წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა სიცოცხლის ბოლო წლები სვანეთში, სქიმარის ციხესიმაგრეში გაატარა
წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა სიცოცხლის ბოლო წლები სვანეთში, სქიმარის ციხესიმაგრეში გაატარა
ბიზანტიიდან საქართველომდე
კაცობრიობის უდიდესმა მოაზროვნემ, თეოლოგმა და ღვთისმსახურმა, წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა სიცოცხლის ბოლო წლები სვანეთში, სქიმარის ციხესიმაგრეში გაატარა. რამდენიმე წლის წინ ამ ციხესიმაგრის ნანგრევებს მიაკვლიეს. ამ ადგილს აქაურები ახლა ოდნავ განსხვავებულად - სკიმერად მოიხსენიებენ.

ვინ იცის, უცხო ქვეყნის რამდენი შვილი შეუტკბია ქართულ მიწას; რამდენჯერ გაუშლია მკლავი უცხო ტომის რჩეულ კაცთა დროებით თუ სამუდამო განსასვენებლად. მართლაც, ბევრი სიწმინდის მესაკუთრედ ითვლება ქართველი ერი. სიამაყის გრძნობაც დამსახურებულად გვეუფლება.

ამჯერად წმინდა და ღმერთშემოსილ ადამიანებს გავიხსენებთ, იმათ, ვინც თავიანთი სიცოცხლეცა და სიკვდილიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას მიუძღვნა, ვინც ჩვენს ერს შეეწია, სულიერებაში გაწაფულიყო, ზნეობაში გაწვრთნილიყო, ვინც უთვისტომოდ, სამშობლომონატრებულმა დალია სული და ქრისტიანული სიცოცხლისა და სიკვდილის მაღალზნეობრივი მაგალითი გვიჩვენა ქართველთ.

ქრისტეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ თავიანთი მოგზაურობითა და ქადაგებით საქართველოში ქრისტიანულ მოძღვრებას ჩაუყარეს საფუძველი. მათგან ორმა - მატათამ და სვიმონმა - კი თავიანთ წილხვედრ ქვეყანაში პოვა საბოლოო განსასვენებელი, სიმბოლოდ იმისა, რომ ჭეშმარიტი სიტყვა დასაბამიდან ქვეყნის დასასრულამდე ეგება საქართველოს მიწა-წყალზე.

მათ კვალს ღირსეულად მოჰყვება წმინდა ნინო, კაბადოკიელი ქალწული, რომელსაც ძნელად თუ მოვიაზრებთ არაქართველად. ღვთისმშობლისგან ნაბოძები ვაზის ჯვარი იტვირთა და უცხო ქვეყნის "უჟიკთა" მოქცევა გადაწყვიტა. ამ უცხოტომელმა გოგონამ ჩვენი ერის ცნობიერება საბოლოოდ შეცვალა. წმინდა დედაც შეისისხლხორცა ქართულმა სულმა, მისი წმინდა სხეული კი ქართულმა მიწამ შეიტკბო, ბოდბის დედათა მონასტერი ყველა ქართველის სულიერ ნავსაყუდლად იქცა.

საღმრთო ხილვის გამო სამუდამოდ დატოვეს სამშობლო ასურელმა მამებმა. მამულს მოსწყდნენ და ზეციური სამშობლოს ძიებაში საქართველოს სანახებს მოადგნენ.

ქართველთა სულიერებისთვის დამაშვრალი მამებიც ისე გავითავისეთ, რომ მათი არაქართველობაც ეხამუშება ყურს, ეუცხოება გონებას. დავით გარეჯელი თბილისის სიმბოლოდ იქცა, იოანე ზედაზნელი - ქართლისა, იოსებ ალავერდელი - კახეთისა... მათი წმინდა ნაწილებიც ქართულ სავანეთა კუთვნილებაა.

იყვნენ წმინდა კაცები, რომელთაც სასჯელის გამო იძულებით მოიხილეს ჩვენი მიწა და თავიანთი მოწამებრივი ცხოვრებითა და სიკვდილით სამუდამოდ დარჩნენ ქართველი კაცის გულში. მათი სული, ფიქრი ჩვენი ერისას შეუერთდა ჩვენივე სასიცოცხლო ძალთა გასაძლიერებლად.

წმინდა ვასილისკო, III საუკუნის მოწამე, რკინის დალურსმული ფეხსაცმლით მიიყვანეს კომანში. სიცხისგან დამაშვრალის დასარწყულებლად უფლის სასწაულით მიწიდან წყარომ ამოხეთქა და იარები მობანა წამებულს. იმ ადგილას ახლა ტბაა, ტბაში კი წმინდა ვასილისკოს სისხლით დაფერილი ქვები მოჩანს. ესეც უკვე ქართულია, აფხაზეთის, ჩვენი საკუთრება.

