როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ თავისი გამოუთქმელი სახიერებით კაცთა ხსნისთვის ვნება, ჯვარცმა, სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა ინება, მაშინ პონტოელი პილატეს მიერ დადგენილ მის მცველებს ასისთავობდა ლონგინოზი, წარმოშობით კაპადოკიელი.
იხილა რა ის სასწაულნი, რაც უფლის ჯვარცმისას მოხდა: მიწისძვრა, მზის დაბნელება, შემდგომ დაფლვა მაცხოვრისა, ანგელოზის მიერ ლოდის გარდაგორება, მკვდრების გაცოცხლება, - როგორც მოგვითხრობენ მახარებლები, ლონგინოზმა მაშინვე ირწმუნა, რომ იესო ქრისტე ძე ღმრთისა იყო. საეკლესიო გადმოცემით, ლონგინოზი გახლდათ სწორედ ის ერისაგანი, რომელმაც ლახვრით ჯვარზე გაკრულ იესოს "უგმირა გვერდსა", საიდანაც "მეყსეულად გადამოხდა სისხლი და წყალი", რომლის წვეთებმაც ლონგინოზს მტკივანი თვალი განუკურნა. როგორც ვთქვით, წმინდა ლონგინოზმა წმინდა საფლავის სხვა მცველ ჯარისკაცებთან ერთად იხილა იესოს მკვდრეთით აღდგომა, ირწმუნა მაცხოვარი და ქადაგებდა კიდეც ხალხში ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას. ამის შესახებ პირადად მოახსენა პონტოელ პილატეს და იუდეველთა მღვდელმთავრებს.
მღვდელმთავრებს კრება მოეწყოთ უკვე და გადაეწყვიტათ, როგორ "ეშველათ" ამ საქმისთვის. მათ ჯარისკაცთა უმეტესობა ფულით მოქრთამეს და ისინიც გაიძახოდნენ: "რა მკვდრეთით აღდგომა? მიგვეძინა. ამ დროს იესოს მოწაფეები მოვიდნენ და მოგვპარეს ცხედარიო". ლონგინოზმა ფულიც არ აიღო, პირიქით, განცხადებულად აღიარებდა იესოს. პილატემ და მღვდელმთავრებმა შეიძულეს ლონგინოზი და ქრისტესადმი ბოღმა ახლა მასზე გადმოანთხიეს. ხელსაყრელ დროს და საშუალებას ელოდნენ, რათა დაეღუპათ ეს ძველი მეომარი, რომელსაც თვით კეისარიც იცნობდა და პატივს სცემდა. როცა ლონგინოზმა გაიგო მათი ბოროტი ჩანაფიქრი, გადაწყვიტა, იქაურობას განრიდებოდა. ორ მეგობართან ერთად მოინათლა წმინდა მოციქულთა ხელთაგან, დატოვა იერუსალიმი და მშობლიურ კაპადოკიაში გაიპარა.
მალე იუდეველთა მღვდელმთავრებს შეატყობინეს, ლონგინოზ ასისთავი მთელ კაპადოკიაში ქრისტეს რწმენას ავრცელებსო. განრისხებულნი, ძვირფასი საჩუქრებით პილატეს მიადგნენ. სთხოვეს, ეუწყებინა კეისრისთვის, ლონგინოზმა თვითნებურად მიატოვა სამხედრო საქმე და ახლა კაპადოკიაში სხვა, უცხო რწმენას ავრცელებსო. პილატემაც ბევრი სხვა ცილისწამებით შეავსო წერილი და რომში გაგზავნა. წერილთან ერთად ჰურიებმა კეისართან დიდძალი ოქრო გაგზავნეს და ამით გამოისყიდეს მისგან ლონგინოზის სიკვდილი. ტიბერიუს კეისრის ბრძანება მოუვიდა პილატეს, - ლონგინოზ კაპადოკიელი სიკვდილით დასაჯეთო. პილატემ მხედრები აფრინა კაპადოკიაში ლონგინოზისა და მისი ორი მეგობრის მოკვეთილი თავების ჩამოსატანად.
