სინანულის მქადაგებლის თავის კვეთის დღეს დედაეკლესიამ ერთდღიანი მძიმე მარხვა დააწესა, მარხვა სინანულისა
სინანულის მქადაგებლის თავის კვეთის დღეს დედაეკლესიამ ერთდღიანი მძიმე მარხვა დააწესა, მარხვა სინანულისა
წმინდა იოანე ნათლისმცემელმა, როგორც შობით, მოწამებრივი სიკვდილითაც წინაუსწრო მაცხოვარს, ჩავიდა ჯოჯოხეთში და მართალთა სულებს მესიის მოსვლა ახარა.

ვინ მოკლა წმინდა იოანე, ვინ გაკადნიერდა და შეახო ხელი ადამიანს, რომელზე უმეტესი "არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაი?"

იმ კაცს ჰეროდე ანტიპა ერქვა - "მელია", რადგან თუმცა ხელმწიფება ლომისა ჰქონდა, სახე მელიას მიუგავდა. ჰეროდე ანტიპა უფროსი ძე გახლდათ ბეთლემს ყრმათა მომწყვეტელი ჰეროდესი, ბოროტი ნაყოფი ხენეში ხისა. ხალხი მეფეს უწოდებდა, თუმცა მეოთხედმთავარი, სამეფოს მეოთხედის მმართველი იყო. ან რაღა მეფე ეთქმოდა, როცა სიძვის ვნებას შეეპყრო საბრალო. მან კანონიერი ცოლი, არაბთა მეფის ასული, გააგდო და ცოლად თავისი რძალი შეირთო. რჯულის მიხედვით, ამის ნება ჰქონდა, თუ ძმა ისე გარდაიცვლებოდა, რომ შვილი არ დარჩებოდა. ასეთ შემთხვევაში მოვალეც კი იქნებოდა, თესლი აღედგინა ძმისთვის. მაგრამ, როგორც ამბობენ, ჰეროდემ ცოცხალ ძმას - ფილიპეს წაჰგვარა ცოლი და ამით დიდი უსჯულოება ჩაიდინა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სახელმწიფოს მმართველის ცოდვა აღემატება უბრალო ერისკაცის მიერ ჩადენილს. მეფე ხომ ერს ღვთის სათნოდ ცხოვრებას უნდა ასწავლიდეს და არა მცნებათა დარღვევას! ასევე უნდა იქცეოდეს დედოფალიც, მაგრამ ჰეროდეადა, ფილიპეს ცოლყოფილი, არა მარტო სახელით, საქმითაც ახალი ქმრის სეხნია იყო.

"არა ჯერ არს შენდა, - ეუბნებოდა ჰეროდეს იოანე, - ვითამცა ცოლად გესვა ძმის ცოლი შენი". ასეთი კადნიერებისთვის სხვას წუთითაც არ აცოცხლებდა ანტიპა, მაგრამ იოანეს ასერიგად ვერაფერს დაუშავებდა - ერი მას წინასწარმეტყველად მიიჩნევდა, ჰეროდეს კი ეშინოდა ერისა. წმინდა იოანე სასწაულებს არ სჩადიოდა, მაგრამ ორლესულივით სიტყვა ჰქონდა. მრავალი მოაქცია და დააფიქრა ცოდვებზე, ბევრის გულში მოუსწორა გზანი მაცხოვარს.

ჰეროდემ იოანე შეიპყრო და დილეგში ჩააგდო, თუმცა შიში მაინც არ ასვენებდა, რადგან იცოდა, რომ მართალი და წმინდა კაცი იყო მისი ტუსაღი. ხშირად მიდიოდა საპყრობილეში, ესაუბრებოდა იოანეს და პატივს არ აკლებდა. თითქოს სჯეროდა კიდეც მისი, მაგრამ... ჰეროდეადასი უფრო ეშინოდა.

მრავალგზის სთხოვა ქმარს ჰეროდეადამ იოანეს დასჯა (ეგებ ფიქრობდა, რომ წინასწარმეტყველის სიკვდილი მის უსჯულოებას დაფარავდა, რომ აღარავინ იქნებოდა მისი მამხილებელი), მაგრამ ვერაფრით დაიყოლია.

