ადამიანი იმყოფება განუწყვეტელი მოუსვენრობის მდგომარეობაში, სანამ არ მიაღწევს სიმშვიდეს ღმერთში
ადამიანი იმყოფება განუწყვეტელი მოუსვენრობის მდგომარეობაში, სანამ არ მიაღწევს სიმშვიდეს ღმერთში
28 (ძველი სტილით 15) ივნისი ნეტარი ავგუსტინეს ხსენების დღეა
სათნოებისა და სიყვარულის საკითხი ნეტარი ავგუსტინეს მოძღვრებაში
სხვა საგნებისაგან განსხვავებით ადამიანი რთული არსებაა: იგი შედგება სხეულისა და სულისაგან. სხეულებრივი ბუნება მას ეზიდება სხეულებრივისკენ, გრძნობადისკენ, სულიერი ბუნება კი სულიერისკენ და საბოლოოდ ღმერთისკენ. აქედან გამომდინარე, არსებობს სიყვარულის ორი ფორმა: გრძნობადი და სულიერი. როდესაც ადამიანში პირველი გადაწონის მეორეს, იგი შორდება ღმერთს, ხოლო როდესაც მეორე გადაწონის პირველს, მაშინ იგი ისწრაფვის ღმერთისაკენ. ადამიანის არსებისთვის ჭეშმარიტ ადგილად მთლიანობაში გვევლინება ღმერთი და ადამიანი იმყოფება განუწყვეტელი მოუსვენრობის მდგომარეობაში, სანამ არ მიაღწევს სიმშვიდეს ღმერთში.

***
ადამიანის ქცევა ყოველთვის ამა თუ იმ საგნისადმი მისი სიყვარულით არის მოტივირებული. იგი პასუხისმგებელია ყველა საქციელის გამო, მის არჩევანზეა დამოკიდებული, თუ რა უყვარს. ადამიანს შეუძლია აირჩიოს როგორც ამაღლებულისადმი, ასევე დაცემულისადმი მისწრაფება. ჩვენს მისწრაფებებს მართავს ნება. გრძნობა, მისწრაფება და სურვილი თავისთავად არც კარგია და არც ცუდი. ისინი მორალურად ნეიტრალურნი არიან. მორალურ შეფასებას ექვემდებარება მხოლოდ ნება, ე.ი. განმსჯელი სიყვარული.

***
სათნოება არის სიყვარულის წესრიგი ანუ წესრიგი სიყვარულში. სათნო ადამიანი არის ის, ვინც ისე მოაწესრიგა თავისი სიყვარული, რომ თავს იკავებს იმის სიყვარულისგან, რაც არ არის სიყვარულის ღირსი და, პირიქით, იმის არსიყვარულისგან, რაც სიყვარულის ღირსია; სიყვარულის წესრიგმა უნდა არეკლოს კოსმოსის წესრიგი. სათნოება არის სულში გონებისა და ბუნების წესრიგის თანხმობა.

***
სიკეთის ცნება ჩანერგილია ჩვენში, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვმსჯელობთ საგანთა სიკეთეზე. საგნები, როგორც ცვალებადი ნაწილობრივი სიკეთენი, არ იარსებებდნენ, რომ არ ყოფილიყო თვით სიკეთე, ე.ი. ღმერთი.

***
სინდისი - ეს არის შინაგანი მორალური კანონი, რომელიც ღმერთის მიერ ადამიანის გულზეა დაწერილი. სინდისი მაშინაც მოქმედებს, როდესაც ნება და სიყვარული არ იმყოფებიან გონებასთან თანხმობაში. გონებისა და გულის კანონები ერთი და იგივეა, მაგრამ უკანასკნელნი უფრო უშუალოდ ზემოქმედებენ ადამიანის ქცევებზე და განსაკუთრებით მათ სუბიექტურ განცდებზე.