ჯარისკაცებმა მოძებნეს ლონგინოზის სოფელი, მაგრამ იმის შიშით, რომ ასისთავი არ დამალვოდათ, დაფარეს თავიანთი ჭეშმარიტი განზრახვა და გადაწყვიტეს, ჩუმად შეეპყროთ იგი. ამ დროს წმინდა ლონგინოზს ღვთისაგან ეუწყა ყოველივე და მოწამებრივი ღვაწლისთვის განემზადა, თვითონვე მივიდა მათთან და მიესალმა. ჯარისკაცები მას არ იცნობდნენ, ამიტომაც ჰკითხეს: - სად არის კეისრის ასისთავი ლონგინოზიო. "რად გინდათ?" - შეეკითხა წმინდა ლონგინოზი. "გაგვიგონია, რომ ის კეთილი კაცია, ძველი მეომარია, ასისთავიც კი იყო. ამიტომაც მისი ნახვა მოვისურვეთო". წმინდანმა უთხრა: "გთხოვთ, ბატონებო, წამობრძანდეთ ჩემთან, სახლში, მოისვენოთ. მე ვიცნობ მას, დავიბარებ და თვითონ მოვა, რადგან ახლოს ცხოვრობსო". ჯარისკაცები სიამოვნებით გაჰყვნენ ლონგინოზს, გახალისდნენ მისი მასპინძლობით და საიდუმლოც გაანდეს: კეისრის ბრძანებით, ლონგინოზს და მის ორ მეგობარს თავები უნდა მოვკვეთოთო. გაუხარდა წმინდანს და სასწრაფოდ კაცნი გაგზავნა თავისი მეგობრების მოსაყვანად. შემთვრალ და გრძელი გზით დაღლილ ჯარისკაცებს მიეძინათ. ლონგინოზმა ლოცვა დაიწყო. გათენდა დილა, ჯარისკაცებმა გაიღვიძეს და ლონგინოზი დააჩქარეს, სთხოვეს ენახვებინა ის, ვისაც ეძებდნენ. ლონგინოზმა მცირე დრო ითხოვა. მალე მეგობრებიც მოვიდნენ. წმინდანი გარეთ შეეგება მათ და ახარა: "მივემთხვიეთ საწადელს, კეისრის ბრძანებით, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს სარწმუნოების გულისთვის თავი უნდა მოგვკვეთონო!" მეგობრებმაც დიდად გაიხარეს, რომ მოწამებრივი აღსასრულის ღირსნი შეიქნენ.
შევიდნენ ჯარისკაცებთან. წმინდა ლონგინოზმა უთხრა მათ: მე ვარ ლონგინოზი და აი, ის ჩემი ორი მეგობარი. ჩვენ ერთად ვიხილეთ მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე. ახლა კი აღასრულეთ ის, რაც გიბრძანესო. ჯარისკაცები თვალებს არ უჯერებდნენ და ფიქრობდნენ, გაეპარებინათ თავიანთი კეთილისმყოფელი. წმინდა ლონგინოზმა კი სთხოვა, აღესრულებინათ ნაბრძანები: მომკვეთეთ თავი, გამიშვით ჩემს უფალთან, რომლის ხილვაც დიდი ხანია მსურს. ყველაზე მეტად ამით გადამიხდით მადლობას კეთილი მასპინძლობისთვისო. შემდეგ შეიმოსეს თეთრი სამოსელი, განემზადნენ სიკვდილისთვის. წმინდა ლონგინოზმა თავის ახლობლებს აჩვენა ადგილი და სთხოვა, იქ დაეკრძალათ მისი სხეული. წმინდანებმა უკანასკნელად ამბორუყვეს შინაურებს და ქედი წარუპყრეს ჯარისკაცთა მახვილს. ჯარისკაცებმა ლონგინოზის მოკვეთილი თავი პილატეს იერუსალიმში ჩაუტანეს, მანაც აჩვენა და დაარწმუნა კრებული ჰურიათა, რომ "მთავარი მოწმე" ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისა უკვე მკვდარი იყო. შემდეგ კი წმინდა მოწამის თავი სანაგვეზე გადააგდებინა. უდაბნოს ქარმა მტვრით დაფარა იგი.
