წმინდა მოწამისა და მკურნალის წმინდა ნაწილები მთელ საქრისტიანოშია განფენილი და მორწმუნეები დღესაც იღებენ კურნებას
წმინდა მოწამისა და მკურნალის წმინდა ნაწილები მთელ საქრისტიანოშია განფენილი და მორწმუნეები დღესაც იღებენ კურნებას
საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესია წმინდა მოწამის, უვერცხლოდ მკურნალი პანტელეიმონის ხსენებას 9 აგვისტოს აღნიშნავს. ეს არის დღე წმინდა მკურნალის მოწამებრივი აღსასრულისა.

მამით წარმართი, ხოლო დედით ქრისტიანი დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა ქალაქ ნიკომიდიაში, საბერძნეთში. დედის გარდაცვალების შემდეგ მამამ ბავშვობიდანვე ჩაუნერგა წმინდანს წარმართული სარწმუნოების ერთგულება. შემდეგ კი სამკურნალო ხელოვნებაში დასაოსტატებლად მკურნალთა მთავარს მიაბარა. იმპერატორმა მაქსიმიანემ გულისხმიერებით, სიკეთითა და მშვენიერებით გამორჩეული ჭაბუკის პირად მკურნალად დადგენა გადაწყვიტა.

უფლის რჩეული არც იმ სამ ხუცესს - ერმოლაოზს, ერმიპესა და ერმოკრატეს - გამორჩენია თვალთახედვიდან, რომლებიც წმინდა პანტელეიმონის მასწავლებლის მეზობლად პატარა სახლში ცხოვრობდნენ. ერმოლაოზმა სულით იგრძნო, რომ ჭაბუკი ღვთის რჩეული ჭურჭელი გახდებოდა, ამიტომ ერთ დღესაც შინ შეიპატიჟა, გაესაუბრა და როდესაც შეიტყო, რომ წარმართულ მოძღვრებებს ეუფლებოდა, ჭეშმარიტი სარწმუნოება - ქრისტიანობა უქადაგა. კეთილი მარცვალი კეთილ ნიადაგზე დაეცა - პანტელეიმონმა ირწმუნა ჭეშმარიტი ღმერთი, მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და ამიერიდან ყოველდღე დადიოდა ერმოლაოზ ხუცესთან სახარების შესასწავლად.

ერთ დღეს შინ მიმავალი წმინდა მოწამე წააწყდა გველისგან დაგესლილ მკვდარ ბავშვს და გადაწყვიტა, დარწმუნებულიყო ერმოლაოზის სიტყვების ჭეშმარიტებაში. ხელაპყრობილმა წარმოთქვა: "უფალო იესო ქრისტე, უკუეთუ სათნო გიჩს, რაითა ვიყო მსახურ შენდა და ღირს წოდებისა შენისა, აღდეგინ აწ უკუე ყრმაი ესე სახელითა შენითა!" სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ყრმა ფეხზე წამოდგა, გველი კი, რომელიც იქვე იწვა, შუაზე გასკდა. წმინდა მოწამემ მადლობა შესწირა უფალს. ერმოლაოზისკენ გასწია, ხუცესის წინაშე მუხლებზე დაემხო და სთხოვა, მოენათლა. წმინდა ხუცესმაც ნათელსცა ნეტარს.

წმინდა პანტელეიმონმა გადაწყვიტა, მამა გამოეხსნა წარმართული სიბნელისგან. მადლმოსილი სიტყვითა და მახვილგონივრული შეკითხვებით შეურყია მშობელს წარმართული ღვთაებების რწმენა. ხოლო როდესაც ბრმას, რომელიც ყველაზე სახელმოხვეჭილმა ექიმებმაც კი ვერ განკურნეს, უფალი იესო ქრისტეს სახელის მოხმობით თვალი აუხილა, წმინდანის მამამ შემუსრა წარმართული ღმერთები და მოინათლა.

