სამოციქულო ეკლესიამ წმინდა მეფეების ხსენება მათი მოწამებრივი ღვაწლის მსგავსების გამო ერთსა და იმავე დღეს, 21 ივნისს, დააწესა
სამოციქულო ეკლესიამ წმინდა მეფეების ხსენება მათი მოწამებრივი ღვაწლის მსგავსების გამო ერთსა და იმავე დღეს, 21 ივნისს, დააწესა
"უმჯობეს არს სიკუდილი ჩემი, ვიდრეღა კუალად განრყუნად ეკლესიათა ქრისტესთა და ოხრებად ქვეყანისა ამის" , - ამ სიტყვების ავტორები ზეციური საქართველოს მანათობელი მეფეები, წმინდა მოწამეები არჩილი და ლუარსაბი არიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ ერთმანეთისგან ცხრა საუკუნე აშორებთ, საქართველოს წმინდა სამოციქულო ეკლესიამ წმინდა მეფეების ხსენება მათი მოწამებრივი ღვაწლის მსგავსების გამო ერთსა და იმავე დღეს, 21 ივნისს, დააწესა.

მრავალჭირნახული ჩვენი სამშობლო გამუდმებით ხმალშემართული რომ იგერიებდა მომხდურ ურჯულო მტრებს, წმინდა მოწამეების მეფე ლუარსაბისა და არჩილის ცხოვრებიდანაც ჩანს. ჩვენს სახელოვან წინაპრებს გაშინაგანებული ჰქონდათ, რომ მეფობა უდიდესი პასუხისმგებლობაა ღვთისა და ერის წინაშე. მირონცხებული მეფენი უპირველესად სარწმუნოების დამცველნი იყვნენ, რადგან კარგად უწყოდნენ, რომ ქრისტეს რჯული აერთიანებდა და, როგორც წმინდა ილია მართალი ბრძანებდა, "ადუღაბებდა", ერთ მუშტად კრავდა საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილებს. მათთვის სარწმუნოება და სამშობლო იყო უპირველესი სამსხვერპლო, სადაც საკუთარ სიცოცხლეს მსხვერპლად სწირავდნენ რჯულსა და მშობელ ერს.

წმინდა მოწამე არჩილ მეფე ქართლის სამეფოს ჩვენი სამშობლოსთვის ყველაზე მძიმე პერიოდში განაგებდა. მერვე საუკუნე - შეუპოვარი ბრძოლა არაბი დამპყრობლის წინააღმდეგ და დაუცხრომელი ზრუნვა საქართველოს გაერთიანებისთვის, რადგან წმინდა მეფემ კარგად უწყოდა, რომ ქართველი ხალხის ძალა ერთიანობაში იყო.

არჩილის მამამ, ქართლის ერისთავმა ადარნასემ ქართლის გამგებლად არჩილის უფროსი ძმა მირი დანიშნა. წმინდა მოწამე მხარში ედგა უფროს ძმას მურვან ყრუს წინააღმდეგ ბრძოლაში. საუბედუროდ, მრავალრიცხოვანმა მტერმა, რომელიც სისასტიკით შიშის ზარს სცემდა ყველას, დაამარცხა მირი. ამ უკანასკნელმა თავის ძმასთან, არჩილთან ერთად აფხაზეთს მიაშურა. წმინდა არჩილი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ავედრებდა სამშობლოს და ღვთისგან შემწეობას ითხოვდა. მარადქალწულმა მარიამმა შეისმინა გულმხურვალე ვედრება, ერთ ღამეს წმინდა არჩილს გამოეცხადა და უბრძანა: "აღდეგ და ებრძოლე უსჯულოთა მათ, რამეთუ ანგელოზი უფლისა წინა წაგიძღუეს თქუენ და თქუენ წილ უფალი ბრძოდის".

მირი და არჩილი, უფლის წმინდა განგებას მინდობილნი, მცირე მხედრობით თავს დაესხნენ მტრის ბანაკს. შეტაკება ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. უკუქცეულ უსჯულოებს ღმერთმა სასტიკი ქარი და წვიმა მოუვლინა, ადიდებულმა მდინარეებმა წალეკა არაბთა მხედრობა.