გავიდა ხანი და უფალმა ისურვა, განედიდებინა თავისი მადიდებელი წმინდა ლონგინოზი. ერთი კაპადოკიელი ქვრივი დედაკაცი დაბრმავდა, ექიმებმა ვერაფერი უწამლეს. დედაკაცმა იერუსალიმის მოლოცვა გადაწყვიტა - იქნებ ღვთის მადლმა და უამრავი სიწმინდის მოლოცვამ განმკურნოსო. ჩავიდა კიდეც იერუსალიმში ვაჟთან ერთად, მაგრამ დახეთ უბედურებას: ქალაქის სიახლოვეს ვაჟი უეცრად გარდაეცვალა და დარჩა სულმთლად უნუგეშოდ. მწუხარებისგან სასოწარკვეთილ ქალს წმინდა ლონგინოზი გამოეცხადა. დაამშვიდა ქალი. უთხრა, რომ თავის ვაჟს ზეციური დიდებით მოსილს იხილავდა. უამბო თავისი ამბავიც, რომ იგი კაპადოკიელი ასისთავი იყო, შეესწრო ქრისტეს ჯვარცმას და აღდგომას. მოუთხრო თავის მოწამეობაზეც. შემდეგ უბრძანა, ქალაქგარეთ მოეძებნა მტვრითა და სილით დაფარული მისი პატიოსანი თავი. "ასე განაგო ღმერთმა, რომ მაშინ განიკურნებიო". დამშვიდდა ქალი. სთხოვა ვიღაცას, ნაგავსაყრელთან მიმიყვანეო. თანამგზავრი გაუშვა და თვითონ ნაგვის ქექვა დაიწყო. როცა შეეხო წმინდა ლონგინოზის თავს, დედაკაცს თვალთ აეხილა. სიხარულისა და მადლიერების ცრემლმორეული ემთხვია წმინდა ნაწილს, გაწმინდა იგი, ნელსაცხებელი სცხო. დიდმა სიხარულმა შვილის გარდაცვალებაც კი დაავიწყა. შემდგომ საღამოს კვლავ გამოეცხადა მას წმინდა ლონგინოზი. გვერდით დედაკაცის ვაჟი ედგა ბრწყინვალე საქორწინო სამოსლით შემოსილი. ორივე ზეციური ნათელით ბრწყინავდა. წმინდანმა მას უთხრა: შეხედე და ნახე, დედაკაცო, როგორ დიდებასა და პატივშია შენი ვაჟი, რომლისთვისაც ტირი და მწუხარებ. ღმერთმა ზეციური სამეფოს მოქალაქეობა მიანიჭა მას. მე ვთხოვე უფალს, რომ შენი ვაჟი ჩემთან იყოს განუშორებლად. ახლა კი აიღე ჩემი თავი, შენს ვაჟთან ერთად კიდობანში ჩაასვენე და ისე დაგვმარხე. ნუღარ იტირებ, პირიქით, გიხაროდეს, რადგან შენს ერთადერთ ვაჟს ღვთისგან დაუსრულებელი სიხარული მიეცაო.
დედაკაცი ბრძანებისამებრ მოიქცა და კიდობანი, წმინდა ლონგინოზის თავითა და ვაჟის ცხედრით, მშობლიურ კაპადოკიაში წაასვენა, დაკრძალა პატივით, ადიდებდა ღმერთსა და მის მოწაფეს, წმინდა ლონგინოზს.
წმინდანის პატიოსანი ხელი დაკრძალულია ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარში. მისი ცხოვრება აღუწერია წმინდა ისიქეს, იერუსალიმელ ხუცესს (+434), რომელსაც წმინდა აღდგომის ტაძრის ბიბლიოთეკაში უპოვია აქტები, საიდანაც ირკვევა, რომ წმინდა ლონგინოზსა და მის ორ მეგობარს თავი 16 ოქტომბერს მოჰკვეთეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი