გზა - ეჭვიდან რწმენისაკენ
გზა - ეჭვიდან რწმენისაკენ
ნეტარი ავგუსტინეს მოქცევა მართლმადიდებელ სარწმუნოებაზე
შუა საუკუნეების გამოჩენილი მოაზროვნის, ქრისტიანობის დიდი აპოლოგეტის, რომაული ფილოსოფიის უდიდესი წარმომადგენლის ნეტარი (ავრელიუს) ავგუსტინეს ცხოვრება და მოღვაწეობა დაემთხვა მე-4 საუკუნის დასასრულს - მთელ ბერძნულ-რომაულ სამყაროში ქრისტიანობის წარმართობაზე გამარჯვების ხანას.

მისი ცხოვრება და სწავლება შესაძლებელია ორ დიდ ეტაპად გაიყოს: პირველი ეტაპი გრძელდება მის ქრისტიანად მოქცევამდე. ეს არის ფილოსოფიური ძიების, ყოყმანის, პირადი ცხოვრების გარდაქმნის, მერყევი ნების, სულიერი ღელვისა და დაუკმაყოფილებლობის ეტაპი. მეორე ეტაპი კი გამოირჩევა მზარდი ფილოსოფიური ოპტიმიზმით, ცხოვრებისეული და თეოლოგიური სტაბილიზაციით, სულიერი გაწონასწორებულობით, ნების სიმტკიცით. ნეტარი მამა თეოლოგად აქცია გამორჩეულობამ და ღრმა განსწავლულობამ. "აღსარებანის" დაწერის პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს გარდამავალ ეტაპად ნეტარი მამის ცხოვრებაში.

"აღსარებანში" ნეტარი ავგუსტინე გადმოგვცემს შეცოდებების გამო მძაფრ სულიერ განცდებს დაბადებიდან ქრისტეს მოძღვრებასთან ზიარებამდე.

უკვე 15-16 წლის ასაკში ნეტარ ავგუსტინეს დაეუფლა ძლიერი ხორციელი ლტოლვა, რაც მეტად ადარდებდა დედას, მაგრამ ახარებდა მამას. კართაგენში, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა რომს მიწიერი სიამოვნებებით, ავრელიუსი მთლიანად ჩაეფლო სასიყვარულო ნეტარებაში: "სულიერი სიყვარულის წმიდა წყაროს გულისთქმის მწვირით ვამღვრევდი და ვნებათაღელვის ჯოჯოხეთური სუნთქვით ვბღალავდი მის სიკამკამეს. ურცხვი, ურიდი და უტიფარი, უსაზღვრო ამაოებით აღსავსე, თავგამოდებით ვცდილობდი ზრდილი, დახვეწილი და მომხიბლავი მოვჩვენებოდი ხალხს. ფეხაკრეფით მივიპარებოდი განცხრომის პირქუშ დილეგში, ლხენით აღვსილი თვითონვე ვიდებდი წამების ბორკილს და საშუალებას ვაძლევდი თავიანთი შანთით დავედაღე იჭვნეულობას, შიშს, ძრწოლას, შურს, მრისხანებას, განხეთქილებას", - ინანიებს იგი "აღსარებანში". კართაგენში დაუახლოვდა ქალს და მისი ერთგულიც იყო 15 წლის მანძილზე. მათ შეეძინათ ვაჟი - ადეოდატუსი, რომელიც 16 წლისა გარდაიცვალა.

ნეტარი ავგუსტინეს ცხოვრებისა და შემოქმედებით გზას მეცნიერები აფასებენ როგორც გზას - ეჭვიდან რწმენისაკენ. ეს გზა წარმართობიდან მოქცეულმა არაერთმა რომაელმა გაიარა. ასეთ გადასვლას წინ უძღოდა მთელი ანტიკური კულტურის დრამატული შეფასება. "აღსარებანში" ნეტარი მამა გადმოგვცემს უპირველესად კლასიკური რომაული განათლების მიმართ იმედის გაცრუებას, სადაც წამყვანი როლი საუცხოო მეტყველებასა და რიტორიკას ეკავა. ნეტარმა ავგუსტინემ რიტორიკის შესწავლას ახალგაზრდობის საუკეთესო წლები შესწირა და სიყმაწვილეში შესწავლილი ხელოვნებებიდან ყველაზე მარჯვედ სწორედ მჭერმეტყველება გამოიყენა. შემდგომში იგი ფიქრობდა, - რიტორიკისა და დიალექტიკის წესები ადამიანებს ჭეშმარიტების მიღწევაში უნდა დაეხმარონ, რიტორიკის ცოდნა საჭიროა არა მხოლოდ იმისათვის, რომ სიამოვნება მივიღოთ სიტყვათა და აზრთა მოულოდნელი გადახვევებითა და თამაშით, არამედ მისი მიზანია უმაღლესი ზემოქმედების მიღწევა, ადამიანთა დარწმუნება ჭეშმარიტებაში.