ქალი მარჯვე შემთხვევას ეძებდა წმინდანის მოსაკლავად. ეს დღეც დადგა. ჰეროდემ დაბადების დღეზე მეგობრები, ნათესავები, გალილეის დიდკაცობა, ათასისთავნი და სხვანი მისებრ უკეთურნი მიიწვია. ღრეობა შუაღამემდე გაგრძელდა. ჰეროდეს თანამეინახენი ტიკჭორებს დაემსგავსნენ. უწესობა და უგვანობა სუფევდა სუფრაზე, თითქოს თვით ეშმაკი წინამძღვრობდა უხილავად ამ ცოდვის ტაბლას. ამ დროს დარბაზში ჰეროდეადას ასული შევიდა და მათ წინაშე როკვა დაიწყო. შიშველი, ურცხვად მოცეკვავე ქალი ვნებით აღძრავდა მთვრალ მამაკაცებს. თვით მისი ბიძა და მამობილიც აღარ მალავდა ვნებას. ქალმა ცეკვა რომ დაასრულა, აღტაცებულმა ჰეროდემ სთხოვა, ერთხელ კიდევ ეცეკვა და აღუთქვა, სანაცვლოდ რაც გინდა, მთხოვე, თუნდაც ნახევარი სამეფოო. ქალმა დედას მიაშურა რჩევისთვის. ჰეროდეადამ ასწავლა: "იოანე ნათლისმცემლის თავი სთხოვეო". სათხოვარმა შეაწუხა ჰეროდე... მაგრამ თანამეინახეთა წინაშე ფიცის გატეხა ითაკილა და დათანხმდა. ბრძანა, თავი მოეკვეთათ წინამორბედისთვის და ქალისთვის ლანგრით მოერთმიათ.

მსახურებმა ბრძანება მაშინვე შეასრულეს და ლანგრით, რომლითაც კერძები შემოჰქონდათ, წმინდა იოანეს მოკვეთილი თავი შემოიტანეს. ლანგრიდან ჯერ კიდევ წვეთავდა სისხლი. ლანგარი მეფის წინ დადეს. ამ დროს სასწაული მოხდა: წინამორბედის მოკვეთილმა თავმა კვლავ ამხილა მეფე. თავზარდაცემული ხალხი სუფრიდან წამოიშალა. მროკველმა ასულმა წმინდა იოანეს თავი ჰეროდეადას მიუტანა. გამძვინვარებულმა ქალმა ნემსით დაჩხვლიტა ნათლისმცემლის ენა, შემდგომ კი თავი ფეხსალაგში ჩააგდებინა. იოანეს სხეული მისმა მოწაფეებმა მოიპარეს და სებასტიაში გადამალეს.

ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ჰეროდეს ეზოსმოძღვრის ცოლმა ამოიღო, ნელსაცხებლით გაწმინდა და დიდი სასოებით მოეპყრო.

ნათლისმცემლის მოკვდინების შემდეგ ჰეროდემ არანაკლებ დიდი ცოდვა ჩაიდინა: ჯვარცმის დღეს თვით მაცხოვარი შეურაცხყო. ღვთის რისხვამაც არ დაიგვიანა: არაბეთის მეფემ ანტიპას სამთავროზე გამოილაშქრა. მას თავისი ქალიშვილის გამო შურისძიება სწყუროდა. საშინელი ბრძოლა გაიმართა. ჰეროდე დამარცხდა, განადგურდა მისი არმია. თვითონ ძლივს გაასწრო ცეცხლს. ამის შემდეგ რომის კეისარმა ყოველგვარი ხელმწიფება ჩამოართვა და თავდაპირველად გალიის ქალაქ ლიონში გადაასახლა, იქიდან კი ესპანეთის ქალაქ ილერდაში, სადაც ცხოვრება უკიდურეს სიღარიბეში დაასრულა. მაგრამ მანამდე მასაც და ჰეროდეადასაც თავიანთი ქალიშვილის სიკვდილი უნდა ეხილათ. ერთხელ, ზამთარში, როცა ასული გაყინულ მდინარე სიკორისზე გადადიოდა (სხვა ვარიანტით - ცეკვავდა), ყინული ჩატყდა. დანასავით ბასრმა ყინულმა თავი ტანს მოაშორა. სხეული მდინარის დინებამ წაიღო, სისხლმწთოლვარე თავი კი ჰეროდესა და ჰეროდეადას მიუტანეს.

ღვთის რისხვამ უსჯულო ცოლ-ქმარსაც უწია - ამბობენ, რომ ისინი მატლებმა ცოცხლად შეჭამეს.

