წმინდა ნეოფიტე ურბნელი - 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
წმინდა ნეოფიტე ურბნელი  - 28 ოქტომბერი (10 ნოემბერი)
VII საუკუნეში, ამირა მუმნის ბრძანებით, სარდალი აჰმადი ურიცხვი ჯარით შემოესია საქართველოს. სარკინოზებმა დაიპყრეს სომხეთი და ქართლი, ვიდრე არგვეთის მთამდე. აჰმადი მტკვარ-ლიახვის შესართავთან დაბანაკდა, ხოლო ჯარი ზემო და ქვემო ქართლის ასაოხრებლად გაგზავნა. მისი ორი მხედართმთავარი, ომარი და ბურული, მტკვარს ჩამოჰყვნენ და სოფელ ციხედიდთან, მდინარის გაღმა, სარკინეთის კლდეებში გამოკვეთილ მღვიმეებს მოჰკრეს თვალი. იფიქრეს: "ეტყობა, ქართველებს იქ ოქრო-ვერცხლი აქვთ გადამალული; რა ბიჭები ვიქნებით, თუ არ გავძარცვეთ? ჩვენი მხედრებიც შერცხვებიან და არც სულთანი შეგვინდობსო". მტკვარში ფონი მოძებნეს, მაგრამ ჰოი, საკვირველებავ - მდინარე ვერა და ვერ გადალახეს. მთელი დღე ასე იწვალეს და მწუხრმა რომ მოაწია, მაშინღა მოეგნენ გონს. შიშმა მოიცვა არაბები. ერთი ტყვეთაგანი მოაყვანინეს და ჰკითხეს: - ვინ ცხოვრობს იმ კლდეებშიო. ტყვემ მიუგო: - მღვიმეებში სასწაულმოქმედი კაცის შიოს მიერ შეკრებილი ღვთის მონანი სახლობენო. განცვიფრებული ომარი და ბურული აჰმადთან გაბრუნდნენ და ამ სასწაულს მოუყვნენ. "რატომ აქამდე არ მითხარით, რომ მეც მენახა ის ადგილი?" - დატუქსა აჰმადმა ქვეშევრდომნი, შემდეგ კი მონასტერში ძღვნით დატვირთული ომარი წარავლინა. გაატანა, რაც კი მონაზვნებს სჭირდებოდათ: საზრდელი, ტანსაცმელი, ოქრო-ვერცხლი, ალვა, საკმეველი - და შეუთვალა: "ილოცეთ ჩემთვის, ღვთის მონანო, სახმარი მიიღეთ, ხოლო ალვა (საკმეველი) თქვენი მოძღვრის საფლავზე სამსახურებლად მოიხმარეთ. როცა მოვბრუნდები, თავადაც გინახულებთო".

წავიდა ნობათით დატვირთული ომარი, ახლა უკვე იოლად გადალახა მტკვარი, მიეახლა მონასტრის კარიბჭეს და რას ხედავს: ურიცხვი მხედრობა ირევა მონასტრის გარშემო, მათ შორის კი ფრიად მშვენიერი მოხუცი მონაზონი მიმოდის და მხედრობას განამტკიცებს.

მალე ხილვა გაქრა და ომარმა მონა გაგზავნა ბერების დასაძახებლად, სულთნის სახელით მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობა მისცა მათ. ბერებმა ის მონასტერში შეიყვანეს. ომარმა მამა შიოს საფლავთან მიყვანა ითხოვა და თავისი რჯულის წესისამებრ დიდხანს ლოცულობდა. შემდეგ წამოდგა, უკან მოიხედა და დაინახა მონასტრის ძმობა, დაბებკილი ფლასით მოსილი, ყოველგვარ ამსოფლურ ზრუნვას განშორებული. თითქოს შიშიც შეატყო და განამხნევა: "ღვთის წმინდანო, ადამიანებისა ნუ გეშინიათ, ისინი თქვენ ვერაფერს გავნებენ. ვიხილე უხილავნი ძალნი მონასტრის გარშემო, მხედართა სახით ჰაერში რომ მიმოდიან და ამ წმინდა ადგილს იცავენ. ვეჭვობ, ანგელოზნი უნდა იყვნენ. მათ შორის ერთი მხცოვანი მონაზონია, ის კი თქვენი მოძღვარი უნდა იყოსო". ის სასწაულიც მოუთხრო, მტკვარზე რომ ვერ გადავიდნენ.

ადიდეს ძმებმა ღმერთი და წმინდა შიო, "იგი მარადის მცველიაო ჩვენი", - უთხრეს ომარს. სარკინოზი მცირე ხანს დუმდა, გონება მისი ქრისტეს ნათელით ივსებოდა. უკვე მონასტერში დარჩენაც კი სურდა, მაგრამ იმ დღეს ეს არ შეიძლებოდა. მაშინ აღთქმა დადო მონასტრის ძმობის წინაშე, რომ ამიერიდან არც ერთ ეკლესიას არაფერს ავნებდა, ხოლო როცა მოახერხებდა, ნათელს იღებდა, მონაზვნად აღიკვეცებოდა და მათთან, მღვიმეში დასახლდებოდა.

