იგი უფალს ერთს ევედრებოდა: "შენი ნათელის ღირსი გამხადეო"
იგი უფალს ერთს ევედრებოდა: "შენი ნათელის ღირსი გამხადეო"
საქართველოში მართლმადიდებელი სარწმუნოებისთვის წამებულ წმინდანთა შორის განსაკუთრებულ მოწიწებასა და კრძალვას იმსახურებს წმინდა დიდმოწამე კონსტანტინე კახი, რომლის შესახებაც ისტორია შემდეგს გვამცნობს: არაბთა ბატონობის ჟამს ქართლში ცხოვრობდა სათნოებითა და მოწყალებით განთქმული დიდგვაროვანი და ფრიად მორწმუნე კაცი, სახელად კონსტანტი, რომელსაც თავისი მამულის გამო კახს უწოდებდნენ. კონსტანტი კახი დიდი სიმდიდრისა და ყოველგვარი ამქვეყნიური სიკეთის მფლობელი იყო. მას კარგად იცნობდნენ როგორც საქართველოში, ასევე საბერძნეთის სამეფო კარზეც. მან მოილოცა იერუსალიმის წმინდა ადგილები, გაიღო უამრავი შესაწირი ეკლესიებისთვის, მეუდაბნოე წმინდა მამებისგან მიიღო ლოცვა-კურთხევა და სრულიად ამაღლებული დაბრუნდა საქართველოში. ქრისტეს მოყვარე და ღვთისმოშიში მთავარი თავს დიდ ცოდვილად თვლიდა და ხშირად იმეორებდა: "არავინაი გესავ მოტევებასა ცოდვათა, გარნა დანთხევითა სისხლთა ჩემთაითა მისთვის, რომელმან იგი დასთხივნა სისხლი ჩვენთვის".

იმ დროს, როცა მან 85 წლის ასაკს მიაღწია, არაბთა ურიცხვი ლაშქარი ბუღა თურქის წინამძღოლობით შემოესია ჩვენს ქვეყანას. ამ ბრძოლაში თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილი გაწყდა, ქალაქი გადაწვეს, ხოლო მის მმართველს თავი მოჰკვეთეს. ამას მთელი საქართველოს აოხრებაც მოჰყვა. მოხუცი კონსტანტი კახი ქართლის ლაშქარს ჩაუდგა სათავეში. სასტიკი ბრძოლის დროს ურჯულო არაბებმა ქართველები დაამარცხეს, ხოლო ბორკილებდადებული კონსტანტი კახი თავის ვაჟ თარხუჯთან ერთად ჯერ თბილისში ბუღა თურქს მიჰგვარეს, შემდეგ კი ბაბილონის ქალაქ სამარაში გაგზავნეს ისმაიტელ მეფე ჯაფართან.

ურჯულო მეფემ კონსტანტის უთხრა: "აჰა, ჩემს ხელთ ხარ. მე შემიძლია, კეთილიც გიყო და ბოროტიც, ამიტომ მისმინე და დამემორჩილე, აღიარე ჩვენი რჯული, უარყავი შენი ქრისტე და მიიღე ჩემგან უაღრესი დიდება. იცოდე, თუ არ დამიჯერებ, შენს ხორცს ცის ფრინველებს მივუგდებ საჯიჯგნად და ჩემგან ვერავინ დაგიხსნისო". კონსტანტიმ იცოდა, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდებოდა, რადგან უფალი განაგებს ყოველივეს, და მადლობდა უფალს ამისთვის. მან ურჯულო ჯაფარს მხნედ უპასუხა: "მეც ვიცი, რომ შეგიძლია ავნო ჩემს ხორცს, მაგრამ სულს ვერაფერს დააკლებ, როგორც იტყვის ამას უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი იესო".