ბრძოლაში დაჭრილი მეფე მირი დასნეულდა. მან სიკვდილის წინ სამეფო თავის ერთგულ ძმას არჩილს ჩააბარა.

თორმეტი წელიწადი იჯდა არჩილი ქუთაისში და ყველანაირად ცდილობდა სრულიად საქართველოს გაერთიანებას. ქართლში დაბრუნებულმა წმინდა არჩილმა შემოიერთა კახეთი, მთიანეთი, ეგრისი, აფხაზეთი და სამცხე-ჯავახეთი. მაგრამ ამჯერად არაბთა ლაშქარი ჭიჭუმ-ასიმის მეთაურობით შემოიჭრა ქართლში, ააოხრა ეს ულამაზესი კუთხე და გეზი კახეთისკენ აიღო.

მტერი იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ წმინდა არჩილ მეფემ გადაწყვიტა, თავად ხლებოდა არაბთა სარდალს. გახარებულმა ჭიჭუმ-ასიმმა მეფეს სარწმუნოების შეცვლა მოსთხოვა, სანაცვლოდ კი მეფობასა და სიმდიდრეს ჰპირდებოდა. ღვთისმოშიშმა მეფემ უპასუხა: "არ დავუტევებ ჩემს უფალს, არ უარვყოფ ქრისტეს სახელს, არც საწუთო ცხოვრებაზე გავცვლი მარადიულს, არც ჟამიერ მეფობაზე - უჟამო თანაყოფას ქრისტესთან". განრისხებულმა სარკინოზმა სასიკვდილოდ ვერ გაიმეტა ახოვანი და მშვენიერი მეფე ქართველთა, ამიტომ ბრძანა, საპყრობილეში ჩაეგდოთ და ეტანჯათ, იქნებ როგორმე გადაებირებინათ. ღვთისმოსავი მეფე არჩილი დაუცხრომლად ლოცულობდა და უფლისგან სატანჯველთა დათმენის ძალას ითხოვდა. მრავალგვარი ტანჯვის შემდეგაც რომ ვერ დაიყოლია ქართველთა მეფე, გაბოროტებულმა ჭიჭუმ-ასიმმა არჩილის მოკვლა ბრძანა.

წმინდა მეფემ მცირე დრო ითხოვა სიკვდილის წინ, მუხლმოყრილმა მადლობა შესწირა უფალს, შემოქმედს შეავედრა დედაეკლესია და სამშობლო, სთხოვა, ქრისტიანობა გაეძლიერებინა საქართველოში და მშვიდად მოუდრიკა ქედი მახვილს.

ღამით ქართველმა აზნაურებმა ფარულად წამოასვენეს წმინდა არჩილ მეფის გვამი და ნოტკორაში, ერწო-თიანეთში, მის მიერვე აგებულ ტაძარში დაკრძალეს.

ზუსტად ცხრა საუკუნის შემდეგ საკუთარ სიცოცხლეს სარწმუნოებასა და სამშობლოს მსხვერპლად სწირავს წმინდა მოწამე მეფე ლუარსაბი.

თოთხმეტი წლისამ იტვირთა მეფობის უმძიმესი ჯვარი წმინდა ლუარსაბმა. იგი ქართლის სამეფოს განაგებდა. ამ დროს კახეთში თეიმურაზ I მეფობდა, იმერეთში კი გიორგი III.

1609 წელს თურქები ყირიმელ თათრებთან ერთად თავს დაესხნენ ქართლს. მცირე ამალით ცხირეთის ციხეს თავშეფარებული მეფე ლუარსაბი ვერაფრით გადაურჩებოდა მტრის უეცარ თავდასხმას, რომ არა თევდორე მღვდლის გმირობა. კველთელმა მღვდელმა გზა აუბნია მომხდურთ, რის გამოც ურჯულოებმა სიკვდილით დასაჯეს ღვთისმსახური. ამასობაში მეფემ შეკრიბა ლაშქარი და ტაშისკართან ჩვიდმეტი წლის ლუარსაბმა სასტიკად დაამარცხა მტერი.

