ხატმებრძოლობის დროს ქრისტიანებმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი აფხაზეთში, დაბა კომანში გადამალეს
ხატმებრძოლობის დროს ქრისტიანებმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი აფხაზეთში, დაბა კომანში გადამალეს
პირველი, მეორე და მესამე მოპოვება წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისუფალი თავისა
როცა წმინდა იოანე ნათლისმცემელს პატიოსანი თავი მოჰკვეთეს, ჰეროდიადას ასულმა, სალომეამ ის ლანგრით მიართვა დედას. ამ უკეთურმა ქალმა ნემსით დაჩხვლიტა წმინდანის ენა, რომელიც მას უსჯულოებაში ამხელდა და ნება არავის მისცა, იგი წმინდანის სხეულთან ერთად დაეკრძალათ. ეშინოდა, სხეულთან ერთად რომ დავმარხო, იოანე მკვდრეთით აღდგება და კვლავ მამხელსო. წმინდა იოანე ნათლისმცემლის მოწაფეებმა მისი სხეული ჩუმად დაკრძალეს სამარიის ქალაქ სებასტიაში, თავი კი ჰეროდიადამ თავისი სასახლის უწმინდურ ადგილას ღრმად ჩამარხა. ეს ადგილი მხოლოდ ჰეროდეს ეზოსმოძღვრის, ქოზას ცოლმა იოანამ იცოდა (მას იხსენიებს ლუკა მახარებელი). იგი წუხდა ასეთი დიდი წინასწარმეტყველის მკვლელობის და შელანძღვის გამო. ღამით ჩუმად ამოიღო წმინდა იოანეს თავი, ჩადო თიხის ჭურჭელში და ელეონის მთაზე ჰეროდეს ერთ-ერთ მამულში დამარხა. ამასობაში იესო ქრისტეზე ხმებმა ჰეროდემდეც მოაღწია. ცოლთან ერთად დაიწყო ფიქრი, იგი მკვდრეთით აღმდგარი იოანე ხომ არ არისო. დაიწყეს თავის ძებნა, მაგრამ ვერ იპოვეს. ჰეროდემ შინაურებს უთხრა კიდეც: "ის იოანეა, რომლის თავის მოკვეთაც ვუბრძანე. ახლა მკვდრეთით აღმდგარა და სასწაულებს იქმსო" (შეადარეთ მათე 14,21, ლუკა 6,16).

დიდი ხნის შემდეგ ცნობილმა დიდებულმა, ინოკენტიმ ქრისტე ირწმუნა, დაუტევა სოფელი, მივიდა იერუსალიმში, იყიდა ელეონის მთაზე ის ადგილი, რომელიც ოდესღაც ჰეროდეს ეკუთვნოდა, აიშენა კელია, გახდა მონაზონი და აღასრულებდა ქრისტეს მცნებებს. პატარა ქვის საყდრის ასაშენებლად დაიწყო მიწის გათხრა. ღვთის განგებულებით, თიხის ჭურჭელი აღმოაჩინა. სხვადასხვა ნიშ-სასწაულებით და საღმრთო გამოცხადებით შეიტყო, რომ მასში ჩადებული თავი წმინდა იოანე ნათლისმცემლისა იყო და დიდი სასოებით ინახავდა თავისთან. მის სიკვდილამდე მეფეებმა იერუსალიმში კერპი დადგეს და მას ეთაყვანებოდნენ. ბერმა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, შეეშინდა, მერე ამ სიწმინდეს უპატიოდ არ მოეპყრონო და იქ შთაფლა, სადაც მისი კელია და ეკლესია იდგა. გავიდა კარგა ხანი. ეკლესია ჩამოინგრა, ლამის მიწასთან გასწორდა. დიდხანს არავინ იცოდა, სად ესვენა წმინდა იოანეს თავი.