373 წელს ნეტარმა ავგუსტინემ შეისწავლა ციცერონის დიალოგი - "ჰორტენზიუსი", რომელმაც შეძრა შინაარსის სიღრმითა და ენის სილამაზით. აქ დიალოგის ფორმითაა გადმოცემული კამათი სამ პერსონაჟს შორის. ერთ-ერთი პერსონაჟი ავითარებს აზრს, რომ ამქვეყნიური მწარე ცხოვრებისგან დასაცავად ყველაზე გამოსადეგი პოეზიაა, მეორე ისტორიას ანიჭებს უპირატესობას, მესამე (ჰორტენზიუსი) - მჭერმეტყველების დიდ მნიშვნელობაზე მსჯელობს და ფილოსოფიას აგდებულად მოიხსენიებს. საბოლოო სიტყვას ამბობს ციცერონი, რომელიც ფილოსოფიის დამცველის როლში გამოდის. მისი აზრით, ყველა ადამიანს ცხოვრების მიზნად ბედნიერების მიღწევა დაუსახავს, მაგრამ ადამიანმა უნდა იცოდეს, რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება. ზოგს ამად დაუსახავს სიმდიდრე, განცხრომა ან სახელი, ან ძალაუფლება, მაგრამ ყოველივე ეს დროებითია და მსწრაფლწარმავალი. ჭეშმარიტი ბედნიერების გასარკვევად უნდა გავარჩიოთ ადამიანში სული და სხეული. ფილოსოფია ერთადერთია, რომელიც სულს კურნავს და ადამიანური ცდომილებებისგან გვიცავს; გვინერგავს სიქველის, სიკეთის სიყვარულს. სული სიქველისკენ მიისწრაფვის, მატერია კი ბიწიერების სათავეა. არსებობს წმიდა სულიერების საუფლო და სულის ნეტარება. სწორედ ამ იდეალური სამყაროს ჭვრეტაა მარადიული ჭეშმარიტების შემეცნება. ჩვენი ამქვეყნიური არსებობის დანიშნულება და უზენაესი მიზანია ის, რომ მთელი არსებით ვესწრაფოდეთ ცოდნას და ფილოსოფიის მეშვეობით შეძლებისდაგვარად ვეზიარებოდეთ ჭეშმარიტებას. ნეტარი ავგუსტინე გაჰყვა ციცერონის "ჰორტენზიუსის" რჩევას. მისი სულიერი ცხოვრების ცენტრი რადიკალურად გადააადგილდა, რამაც განსაზღვრა ჭაბუკის ცნობიერ ძიებათა ახალი პროგრამის შემუშავება. ამიერიდან ის ბრმად აღარ ენდობა და ემორჩილება ინსტინქტებს და მთელი არსებით მიილტვის რაციონალურად დასაბუთებული და მტკიცედ დასახული მიზნისკენ - თვითონვე გამოჭედოს საკუთარი ბედნიერება და ბედის ტრიალისაგან დამოუკიდებელი გახადოს იგი. "ჰორტენზიუსმა" 19 წლის ჭაბუკის სულში პირველად ჩათესა ეჭვის მარცვალი ამასოფლიური მნიშვნელობისა და სიკეთის, ვნებებით გატაცების ღირებულების მიმართ. მაგრამ მისი ნება კვლავ მძვინვარე ვნებების ტყვედ რჩებოდა. მისი სურვილები ჯერ კიდევ არ შეესაბამებოდა მისსავე რწმენას. ამ წიგნმა შთააგონა ნეტარი ავგუსტინე, პატივი მიეგო არა რომელიმე ფილოსოფიური სკოლისთვის, არამედ საკუთრივ ფილოსოფიისთვის. ამ წიგნის ნაკლი, როგორც შემდეგში თავად ამბობს, ის გახლდათ, რომ იქ არსად იყო ნახსენები ქრისტე და ამიტომაც მას არ შეეძლო მთელი არსებით მისი გატაცება.

