"წიწამურთან რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დასრულდა დიდი"
"წიწამურთან რომ მოკლეს ილია, მაშინ ეპოქა დასრულდა დიდი"
საზარელი ამბავი ილია ჭავჭავაძის მკვლელობის შესახებ თბილისში 30 აგვისტოს, საღამოს 6 საათზე მოვიდა, - იუწყება "ისრის" რედაქცია, - და თავზარი დასცა მთელ ერს. ეს მოხდა 1907 წელს.

საყვარელ მეუღლესთან, ოლღასთან ერთად საგურამოსკენ მიმავალ წმინდა ილია მართალს თავს დაესხნენ წიწამურთან, გაუგმირეს გული, იქვე დააგდეს მისი გვამი და ტყეს შეაფარეს თავი. მოკლეს საქართველოს უგვირგვინო მეფე. "ადამიანი,- როგორც მისი მეგობრები წერდნენ, - რომელმაც თავისი გული ჩონგურად აქცია და რომელიც ამ ჩონგურის სიმებს საქართველოსთვის აჟღერებდა ტკბილად და ძლიერად, ადამიანი, რომელმაც თავისი თავი, უმაღლეს გონების ჭურჭელი, ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამუშავა საქართველოს ერის გულისთვის, ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი სულის სიმტკიცე და ძალა შესწირა ჩვენის დაბეჩავებულ ცხოვრების აღდგენას, გამშვენიერებასა და განსპეტაკებას, ეს ადამიანი წარიტაცა დღეს ვიღაცის მურტალმა ხელმა!"

მას შემდეგ ერთი საუკუნე გავიდა და ჩვენ დღესაც ვეძებთ პასუხს კითხვაზე: ვინ მოკლა ილია? ერთი რამ ცხადია - ქართველს არ მოუკლავს სამშობლოს მოამაგე მამულიშვილი; ქართველი ერი მწარე ცრემლებით მოთქვამდა ილიას სიკვდილის გამო. საქართველოს ყველა კუთხიდან უწყვეტ ნაკადად მოედინებოდნენ თვალცრემლიანი, თავზარდაცემული ქართველები და უკანასკნელი განსასვენებლისკენ მიაცილებდნენ მშობელი ხალხის დიდ მოჭირნახულეს.

ილია საქართველოს მტრებმა მოკლეს. ეგონათ, სამუდამოდ გააციებდნენ ღვთაებრივი ცეცხლით ანთებულ გულს და ივერიას სამარადჟამოდ ჩაუქრობდნენ მანათობელ შუქურას, რომელიც იყო წინამძღოლი მთელი ერისა. აი, რას ბრძანებს უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე წმინდა ილია მართლის შესახებ: "არიან ადამიანები, რომლებიც ყოველივეს ხალხის სამსახურს სწირავენ, სამაგიეროდ კი არაფერს ითხოვენ. ასეთი ადამიანები მზეს ჰგვანან. მზე ისე გვათბობს და გვინათებს, რომ სამაგიეროდ ჩვენგან არაფერს ელოდება. ასეთ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება წმინდა ილია მართალი. სამწუხაროდ, ჩვენსავე ქვეყანაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც ვერ ეგუებოდნენ იმ ნათელსა და სითბოს, რომელსაც წმინდა ილია მართალი ასხივებდა. ვერ ეგუებოდნენ იმიტომ, რომ სიბნელეში ყოფნა ერჩივნათ, რადგან სიბნელე იყო მათი სამყარო. მათ მოინდომეს, სამუდამოდ ჩაექროთ ეს ნათელი, მაგრამ ამაოდ. წმინდა ილია მართლის სიცოცხლის ხელყოფით მათ ეს ნათელი არათუ ვერ მოსპეს, არამედ, პირიქით, სამარადისოდ გააძლიერეს, რადგან სულიერი სითბო, რომელიც ჭეშმარიტი სიყვარულისგან მომდინარეობს, არასოდეს იშრიტება და ისეთივე მარადიულია, როგორიც მისი წყარო - სიყვარული".

უდიდესი წყალობა იყო ღვთისა, რომ ძნელბედობის ჟამს, როდესაც თავისუფლებადაკარგულ ჩვენს ერს სულიერად ყველაზე ძალიან უჭირდა, ყოვლადსახიერმა უფალმა ჭეშმარიტი რწმენითა და სიყვარულით აღვსილი წმინდა ილია მართალი მოუვლინა წინამძღოლად. ქართველმა ხალხმა გულისფიცარზე ამოიკვეთა წმინდა ილია მართლის ანდერძი, რომ გავუფრთხილდეთ ჩვენს უძვირფასეს საუნჯეს: ენას, მამულსა და სარწმუნოებას.

მადლიერმა შთამომავლობამ ილია ჭავჭავაძე ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, რომელიც საქართველოსთვის გასწია, წმინდანად შერაცხა. მისი მამობრივი მეოხებით, ინებოს უფალმა სრულიად საქართველოს გაერთიანება და გამთლიანება!
ბეჭდვა
1კ1