მოიხილე შრომით გათანგული და შენი ხილვის მოსწრაფე ჩემი სიბერე
მოიხილე შრომით გათანგული და შენი ხილვის მოსწრაფე ჩემი სიბერე
წმინდა მღვდელმოწამე დიონისე კეთილშობილ წარმართულ ოჯახში დაიბადა. აღზრდა და განათლება ათენში მიიღო. შეისწავლა ელინური სიბრძნე, ფილოსოფიის ცოდნაში თანატოლებს აღემატა, მაგრამ ცოდნის სრულყოფისათვის ეგვიპტის ქალაქ ილიოპოლისში გაემგზავრა. მაშინ 25 წლის იყო. დიონისე იქ თავის მეგობარ აპოლოფანესთან ერთად ასტრონომიას სწავლობდა. სწორედ იმ დღეს, როცა ჩვენი ცხონებისათვის უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ჯვარს აცვეს და შუადღისას მზე დაბნელდა სამი საათით, დიონისემ გაოცებულმა წამოიძახა:

- ან ღმერთი შემოქმედი ყოვლისა სოფლისა იტანჯება, ანდა ამ ხილული სამყაროს აღსასრული დადგაო!

ქრისტეს ვნებაზე ეს მან მართლაც რომ სულიწმინდით თქვა, თორემ ამქვეყნიური სიბრძნე ამის შეცნობაში ვერ დაეხმარებოდა.

ეგვიპტიდან ათენში დაბრუნებულმა ცოლი შეირთო. როგორც უპირატესი სათნოებით, პატიოსნებით, თანაქალაქელებმა იგი არეოპაგის წევრად აირჩიეს. არეოპაგში საერო და სასულიერო საქმე გაირჩეოდა. როცა წმინდა პავლე მოციქული შეპყრობილი წარადგინეს, წმინდა პავლემ უხუცესთა წინაშე ჯვარცმულ და მკვდრეთით აღმდგარ იესო ქრისტეზე იქადაგა. მაშინ დიონისემ ყურადღებით მოუსმინა მოციქულს და მისი სიტყვები გულში შთაიბეჭდა. თუმცა ამას ვერ ვიტყვით უხუცესებზე, რომელთაც მოძღვრება მკვდრეთით აღმდგარ ქრისტეზე სისულელედ უჩნდათ.

დიონისემ, სხვებზე გონიერმა, პავლე მოციქულთან განმარტოებით დაიწყო განსჯა. მოციქულმა ჰკითხა: ღმერთად თაყვანს ვის სცემთო. დიონისემ აჩვენა ქალაქში კრონოსის, აფროდიტეს, ზევსის, ჰეფესტოს, ჰერმესის, დიონისეს, არტემიდეს და სხვათა კერპები. წმინდა პავლემ ერთ ბომონსაც მოჰკრა თვალი, რომელზეც ეწერა - "უხილავ ღმერთს" და იკითხა, - ვინ არის ეს უხილავი ღმერთიო. "ის, ვინც ჯერ არ გამოცხადებულა ღმერთთა შორის, - უთხრა დიონისემ, - მაგრამ მოვა თავის დროს ის, ვინც იმეფებს ცასა და მიწაზე და მის მეუფებას არ ექნება დასასრული".

მაშინ მოციქულმა პავლემ კეთილ ნიადაგზე ღვთის სიტყვის თესლის თესვა დაიწყო. დიონისეს მისივე სიტყვების საფუძველზე აუწყა, რომ ის ღმერთი უკვე იშვა ქალწული მარიამისგან, ჯვარს ეცვა კაცთა ცხონებისათვის. მისი ტანჯვის ხილვა თვით მზემაც ვეღარ შეძლო და სამი საათი ნათელი აღარ გამოსცა. ეს ღმერთი აღსდგა მკვდრეთით და ამაღლდა ზეცად. "ასე რომ, დიონისე, გწამდეს მისი, შეიცან და სიმართლით ემსახურე ჭეშმარიტ ღმერთს, იესო ქრისტეს".

გაახსენდა დიონისეს დედამიწაზე ჩამოწოლილი სიბნელე, რომელიც წმინდა პავლემ ახსენა და მაშინვე იწამა, რომ სწორედ იმ დროს ადამიანურ სხეულში მყოფი ღმერთი იტანჯებოდა. განუღო გული ღვთის შემეცნებას. ღვთაებრივი მადლის ნათლით განათლებულმა დიონისემ სთხოვა მოციქულს, ღმერთს სთხოვე, მოწყალე მექმნეს და თავის მონებში შემრაცხოსო.