უდიდესი წმინდა მამა, კონსტანტინოპოლის პატრიარქი იოანე ოქროპირი, სახედარზე მჯდომი შემობრძანდა ბიჭვინთაში. უკვე დაუძლურებულ სხეულზე აფხაზეთის მზე ეალერსებოდა. უკიდეგანო გონება უკანასკნელად საქართველოში ფიქრობდა ამაოებათა ამაოებისა და უკვდავების ჭეშმარიტების შესახებ. ამ ფიქრებით ანთებულმა, ქართულ ცასა და მიწას განუცხადა თავისი მარადიული სიტყვები: "დიდება უფალს ყველაფრისთვის!" მის სარკოფაგს რუდუნებით ინახავს აფხაზეთის მიწა.

ეს არასრული ჩამონათვალიც ცხადყოფს, რომ საქართველოს გული, მიწა, ისტორია სვიმეონ მიმრქმელივით იხუტებს გულში ყველას და ყველაფერს, რაც ქრისტესია - ქრისტესთვისაა.

ღვთის განგებით, საქართველოში მიაბარა სული უფალს კაცობრიობის უდიდესმა მოაზროვნემ, თეოლოგმა, ღვთისმეტყველმა მაქსიმე აღმსარებელმაც. ბიზანტიიდან საქართველოში საკაცით ჩამოუბრძანებიათ შეურაცხყოფილი და ნაწამები მხცოვანი.

წმინდა მაქსიმემ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები საქართველოს ულამაზეს კუთხეში, სვანეთში გაატარა. სამუდამო განსასვენებელი კი ლეჩხუმში, ცაგერის მახლობლად, მურის ციხესიმაგრესთან პოვა.

მურის ულამაზეს ხეობაში, გოლიათ მთათა მახლობლად, მცირე ტაძარში ტრაპეზმა საუკუნეობით შემოინახა წმინდანის სხეული.

ღვაწლმოსილი ქრისტიანის, საკაცობრიო მნიშვნელობის ღვთისმეტყველის უკანასკნელ დღეთა ტკივილებისა და დათმენის მომსწრე სვანეთის მიწა-წყალი გახდა. იქ დაიწერა მის მიერ ქრისტიანობის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ეპისტოლეები.

ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ძალისხმევით მოხდა ამ დიდ სიწმინდესთან დაბრუნება. წმინდა მაქსიმეს პიროვნებით დაინტერესებამ კი ახალი აღმოჩენის წინაშე დააყენა საზოგადოება და მეცნიერები.

მეუფე სტეფანემ ლენტეხის რაიონის მაღალმთიან რეგიონში მიაკვლია ადგილს, სადაც ციხესიმაგრის ნანგრევები აღმოჩნდა. ეს ქართულ და უცხოურ წყაროებში მოხსენიებული სქიმარია, ადგილი, სადაც წმინდანმა სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა. ადგილობრივი მოსახლეობა კი ამ ტერიტორიას ახლა ოდნავ სახეცვლილად მოიხსენიებს - სკიმერს უწოდებს.

ამ აღმოჩენით ბელგიელი მეცნიერებიც დაინტერესდნენ. მათ უკვე დაიწყეს მუშაობა მაქსიმე აღმსარებლის შრომათა სრული კრებულის გამოსაცემად, რისთვისაც ქართულ ხელნაწერებსა და მათ განხილვას დიდი მნიშვნელობა მიენიჭება.

მეცნიერთა თუ სასულიერო მოღვაწეთა აზრით, წმინდანი უდიდესი ფილოსოფოსია, რომელმაც ღრმად შეისწავლა ადამიანის შინაგანი ბუნება და მისი კავშირი ღმერთთან. ჩვენამდე მოაღწია მისმა მრავალმა ეპისტოლემ, ქადაგებებმა, ეგზეგეტიკურმა, დოგმატურმა, ანთროპოლოგიურმა, ასკეტურ-ზნეობრივმა სწავლებამ.

დიდი მამების საღვთისმეტყველო ნაწარმოებებს მისი სწავლებანი უდევს საფუძვლად, იოანე დამასკელიც ბევრ რამეს დასესხებია. მეცნიერთა აზრით, მისი "მართლმადიდებელი სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა" სწორედ წმინდა მაქსიმეს საღვთისმეტყველო ნააზრევზეა დამყარებული.

გაეცნობი ღმერთშემოსილი მამის ცხოვრებას და კვლავ აღივსები უფლისადმი მადლიერების გრძნობით, რომ კიდევ ერთი წმინდა სხეული შეუერთდა საქართველოს მიწას, კიდევ ერთი მეოხი სული კი - ჩვენი ქვეყნისთვის მლოცველ წმინდანთა დასს.

წმინდა მაქსიმე აღმსარებელი VII საუკუნეში კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა და წარჩინებული ოჯახის შვილი იყო. ღვთისმოშიში ყრმა სწავლაში ისე წარემატა, რომ მისმა ამბავმა ბიზანტიის იმპერატორის ყურამდე მიაღწია, რომელმაც მაქსიმე სასახლეში მიიწვია და მწიგნობართმთავრის თანამდებობა უბოძა.

