ღირსი პეტრე ათონელი (+734) - 12 ივნისი (25 ივნისი)
ღირსი პეტრე ათონელი (+734) - 12 ივნისი (25 ივნისი)
წმინდა პეტრე ათონელის ცხოვრება
12 ივნისს (ძვ. სტ.) მართლმადიდებელი ეკლესია ღირს მამა პეტრე ათონელს მოიხსენიებს.
წმინდა პეტრე კონსტანტინოპოლის ერთ-ერთი სქოლასტიკოსი გახლდათ. ამასთან სარდლის ჩინიც ჰქონდა. ერთ-ერთი ლაშქრობისას, ბაბილონისა და ფინიკიის საზღვარზე, ღვთის დაშვებით, პეტრე დამარცხდა, სხვებთან ერთად ტყვედ ჩავარდა და გამოკეტეს მდინარე ევფრატის პირას მდებარე ციხეში, რომელიც მთელ არაბეთში აუღებელ სიმაგრედ ითვლებოდა. მრავალი წელი დაჰყო ციხეში, უმკაცრეს პირობებში. ფიქრობდა, თვითონვე ხომ არ იყო მიზეზი ამ ტანჯვისა. გაახსენდა, რომ ღვთისთვის დაპირებული - ბერად აღვიკვეცებიო, შეუსრულებელი ჰქონდა. დიდ სინანულში ჩავარდა პეტრე. იცოდა, კაცთაგან მისი ხსნა არავის ძალუძდა. გაახსენდა წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი, რომელიც ძალიან უყვარდა. გულით შესთხოვა წმინდანს: "ვიცი, რომ არ ვარ ღირსი, ღმერთს თავისუფლება შევთხოვო, რადგან ვეცრუე, ამიტომაც ვკადნიერობ და შენ გევედრები მის წინაშე შუამდგომლობას და თუ ღმერთი ჩემს განთავისუფლებას ინებებს, სამშობლოში კი არ დავბრუნდები, არამედ წავალ რომში და წმინდა პეტრეს ტაძარში აღვიკვეცები მონაზვნად. დარჩენილ ცხოვრებას ჩემი შემოქმედის მსახურებასა და სათნოყოფაში გავატარებ". ლოცვას წმინდა პეტრემ მარხვაც შერთო, ერთხელ მთელი კვირა უსაზრდელოდ გალია. კვირის ბოლოს, განგრძობილი ლოცვისას მიძინებულ წმინდა პეტრეს წმინდა ნიკოლოზი გამოეცხადა: "ძმაო პეტრე, შენი მწუხარება შევისმინე, შენი გულისტკივილიც ვიცი. ღმერთსაც ვევედრე, მაგრამ აღთქმის აღსრულება რომ დააყოვნე, უფალიც აყოვნებს ჩემი ლოცვის შესრულებას. შესაძლოა სხვაგვარად სურს შენი სულის ცხონება. მოთმინებით უკაკუნე მისი გულმოწყალების კარს და იგი აუცილებლად აღასრულებსო". ბოლოს უბრძანა, საჭმლით მოუძლურდიო და უჩინო შეიქმნა. პეტრემ უფრო გაამკაცრა მარხვა. მალე წმინდა ნიკოლოზი მას მეორედ გამოეცხადა: "დამიჯერე, ძმაო პეტრე, მას შემდეგ ღვთისთვის ვედრება არ შემიწყვეტია, მაგრამ არ ვიცი, რატომ არ სურს შენი გათავისუფლება. ზოგჯერ ღმერთი ჩვენი სიკეთისთვის აყოვნებს თხოვნის შესრულებას, რათა მერე დიდხანს არ დაგვავიწყდეს, თუ რა შრომის ფასად გვიბოძა მადლი. შესაძლოა, სურს, უფრო ღირსეული მეგობარი შეევედროს. ამისთვის გეტყვი ერთი მისი მეგობრის სახელს. ღვთისმიმრქმელი წმინდა სვიმეონი ხომ გაგიგია?" "დიახ", - უპასუხა წმინდა პეტრემ. "ჰოდა, მას შეევედრე, რათა გიშუამდგომლოს ღვთის წინაშე და მწამს, რომ მას უფალი აღუსრულებსო". გამოეღვიძა წმინდა პეტრეს, მადლობა შესწირა წმინდა ნიკოლოზს და მთელი გულით დაუწყო ვედრება წმინდა სვიმეონს.