როცა პავლე მოციქული ათენიდან გადიოდა, შობიდგან ბრმას შეხვდა, თვალებზე ჯვარი გადასახა და უთხრა: - უფალმა ჩემმა იესო ქრისტემ შექმნა თიხაი ნერწყვისაგან და სცხო თიხაი იგი თვალთა მის ბრმისათა და მხედველობა უბოძა. იმავე ღმერთმა, დაე, მოგფინოს ნათელი, სადიდებელად თვისა.

ბრმას იმავე წამს თვალთ აეხილა. პავლემ ის დიონისესთან გაგზავნა: "მე შენთან პავლემ, ქრისტეს მონამ გამომგზავნა, რათა შენი დაპირებისამებრ მიხვიდე მასთან, ნათელიღო და ცოდვათა მიტევებაც მიიღო".

ბრმამ მაშინვე შეასრულა დანაბარები. ნაცნობი ბრმის თვალხილულობის ამბავმა უფრო განამტკიცა დიონისე ქრისტეს რწმენაში. თავის ცოლთან, დამართან (მას იხსენიებს "საქმე მოციქულთა", 17,34), ვაჟიშვილებთან და სახლეულობასთან ერთად გაემართა წმინდა პავლესთან და ნათელიღო. ამის მერე წმინდა დიონისემ დაუტევა ყოველი და წმინდა პავლეს გაჰყვა სამი წლით. თუ რა ისწავლა წმინდა დიონისემ მოციქულ პავლესაგან, ამას მოწმობს მისი თხზულება "საღმრთო საიდუმლოებაზე". შემდგომში დიონისე წმინდა პავლემ ეპისკოპოსად აკურთხა და თესალონიკიდან ათენში გაგზავნა, რათა იქ ემსახურა კაცთა ცხონებისათვის. წმინდა დიონისე იერუსალიმში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს შეხვდა. ეს მისთვის უბედნიერესი დღეები იყო. იგი ამ შეხვედრის შესახებ სწერდა წმინდა პავლე მოციქულს: "შენი ღვთაებრივი გონებით წარმოსახული რომ არ მმოძღვრიდეს, ვირწმუნებდი, რომ ეს (ქალწული მარიამი) ჭეშმარიტად ღმერთია. ნეტართა არავითარ დიდებას არ შეუძლია გადასძლიოს ეს ბედნიერება, რომელსაც ახლა მე უბედური განვიცდი და რაც ჭეშმარიტად უბედნიერესმა ვიგემე"...

დიონისე იყო მათ შორისაც, როცა უფალმა ღვთისმშობლის მიძინების ჟამს თავისი მოციქულები ერთად შეყარა. წმინდა დიონისე თვითონვე წერს თავის წიგნებში, რომ იყო იერუსალიმში მაცხოვრის საფლავთან, სადაც ნახა და მოუსმინა წმინდა იაკობ მოციქულს, უფლის ხორციელ ძმას, და წმინდა პეტრე მოციქულს. აქვე იხილა წმინდა იოანე ღვთისმეტყველი წმინდა პავლეს მოწაფეებთან, დიონისესა და იეროსთეოსთან ერთად.