საღმრთო წერილის გაცნობისთანავე ნეტარი ავგუსტინე მანიქევლებს დაუახლოვდა და მთელი ცხრა წლის განმავლობაში მანის მიმდევართა სექტის წევრი იყო. იმ დროისათვის მანიქევლობა საკმაოდ პოპულარული კოსმოპოლიტური ფილოსოფიურ-რელიგიური სწავლება გახლდათ. მანი (216-275) თავის წინამორბედად ზარატუსტრას, ბუდასა და ქრისტეს მიიჩნევდა. მან ერთობ ეკლექტური რელიგია შექმნა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენდა ქალდეურ-ბაბილონური და სპარსული (ზოროასტრიზმი) რელიგიებისა და მითური თქმულებების, ხოლო მეორე მხრივ, ქრისტიანული გადმოცემებისა და რიტუალების უცნაურ სინთეზს. მანიქევლები თავს ქრისტიანად ასაღებდნენ, თუმცა ერეტიკულ სექტას ძალზე ცოტა რამ ჰქონდა საერთო ქრისტიანობასთან. მანიქეველები ასკეტურად ეკიდებოდნენ სხეულს, აღკვეთდნენ საჭმელს და ა. შ. ისინი მკვეთრად მიჯნავდნენ ერთმანეთისაგან ძველსა და ახალ აღთქმას, რომელთაგანაც პირველს ბნელეთის მოციქულთა ქმნილებად მიიჩნევდნენ, ხოლო მეორეს - სინათლის სამყაროს კეთილი მეუფის გამოცხადებად. ისინი უარყოფდნენ ძველი აღთქმის სიმბოლურ ხასიათს და მას სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით, ყოველგვარი ალეგორიულობისგან განყენებულად აღიქვამდნენ. არანაკლებ გაუგებარი იყო იესო ქრისტეს პიროვნების მანიქევლური ინტერპრეტაცია. მანიქეველთა მაცხოვარს არავითარი კავშირი არ ჰქონდა სახარებისეულ ქრისტესთან, რომელსაც ისინი იუდეველთა ღმერთის მიერ წარმოგზავნილად თვლიდნენ. ისინი გადაჭრით უარყოფდნენ განკაცებას, რადგანაც ეს ღვთაებრივი ბუნების შებღალვად და ბნელეთის ძალთა წინაშე მის ქედმოდრეკად მიაჩნდათ. ნეტარი ავგუსტინე თავიდანვე დადებითად განეწყო მანიქეველთა სექტის მიმართ. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ისინი ახალ აღთქმას თვლიდნენ სიყვარულის ღმერთის დაბადებად. ნეტარმა ავგუსტინემ ბევრი მეგობარი მოაქცია მანიქევლობაზე, თუმცა რწმენა დროთა განმავლობაში თავადაც შეერყა. იგი მანიქევლურ იგავებს ფილოსოფიურ სწავლებას უდარებდა და ასკვნიდა, რომ ფილოსოფია ბევრად უფრო ახლოა ჭეშმარიტებასთან. იგი განუდგა მანიქეველთა სექტას. მიუხედავად ამისა, მანიქევლობის კვალი ადვილად არ გამქრალა ნეტარი ავგუსტინეს შემდგომ მსოფლმხედველობაში. "აღსარებანში" ნეტარი მამა ხაზს უსვამს იმას, რომ მარტოდმარტო, შიშისა და რისკის ფასად, ტანჯვით მიდიოდა შემეცნების რთულ გზაზე და ყოველგვარი წინააღმდეგობა გადალახა ჭეშმარიტი რწმენით. მისთვის, ისევე როგორც მისი ეპოქის ყველა რომაელი ინტელექტუალისთვის, შეუძლებელია მარტივი ყოფილიყო რწმენის ძიების გზა, რადგან ეს გზა იყო ანტიკური სისტემის ფასეულობათა გადაფასების გზა. ნეტარ მამას უსაზღვრო ძალისხმევა დასჭირდა იმისათვის, რომ ეს გზა სხვებისთვის გაეადვილებინა. ეკლესიის ეს უდიდესი მამა იდგა ძველი და ახალი საუკუნეების მიჯნაზე. აგროვებდა რა ძველი კულტურის ნამსხვრევებს, ამავე დროს საფუძველს უყრიდა უახლეს, შუასაუკუნეობრივ მსოფლმხედველობას. ნეტარმა ავგუსტინემ თავისი ეპოქის ყველა სიძნელე აიღო თავის თავზე და განიცადა როგორც ახალი სამყაროს დაბადების ტკივილები, ისე ძველი ეპოქის წინასასიკვდილო მდგომარეობა.