ერთი თვის შემდეგ ომარი გაეპარა აჰმადს, თან ორი ერთგული მონა იახლა. ნათელ იღო და წმინდა სქემა შეიმოსა. სახელად ნეოფიტე უწოდეს, რაც ახალ ნერგს ნიშნავს. ნათელ იღეს მისმა მონებმაც და ბერად აღიკვეცნენ. ერთს ქრისტოდულე, ქრისტეს მონა დაარქვეს, ხოლო მეორეს - ქრისტეფორე, ქრისტეშემოსილი.

ყველას წარემატა ახალნერგი მონაზვნობისა ლოცვით, მარხვით, სინანულითა და თავმდაბლობით და სასწაულმოქმედების მადლი მიიღო.

ამ სასწაულთა ამბავი ესმა ქართლის პატრიარქს სამუელს და მანაც ნეოფიტე ურბნისის ეპისკოპოსად აკურთხა.

არ უნდოდა ნეოფიტეს წმინდა შიოს საფლავის მიტოვება, თანაც თავს უღირსად მიიჩნევდა, მაგრამ საოცარია ღვთის განგებულება - ის, ვინც ცოტა ხნის წინ ქრისტიანებს დევნიდა და ხოცავდა, ქართლს არბევდა და აოხრებდა, ახლა იმავ ქრისტიანეთა, იმავ ქართლელთა მწყემსად დაადგინეს. გავა დრო და ახალმოქცეული თავსაც კი დადებს ქართლელთა რწმენაში განსამტკიცებლად.

ამაღლდა წმინდა ნეოფიტე ურბნისის საყდარზე და უფრო დამდაბლდა გონებით. შენატროდა წმინდა სტეფანე პირველდიაკონს, ქვით რომ ჩაქოლეს - თვითონაც ქრისტესთვის მოწამეობა სურდა.

ნეტარი მღვდელმთავარი გულმოდგინედ იღვწოდა თავისი სამწყსოსთვის, განაშორებდა მათგან ეშმაკის საცთურთ. მგზნებარედ შეუტია ცეცხლთაყვანისმცემლებს. მათაც აღაბორგეს ცეცხლის მოსავნი, შუაღამისას ყაჩაღურად დაესხნენ მღვდელმთავარს და ჩაქოლეს. ასრულდა წმინდა ნეოფიტეს ნატვრა და ის მოწამის გვირგვინით შემკობილი წარდგა უფლის წინაშე. მის მონაყოფილთაგან ერთ-ერთს, ქრისტეფორეს, შიომღვიმის მამასახლისის, ილარიონის, ბრძანებით, მკოდომანის მონასტრის წინამძღვრობა ჩააბარეს. მანაც სასწაულმოქმედების მადლს მიაღწია და აღესრულა 145 წლისა.

წმინდა ნეოფიტე მადლიერ ქართველებს ისევ შიომღვიმეში გადაუსვენებიათ. იქ, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, სამხრეთის სვეტთან, ახლაც გაჩვენებენ მის წმინდა საფლავს.

წმინდა ნეოფიტეს ცხოვრება კიდევ ერთხელ გვანუგეშებს და გვეუბნება, რომ რაოდენ ცოდვაშიც უნდა ვიყოთ ჩაფლულნი, ყოველთვის მოიძებნება უკან დასაბრუნებელი გზა, გვასწავლის, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს მტერი და რამხელა ძალა აქვს მისთვის ლოცვას.

წმინდა ნეოფიტეს ხატებამ "საქართველოს იმედის" ხატზეც დაივანა და სასოებას და რწმენას შეგვმატებს ივერიელებს.

..................................................


ტროპარი

საქმით მიემსგავსე მოციქულთა, და საყდართა მათსა ღირს იქმენ, საქმეჲ მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამისთვისცა სიტყვასა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოიტყოდი, და სარწმუნოებით იღვაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღუდელმთავარო ნეოფიტე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

ახლითა გალობითა უგალობდეთ ახალ ნერგსა მამისა ზეცათასა, ნეოფიტეს ყოვლად სამღუდელოსა, რომელმან სისხლითა თვისითა პორფირად შეღება, მოისიბრძნა სამოსლისა მღვდელობილისა, და მისსა მიმართ ვხმობდეთ: ითხოვე მამაო საწადელო ღვაწლის დამდებელისა მიმართ შენისა ეკლესიათა მშვიდობაჲ შეუძრველი.


ბეჭდვა
1კ1