მთელი ცხოვრება გაურბოდა სახელსა და დიდებას
მთელი ცხოვრება გაურბოდა სახელსა და დიდებას
წმინდა მღვდელმთავარი დიონისე ზეკინთელი
ზოგი კაცი პატივის მოსახვეჭად იბრძვის. წმინდა მღვდელმთავარი დიონისე კი მთელი ცხოვრება გაურბოდა სახელსა და დიდებას. მშობლების გარდაცვალების შემდეგ, 21 წლისამ თავისი წილი ქონება უმცროს ძმასა და დას დაუტოვა და მონასტერში წავიდა. იგი მოშურნედ მარხულობდა, ლოცულობდა, სწავლობდა. მალე სახელი გაუვარდა როგორც კარგ, გულისხმიერ ხელმძღვანელს, ზეკინთისა და კეთალონიის ეპისკოპოსმა მას მღვდლად ხელი დაასხა და ერთ-ერთ მონასტერში იღუმენობა შესთავაზა. 1576 წელს მამა დანიელმა (ასე ერქვა ბერობაში) წმინდა მიწის მოლოცვა გადაწყვიტა, გზად ათენის მთავარეპისკოპოსთან შეიარა კურთხევისათვის. მან კი ეპისკოპოსად დაასხა ხელი და კუნძულ ეგინის სამწყსო ჩააბარა. ახალი ეპისკოპოსი თავს არ ზოგავდა სამწყსოსთვის. გლახაკები, ვაჭრები, სასულიერო პირნი, მდიდრები მისგან იღებდნენ რჩევას. სწორედ ეგინაში გამოიჩინა ნიჭი დაფარულმცოდნეობისა. მისი სათნოებები და ნიჭები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მთავარეპისკოპოსის და თვით კონსტანტინოპოლის პატრიარქის კანდიდატურადაც კი ეგულებოდათ. მაგრამ ორი წლის მერე დაუტევა მღვდელმთავრობა, რადგან თვლიდა, რომ საქებარი სიტყვები მას ამპარტავნებაში ჩააგდებდა, დაბრუნდა ზეკინთეში და მონასტრის იღუმენობა ჩაიბარა. სწორედ ამ დროს მიაწერენ მის თავს მომხდარ ერთ შემთხვევას.

კუნძულზე საშინელი ომი ატყდა ორ გვარს - მონდინოსებსა და სეგურისებს შორის. ეპისკოპოსმა მათი შერიგება ვერ შეძლო. მოხდა მკვლელობა, გამოცხადდა ვენდეტა. მალე კონფლიქტში მთელი კუნძული ჩაება. უფრო მეტი ძალადობა ხდებოდა. მოკლეს კონსტანტინე სეგურისი (ძმა წმინდა დიონისესი), მკვლელს მისი მომხრეები ფეხდაფეხ მისდევდნენ. მკვლელმა თავი მონასტერს შეაფარა, სადაც იღუმენი მოკლულის ძმა იყო. იღუმენის კითხვაზე, რა მოხდაო, მკვლელმა კონსტანტინეს მკვლელობა აღიარა და დამალვა შესთხოვა. გული შეემუსრა წმინდა დიონისეს, ესღა უთხრა, - რა დაგიშავა იმ კეთილშობილმა კაცმა, ასე უსამართლოდ რომ მოექეციო, მერე მკვლელი დააპურა და დამალა. ერთი გადმოცემით, აღსარების საიდუმლოში თვითონვე მიუტევა თავისი ძმის მკვლელს. მერე კი წაიყვანა, ჩასვა ხომალდში, საგზალი და ფული მისცა და გაისტუმრა. მკვლელმა მხოლოდ შემდგომში შეიტყო, ვის სტუმრობდა.