ბოლოს, წმინდა ნიკოლოზი მოზეიმე სახით, უკვე ცხადად გამოეცხადა: "მადლობა შესწირე, ძმაო პეტრე, ღმერთს, რომ შეისმინა შენი ვედრება. აი, დიდი სვიმეონიც მოვიდა, რათა ბორკილთაგან განგათავისუფლოს". წმინდა სვიმეონს ხელთ ოქროს კვერთხი ეპყრა, შემოსილი იყო ძველაღთქმისეული მღვდელმთავრის სამოსით. წმინდა სვიმეონი პეტრეს ახლოს გაჩერდა და უთხრა: "შენ ხარ, რომ ევედრები ჩვენს ძმა ნიკოლოზს გათავისუფლებას?" შეშინებულმა პეტრემ ძლივს აღმოთქვა: "დიახ, წმინდაო ღვთისაო"... "ხოლო თუ გიშუამდგომლებთ ღვთის წინაშე, აღარულებ აღთქმას, გახდები მონაზონი და დარჩენილ ცხოვრებას ღმერთს მიუძღვნი?" "ღვთის შეწევნით, აღვასრულებ". "თუ ასეა, გამოდი საპყრობილიდან და წადი, საითაც გინდა", - ბრძანა წმინდა სვიმეონმა. პეტრემ ბორკილდადებულ ფეხებზე მიუთითა. წმინდა სვიმეონი კვერთხით შეეხო. ბორკილები ცვილივით დადნა. წმინდა სვიმეონი საპყრობილიდან გამოვიდა და გაყოლა უბრძანა და უეცრად წმინდა სვიმეონი, წმინდა ნიკოლოზი და წმინდა პეტრე ციხესიმაგრის გარეთ აღმოჩნდნენ. "სიზმარში ხომ არ ვარ?" - გაიფიქრა წმინდა პეტრემ. წმინდა სვიმეონი მოუბრუნდა და უთხრა: "ნამდვილად გაგათავისუფლებ, ნუ შეეჭვდები". მერე წმინდა ნიკოლოზს მიანდო წმინდა პეტრეზე ზრუნვა და უჩინო შეიქმნა. წმინდა ნიკოლოზმა კი ღირს პეტრეს საჭმლით მოძლიერება უბრძანა და გზას გაუდგნენ.

ღირსი პეტრე სამშობლოში აღარ დაბრუნდა, რომში გაემგზავრა. წმინდა ნიკოლოზიც, როგორც მზრუნველ მამას შეჰფერის, მთელი გზა ხილულად თუ უხილავად შეეწეოდა. რომში მალევე მივიდნენ. "დროა, ძმაო, აღასრულო შენი აღთქმა, აღარ გადადო, თორემ კვლავ ციხეში აღმოჩნდებიო". "არა, წმინდაო, ღმერთს მეორედ აღარ ვუღალატებო" - და რომში შევიდა, სადაც მას არავინ იცნობდა. ამ დროს წმინდა ნიკოლოზი ძილში გამოეცხადა რომის პაპს, წმინდა პეტრე ანახა, უთხრა მისი სახელიც, მოუყვა მისი განთავისუფლების ამბავს და უბრძანა, მისთვის დაუყოვნებლივ ანგელოზის სქემა შეემოსა. გამოეღვიძა პაპს და ნანახზე ჩაფიქრდა. კვირადღე იყო და წმინდა პეტრეს ტაძარში გაემართა ლიტურგიაზე. გზად მლოცველებს დაჟინებით აცქერდებოდა და სიზმარში ნანახ კაცს ეძებდა.