როცა ტახტზე წმინდა კონსტანტინე ავიდა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, დედამისმა, ელენე დედოფალმა მოიძია, განწმინდა და აღადგინა იერუსალიმის თითქმის ყველა სიწმინდე. ამ პერიოდში აღმოსავლეთით მცხოვრები ორი ბერი სიწმინდეების თაყვანსაცემად იერუსალიმში გამოემგზავრა. ერთ-ერთ მათგანს ძილში წმინდა იოანე ნათლისმცემელი გამოეცხადა და გაუმხილა ის ადგილი, სადაც დაკრძალული იყო მისი პატიოსანი თავი, უბრძანა, ამოეღოთ. როცა მეგობარს თავის სიზმარზე მოუთხრო, მან არ დაიჯერა ეს და მასაც ასე შთააგონა. წმინდა იოანე ბერს მეორედ გამოეცხადა და უბრძანა, დაუტევეთ თქვენი სიზარმაცე და ურწმუნოება და გააკეთეთ ის, რაც გითხარითო. ბერები ახლა კი მივიდნენ დასახელებულ ადგილას, ამოთხარეს მიწა და იქ ფასდაუდებელი საგანძური - წმინდა იოანეს თავი იპოვეს, ჩადეს იგი აქლემის მატყლის ტომარაში და შინ წავიდნენ.

იმ დროსვე ერთი ემესელი ღარიბი მექოთნე იძულებული გახდა, სამშობლო, ოჯახი მიეტოვებინა და სამუშაოდ სხვა მხარეში წასულიყო. გზაზე იგი ამ ორ ბერს შეხვდა და დაემგზავრა. ბერებმა მას აჰკიდეს ჯვალოს ტომარა, რომელშიც წმინდა ნათლისმცემლის თავი იდო, მექოთნეც მშვიდად მიუყვებოდა გზას, რადგან არ იცოდა, რას მიაბრძანებდა. უეცრად წმინდა იოანე გამოეცხადა და უთხრა: "მიატოვე შენი თანამგზავრები და ეგ ტომარაც წაიღეო". წმინდა იოანემ ეს იმიტომ უბრძანა, რომ ამ ბერებს სიზარმაცის და ურწმუნოების გარდა უკრძალველობაც შეამჩნია, რადგან ასეთი სიწმინდე ჩააბარეს უცნობსა და უბრალო კაცს. თანაც სურდა, გლახაკი ღვთისსათნო ცხოვრებისთვის განეწყო. კაცი დაემორჩილა წმინდანს, გაეპარა ბერებს, შინ დაბრუნდა და თან, როგორც უდიდესი საუნჯე, წმინდა იოანეს თავი შეაბრძანა. უფალმა წმინდა იოანეს გამო აკურთხა მისი სახლი. კაცი გამდიდრდა, მაგრამ არ გაამპარტავნებულა. უხვად გასცემდა მოწყალებას... სიწმინდეს არ "შესჩვევია", ყოველდღე მის წინაშე კანდელებს ანთებდა და საკმეველს აკმევდა, ლოცულობდა და ცდილობდა, უფლის მცნებებით ეცხოვრა. როცა სიკვდილის ჟამი დაუდგა, წმინდა იოანესვე ბრძანებით, ნათლისმცემლის პატიოსანი თავი წყლის ჭურჭელში ჩადო, ჭურჭელი - კიდობანში ჩაკეტა, დაბეჭდა და სიწმინდე თავის დას გადასცა. თან დაწვრილებით მოუთხრო, თუ როგორ დააღწია თავი სიღარიბეს წმინდა იოანეს წყალობით. ანდერძად დაუბარა დას, რომ ყოველთვის კეთილკრძალულად მოპყრობოდა სიწმინდეს და კიდობანი მანამდე არ გაეხსნა, ვიდრე წმინდა იოანე არ ინებებდა თავის გამოცხადებას. სიკვდილის წინ ქალს ეს სიწმინდე ღვთისმოშიში კაცისთვის უნდა გადაებარებინა.

წმინდა იოანეს პატიოსანი თავი დიდხანს ამგვარად გადადიოდა ხელიდან ხელში, ბევრი ღვთისმოშიში ქრისტიანი ინახავდა სიწმინდეს, ბოლოს არიოზელ მღვდელმონაზონ ევსტიტეს ერგო, რომელიც ემესოს ახლოს მღვიმეში ცხოვრობდა. უძლურები მიდიოდნენ მასთან და წმინდა იოანეს ლოცვით პოვებდნენ კურნებას, ის კი, ქურდივით, საკუთარ ერესს მიაწერდა მადლის მოქმედებას და სასწაულებრივ კურნებათა მიზეზს მალავდა. ემესელები მიუხვდნენ მზაკვრობას და მისი მღვიმიდან გაძევება გადაწყვიტეს. ითხოვა, ერთი დღე მაცალეთ და წავალო. დათანხმდნენ. ევსტიტემ კიდობანი მიწაში ჩაფლა - დავბრუნდები და წავიღებო, მაგრამ მღვიმეში ღვთისმოშიში ბერები დახვდნენ და შიგ აღარ შეუშვეს.

მღვიმეში საძმო გამრავლდა, დაარსდა მონასტერი. არავინ იცოდა, რომ მათთან ასეთი დიდი საგანძური იყო დაკრძალული. მრავალი წლის შემდეგ ემესის ოლქის არქიმანდრიტმა მარკელაოსმა გამოაცხადა: "კურთხეულ არს ღმერთი, რომელმაც 18 თებერვალს ღირსმყო გამოცხადებისა. თითქოს ჩვენი სავანის ყველა კარი გაღებული იყო. გადავწყვიტე დამეკეტა კარები, მაგრამ დავინახე, რომ სავანის კარიდან წყალი მდინარესავით მოედინებოდა. გამიკვირდა. ნანახზე ვფიქრობდი, როცა მომესმა ხმა მრავალი დასის ხალხთა, რომლებიც აღმოსავლეთიდან ჩვენკენ წყალზე მოაბიჯებდნენ. თითოეული მათგანი თავის ენაზე იტყოდა: "აქ გამოცხადდება წმინდა იოანე, ნათლისმცემელი ქრისტესიო". შევიდნენ მონასტერში. მე კი, შიშით მოცულმა, უკვე დავივიწყე მომდინარე წყალი და კიბის თავზე ავედი. ვდგავარ, ვუცქერ სავანეს, რომელსაც ორი კარი აქვს დასავლეთით და სამხრეთით, შუაში კი ვეებერთელა ტაძარი დგას. თითოეული დასი შედიოდა დასავლეთის კარიდან, გაემართებოდა ეკლესიისკენ, მუხლს მოიდრეკდნენ და სავანიდან სამხრეთის კარით გამოდიოდნენ. როცა მსვლელობა შეწყდა, ჩამესმა - ეს არის დიდი იოანე ნათლისმცემელი. ეკლესიაში წმინდა იოანე დავინახე, გვერდით ორი მამაკაცი ედგა. ხალხი კურთხევის ასაღებად მივიდა წმინდა იოანესთან. შიშით და კანკალით ბოლო მივედი ნათლისმცემელთან. მოვუდრიკე მუხლნი და ვეთაყვანე. წამოდექიო, - მიბრძანა. სიყვარულით მომეხვია, შემდეგ თაფლით სავსე ჭურჭელი მომაწოდა. "მიიღე კურთხევად", - მითხრა და წავიდა. წინ ნათლის სვეტი უძღოდა. გამომეღვიძა. მეორე საღამოს ძმებს ფსალმუნთა გალობა ვუბრძანეთ. გალობისას ერთ-ერთმა ძმამ, ისააკმა, სარკმლიდან თვალი მოჰკრა, ზემოთ მღვიმევის ეკლესიას, სადაც იყო დამალული წმინდა იოანეს პატიოსანი თავი, ცეცხლი ეკიდა. "მამაო, შეხედე, წმინდა მღვიმეს ცეცხლი უკიდია", - წამოიძახა ისააკმა. "ნუ გეშინია, ძმაო, - დავამშვიდე, - ჯვარი გამოისახე და დუმილი დაიმარხე".

ხუთი დღე გავიდა. მეექვსე ღამეს ძილში ვიღაცამ მხარზე ხელის კვრით გამომაღვიძა და ხმა გაისმა: "აი, მე მოგეძღვენით თქვენ. ადექი, გაჰყევი წინმავალ ვარსკვლავს, გათხარე ადგილი, სადაც ის მიგიყვანს და მომიპოვებ მე".

შიშით და კანკალით წამოვდექი. დავჯექი საწოლზე და რას ვხედავ: ჩემი კელიის კართან ვარსკვლავი ბრწყინავს. შეძრწუნებულმა ჯვარი გამოვისახე. მივყევი ვარსკვლავს, მან მღვიმეში შემიყვანა. მივედი იმ ადგილას, სადაც წმინდა იოანეს თავი იყო დაკრძალული და ვარსკვლავი გაქრა. დავემხე მიწაზე და ლოცვა დავიწყე. დიდი ხნის ლოცვის შემდეგ ავანთე სანთელი, ვაკმიე საკმეველი და იესოს ლოცვით მიწის თხრას შევუდექი. ქვის დაფით დაფარული წმინდა ჭურჭელი ვიპოვე, სადაც წმინდა იოანეს პატიოსანი თავი იყო ჩასვენებული. გავკადნიერდი და ხელით შევეხე, ვეთაყვანე. მერე ისევ დავახურე, დავფარე სიწმინდე და გარეთ გამოვედი. კარებთან არქიმანდრიტი გენადი შემხვდა - ჩვენს მონასტერში მოსული. მღვიმეში შემიყვანა, ლოცვა წარმოთქვა და მერე თავისი ხილვა მომიყვა: "ვნახე, თითქოს ამ ადგილას, სადაც ახლა ვდგავართ, უამრავი ქერის პური იყო, წმინდა და მზეზე ბრწყინვალე. მღვიმეში უამრავი ხალხი შემოდიოდა, რომლებიც ჩვენს ხელთაგან იღებდნენ ამ პურს, რომლის რაოდენობაც უფრო და უფრო მრავლდებოდა".

მივხვდი, რომ მისი ხილვა ღვთისგან იყო და წმინდა იოანეს მოუკლებელ მადლს ნიშნავდა. მოვუყევი ჩემი ხილვა და ვაჩვენე უძვირფასესი საგანძური, ჩვენგან მოპოვებული. ვუთხარი, ყველაფერი საიდუმლოდ შეგვენახა, ვიდრე მამა სტეფანეს არ მოვუყვებოდი, არავისთვის გვეთქვა, თვით ემესის მღვდელმთავრისთვისაც კი.

მამა სტეფანეს მონასტერში ვერ მივუსწარით, სადღაც წასულიყო. გადავწყვიტეთ, საკათედრო ტაძრის პირველი დიაკონი კირიაკი გვენახა. კირიაკმა უმალ თავისი ხილვა გაგვიმხილა - გენადის ხილვისნაირი იყო. ორივე მირჩევდა, ეპისკოპოსისთვის გვეთქვა ეს ამბავი - მე კი ხუთი დღე მამა სტეფანეს დაბრუნებას ველოდი. უეცრად უცნაური სნეულება ვიგრძენი. დამბლა დამეცა, განძრევა აღარ შემეძლო. "განა არ გითხარით, ეპისკოპოსისთვის მოგვეთხრო საიდუმლო?" - მითხრეს მამებმა და უფალს ჩემი განკურნება სთხოვეს. მივხვდი, რომ არასწორად მოვიქეცი. საღამოს კირიაკი და გენადი მოვიდნენ და მითხრეს: "სიტყვა ვთქვით, ყველაფერი ეპისკოპოსს მოვუყვეთო". "ასე ქენით", - ვუთხარი და მაშინვე კურნება ვიგრძენი.

დილით წავედით ქალაქში ეპისკოპოსთან. ცისკრის ლოცვიდან გამოდიოდა. მოვუყევით ყველაფერი. უზომოდ გაიხარა. გვირჩია, საიდუმლოდ დაგვემარხა ეს ამბავი და უკან დავბრუნებულიყავით. დილით კი ხუცესებთან და დიაკვნებთან ერთად მოვიდა. ლოცვითა და გალობით ამოასვენა მიწიდან წმინდა იოანეს თავი. ერთმა ხუცესმა ურწმუნოდ იკითხა, საიდან უნდა მოხვედრილიყო აქ წმინდა იოანეს თავიო. კადნიერად შეეხო ჭურჭელს და იმ წუთშივე ხელი გაუხმა. ამ ამბავმა ყველა შეაძრწუნა. ეპისკოპოსმა სიწმინდე ეკლესიაში, სადიაკვნეში მოათავსა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის დიდი ტაძრის აგებამდე. წმინდა იოანეს პატიოსანი თავის ეკლესიაში გადასვენებამდე დიდი ხნით ადრე ნათლისმცემელი გამოეცხადა ურწმუნო ხუცესს და უთხრა, გადასვენებისას ჭურჭელს ხელით შეეხე და განიკურნებიო. ხუცესი ასე მოიქცა და განიკურნა", - ამთავრებს თხრობას ნეტარი მარკელაოსი.

წმინდა სვიმეონ მეტაფრასი "წმინდა მატრონას ცხოვრებაში" ასე აღწერს ამ ამბავს: ერთმა კაცმა ხვნისას შეამჩნია, რომ ერთ ადგილას, სადაც ოდესღაც მღვიმე და მონასტერი იყო, ცეცხლი ამოდიოდა მიწიდან, ეს კი მრავალგზის უნახავს. სწორედ იმ კვირა დღეს, როცა მარკელაოსი გენადისთან და კირიაკთან ერთად ეპისკოპოსთან მივიდა, მღვდელმთავარ ურანიუსს ეს გლეხიც ეწვია და სასწაულებრივ ცეცხლზე მოუთხრო. ეპისკოპოსი სამღვდელოებასთან ერთად მივიდა იმ მღვიმეში, სადაც ერთ დროს ერეტიკოსი ევსტიტე ცხოვრობდა. გათხარეს მიწა და იქ წმინდა იოანეს პატიოსანი თავი აღმოაჩინეს. უამრავი ხალხი შეიკრიბა. მოვიდა თაყვანსაცემად წმინდა მატრონაც. წმინდა იოანეს პატიოსანმა თავმა მირონი წარმოადინა, რომელსაც მღვდლები ჯვრის სახით სცხებდნენ ხალხს. წმინდა მატრონამ პატარა სანაწილეთი წამოიღო ეს წმინდა მირონი. ხალხმა შეამჩნია და სთხოვეს დედა მატრონას, მათთვისაც ეცხო, რადგან მღვდლებამდე მისვლას ვერ ახერხებდნენ. მათ შორის იყო ერთი შობიდან ბრმაც. წმინდა მატრონამ როგორც კი სცხო მირონი, თვალები მაშინვე აეხილა.

ცოტა ხნის შემდეგ წმინდა თავი ნათლისმცემლისა ემესიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.

ხატმებრძოლობის დროს ქრისტიანებმა წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი აფხაზეთში, დაბა კომანში გადამალეს, სადაც ოდესღაც მიიცვალა წმინდა იოანე ოქროპირი (დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ვარაუდით, შესაძლოა, წმინდა იოანემ გადასახლებისას ჩუმად ჩამოასვენა თავისი მფარველის წმინდა იოანეს პატიოსანი თავი). ვერცხლის ჭურჭელში ჩაბრძანებული სიწმინდე დაფარული იყო 850 წლამდე. მაშინ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ეგნატემ, ღამით ლოცვისას, უფლის გამოცხადებით იხილა ის ადგილი, სადაც წმინდა იოანეს პატიოსანი თავის ქალა იყო დაკრძალული. პატრიარმა ამის შესახებ იმპერატორ მიქაელს შეატყობინა. მან კი ელჩობა გაგზავნა და ეს სიწმინდე კონსტანტინოპოლში გადაასვენა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანეს პატიოსანი თავის პირველ და მეორე მოპოვებას 24 თებერვალს (ძვ.სტ.) დღესასწაულობს, ხოლო მესამედ მოპოვებას - 25 მაისს (ასევე ძვ.სტ.).
ბეჭდვა
1კ1