1582 წელს წმინდა დიონისე ზეკინთის ქორეპისკოპოსად დანიშნეს. წმინდა დიონისე სხვადასხვა საეკლესიო წესს ასრულებდა, რაშიც ფულს არ იღებდა. ამან ბევრი უკმაყოფილო დატოვა, წმინდა დიონისეს ცილი დასწამეს და 34 წლისა უბრალო სოფლის მღვდლად ჩამოაქვეითეს. მაგრამ მისმა სულმა, რომელმაც სიმდაბლის სათნოებები მოიპოვა, უხვად გამოიღო სულიერი ნაყოფნი. მას, როგორც წმინდანს, პატივს მიაგებენ საბერძნეთში, ხოლო იმ დროის მღვდელმთავართა სახელები დიდი ხანია დავიწყებულია. წმინდა დიონისე 1622 წელს გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. მისი სურვილით, იგი კუნძულ სტროკადესზე დაკრძალეს. სამი წლის შემდეგ მისი საფლავი რომ გათხარეს, მღვდელმთავრის სხეული უხრწნელი დახვდათ და კეთილსურნელებას გამოსცემდა. შემდეგ უკვე ტახტზე მჯდარი მოათავსეს ლუსკუმაში.

1716 წელს თურქები შეიჭრნენ კუნძულზე, რომელიც მაშინ ვენეციელებს ეკუთვნოდა. გაძარცვეს მონასტერი, წმინდანს ხელის თითები მოაჭრეს, მათმა მეთაურმა წმინდანის ცხედარი თან წაიღო და ქიოსის ეპისკოპოსს მიჰყიდა. სხვადასხვა მოვლენის შემდეგ წმინდა დიონისეს სხეული ზეკინთეში გადაასვენეს და წელიწადში ორჯერ ზეიმობენ მის ხსენებას, რადგან თვლიან, რომ იგი ზეკინთეს მფარველია.

ახლა კი წმინდა დიონისეს მოხდენილ სასწაულებს გაგაცნობთ.

უშვილო წყვილი. 10 წლის უშვილო ცოლ-ქმარი მხურვალედ ევედრებოდა წმინდა დიონისეს. დაჰპირდნენ, თუ ბავშვი შეგვეძინება, ზეკინთეში მოვნათლავთო. გავიდა მცირე ხანი, მღვდელმთავარი გამოეცხადა მომავალ დედას - მალე ბავშვს გააჩენო. მართლაც, ქალმა ცხრა თვის შემდეგ ჯანმრთელი ბიჭი გააჩინა. როცა ბავშვს ხუთი წელი შეუსრულდა, ოჯახი აღთქმისაებრ ზეკინთეში გაემგზავრა. გზაში ბავშვი ავად გახდა და მოკვდა. გემი კუნძულიდან სამი მილით იყო დაშორებული. ნაპირზე გადასულმა უნუგეშო მშობლებმა ყრმა წმინდანის ლუსკუმის წინ დააწვინეს, თვითონ კი მუხლებზე დაემხნენ. უეცრად ბავშვი ატირდა! გახარებულმა მშობლებმა ბავშვი მონათლეს. ყმაწვილი ყოველ წელს, წმინდა დიონისეს ხსენებისას, სწირავს მადლობას მას თავისი საოცარი მკვდრეთით აღდგომისათვის.

ავადმყოფი გოგონა. 1841 წლის 17 დეკემბერს, წმინდა დიონისეს დღესასწაულზე, სპარტელმა ევსტატი იასტრიდისმა, რომელიც ზეკინთეში ცხოვრობდა, თავისი პატარა გოგონა ეკატერინე საბანში გაახვია და გზის პირას გაიყვანა, სადაც უნდა ჩამოევლო პროცესიას, რომელსაც წინ წმინდა დიონისეს წმინდა ნაწილები მოუძღოდა. გოგონა უეცრად დაბრმავდა და მძიმე სნეულებით სიკვდილის პირას იყო მისული. მამამ შვილი გზის პირას დააწვინა, მუხლებზე დაემხო და მხურვალედ ევედრებოდა წმინდა დიონისეს. პროცესიამ რომ ჩაიარა, იმ მომენტში გოგონას მხედველობა დაუბრუნდა და სრულიად განიკურნა.