ქრისტესკენ მოქცევის მერე წმინდა დიონისე ათენში ცხოვრობდა და საკმაოდ განამრავლა მრევლი წმინდა პავლეს მიერ დაარსებულ ეკლესიაში. შემდეგ კი, მოციქულთა მსგავსად, სხვა ქვეყნებში სახარების ქადაგება და ქრისტესთვის მოწამეობა მოისურვა, ისევე როგორც ეწამა მისი დიდი მასწავლებელი პავლე. ათენში თავის მაგივრად სხვა დაადგინა ეპისკოპოსად და რომში წავიდა. ის სიხარულით მიიღო ეპისკოპოსმა კლიმენტიმ. ცოტა ხნის შემდეგ წმინდა კლიმენტიმ წმინდა დიონისე, სხვა ძმებთან ერთად, გალიაში გაგზავნა. წმინდა დიონისე ამ მხარეში ქადაგებდა და ქალაქ პარიზში (ადრინდელ ლუტეციაში) ეკლესია ააშენა. განმრავლდა ქრისტეს სამწყსო. სწორედ ამ დროს, ნერონის მერე, მეორედ დაიწყო ქრისტიანთა დევნა, რომელსაც დომიციანე ედგა სათავეში. ამ იმპერატორმა გალიაში მხედართმთავარი სისინე გაგზავნა ფარული ქრისტიანების ამოსახოცად. სისინემ ეპისკოპოსი დიონისე შეაპყრობინა. შეაპყრობინა ასევე მღვდელი რუსტიკი და დიაკვანი ელეფთერი. დანარჩენებმა კი პარიზი დატოვეს და სხვა ქალაქში წავიდნენ საქადაგებლად. წმინდა დიონისე მაშინ უკვე მოხუცი იყო და დამაშვრალი სახარების ქადაგებაში. როცა ის რუსტიკთან და ელეფთერთან ერთად სისინეს წარუდგინეს, მან მკაცრად ჰკითხა: - შენ ხარ ის ბოროტად მზრახველი დიონისე, რომელიც გმობს ჩვენს ღმერთებს, უარყოფს მათდამი მსახურებას და წინ აღუდგება მეფის ბრძანებასო? წმინდა დიონისემ უპასუხა: - თუმცა, როგორც მხედავ, მოხუცებული ვარ, ჩემი რწმენა ახალგაზრდულად ყვავის და ჩემი აღმსარებლობა ყოველთვის წარმოშობს ქრისტესთვის ახალ შვილებსო.

სისინეს შეკითხვაზე, - ვის სცემ ღმერთად თაყვანსო, წმინდა დიონისემ უქადაგა ჭეშმარიტების სიტყვები და აღიარა სახელი ყოვლადწმინდა სამებისა.

მაგრამ სარდალი ყრუ ასპიტს მიემსგავსა, არ ისურვა მაცხოვნებელი ქადაგების მოსმენა და სამივე ტყვეს მიახალა: დამემორჩილებით და ღმერთებს მსხვერპლს შესწირავთო. მათ კი, თითქოს ერთი ბაგით, უპასუხეს:

- ჩვენ ქრისტიანები ვართ, მხოლოდ ზეცათა შინა მყოფ ერთ ღმერთს მივაგებთ პატივს და ვეთაყვანებით, მეფის ბრძანებას კი არ დავემორჩილებითო.

სისინეს ბრძანებით, დიონისე გააშიშვლეს, თოკებით უმოწყალოდ სცემეს. წმინდანი ყველაფერს დაითმენდა და ღმერთს მადლობას შესწირავდა, რომ ღირსი გახდა, ქრისტეს წყლულები საკუთარი სხეულით ეტვირთა. მისი შემხედვარე რუსტიკი და ელეფთერიც განძლიერდნენ და მოწეულ სასჯელს მტკიცედ დაითმენდნენ.

სისინე მიხვდა, რომ ქრისტეს მოწამეებს ვერ გატეხდა და ისინი დილეგში ჩააყრევინა. მისივე ბრძანებით, მეორე დღეს წმინდა დიონისე გავარვარებულ რკინაზე დააწვინეს. წმინდანმა იგალობა დავითის სიტყვები: "გამოხურვებულ არს სიტყვაი შენი ფრიად და მონამანცა შენმან შეიყვარა იგი" (ფს. 118,140). წმინდანი ამის შემდეგ მხეცებს მიუგდეს, მაგრამ მათ პირი არ დააკარეს. მერე ცეცხლში ჩააგდეს, მაგრამ ღვთის მონას და უფრო კი მეგობარს ღვთის ქმნილება (ცეცხლი) არც კი შეეხო. ამის მერე რუსტიკთან და ელეფთერთან ერთად კვლავ დილეგში ჩააგდეს. მათ სანახავად მრავალი მორწმუნე მოდიოდა, წმინდა დიონისე ლიტურგიას აღასრულებდა და აზიარებდა ქრისტიანებს. როცა უსისხლო მსხვერპლს შესწირავდა, მორწმუნეებმა დიონისეს თავს დამდგარი ხელთუქმნელი ნათელი იხილეს. ზეციურ ანგელოზებთან ერთად ისინი თვით ზეცათა მეუფემ მოიხილა და რამდენადაც მათ უძლურ ხორციელ ბუნებას შეეძლო, იმდენად სჭვრეტდნენ მას.