როდესაც ნეტარი მამა გაეცნო ნეოპლატონიკოსთა თხზულებებს, ნეოპლატონურ იდეებსა და ქრისტიანულ მოძღვრებას შორის არსებითი მნიშვნელობის მქონე საერთო ნიშნები დაადგინა. ამის თაობაზე იგი წერდა: "პლატონიკოსთა თხზულებებში, მართალია სულ სხვადასხვა სახით, მაგრამ გამუდმებით შეიძლებოდა ზიარება ღმერთთან და მის სიტყვასთან". ნეოპლატონიზმმა მას მიანიშნა გზა საკუთარი თავის შიგნით, ორიენტაცია მისცა, ეძია ჭეშმარიტება არა გარე სამყაროში, არამედ სულის საკრალურ საიდუმლოებებში. ნეტარმა მამამ ქრისტიანობის იდეოლოგად გახდომის დროსაც შეინარჩუნა სიმპათია ნეოპლატონიკოსთა მიმართ. იგი თვლიდა, რომ ისინი ყველა ფილოსოფოსზე ახლოს იდგნენ ჭეშმარიტებასთან. "აღსარებანში" იგი საუბრობს იმის შესახებ, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ნეოპლატონური ტრაქტატების კითხვას მის ქრისტიანად მოქცევაში. ნეტარი ავგუსტინე ნეოპლატონიკოსთა მიმდევრებს ეუბნებოდა: "თქვენ ისეთი სწავლების მიმდევრები ხართ, რომ თავისთავად უნდა გახდეთ ქრისტიანებიო". თუმცაღა უკვე გვიან, როდესაც ნეტარმა მამამ გადააფასა თავისი დამოკიდებულება წარმართული ფილოსოფიის მიმართ, იგი განსჯიდა თავის ყმაწვილურ გატაცებას პლატონიზმით და ამბობდა, რომ პლატონსა და ნეოპლატონიკოსებს აფასებდა დაუმსახურებლად მაღალ დონეზე. მისი განდგომა პლატონიზმისგან ამავე დროს ნიშნავდა განდგომას ელიტარული ფილოსოფიისგან, რომელიც ხელმძღვანელობდა მთელ იმდროინდელ ყოფას. ნეტარი ავგუსტინე თვლიდა, რომ ანტიკური სამყარო ხედავდა თეოლოგიურ ჭეშმარიტებას, მაგრამ არ იცოდა, როგორ მისულიყო მასთან. ნეტარი მამის ძიება ვერც ნეოპლატონიზმმა დააკმაყოფილა - პირველ რიგში, იმით, რომ მაშინ საბოლოოდ არ იყო დაძლეული ღმერთისა და მატერიალური სინამდვილის დუალიზმი; ნეოპლატონური მოძღვრება "ერთზე" საბოლოოდ სპობდა ინდივიდს. ნეოპლატონიკოსთა მარადიული ღვთაებრივი მოძღვრების იდეას აკლდა განკაცების იდეა, რის საფუძველზეც შესაძლებელია მიწიერის, ადამიანურის ღვთაებრივთან შეერთება. ნეტარი მამისთვის ქრისტიანული ფილოსოფია, ანტიკური ფილოსოფიისგან განსხვავებით, წარმოადგენდა პირველ რიგში ქადაგებას ღმერთის განხორციელებაზე, ქრისტეში ადამიანების ღვთისშვილობის ხარებაზე. მისთვის ღმერთი აღარც ნეოპლატონიზმის განყენებული "ერთი" იყო და აღარც პლატონის უპიროვნო და აბსტრაქტული მონადა (ანუ ენეადა), არამედ ყველაზე რეალური, კონკრეტული, ცოცხალი სული, ყოველგვარი მეტაფიზიკური და ზნეობრივი სრულყოფის სისრულე.

ნეოპლატონიზმის დიდი მნიშვნელობის მიუხედავად ნეტარი ავგუსტინე მაინც წმინდა წერილს დაუბრუნდა. მილანში მან იპოვა მოძღვარი და მასწავლებელი - წმინდა ამბროსი მედიოლანელი. სულიერი საზომი, რომელსაც წმინდა ამბროსი ემყარებოდა, სრულიად აკმაყოფილებდა იმ დროის ფილოსოფიურად განვითარებული ადამიანის გონებას. წმინდა ამბროსი მედიოლანელის ქადაგებებმა ნეტარ ავგუსტინეს ასწავლა წმინდა წერილის სულიერი ინტერპრეტაცია და ხელი შეუწყო ქრისტიანულ სარწმუნოებაში მის საბოლოოდ განმტკიცებას. ამის შემდეგ ნეტარი მამა მიზანმიმართულად გაუდგა ჭეშმარიტი რწმენის გზას ეკლესიის ხელმძღვანელობით. ამ გზას იგი აღარასოდეს განდგომია.