***
ქრისტიანული გაგებით, სათნო ადამიანს გმირად არ მოაქვს თავი. იგი არ იკაზმება მეწამული სამოსით, არამედ გლახაკის შესამოსელს ატარებს. იგი არ ბრწყინავს, არამედ ხალხისთვის შეუმჩნეველი რჩება. იგი ლოკალიზდება ადამიანის პიროვნების ყველაზე იდუმალ და ინტიმურ, ამიტომ ყველაზე ნამდვილ ნაწილში. იქ, სადაც სხვათა თვალისგან, ხანდახან კი თვითონ ადამიანური გონებისგან საიდუმლოდ იბადებიან და მწიფდებიან შინაგანი გამოღვიძებები და იმპულსები, სიმპათიები და ანთიპათიები, რომლებიც საბოლოოდ განაპირობებენ ადამიანურ ქცევებს. ადამიანის გულის მოძრაობები მთლიანად გამჭვირვალეა მხოლოდ ღმერთისთვის. სათნო ადამიანი თავის თავს ამხელს მხოლოდ ღმერთისა და ადამიანის სულში ღმერთის წარმომადგენლის - სინდისის წინაშე. სათნოებას ნეტარი ავგუსტინე უწოდებს სიყვარულის წესრიგს, უერთებს რა წესრიგის ანტიკურ იდეას განუმეორებელი სუბიექტურობის ქრისტიანულ იდეას.

***
ნეტარი ავგუსტინე არასოდეს უარყოფს და თვლის ცოდვად ადამიანის გრძნობებსა და განცდებს, თუკი ისინი კეთილი საქმისკენ არიან მიმართულნი, თუმცაღა, დარწმუნებულია, რომ მგრძნობიარობა და განცდა გამოწვეულია ადამიანის უძლურებითა და სისუსტით. აქედან გამომდინარე, ამბობს, რომ უვნებლობა არ შეიძლება იყოს ნამდვილი ცხოვრების იდეალი. ფილოსოფიურ უვნებლობას, როგორც ყველა ქრისტიანი, ნეტარი ავგუსტინეც ფრთხილად ეკიდება. "ზეციური ქალაქის" მოქალაქე, მისი აზრით, არ არის უვნებო, უემოციო ბრძენი. იგი ცხოვრებას ჭვრეტს მის გარეთაც და მის შიგნითაც, ამავე დროს იგი არის ცხოვრების აქტიური მონაწილე, ყველაფრის განმცდელი ადამიანი. უფრო მეტიც, თუ ადამიანი არის უვნებო და არ შესწევს უნარი ადამიანური გრძნობების მოქმედების გაგებისა, მაშინ ეს გულგრილობა ყველაზე დიდი ცოდვაა ცოდვათა შორის, რადგან წარმოუდგენელია ნეტარება შევიგრძნოთ სიყვარულისა და ვნების გარეშე.

***
ყველა ადამიანი მიისწრაფვის ბედნიერი ცხოვრებისკენ, მაგრამ საიდან იციან მათ ამის შესახებ? ნეტარი ავგუსტინეს აზრით, ისეთი ცნებები, როგორებიცაა სიბრძნე, ჭეშმარიტება, თავიდანვეა ჩადებული ადამიანის სულში. ადამიანს არ შეუძლია ამ განცდების გამოთქმა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას აქვს წარმოდგენა ამ განცდების არსზე. "აღსარებანში" იგი ამბობს, რომ "ნეტარი ცხოვრების გაგება ადრეული დროიდანვე ინახება ადამიანის მეხსიერებაში, იმ დროიდან, როდესაც ადამიანი ჯერ კიდევ ნეტარი იყო".

***
როგორც ვიცით, ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანი გამოაძევეს მარადიული სიკეთიდან სხეულებრივ სიკეთეში, მაგრამ კაცობრიობის საუკეთესო ნაწილმა შეინარჩუნა მისკენ მისწრაფება. მათ გაიაზრეს, რომ უმაღლესი სიკეთე არის მარადიული ცხოვრება, ხოლო უმაღლესი ბოროტება - მარადიული სიკვდილი. მარადიული ცხოვრების მისაღწევად აუცილებელია სათნო ცხოვრება.