განრისხებულმა ჯაფარმა კონსტანტი საპყრობილეში ჩააგდებინა და ორი სომეხი მიუჩინა, რომლებიც სამშობლოში დაეტყვევებინათ და ქრისტეს რწმენის უარყოფობისთვის დიდ პატივში იყვნენ, მაგრამ მათ კონსტანტი კახს რწმენა ვერ შეაცვლევინეს. იგი უფალს ერთს ევედრებოდა: "შენი ნათლის ღირსი გამხადეო", ამიტომაც სასტიკად აწამეს, ბოლოს თავი მოჰკვეთეს და მახვილზე წამოგებული ურჯულო მეფეს მიართვეს, ისე, როგორც ჰეროდეს მიართვეს იოანე ნათლისმცემლის თავი, ხოლო ტანი მაღალ ძელზე ჩამოკიდეს.

ხალხმა მრავალი სასწაული იხილა იმ დღეებში, რამეთუ "მივიდა წმიდა იგი მოწამე, სადა იგი არა იყო ჭირი, მწუხარება... სადა დაუსრულებელი სიხარული და წმიდა ანგელოზთა თანა მოქალაქეობაი არს".

მოგვიანებით ქართველებმა წმინდანის სხეული სამშობლოში გადმოასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს. საქართველოს ეკლესიამ კი კონსტანტი კახი წმინდანად შერაცხა და მის ხსენებას წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს, 23 (10) ნოემბერს აღნიშნავს, რამეთუ სწორედ ამ დღეს აღესრულა იგი 853 წელს.

უფალმა ინება კონსტანტინე კახის, მიმალული წმიდანის, გამოჩინება და 2008 წლის 29 ივლისს თერჯოლა-ტყიბულის ეპარქიის მიტროპოლიტმა გიორგიმ (შალამბერიძე) თერჯოლის რაიონის სოფ. ქვედა სიმონეთში კონსტანტინე კახის ტაძარი აკურთხა.

როგორც ივ. ჯავახიშვილი ვარაუდობს, კონსტანტი კახის ცხოვრების აღმწერი საბერძნეთში მცხოვრები რომელიმე ბერი უნდა ყოფილიყო, ამიტომაც მას "კონსტანტიდ" მოიხსენიებს, ქართული ფორმა კი "კონსტანტინე" უნდა იყოს, ამიტომაც მეუფე გიორგიმ (შალამბერიძემ) ტაძარი კონსტანტინე კახის სახელზე აკურთხა.

ტაძრის პროექტი ეკუთვნის არქიტექტორ რეზო ჯანაშიას, ქტიტორია ბატონი რეზო ბოგვერაძე, რომელმაც ტაძარი თავისი ერთადერთი გარდაცვლილი ვაჟის - კონსტანტინეს სულის საოხად ააგო მშენებელ რომან ბასილაძესა და სოფლის მოსახლეობასთან ერთად. კონსტანტინე კახის ტაძართან, მიტროპოლიტ გიორგის ლოცვა-კურთხევით, დაარსდა დედათა მონასტერი, სადაც მეუფემ წინამძღვრად აკურთხა მონაზონი სოფიო, მორჩილად კი მხევალი ირინე.

ტაძარს აქვს სამრეკლო და პატარა სალოცავი - ღვთისმშობლის წყაროცხოველი. ბატონი რეზო ფიქრობს, მომავალში აქ სასულიერო სასწავლებელი გახსნას. ტაძართან 29 აპრილიდან მოქმედებს სამრევლო სკოლა, სადაც ახალგაზრდებს გალობას ასწავლიან.

კონსტანტინე კახი 853 წლის 23 (10) ნოემბერს ეწამა, 2008 წლის 23 ნოემბერს კი პირველი წირვა აღევლინა მის სახელზე სიმონეთის კონსტანტინე კახის სახელობის ტაძარში. აქ არის სასწაულმოქმედი კონსტანტინე კახის ხატი, რომელიც ხატმწერ ვასილ ზანდუკელს ეკუთვნის.

მობრძანდით, მოილოცეთ წმინდა კონსტანტინე კახის ეკლესია, ის უკვე ერთი წლისაა და დიდი სიყვარულით გელით...

თსუ აკადემიური დოქტორი, ჩოხოსანთა დასის წევრი
ნატალია ბოგვერაძე
ბეჭდვა
1კ1