პაპმა თვალი მოჰკრა პეტრესაც და რამდენჯერმე ხელით მიიხმო. წმინდა პეტრე ვერ მიუხვდა და ხმამაღლა უთხრა: "შენ გეძახი, საბერძნეთიდან ჩამოსულო, რომელიც ციხიდან დიდმა სასწაულმოქმედმა ნიკოლოზმა გამოგიყვანა! რატომ არ გსურს მოსვლა, როცა გეძახი?" გაოცდა პეტრე, როგორ მიცნო პაპმაო და უპასუხა: "მე ვარ შენი მონა, უნეტარესო მეუფეო!" "ნუ გიკვირს, ძმაო პეტრე, - უთხრა პაპმა, - შენი სახელი და ამბავი წუხელის წმინდა ნიკოლოზმა გამომიცხადა და გამიმხილა შენი სურვილიც - ამ ტაძარში სურს ბერად აღკვეცაო". პაპმა მაშინვე ხალხის წინაშე ის ბერად აღკვეცა. წმინდა პეტრე ცოტა ხანს დარჩა პაპთან, მოისმინა მისი ღვთივსულიერი დარიგება, მერე მისივე კურთხევით დატოვა რომი და ზღვის პირას გავიდა. მიენდო ღვთის ნებას და აღმოსავლეთით მიმავალ გემზე ავიდა. მალე ზურგის ქარმა დაჰბერა და რამდენიმე დღის ცურვის შემდეგ ნაპირს მიადგნენ. საჭმლის მარაგის შესავსებად რამდენიმე კაცი გადავიდა. მათი მასპინძელი, სახლეულითურთ, ციებისაგან ლოგინად იყო ჩავარდნილი. როცა კაცმა გაიგო, გემზე ამბა ჰყავთო, შესთხოვა მეზღვაურებს: - მოიყვანეთ, რომ სიკვდილის წინ გვაკურთხოსო. წმინდანს სიმდაბლის გამო წასვლა არ უნდოდა, ბოლოს, კაცთმოყვარეობის გამო მაინც წავიდა. შევიდა თუ არა სახლში, წარმოთქვა: "მშვიდობა ამ სახლს და მას შინა მცხოვრებთ!" ჰოი, სასწაული! ოჯახის თავი ფეხზე სრულიად ჯანსაღი წამოდგა. გახარებული კაცი წმინდა პეტრეს მუხლებს უკოცნიდა. მან მასპინძელი წამოაყენა და ავადმყოფებთან წავიდნენ. თითოეულს პატიოსანი ჯვარი გამოსახა და სნეულნი ღვთის წყალობით და მისი ლოცვით სარეცლიდან ჯანმრთელნი წამოდგნენ. მეზღვაურები და წმინდა პეტრე ხომალდზე დაბრუნდნენ. განკურნებულმა მასპინძელმა, სხვა განკურნებულებთან ერთად, პური, ღვინო და ზეთი მიართვა წმინდანს. წმინდა პეტრეს ამის აღება არ უნდოდა, მაგრამ ვერ გაუძლო მათ დაჟინებულ თხოვნას, მცირეოდენი რამ აიღო, დანარჩენი კი მეზღვაურებს დაურიგა. ამის მერე ხომალდი კვლავ წინ დაიძრა. განცვიფრებული იყვნენ მეზღვაურნი როგორც სასწაულის ხილვით, ისე წმინდა პეტრეს მარხვითა და ლოცვით.

გზა განაგრძეს. მეზღვაურებს რაღაც დასჭირდათ და კვლავ ნაპირს მიადგნენ. წმინდა პეტრემ ცოტა ხნით ჩაიძინა და ამ დროს ზეციური დიდებით მოსილი, ცისა და მიწის დედოფალი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იხილა წმინდა ნიკოლოზთან ერთად, რომელიც უფლის დედას ევედრებოდა: "დედოფალო სამყაროსაო, შენი შუამდგომლობით უფლის წინაშე გაათავისუფლე იგი მწარე ტყვეობისაგან, უჩვენე მას ადგილი, სადაც უკეთ აღასრულებს ღვთის ნებას, მთელი დარჩენილი ცხოვრება". ღვთისმშობელმა უთხრა, - "არ არის სხვა უფრო მოხერხებული ადგილი, ვიდრე ათონის მთა, რომელიც ჩემი ძისა და ღვთისგან სამკვიდროდ მივიღე. რომელთაც სურთ განეშორონ ერისკაცულ საზრუნავსა და შფოთს, მოვიდნენ აქ და ღმერთს შეუფერხებლად და მშვიდად ემსახურონ. ამიერიდან ეს მთა ჩემი მფარველობის ქვეშ იქნება. ძალზე მიყვარს ეს ადგილი და დადგება დრო, როცა დედამიწის ოთხივე კუთხიდან მოვლენ და აავსებენ აქაურობას მონაზვნები. და თუ ისინი მთელი სულით ემსახურებიან ღმერთს და მტკიცედ დაიცავენ მის მცნებებს, მე მათ დიდი წყალობის ღირსს გავხდი ჩემი ძის დიდებულ დღეს (საშინელ სამსჯავროზე). ჯერ კიდევ მიწაზე მიიღებენ ისინი ჩემგან დიდ შეწევნას. შევუმსუბუქებ სნეულებებს და ღვაწლს და მივცემ იმის შესაძლებლობას, რომ მცირე საშუალებებით კმაყოფილნი იყვნენ ამ ცხოვრებაში, შევუმსუბუქებ კიდეც მტრისაგან მათზე დატეხილ ბრძოლას და მათ სახელებს განვადიდებ მზის ქვეშეთში".