მერე წმინდა დიონისე, რუსტიკი და ელეფთერი კვლავ სისინეს წარუდგინეს, მან კვლავ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა. წმინდანებმა უარი უთხრეს. განრისხებულმა სარდალმა ბრძანა: ჯერ სასტიკად სცემეთ, მერე კი სამივეს თავი მოჰკვეთეთო.

როცა წმინდანები ქალაქიდან მარსის მთის გზას გაუყენეს, წმინდა დიონისემ ლოცვა წარმოთქვა: "ღმერთო, ღმერთო ჩემო, რომელმან შემქმენ მე და მასწავე შენი საუკუნო სიბრძნე, განმიცხადე შენი საიდუმლოებანი და ყველგან, სადაც უნდა ვყოფილიყავი, ჩემს გვერდით იყავ, გმადლობ ყველაფრისთვის, რაც აღაშენე ჩემს მიერ შენი ყოვლადწმინდა სახელის დიდებისთვის და იმისთვისაც, რომ მოიხილე შრომით გათანგული და შენი ხილვის მოსწრაფე ჩემი სიბერე და მომიწოდებ ჩემს მეგობრებთან ერთად. ჰოდა, გევედრები: მიმიღე მე და ჩემი მეგობარნი, იყავ მოწყალე მათდამი, რომლებიც შენი სისხლით მოიყიდე და შეგვრაცხე შენს მსახურთა შორის ჩვენი შენდამი მორჩილებისთვის, რამეთუ შენი არს ძალი და ძლიერება მამისა თანა და სულიწმინდასთან ერთად, უკუნითი უკუნისამდე".

ბოლოს წარმოთქვა "ამინო" და მოუდრიკა ქედი მახვილს. თავი მოჰკვეთეს. მასთან ერთად დაალაგეს წმინდა ელეფთერისა და რუსტიკის თავნი.

ღმერთმა წმინდა დიონისე სიკვდილის შემდეგ განადიდა სასწაულით. თავმოკვეთილი მისი სხეული ღვთის ძალით ფეხზე წამოდგა, აიღო ხელებით თავისი თავი და მასთან ერთად ორი სარბიელი (2,75 ვერსი) გაიარა ქრისტიანულ ტაძრამდე. მისცა თავი ერთ ღვთისმოშიშ დედაკაცს, სახელად კატულას, და მიწაზე დაეცა. ამ სასწაულის მხედველმა მრავალმა ურწმუნომ იწამა ქრისტე. კატულამ გადაწყვიტა, მისი სხეულიც აეღო, მაგრამ წარმართებმა ნება არ მისცეს. მაშინ დედაკაცმა ისინი შინ შეიპატიჟა, გულთბილად გაუმასპინძლდა, საჩუქრები ჩამოურიგა, იმავე დროს ქრისტიანებს წმინდა დიონისეს სხეულის იმ ადგილას დაკრძალვა უბრძანა, სადაც წმინდანმა საკუთარი თავი გადასცა.

წმინდა მღვდელმოწამე დიონისეს პატიოსანი თავი იმპერატორმა ალექსი I-მა კომნენოსმა (1081-1118) ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერს გადასცა, სადაც ის დღემდე ინახება.

წმინდა დიონისე არეოპაგელს "ღვთის საიდუმლოებების" გარდა ეკუთვნის თხზულებანი: ა) "ზეციურ იერარქიაზე", სადაც გადმოცემულია სწავლება ანგელოზთა ცხრა დასზე, თითოეული მათგანის თვისებასა და მოვალეობაზე; ბ) "საეკლესიო იერარქიაზე" - აქაც ახსნილია საეკლესიო იერარქიის თითოეული საფეხურის მნიშვნელობა; გ) "ღვთის სახელებზე" - აქ კი წმინდა დიონისე წმინდა წერილში გამოყენებულ ღვთის სახელთა მნიშვნელობას განგვიმარტავს; დ) მასვე ეკუთვნის ათი წერილი სხვადასხვა პირის მიმართ.

წმინდა დიონისე ქრისტეს შობიდან 96 წელს, 90 წლის ასაკში ეწამა. მის საფლავთან კი მრავალი სასწაული აღესრულებოდა.

წმინდა მღვდელმოწამე დიონისეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 3 ოქტომბერს მოიხსენიებს.
ბეჭდვა