"დღეს ქართული ეკლესია აღასრულებს აბიბოსის ხსენებასა"
"დღეს ქართული ეკლესია აღასრულებს აბიბოსის ხსენებასა"
წმინდა აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღესთან დაკავშირებით  გთავაზობთ ეპისკოპოს ლეონიდეს (ოქროპირიძე) ქადაგების  მცირე ამონარიდს:
" ყველა ჩვენგანს გამოცდილეით აქვს შეგნებული, რომ როდესაც იხსენება სადმე ჩვენი გულითადი პატივსადები ადამიანის სახელი, თუგინდ ის ადამიანი ცოცხალიც აღარ იყოს, მაინც დიდ სიამოვნებას იწვევს ეს ხსენება ჩვენს გულში. დღესაც გვაგონებს ეკლესია ერთი  ღირსშესანიშნავი და ღვაწლით მოსილი წმინდანის სახელს. დღევანდელი წირვის ჩამოლოცვაში, სხვა წმინდანების სახელების შორის, უეჭველია, გაიგონებდით წმიდა მღვდელმოწამისა აბიბოს ნეკრესელი ეპისკოპოსის სახელსაც. დიაღ, გაგონებით გაიგონეთ, მაგრამ გამოიწვია მან თქვენს გონებაში რომელიმე საღმრთო აზრები და წარმოდგენანი? დაგიბადათ მან საღმრთო და კეთილნი სურვილნი? გაგითვალისწინათ ამ სახელის გაგონებამ აბიბოსის მოღვაწეობა, მისი ცხოვრება და წამება?

არა! გაბედვით შემიძლიან ვთქვა, რომ ბევრს მხოლოდ ყურის ახლო გაურბინა ამ სახელმა; აქ მყოფთა მომეტებულს ნაწილს აზრათაც არ მოსვლია დღევანდელი წმინდანის სახელზე ჯეროვანი ყურადღების მიქცევა, თითქმის არც არავინ იცოდა ამ წამამდე, რომ დღეს ქართული ეკლესია აღასრულებს აბიბოსის ხსენებასა და ამის გამო, რასაკვირველია, არც არავინ შეჰვედრებია გულმხურვალედ ამ წმინდანს, არც არავის აუნთია მისთის სანთელი, არავის გამოუთხოვია თავისთვის და თავისი ოჯახეულობისათვის ამ წმინდანისაგან ღვთის წინაშე დახმარება და მეოხება. სამწუხარო მხილოდ ისაა, რომ დღევანდელი თქვენი სარწმუნოება აღარ არის მოქმედი და ცხოველი; დღევანდელ თქვენს ცხოვრება-მოქმედებაში აღარ სჩანს ამ სარწმუნოების გავლენის კვალი. მძიმე და მომაკვდინებელი ცოდვაა ურწმუნოება, მაგრამ აღარაფრით დაუვარდება მას სარწმუნოებრივი გულცივობაც, ანუ ნელტფილობა.  აი, რას უბრძანებს ღმერთი წმ. იოანე ღვთისმეტყველის პირით ლავდიკიის ეკლესიის ანგელოზს: "ვიცნი საქმენი შენნი, რამეთუ არცა გრილი ხარ და არცა ტფილი... მეგულვების აღმოგდება შენი პირისაგან ჩემისა" (გამ. 3, 15, 16).უკუვაგდოთ, ძმანო, ჩვენგან ღვთის განმარისხებელი ნელტფილობა, აღვინთოთ გულთა შინა ჩვენთა საღმრთო შური ღვთის სახელის სიყვარულისა და ვიქმნნეთ მუდამ მიმდევარნი სარწმუნოებისა გულმოდგინე, ცხოველი და მომქმედი სიყვარულით, რომლის ბრწყინვალე მაგალითს წარმოგვიდგენს დღევანდელი წმინდანი, ნეკრესის სპისკოპოზი, მღვდელმოწამე აბიბოსი, ამინ!"


ბეჭდვა
1კ1