ ჰყოლია ამ მიწაზე გამორჩეული ხალხიო".

KARIBCHE


მშობლებს ვერ გაეგოთ ბავშვის ამგვარი სწრაფვა სარწმუნოებისკენ, ვასიკო მალულად კითხულოდა "სახარებას". ერთხელ დედამ წაასწრო, "სახარება" გამოგლიჯა და ტუალეტში ჩააგდო. ვასიკომ ამოიღო შეგინებული წიგნი, გაწმინდა და მტკიცედ გადაწყვიტა: "არა ჩემი გულისათვის დაიგმოს უფლის სახელი და სიტყვა!" - მან სახლი მიატოვა. "დედის ეს საქციელი საცხოვნებლად გამომადგა. შინიდან რომ წამოვედი, ისეთი სიმტკიცე მომეცა ღვთისგან, ერეკლე მეფის ზარბაზანი რომ მომხვდეს, იქით გავისვრი", - უთქვამს სულიერი შვილისთვის. ოჯახიდან გამოქცეულ ვასიკოს ხშირად მშიერ-მწყურვალს, ცივ ქვაზე წამოწოლილს, სასაფლაოზე ან რომელიმე დაკეტილი ეკლესიის ეზოში გაუთენებია: "ხუთი პატრიარქი გამოვიცვალე, ოცდახუთი წელი სასაფლაოზე მეძინა, თხუთმეტი წელი კი მათხოვრობაში განვვლე. ზამთარში ერთი გვერდი რომ გამეყინებოდა სიცივისაგან, მეორეზე გადავბრუნდებოდი, რადგან ქვა უფრო თბილი იყო. სასაფლაოზე ყოფნისას უფალმა შიში ამხადა, შვილო", - ამბობდა. მონასტერში ყოფნას მოწყურებულ ყმაწვილს გულმა სამთავროს მონასტრისკენ გაუწია. იღუმენია ნინომ (ციციშვილი) გაათბო, დააპურა, მაგრამ მისი მონასტერში დატოვება ვერ გაბედა - ლამაზი ხარ, შვილოო, - გახუმრებია. მონასტრიდან გასულს იქვე მიუძინია, თავქვეშ აბგა ამოუდია. დილით აბგის ქვეშ უზარმაზარი გველი უნახავს. ყმაწვილი არ შემკრთალა, პირჯვარი გამოუსახავს და გველიც მაშინვე გასრიალებულა.

სვეტიცხოველშიც მისულა. შემოდგომის პირი იყო და საშინლად ციოდა. სიბნელეში ხმა ვერ მიაწვდინა, კარები რომ გაეღოთ. იქვე წამოწვა. გათოშილს არ ეძინებოდა. უეცრად საიდანღაც ძაღლები გამოჩნდნენ, მიუჩოჩდნენ, გაათბეს და ჩაეძინა. დილით ძახილმა გააღვიძა: "პართენ, პართენ, მოდი აქ, რა გაჩვენო, მე და შენ როგორ ვცხონდებით, ჩვენ ბუმბულებში გვეძინა, ხოლო პატარა ბავშვს ქვაზე სძინებია", - შეშფოთებულ წინამძღვარს შიგნით შეუყვანია, შეუქია ეკლესიის სიყვარულისთვის თავდადება. სამი დღის მერე შიომღვიმეში გაუსტუმრებია, რადგან მეტი ხნით მონასტერში დატოვების უფლება არ ჰქონდა. შიომღვიმეში მიმავალს გზაში დაუღამდა. მგლების ყმუილი რომ გაიგონა, ხეზე ავიდა და იქ გაათენა. "დიდი კი არ ვიყავი, თერთმეტი წლისა ვიქნებოდი". შიომღვიმიდან ზედაზენზე წავიდა, იქ ბერებმა სამი დღის მერე ტყეში ჰამაკი დაუწნეს ლიანებისგან და ცხოვრობდა ტყეში, მონასტრის გვერდით, მარტოდმარტო.

შემდეგ გულმა ბეთანიისკენ გაუწია. გზაში შემოაღამდა, დაიღალა. უცებ მგლების ყმუილი მოესმა. იფიქრა, ამაღამ აქ თუ დავრჩი, მგლები შემჭამენო. ცოტა შეისვენა და რას ხედავს, მისკენ ძაღლები მორბიან. მის გარშემო ცოტა მოშორებით წამოწვნენ და ღამე ისე გაათენა, დილით კი გზას დაადგა.

KARIBCHEერთ ზამთარს დიდი ყინვები დაიჭირა. ერთ დღეს ეკლესიის ცივ კედელთან მიწოლილი ერთმა ქალმა დაინახა, შეეცოდა და შინ წაიყვანა - შენი ტოლი შვილი მყავს და ერთად იქნებითო. მარგო, - ასე ერქვა იმ ქალს, - მკითხაობით ირჩენდა თავს. ბევრი ხალხი მოსდიოდა. ვასიკომ მარგოს სალოცავი კუთხე მოუწყო, ხატების მნიშვნელობა აუხსნა. ერთხელ მარგო ავად გახდა და დარდობდა, ამდენი ხალხი მოვიდა და როგორ მივიღებო. "ნუ გეშინია, შენ მაგივრად მე მივიღებო", - დაამშვიდა ვასიკომ. დაჯდა ხატებთან, ყველა მოსულს სარწმუნოებაზე, ღვთიურ სიკეთესა და სიყვარულზე ესაუბრებოდა. ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე. ღვთისგან ისეთი მადლი მომეცა, რომ შევხედავდი თუ არა ადამიანს, მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი, ზოგს სახელითაც მივმართავდი, განსაცდელს ვაუწყებდი და ბოროტებისგან თავის დაცვას ვასწავლიდი. ეკლესიის მნიშვნელობას ვუხსნიდი, სარწმუნოებრივი ცხოვრების სიკეთეს ვაზიარებდი", - ჰყვებოდა მამა გაბრიელი. უამრავ ფულს აძლევდნენ და მას მარგოს უტოვებდა. ის ზამთარი მარგო მკითხავთან გაატარა. მარგო აღარ მკითხაობდა, ვასიკოს კი საშუალება მიეცა, ქრისტე ექადაგა.

მარგოსაგან წამოსულმა სცადა, რომელიმე ეკლესიაში ეცხოვრა მონასტრული წესით, მაგრამ იმდროინდელი მდგომარეობის გამო ვერ შეძლო. შინ დაბრუნდა. ახლობლებს უკვე აღარ დაუშლიათ მისთვის ღვთისადმი ლტოლვა. "მე ღვთის მონა ვარო", - იტყოდა. ხშირად უნახავთ ლოცვისას სახეგაბრწყინვებული.

ხანდახან მონასტერში წასვლის სურვილი მძაფრად მოეძალებოდა. ერთხელ, უკვე მოზრდილმა, მარტყოფის ღვთაების მონასტერში წასვლა მოინდომა. გზა გაუგრძელდა, სამი დღე მიდიოდა, არაფერი ეჭამა. ვენახები ახალი დაკრეფილი იყო, იქიდან კუფხალის მოწყვეტა ქურდობად არ ჩამეთვალოსო, შეეშინდა. ინატრა პური და ყველი. უცებ შუა ვენახიდან ბერულად შემოსილმა ორმა კაცმა ხელი დაუქნია. მივიდა, მათ სუფრაზე მიიწვიეს, პურით, ყველით და ცოტა წითელი ღვინით გაუმასპინძლდნენ. მერე კი გზას დაადგა. გაიფიქრა, ბერულად შემოსილ ხალხს ვენახში რა უნდაო. მოიხედა და იქ აღარავინ იყო. მონასტერში აითალა ბერს (ძამაშვილი) უამბო ყველაფერი. მან უთხრა: - შვილო, ანტონ მარტყოფელი და იოანე ზედაზნელი გამოგცხადებიანო.

ასეთი საოცარი და სასწაულებით იყო აღსავსე გაბრიელ ბერის ბავშვობა.
ბეჭდვა
1კ1