ინგლისური ხომალდი. ერთხელ კუნძულ ზეკინთის სიახლოვეს ღუზა ჩაუშვა ინგლისურმა ხომალდმა, რომელმაც მანამდე შტორმის გამო ნავმისადგომთან მიახლოება ვერ შეძლო. ზღვა მთელი ღამე ბობოქრობდა, დილით ხომალდი საფრთხეში ჩავარდა. კაპიტანმა დაინახა, - ბერძენი ოფიცერი გემბანზე მუხლებზე დამხობილი ლოცულობდა. კაპიტანმა ჰკითხა, - ვის ევედრებიო. მღვდელმთავარ დიონისესო და მისდამი ლოცვების პასუხად მოხდენილ სასწაულებზე მოუყვა. ინგლისელმა კაპიტანმა სთხოვა, ლოცვაში მეც შემოგიერთდებიო. ერთად დაიწყეს ხომალდის გადარჩენისთვის ლოცვა. ქარი დაცხრა, ზღვა დაშოშმინდა, კაპიტანმა გემი ნაპირთან მიიყვანა, ეამბორა წმინდა დიონისეს ნაწილებს და გადარჩენისთვის სამადლობლად ვერცხლის კანდელი შესწირა.

მეზღვაურები. სამი ადგილობრივი მეთევზე შტორმის დროს ზეკინთის ნაპირის სიახლოვეს მოხვდა. მათ შეწევნისთვის წმინდა დიონისეს მოუხმეს. უეცრად დაინახეს, რომ წმინდა დიონისე აბობოქრებულ ზღვაზე მოდიოდა, რომელიც მის მოახლოებასთან ერთად მშვიდდებოდა. მან ნავი ნაპირთან გაიყვანა. მეთევზეები მისი წმინდა ნაწილების თაყვანისსაცემად გაიქცნენ. მღვდელი ამ მომენტში ტაძარში არ იყო, რომ მათთვის ლუსკუმა გაეღო. მეთევზეებმა ლუსკუმის წინ მუხლი მოიდრიკეს. უეცრად ჭრაჭუნი გაიგონეს და დაინახეს, რომ ლუსკუმა თავისით გაიღო, წმინდა ნაწილებს ეამბორნენ და ლუსკუმა თავისით დაიხურა. ამ მოვლენის მოწმე მეთევზეები და ტაძარში მყოფი ხალხი იყო.

ბრმა მეწაღე. ძალზე ღვთისმოშიშმა მეწაღემ პანაიოტის კალანცოპულოსმა მხედველობა დაკარგა. მხურვალედ ევედრებოდა მღვდელმთავარ დიონისეს. და აი, 14 დეკემბერს, თავის დღესასწაულამდე სამი დღით ადრე, წმინდანი მას ძილში გამოეცხადდა: "შვილო, გამაგრდი, სამი დღის მერე განიკურნები". სამი დღის მერე, როცა წმინდა დიონისეს ნაწილები პანაიოტისის სახლის წინ ჩაატარეს, იგი სრულიად განიკურნა.

ხანძარი ეკლესიაში. 1849 წელს იმ ტაძრის მოლარემ, სადაც წმინდა დიონისეს ნაწილები განისვენებდა, ძილში ერთ ღამეს სამჯერ ნახა წმინდა დიონისე, მაგრამ ძილიდან ვერ გამოერკვა. მეოთხედაც დაესიზმრა იგივე სიზმარი. იგრძნო, რომ წმინდანი თითქოს ექაჩება და ეუბნება: "ადექი!" გაიღვიძა და ტაძარში შევიდა. კანდელებიდან ცეცხლი გლახაკთა სამოწყალო ხის ყუთს გადასდებოდა.