კარიერაში მიღწეულ წარმატებას მისთვის ხელი არ შეუშლია, უშიშრად ეღიარებინა სიმართლე მართლმადიდებლური დოგმატების შესახებ და უარეყო იმ დროის მზაკვრული ერესი - მონოთელიტობა (მოძღვრება ქრისტეს ორი ბუნებისა და ერთი ნების, ქმედების შესახებ), რომელიც მწვალებლებმა მონოფიზიტობას ჩაუნაცვლეს. ამ ცრუ მოძღვრების სულისჩამდგმელნი ანტიოქიის, ალექსანდრიისა და კონსტანტინოპოლის პატრიარქები იყვნენ. მათ გვერდით იდგა მათ მიერვე გადაბირებული ბიზანტიის იმპერატორი. ჭეშმარიტ სწავლებას მხოლოდ რომის პაპი მარტიანე, იერუსლიმის პატრიარქი და მაქსიმე იზიარებდნენ.

წმინდა მაქსიმემ სასახლე დატოვა და ჯერ ხრისოპოლის მონასტერში გადაინაცვლა, შემდეგ კი რომში - პაპთან. რომის პაპმა მარტიანემ და მაქსიმემ ლათინთა კრება მოიწვიეს. კრების მოხსენების საღვთისმეტყველო ნაწილი მართლმადიდებლობის დასაცავად მაქსიმეს მიერ იყო დაწერილი.

კრებამ დაგმო მონოთელიტობა. ეს ამბავი იმერატორ კონსტანცის ეუწყა. განრისხებულმა იმპერატორმა პაპსა და მაქსიმე აღმსარებელს სამშობლოს ღალატის ბრალდებით წამება და ლაზეთში გადასახლება მიუსაჯა.

სამოცდათხუთმეტი წლის მაქსიმეს კონსტანტინოპოლის ქუჩები ცემითა და თრევით შემოატარეს. ენა და მარჯვენა მოჰკვეთეს და დაუძლურებული ლაზეთში გადაასახლეს.

"მაქსიმე შეურყეველია", - მოედო მთელ ბიზანტიას. ჯანმრთელობაშერყეული მხცოვანი წმინდანი საკაცით ჩაიყვანეს საპყრობილემდე.

662 წლის 8 ივნისს ის უკვე სვანეთის მიწაზე იყო.

სქიმერის ხეობა VII საუკუნეში ბიზანტიის დაქვემდებარებაში იყო. განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის გამო იქ ბიზანტიელთა გარნიზონი იდგა.

სქიმერის ციხესიმაგრეში წმინდანმა სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა. მისი ცხოვრება კი მისივე მოწაფემ ანასტასი აპოკრისიასმა აღწერა და გადასცა იერუსალიმში მოღვაწე თეოდორე ხუცესს.

ამ უკანასკნელმა მაქსიმეს გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იმოგზაურა იმ ადგილებში, სადაც ნეტარი მამა მოღვაწეობდა და ადგილობრივი მოსახლეობისგან შეიტყო მაქსიმეს სიცოცხლის უკანასკნელ დღეთა შესახებ.

"ქრისტესმოყვარე ლაზების ქვეყანას" უწოდებს საქართველოს თეოდორე. ამ ქვეყანაში მას უამბეს, რომ, ღვთის დაშვებით, წმინდანს სიცოცხლის ბოლოს მეტყველებისა და წერის უნარი აღუდგა და გარდაცვალებამდე არაერთი ეპისტოლეც დაწერა. როდესაც ანგელოზისგან ეუწყა, რომ მალე დატოვებდა ამ სოფელს, უარი თქვა საზრდელის მიღებაზე და "მოუკლებელად" ლოცულობდა. ჩვენთვის ცნობილია დიდი სულიერებით გამორჩეული მისი უკანასკნელი ეპისტოლეც.

წმინდა მაქსიმემ მშვიდობით მიაბარა სული უფალს. იგი ციხესიმაგრეში დაუკრძალავთ, მის საფლავზე კი ყოველ ღამე სამი ღვთიური ლამპარი ჩნდებოდა. ამ სასწაულის მომსწრე ციხის მცველნი და მოსახლეობა ყოფილან.

მოგვიანებით მისი წმინდა ნაწილები ცაგერში, მურის ციხესიმაგრესთან მდებარე არსენის მონასტერში გადმოუბრძანებიათ და დღესაც იქ განისვენებს.

ლეჩხუმის თვალწარმტაცი ბუნების სრულყოფილება და ჰარმონია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს წმინდა მაქსიმეს სულიერ სრულყოფილებასა და ჰარმონიულ კავშირს ღმერთთან. გოლიათ მთათა ძლიერება კი წმინდა მამის გონების ძლიერებაზე ღაღადებს. კამკამა ზეცა მისი სულის გადმოსახედია და საქართველო - მისი მეორე სამშობლო, სამუდამო განსასვენებელი.

მოამზადა
ბელა ბარკალაიამ
ბეჭდვა
1კ1