მტანჯველი შინაგანი ძიება ჭეშმარიტებისა და სულიერებისა, წმინდა ამბროსი მედიოლანელის ალეგორიულ-სიმბოლური მიდგომა ბიბლიურ ტექსტებთან, ანტონი დიდისა და სხვა მონაზონთა ცხოვრებაზე გაგონილი მოთხრობები, პავლე მოციქულის ეპისტოლეების კითხვა - ყველაფერი ეს დაეხმარა ნეტარ ავგუსტინეს, ეღიარებინა მართლმადიდებლობა ერთადერთ ჭეშმარიტ სწავლებად. მან დაძლია ყველა ეჭვი და გაურკვევლობა, რომელიც, გარკვეულწილად, დაეხმარა კიდეც, ღრმად გაეაზრებინა ჭეშმარიტება. წმინდა წერილის გაცნობით მიხვდა, რომ ძველი და ახალი აღთქმა არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს, ხოლო პავლე მოციქულის ეპისტოლეებმა მიახვედრა, რომ ხსნის გზისკენ მივყავართ მადლს და არა "სიბრძნეს ამა სოფლისას". ამ სენტენციამ: "სიბრძნე ამა სოფლისა სიცოფე არს წინაშე ღვთისა", - ნეტარი ავგუსტინეს თვალში იმდენად გააუფასურა არისტოკრატიული სიბრძნე, რომ მას აღარ იღებდა დამოუკიდებელ ღირებულებად.

ნეტარი ავგუსტინე მონათვლამდე გაიტაცა დავითის ფსალმუნებმა, რომელმაც ასევე დიდი გავლენა იქონია მის გადაწყვეტილებაზე. ბოლოს, როდესაც მოინათლა და აფრიკაში დაბრუნდა, შეუდგა ბიბლიისა და მთელი ქრისტიანული ლიტერატურის შესწავლას. ამბობდა, რომ მთელი ჭეშმარიტება, რაც კი აქამდე ფილოსოფოსთა წიგნებში ამოუკითხავს, წმინდა წერილში აღმოაჩინა. სამსახურს თავი დაანება, დაშორდა მეგობრებსა და ნათესავებს და განმარტოვდა კასიციანეში, მეგობრის ვილაში, სადაც თავი მისცა სულიერ განსჯას. იგი აქტიურად ემზადებოდა ქრისტიანობის მისაღებად. 387 წლის 24 აპრილს იგი შვილთან ერთად მოინათლა. ქრისტიანობის მიღება ნეტარ ავგუსტინეს ესმოდა, როგორც ცხოვრებისეული ამაოებისაგან გაცლა ჭეშმარიტი ფილოსოფიის სავანეში და ღრმა სულიერი ცხოვრება. დედის გარდაცვალების შემდეგ იგი სამშობლოში დაბრუნდა, გაყიდა თავისი მოკრძალებული მემკვიდრეობა და თაგასტაში დააარსა პატარა მონასტერი, სადაც ექვსმა ადამიანმა დაიწყო მოღვაწეობა. თაგასტაში ცხოვრების სამი წელი ნეტარმა მამამ მთლიანად მიუძღვნა სულიერ საქმიანობას. 391 წელს - მღვდლად, 399 წელს კი ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. იგი 31 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჰიპონიის ეკლესიას და დაუღალავად ებრძოდა სხვადასხვა მწვალებლურ მიმდინარეობას: მანიქევლობას, დონატიანელობას, პელაგიანელობას და სხვ.

ნეტარმა ავგუსტინემ იცხოვრა რომის დაცემამდე და გარდაიცვალა 430 წლის 28 აგვისტოს ჰიპონიაში. მან დაგვიტოვა უზარმაზარი შემოქმედებითი მემკვიდრეობა. ნეტარ ავგუსტინეს ხშირად მოიხსენიებენ შუა საუკუნეების ფილოსოფიის ფუძემდებლის სახელით.
ბეჭდვა
1კ1