გამოეღვიძა წმინდა პეტრეს, დღის სამი საათი იქნებოდა. ნიავმა დაჰბერა და მეზღვაურებმაც იალქნები გაშალეს, მაგრამ, როცა ათონის მთას გაუსწორდნენ, გემი დადგა. "ხომ არაფერი შევცოდეთ ღვთის წინაშე?" - წუხდნენ მეზღვაურები. წმინდა პეტრემ ჰკითხა, - რა ჰქვია ამ მთასო. "ათონი, პატიოსანო მამაო", - მიუგეს. წმინდა პეტრემ სთხოვა, ამ მთაზე დამტოვეთ, თორემ ადგილიდან ვერ დაიძვრებითო. დატოვეს ღირსი მამა და მისგან დალოცვილებმა გზა განაგრძეს.

ნაპირზე მარტო დარჩენილმა წმინდა პეტრემ ილოცა უფლის მიმართ, გამოისახა ჯვარი და ბილიკს აუყვა. იქ ერთი ღრმა მღვიმე იპოვა, რომლის შესასვლელი ხშირი ბუჩქნარით იყო დაფარული და საცხოვრებლად მოსახერხებელი გახლდათ. ამ მღვიმეში უამრავი გველი და დემონი ბინადრობდა. წმინდანმა შეწევნისათვის მოუხმო უფალსა და მის ყოვლადწმინდა დედას. გველნი და ეშმაკნი მაშინვე გაქრნენ, როგორც კი წმინდა პეტრე მღვიმეში შევიდა.

დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა მღვიმეში დასახლებულ წმინდა პეტრეს. ორმა კვირამ ისე განვლო, საჭმელი არ გახსენებია. განრისხებულმა ეშმაკებმა ალყაში მოაქციეს მღვიმე და წმინდანს ისრებსა და ქვებს ესროდნენ, მაგრამ ღმერთმა დაიფარა თავისი მსახური. "სასწრაფოდ წადი ჩვენი სახლიდან", - ყვიროდნენ სულისგამყინავად. "გავალ და ვნახავ, რა ძალები აღდგნენ ჩემს, სუსტისა და უძლურის წინააღმდეგ", - იფიქრა წმინდანმა. გარეთ გამოსულმა ურიცხვი ეშმაკნი იხილა, აღაპყრო ხელნი და ლოცვა წარმოთქვა: "ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, შეეწიე შენს მონას!" ეშმაკები მაშინვე გაქრნენ უფლის დედის სახელის ხსენებაზე.

50 დღის მერე ეშმაკები კვლავ აღდგნენ წმინდანის წინააღმდეგ, ათონის ბინადარი მხეცები შეკრიბეს, თვითონაც მხეცის სახე მიიღეს და მღვიმეს მოადგნენ. ზოგი - სტვენითა და სისინით, ზოგიც ღრიალით ცდილობდა მის შეჭმას, მაგრამ წმინდა პეტრე ჯვრის ნიშითა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელის ხსენებით იგერიებდა მათ შემოტებას.

ამდენი მარცხის მერე ეშმაკმა უფრო მზაკვრული გეგმა მოიფიქრა. ერთი წლის მერე წმინდანის ერთ-ერთი მსახურის სახე მიიღო, ურცხვად გამოეცხადა მღვიმესთან და ხვევნა-კოცნა დაუწყო, თანაც ეუბნებოდა: გავიგეთ, რომ ტყვედ ჩავარდნილი წმინდა ნიკოლოზმა გამოგიხსნა და რომში მიგიყვანა. შენი ნახვის სურვილით რომში ჩავედით, მაგრამ იქ არ დაგვხვდი. წმინდა ნიკოლოზს შევევედრე და მან ათონზე მომიყვანა. უნდა წამომყვე შინ და გაახარო მონატრებული ნათესავ-მეგობარნი. კარგად იცი, რომ კონსტანტინოპოლში მრავალი მონასტერი და საგანდეგილო ადგილია, სადაც შეგიძლია ღვთივსათნო ცხოვრება განაგრძო. ამით შეგიძლია ღმერთსაც სათნოეყო და მრავალი სულისთვის სიკეთე გამოიღოო. წმინდა პეტრე შფოთავდა და ღელავდა. ბოლოს ატირდა და "მსახურს" უთხრა: "იცი, კაცო, რომ მე ამ ადგილას არც ანგელოზს, არც კაცს არ მოვუყვანივარ. უფალმა და ღვთისმშობელმა დამამკვიდრეს და მათი ნების გარეშე აქედან არსად წავალ". მაცხოვრისა და მისი დედის სახელთა ხსენებაზე ეშმაკი გაქრა. წმინდა პეტრე გაოცებული დარჩა ეშმაკის ამგვარი მზაკვრობით.

ამის მერე ეშმაკმა ანგელოზის სახე მიიღო, ხელთ შიშველი მახვილი ეპყრა. უთხრა: მე მთავარანგელოზი მიქაელი ვარ. ყოვლისშემძლე ღმერთმა შენთან გამომგზავნა, რათა გაუწყო, რომ დატოვო ეს ადგილი, სოფელში წახვიდე და კაცთა სულებისთვის იზრუნო. ამისთვის უფალმა ყველა წყარო დააშრო, რომლიდანაც წყალს სვამთო. მართლაც, ღვთის დაშვებით, მაშინ ეშმაკმა შეძლო წყლის დინების შეწყვეტა. ვინ ვარ ასეთი, რომ ჩემთან უფლის ანგელოზი მოვიდესო, - იკითხა წმინდა პეტრემ. ცრუანგელოზმა უთხრა: შენ ილიასა და მოსეს მარხვით აღემატე, დანიელს - შხამიან გველებთან ყოფნით და იობს - სრული მოთმინებით. ამიტომაც გამოდი და დარწმუნდი წყლის შეწყვეტაში და წადი სოფლის მონასტერშიო. წმინდა პეტრემ ბრძანა: "ვიდრე არ მოვა ჩემი დედოფალი ღვთისმშობელი, რომელმაც აქ მომიყვანა და წმინდა ნიკოლოზი, რომელიც მარადის შემეწევა გაჭირვებისას, აქედან არ გამოვალო". ეშმაკი ამ წმინდა სახელთა ხსენებაზე გაქრა. წმინდა პეტრე მიწაზე დაემხო და შეწევნა უფალს შესთხოვა: უფალო, ჩემი მტერი სატანა ლომივით ღრიალებს, ჩემს შეჭმას ლამობს. ნუ დამიტევებ შენი შეწევნის გარეშე".

იმავე ღამეს წმინდა პეტრე ღირსი შეიქმნა საღვთო ნუგეშინისცემისა: ძილში გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი წმინდა ნიკოლოზთან ერთად. "პეტრე! - უთხრა მას უფლის დედამ, - ამიერიდან ნუღარ შეგეშინდება ბოროტისგანმზრახველი ეშმაკისა, რამეთუ ღმერთი შენთანაა: უფლისგან წარმოიგზავნება შენთან უფლის ჭეშმარიტი ანგელოზი, რომელიც ყოველთვის გამოგეცხადება, ორმოცი დღის მერე განახებს მანანას, რომელსაც შეჭამ მთელი შენი ცხოვრება". გამოიღვიძა წმინდა პეტრემ და უფლის დედის ნადგომ ადგილს ეამბორა. მართლაც, მეორე დღეს გამოეცხადა წმინდა ანგელოზი, ზეციური საჭმელი მოუტანა და აღფრინდა ზეცად.