წმინდა პანტელეიმონი განცხადებული ქრისტიანი იყო. საპყრობილეში სნეულებს იესო ქრისტეს სახელით კურნავდა, მატერიალურადაც ეხმარებოდა. ქალაქის მცხოვრებნი სხვა ექიმებს ტოვებდნენ და პანტელეიმონისკენ მიისწრაფოდნენ. შურით აღვსილმა ნიკომიდიის ექიმებმა იმპერატორს აუწყეს, რომ მისმა ექიმმა წინაპართა რჯულს უღალატა და ქრისტეს სახელით დაიწყო ავადმყოფთა კურნება.

მაქსიმიანემ წმინდა პანტელეიმონს მოსთხოვა, ბრალდება უარეყო. ნეტარმა კი საპასუხოდ იმპერატორის თვალწინ მაცხოვრის სახელით განრღვეული განკურნა. განრისხებულმა მაქსიმიანემ უფლის რჩეულს კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. მუქარამაც რომ ვერ გაჭრა, იმპერატორის ბრძანებით, წმინდა პანტელეიმონი საშინლად აწამეს, მაგრამ უფლის გამოცხადებით გამხნევებული მოწამე ღვთისავე ძალით სრულიად უვნებელი გამოვიდა სატანჯველთაგან. მაშინ წმინდანის მოძღვარი ერმოლაოზ ხუცესი წარადგინეს სამსჯავროს წინაშე და ჭეშმარიტი სარწმუნოების აღიარებისთვის სიკვდილით დასაჯეს ერმიპესა და ერმოკრატესთან ერთად. წმინდა პანტელეიმონს კი უთხრეს, რომ მისმა მოძღვარმა კერპებს შესწირა მსხვერპლი და იმპერატორის სასახლეში დიდებასა და პატივში იმყოფებოდა. ქრისტეს მარტვილმა მიუგო: "კარგად ვუწყი, რომ წმინდანნი იგი ზეცას არიან მკუიდრ ქალაქსა ქრისტესსა".

გონდაკარგული მაქსიმიანეს ბრძანებით, წმინდანი ჯერ ტანჯეს, შემდეგ კი ქალაქგარეთ გაიყვანეს, რომ მახვილით მოეკლათ და ცხედარი ცეცხლში დაეწვათ. ბასრი იარაღი ცვილივით გაიღუნა. მაშინ მეომრებმა მუხლი მოიდრიკეს წმინდა პანტელეიმონის წინაშე, ირწმუნეს ქრისტე და სთხოვეს ნეტარს, უფლისგან მათთვის ცოდვათა მიტევება გამოეთხოვა. ლოცვის პასუხად ზეციურმა ხმამ სასუფევლისკენ მოუწოდა წმინდა მოწამეს და ამცნო, რომ ამიერიდან მისი სახელი "პანტელეონი" "პანტელეიმონად" შეიცვლებოდა, რაც ყოველთა მოწყალეს ნიშნავს.

უფლის ძალით მოხდა სასწაული - ჯალათებმა უარი თქვეს იმპერატორის ბრძანების შესრულებაზე, რაზეც ქრისტეს მარტვილმა მიუგო, თუკი არ აღასრულებდნენ ბრძანებას, ვერ გახდებოდნენ მისი თანამკვიდრნი ცათა სასუფეველში. მხედრები კრძალვით ეამბორნენ ნეტარს და თავი მოჰკვეთეს.

წმინდა მოწამის ცხედარი თოვლივით განსპეტაკდა, ჭრილობებიდან კი სისხლის ნაცვლად რძე გადმოდინდა. ამ სასწაულით მრავალმა ირწმუნა ქრისტე.

წმინდა მოწამისა და მკურნალის წმინდა ნაწილები მთელ საქრისტიანოშია განფენილი და მორწმუნეები დღესაც იღებენ კურნებას.
ბეჭდვა
1კ1