ხეიბარი. ინვალიდმა იოანის მოფარდიოსმა, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის გადადგმა შეეძლო და ყავარჯნებს ეყრდნობოდა, ერთხელ, ზამთარში, წმინდა დიონისეს დღესასწაულზე, აიძულა საკუთარი თავი, შინიდან, ზეკინთეს გარეუბნიდან, ქალაქის საპორტო ტაძრამდე მისულიყო. ამ ადრე მისთვის დაუჯერებელი ღვაწლით დაუძლურებულმა, სთხოვა ძმებს, ნება მიეცათ, ღამე ტაძარში დარჩენილიყო, ბერები დათანხმდნენ. მთელი ღამე უძილოდ გაატარა. დილით კაკუნი მოესმა ტაძრის კარზე. მონაზვნები მოსულიყვნენ ლოცვაზე. მაგრამ ის დაღლილი იყო და კარებამდე მისვლაც არ შეეძლო. უეცრად წმინდა დიონისეს ლუსკუმიდან ხმა მოესმა: "ადექი და გაუღე". მან დიდი ვაი-ვაგლახით მიაღწია კარებამდე, გააღო და სახლში წავიდა. თავისდა გასაკვირად, რაც უფრო სწრაფად მიდიოდა, მით უფრო უადვილდებოდა სიარული, რამდენიმე დღის მერე ის სრულიად განიკურნა.

იღუმენის ეჭვი. მამა დანიელს, ერთ-ერთ იღუმენთაგანს იმ მონასტრისა, რომელშიც ინახებოდა წმინდა დიონისეს წმინდა ნაწილები, დიდხანს ეეჭვებოდა მეუფე დიონისეს სიწმინდე. იგი კარგი, კეთილსინდისიერი მღვდელი იყო და გულმოდგინედ ლოცულობდა და უფალმა განუცხადა, რომ მეუფე დიონისე მართლა სამოთხეში იმყოფებოდა. ცოტა ხნის მერე დაესიზმრა, რომ ის ღვთისმსახურს აკურთხებდა, ზარი დაერეკა და ყველა ცისკრის ლოცვაზე მოეხმო. ამ დროს გამოეღვიძა და ჩათვალა, რომ ცხადში აკურთხა ღვთისმსახურების დასაწყებად, წამოდგა და ტაძრისკენ გაემართა. გააღო კარები. ტაძრის ცენტრში მღვდელმთავარი დიონისე იდგა, რომელიც ღვთისმსახურებისთვის სამღვდელმთავრო სამოსით იყო შემოსილი. მღვდელმთავარი ხელებით ორ დიაკვანს ეყრდნობოდა, რომლებიც მას მოსავდნენ. მღვდელმთავრის გვერდით ორი თეთრსამოსიანი მღვდელი იდგა. ერთი მათგანი მოუბრუნდა იღუმენს და ჰკითხა: "კიდევ ეჭვობ, თუ უკვე დარწმუნდი?" ღრმად შეძრული იღუმენი ტაძრიდან გამოვიდა, მაგრამ თავის გრძობებს არ დაუჯერა და ჩუმად უკან შებრუნდა იმის სანახავად, იყო თუ არა იქ კიდევ მღვდელმთავარი დიონისე. მღვდლები და დიაკვნები იქ აღარ იყვნენ, მაგრამ იღუმენმა ცხადად დაინახა, რომ მღვდელმთავარი დიონისე უკან, თავის ლუსკუმაში ჩადიოდა. იღუმენი კეთილმოკრძალებულმა შიშმა შეიპყრო. გააღვიძა ძმები და ყველაფერი უამბო. მას მერე იგი მხურვალედ ქადაგებდა წმინდა მღვდელმთავარ დიონისეს სიწმინდესა და სასწაულებზე.

წმინდა დიონისე ზეკინთელის ხსენება იდღესასწაულება 17 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 24 აგვისტოს, მის ნაწილთა ზეკინთეში გადასვენების დღეს.
ბეჭდვა
1კ1