***
ნეტარი ავგუსტინე ჭეშმარიტ ნეტარებად აღიარებს სულიერი საგნის სიყვარულს თავისივე თავისთვის, ე. ი. უანგარო სიყვარულს, რომლის ერთადერთი მიზანია სულიერი ტკბობა. ადამიანური ბედნიერება და ნეტარება, ნეტარი მამის თანახმად, ნიშნავს ადამიანური ბუნების სრულ რეალიზაციას, ადამიანისთვის ჭეშმარიტი ადგილის პოვნას, სადამდეც იგი მიჰყავს მოწესრიგებულ, გონიერ სიყვარულს. ნეტარი ავგუსტინე ამბობს, რომ არავინ არ შეიძლება იყოს ბედნიერი, თუკი არა აქვს ის, რაც სურს და თუკი მოისურვებს იმას, რაც უკეთურია, უსამართლოა. ნეტარებას შეიძლება მიაღწიოს იმან, ვინც თავისი უკანასკნელი სწრაფვის ობიექტად და მიზნად აქცევს იმას, რაც ესადაგება ღირსეული ადამიანის უმაღლეს დანიშნულებას, ხოლო ყველაფერ დანარჩენს იგი შეხედავს როგორც საშუალებას ამ მიზნის მისაღწევად. მისწრაფება იმ სიკეთეთაგან სიამოვნების მიღებისაკენ, რომლებიც ადამიანის დანიშნულების არაადეკვატურია, ბოლოვდება არა ნეტარებით, არამედ ტანჯვით. იგივე ხდება მაშინაც, როცა სიამოვნებისთვის განკუთვნილი საგნებით სარგებლობას ვესწრაფვით. ორივე შემთხვევაში სიყვარულის წესრიგი ეწინააღმდეგება ჭეშმარიტი სიკეთის წესრიგს, რასაც საბოლოოდ ტანჯვა მოჰყვება. ნეტარი ავგუსტინე წერს: "მთელი წესრიგი, რომელსაც ჩვენ სათნოებას ვუწოდებთ, მთავრდება სურვილით: ვისიამოვნოთ იმით, რითაც უნდა ვისიამოვნოთ და ვისარგებლოთ იმით, რითაც უნდა ვისარგებლოთ. ის, რაც ღირსეულია, უნდა იყოს ნეტარების ობიექტი, ხოლო რაც სასარგებლოა, უნდა იყოს სარგებლობის ობიექტი".

ნეტარ ავგუსტინესთან ტკბობის გაგება უკავშირდება მხოლოდ წმინდა სამებას, რადგან ის არის ერთი, უცვლელი, უმაღლესი და მარადიული სიკეთე. ტკბობა, სიამოვნება და ნეტარება მასთან ერთმანეთთან დაკავშირებულია და განსაზღვრავს ადამიანის არსებობის აზრს (ადამიანის ყოფიერებას). უმთავრესი პრობლემის გადაჭრა ნეტარ მამას გადააქვს რელიგიურ-ესთეტიკურ სფეროში. სწორედ ამიტომ ხორციელდება "მიწიერი ქალაქისა" და "ზეციური ქალაქის" შეერთება. პირველი მთლიანად მიეკუთვნება სარგებლობის სფეროს, ხოლო მეორე - ტკბობის სფეროს, რომლის ბოლო საფეხურს ნეტარება შეადგენს.

***
ბუნებაშიც და თავის თავშიც ადამიანს უფრო მეტად უნდა უყვარდეს ის, რაც ახლოსაა ღმერთთან, უფრო ნაკლებად კი - ის, რაც ღვთისგან დაშორებულია. სულიერი უნდა უყვარდეს უსულოზე მეტად, სული - სხეულზე მეტად. სულში ის უპირატესობას უნდა ანიჭებდეს გონებას გრძნობაზე მეტად, გონებაში კი ჭვრეტით ნაწილს უფრო უნდა აფასებდეს, ვიდრე ქმედითს.
ბეჭდვა
1კ1