წმინდა იოანემ, როგორც წინამორბედმა, ნათლისმცემელმა უფლისამ, ვითარცა ქალწულმა და მეუდაბნოემ, ვითარცა მოძღვარმა და სინანულის მქადაგებელმა, მრავალი გვირგვინი მოიპოვა ღვის სასუფეველში. ორი ათასი წელია მისი წმინდა ლოცვა შეეწევა კეთილმორწმუნე ქრისტიანებს. სინანულის მქადაგებლის თავის კვეთის დღეს დედაეკლესიამ ერთდღიანი მძიმე მარხვა დააწესა, მარხვა სინანულისა. ეკლესია მართლმადიდებელ ქრისტიანებს საშუალებას გვაძლევს, ამ დღეს მძიმე მარხვის შენახვით გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული და კრძალვა წმინდა იოანეს მიმართ. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. განა წმინდა სახარებით კიდევ ერთხელ არ გვმოძღვრავს სინანულის მქადაგებელი: "ვინ გიჩვენა თქვენ სივლტოლაი მერმისა მისგან რისხვისა? ყავთ უკვე ნაყოფი სინანულისა!" და რა არის ქართველთა სინანულის ნაყოფი - ის, რომ რესტორნები მძიმე მარხვაშიც სავსეა მოქეიფეებით? ის, რომ ათასგვარ ცოდვაში ჩაფლულებს აბრაამის, ანუ ჩვენი დიდი წინაპრების, შვილობით მოგვაქვს თავი? თუ ჯერ მიწა არ გვეწვის ფეხქვეშ, თავი მართლები რატომ გვგონია?! უფალმა დაითმინა და წინამორბედის მოკვდინების დღეს მის მკვლელებს არც მეხი დასცა და არც შთანთქა უფსკრულთა ქვესკნელისათა, "რაითამცა მართალი იგი და წმიდანი უმეტესად იდიდა და ყოველთავე უჯეროდ მიმძლავრებულთა აქუნდამცა ნუგეშისმცემლად". კიდევ მისცა სინანულის დრო უკეთურ ცოლ-ქმარს. სინანულის ჟამი მოგვცა უფალმა ჩვენც, ცოდვებში ჩაფლულ კაცობრიობას. ოთხი წლის წინ წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს დაინგრა ნიუ-იორკის ორი ცათამბჯენი, ბაბილონის გოდოლივით ცას რომ მიბჯენოდნენ. რამდენიმე ათასი ადამიანი შენობის ნანგრევებმა დაიტანა. განა ისინი ყველაზე ცოდვილნი იყვნენ? "არა, არამედ უკეთუ არა შეინანოთ, ეგრე სახედ ყოველნი წარსწყმდეთ", - ამბობს მაცხოვარი.

ღვთის განგებით, იმ დღეს ცათამბჯენების გვერდით მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარი გადარჩა. ჩვენ კი, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, ეს ტრაგედია ჭკუის სასწავლად გამოგვადგება. კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სიკვდილი სადღაც ცხრა მთას იქით კი არ არის, აქვეა, ჩვენს ზურგს უკან. "აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს" და ყოველი, ვინც კეთილ ნაყოფს არ გამოვიღებთ, მოვიკვეთებით.

ქრისტიანებს "ამ სოფლის მარილს" გვიწოდებს უფალი და თუ ჩვენც განვქარდით, თუ ჰეროდეს მივემსგავსეთ, რაღამ დაამარილოს ეს სოფელი? ჰეროდეს კი უთუოდ მივემსგავსებით, თუ სინანულის მოწოდებას ყურს არ მივუპყრობთ, ვიხარებთ ათასგვარი ვნების სიმთვრალით და ამა სოფლის მროკავ დედაკაცს გადავცემთ ჩვენს სულს.

ეკლესიის მამანი სიმთვრალეს გვიკრძალავენ. "ნუ, საყვარელნო, ნუ იხარებთ სიმთვრალით ჰეროდეს მსგავსად, - გვასწავლის მამა საბა, სულხანყოფილი, - უკეთუ არ მოჰკლათ წინასწარმეტყველი, უეჭველად მოაკვდინებთ სულთა თქვენთა... ხოლო შენ ოდეს გენებოს სერი, ღვინით სიმთვრალისთვის ნუ იხარებ, ნუცა შობისა შენისათვის. ზვაობად მოიხსენე შობა შენი და სულთქმიდე, რამეთუ წმინდა იყავ და შემდგომად ცოდვისა შეიბილწე.

ევლტოდეთ ცოდვის ტაბლას, ვითარცა ჰყო ჰეროდემ შობის დღეს და შესძინა ცოდვა ცოდვასა და დაუგო მოყვასთა სერი უსჯულოებისა და ტაბლა უღმერთოებით აღსავსე... თქვენცა, საყვარელნო, განეკრძალენით ზედის-ზედ ღვინის სმას და მარადის სიმთვრალეს, ვინაიდან მთვრალობა არის თავი ყოვლისა ცოდვისა და შემძინებელი უსჯულოებასა ზედა უსჯულოებისა.

სტუმარნი ისტუმრენით სიხარულით, სვით ღვინო ზომიერად და ჭამეთ ტაბლა კეთილად, მოყვასნი შეიყვარენით უცოდველად და კეთილს-უყოფდით და ნუ ბოროტსა და ევედრენით წმიდასა ნათლისმცემელსა იოანეს, რათა დაგიფაროთ მთვრალობისა და ყოველთა ცოდვათაგან და მეოხ გეყოსთ წინაშე უფლისა, რათა მოგცესთ სასუფეველი და იხარებდით მას შინა საუკუნომდე, ამინ".
ბეჭდვა
1კ1