მას მერე წმინდა პეტრემ თავისი ანგელოზებრივი მოღვაწეობით 53 წელი იცხოვრა და ღვთის მადლით, ეშმაკის განსაცდელნი აღარ შემთხვევია. ამ ხნის მანძილზე კაცის სახეც კი არ უნახავს. საკვებად ჰქონდა ანგელოზის მიერ ნაჩვენები მანანა, რომელიც ციდან ნამის სახით წვიმდა, მკვრივდებოდა და თაფლის მსგავსი ხდებოდა. ტანსაცმელზე, საწოლზე, სახლსა და ადამიანურ მოთხოვნილებაზე აღარ ფიქრობდა. სამოსად პირველქმნილი უბიწოება ემოსა, სიცივეს, ქარს, ყინვას საღმრთო სიყვარულით ანთებული დაითმენდა. საწოლად ჰქონდა მიწა და საბნად - ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა. ვიდრე უფალი მანანას აჩვენებდა, ფესვებითა და უდაბნოს ბალახით იკვებებოდა.

ბოლოს უფალმა ინება, რომ მის ანგელოზებრივ ცხოვრებაზე ადამიანებს შეეტყოთ და ეს ამგვარად გამოაცხადა. ერთმა მონადირემ მთელი ათონის მთა შემოიარა და მიაღწია იმ ადგილს, სადაც წმინდანი მოღვაწეობდა. მღვიმის შესასვლელთან ფურირემი დაინახა. მის დაჭერას მთელი დღე მოანდომა. როცა ისარი უნდა ესროლა, უცებ კაცის მსგავსი არსება დაინახა, შიშველ ტანს ფოთლები და თეთრი, გრძელი წვერი უფარავდა. შეშინდა მონადირე, ეშმაკის ხილვა ეგონა და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. წმინდა პეტრემ დაუძახა: "რისი გეშინია, ძმაო? ნუ გარბიხარ. მეც შენსავით კაცი ვარ და არა მოჩვენება. მოდი აქ, რათა მოგიყვე ყველაფერი, რამეთუ ამისთვის გამოგგზავნა შენ უფალმაო". მონადირე მობრუნდა. წმინდა პეტრემ იგი დაამშვიდა და თავისი თავგადასავალი მოუყვა. კაცი გამხნევდა და უთხრა: წმინდაო მამაო, ვხედავ, რომ მე ცოდვილიც ვუყვარვარ ღმერთს, რახან შენი ხილვის ღირსი გამხადა. ამიერიდან აღარ განგეშორები, შენთან ერთად ვიღვაწებ ჩემი სულისთვისო, რაზეც წმინდა პეტრემ ბრძანა: "შენ ამას ვერ დაითმენ. ჯერ წადი შინ, მამისეული ქონება გაუნაწილე გლახაკებს, მერე თავი შეიკავე ხორცის, ყველის, ღვინისა და ზეთისგან და ყველაზე მეტად ცოლთან ურთიერთობისგან, შემუსვრილი გულით ევედრე ღმერთს. ერთი წლის მერე მოდი ჩემთან და რასაც უფალი განგიცხადებს, ისე მოიქეცი". თანაც გააფრთხილა, ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეენახა.

ერთი წლის მერე მონადირე ორი მონაზვნისა და თავისი ძმის თანხლებით ათონისკენ გაემართა. სამწუხაროდ, წმინდანი გარდაცვლილი დახვდა. ატირდა კაცი. მერე თანამგზავრებს მოუყვა წმინდანის ცხოვრება და მათი პირველი შეხვედრის ამბავი.

მონადირის ძმა მრავალი წელი არაწმინდა სულისგან იტანჯებოდა. როგორც კი მიუახლოვდა წმინდა პეტრეს სხეულს, მიწაზე დაეცა და დუჟმორეული გაიძახოდა: "შიშველო პეტრე, არ გეყო, რომ ორმოცდაცამეტი წელი აქ ცხოვრობდი და ჩვენზე ბატონობდი. მაშინ შენ აქედან გამაგდე და მომაშორე ჩემს მეგობრებს. ახლა მკვდარი ისევ ჩემს დევნას აპირებო?" უეცრად წმინდანის სხეული ზეციური ნათლით გაბრწყინდა და დემონი შავ კვამლად გამოვიდა კაცის პირიდან. ის განკურნებული, გულმომბალი ამბორყოფდა წმინდანის სხეულს.

მგზავრებმა წმინდანის ცხედარი წამოაბრძანეს თავიანთი ხომალდით. მაგრამ მოხდა სასწაული. კლემენტოს სავანესთან, სადაც შემდგომში ივერთა მონასტერი აშენდა, გემი შედგა და ადგილიდან ვეღარ დაიძრა. კლემენტოს მონაზვნებმა (რომლებიც წმინდა პეტრეს ათონზე მოსვლის მერე დასახლდნენ აქ) იეჭვეს, რაღაც ხდებაო. კლემენტოს იღუმენი მივიდა გემთან, შეიტყო ყველაფერი. მღვდლებმა საკმევლის კმევით, ლიტანიობით წმინდა პეტრეს ცხედარი ტაძარში გადაასვენეს, სადაც მრავალი სასწაული მოხდა. უამრავმა ხალხმა იწყო მონასტერში მოსვლა. მალე წმინდანი ახალ ლუსკუმაში გადაასვენეს და ტაძრის კარიბჭესთან დაასვენეს, შვიდი დღის მერე კი მთავარი ტაძრის მარჯვენა მხარეს გადაასვენეს. ის ორი მონაზონი, რომლებიც მონადირესთან ერთად მივიდა ათონზე, დარჩნენ კლემენტოს მონასტერში, მერე კი მოიპარეს წმინდანის სხეული და მთაწმინდიდან გაიქცნენ. მიაღწიეს ფოკიდიას (თრაკიას). ერთ ჭასთან გაჩერდნენ, წმინდანის სხეულიანი ტომარა ზეთისხილის ხეზე ჩამოკიდეს და დასასვენებლად ჩამოსხდნენ. უცებ იქაურები მოვიდნენ და ხმამაღლა გაიძახოდნენ: სად არის დიდებული პეტრე, აქ ათონის მთიდან მობრძანებულა. ჩვენ მისი ხილვა გვსურსო.

თურმე ამ ჭის ახლოს ქვიშით ამოვსებულ წყალსატევს ეშმაკნი დაპატრონებოდნენ და დიდად ვნებდნენ ადამიანებსაც და პირუტყვსაც. წმინდანის მისვლის მერე ეშმაკებმა იქაურობა დატოვეს. წმინდანის წმინდა ნაწილებიდან მრავალი კურნებაც აღესრულა. ამ მხარის ეპისკოპოსი და მრევლი ას ოქროსა და სხვა საჩუქრებს სთავაზობდნენ ბერებს, ოღონდ წმინდანის ნეშტი დაეტოვებინათ. ბერები უხალისოდ დასთანხმდნენ და ძღვნიანად ანატოლიისკენ გასწიეს. ამ დროს წმინდანის ნეშტს ერთი ეშმაკეული ყვირილით მიუახლოვდა: სად არის პეტრე სქოლასტიკოსი, ის არ ეყო, რომ ათონიდან გამაძევა? ახლა აქ მოვიდა და ჩემი ბინიდან მაძევებს. დავწვავ, რომ არ შემაწუხოსო. ეშმაკეულს ხელთ ორი ჩირაღდანი ეპყრა, გაიქცა წმინდანისკენ, მაგრამ ამასობაში იქუხა, დემონი ელვის სახით გამოვიდა და ტირილითა და ღაღადებით ჰაერში გაქრა.

ამის მერე ეპისკოპოსმა, მრევლთან ერთად, ფსალმუნთა და საგალობელთა გალობით წმინდა პეტრეს სხეული თავიანთ ქალაქში გადაასვენა...

შეგვეწიოს ლოცვა წმინდა პეტრე ათონელისა.

კონდაკი

განაშორე თავი შენი კაცთა თანა ცხოვრებასა და ქუაბთა შინა კლდეთასა, და ნაპრალთა დაემკვიდრე სურვილითა საღმრთოთა და სიყუარულითა უფლისა შენისათა პეტრე, რომელისაგან მითხოვე ჩუენ მოცემად გვირგვინი იგი უხრწნელებისა.

ბეჭდვა
1კ1