შაჰ-აბასი ქართველ მეფეებს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობდა. მან ჯერ ლუარსაბის და, ლელა (თინათინი) შეირთო, შემდეგ კი თეიმურაზის და, ელენეც მოიყვანა ცოლად. შაჰმა წმინდა ლუარსაბ მეფეს თეიმურაზის მოკვლა და კახეთის სამეფო შესთავაზა, თეიმურაზს კი ლუარსაბის მოკვლის სანაცვლოდ ქართლის სამეფო ტახტს დაჰპირდა.

ამჯერად, ღვთის წყალობით, საქართველო გადაურჩა ძმათა კვლის საშინელებას. გონიერი მეფეები მიუხვდნენ შაჰს განზრახვას და მის წინააღმდეგ გაერთიანდნენ. ქართველთა ერთობამ შეაშინა შაჰ-აბასი. მან ქართლ-კახეთის მეფეები ვითომ სანადიროდ მიიწვია. მეფეებმა ერთიანი ძალებით შეუტიეს მტერს, მაგრამ ჩვენში კვლავ იჩინა თავი ღალატმა - თითქმის გამარჯვებულნი დამარცხდნენ და ორივემ თავი იმერეთს შეაფარა.

გორში დაბანაკებულმა შაჰ-აბასმა შეუთვალა იმერეთის მეფეს, გიორგი მესამეს, გაეცა სტუმრები და სანაცვლოდ დიდძალ საგანძურს დაჰპირდა. ასეც რომ ვერ გატეხა ქართველთა ერთობა, მეფე ლუარსაბს მისივე გამზრდელის, შადიმან ბარათაშვილის პირით შეუთვალა, ხლებოდა და არაფერს დაუშავებდა.

წმინდა მეფემ კარგად უწყოდა, რაც ელოდა შაჰის კარზე, მაგრამ წასვლა გადაწყვიტა, რადგან იცოდა, განრისხებული შაჰი მთლიანად ააოხრებდა ქართლ-კახეთს.

ცბიერმა შაჰმა სპარსეთში წაიყვანა მეფე ლუარსაბი. დიდმარხვის დროს შაჰ-აბასის ნადიმზე ქართველთა მეფემ შემოთავაზებულ თევზს პირი არ დააკარა. "დღეს თევზით გინდა გავტეხო მარხვა, ხვალ ხორცს შემომთავაზებ, შემდეგ კი ქრისტეს უარყოფას მომთხოვო", - ასე გაამჟღავნა შაჰის ფარული ზრახვები. განრისხებულმა შაჰმა მაშინვე ალაჰის აღიარება უბრძანა წმინდა ლუარსაბს. მტკიცე უარის გამო, შაჰის განკარგულებით, მეფე ლუარსაბი შირაზს წაიყვანეს და დილეგში ჩასვეს.

შვიდი წელი ცდილობდა შაჰი ლუარსაბის დაყოლიებას, მაგრამ ვერაფერს გახდა. წმინდა ლუარსაბი ლოცვითა და მარხვით მოთმინებით ელოდა მოწამებრივ აღსასრულს.

ჯალათებს მცირეოდენი დრო სთხოვა, მუხლი მოიყარა ღვთისმშობლის ხატის წინაშე, გულმხურვალედ შეავედრა სამშობლო და მოწამებრივი ღვაწლისთვის ღვთის წინაშე მეოხება ითხოვა. ლოცვის დამთავრებისთანავე ჯალათებმა სასტიკი წამებით მოკლეს წმინდა მეფე ლუარსაბი.

ღამით წმინდანის დაუფვლელ გვამს საკვირველი ნათელი დაადგა. მეორე დღეს კი ღვთისმოსავი წმინდა მეფის სხეული ციხის ეზოში დაფლეს. მოწამის წმინდა ძვლები დღესაც სპარსეთში განისვენებენ.
ბეჭდვა
1კ1