ღირსი მამა ანტონი დიდი სიყვარულით მოძღვრავდა სულიერ შვილებს
ღირსი მამა ანტონი დიდი სიყვარულით მოძღვრავდა სულიერ შვილებს
30 იანვარს, მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ანტონი დიდს იხსენიებს

წმინდა მამის ღვაწლმოსილი ცხოვრება იმით არის გამორჩეული, რომ მშობლების გარდაცვალების შემდეგ მან მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა , უმცროსი და შეჰვედრა მეცნიერთა მისთა მორწმუნეთა ქალწულთა და მისცა იგი სიქალწულესა განზრდად, თვითონ კი სოფლის მახლობლად, ერთ ქოხში დაეყუდა. ანტონი ცდილობდა, გულმოდგინედ აღესრულებინა უფლს მცნებები, `რამეთუ ისმენნ იგი წიგნთა, სადა ყოველივე წერილი არა დავარდებოდა მისგან, არამედ დაისწავებდა ზეპირით.

დროდადრო ანტონი სხვა ბერებთანაც მიდიოდა სულიერი გამოცდილების მისაღებად. თანასოფლელებს და მეგობრებს უყვარდათ ღვთისმოყვარე მამა - "რომელნიმე ვითარცა შვილსა, რომელნიმე ვითარცა ძმასა მოიკითხვიდა". კეთილისმოძულე და მოშურნე ეშმაკმა "ვერ თავს-იდვა, ხედვიდა რაი ჭაბუკისა მის თანა ესოდენსა გულსმოდგინებასა" და ფიცხელი ბრძოლა დაუწყო მას - საშინელ განსაცდელებს ატეხდა თავს.
ანტონის სმენოდა "ვითარმედ მრავალ არიან მანქანებანი მტერისანი" და ცდილობდა, ხორცი დაემონებინა -  წმიდანმა გაამკაცრა ღვაწლი: საზრდელს დღეში ერთხელ, ზოგჯერ კი ორ-სამ დღეში ერთხელ ღებულობდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა, ძალიან ცოტა ეძინა, "ხოლო სარეცლად მისა იყო ჭილი, და უფროისღა ქუეყანასა ზედა წევნ". მარად იხსენებდა მოციქულის სიტყვებს: "რაჟამს უძლურ ვიქმნი, მაშინ განვძლიერდი".
წმიდანი სოფლისგან მოშორებით, აკლდამაში დამკვიდრდა. აქ ეშმაკები შეეცადნენ, მოეკლათ ღვთის რჩეული, თავს დაესხნენ და სასტიკად გვემეს იგი, ვითარმედ ვერ შესაძლებელ არს კაცთაგან ეგოდენი ტანჯვაი და გუემაი ყოფად. ღმერთმა არ დაუშვა ანტონის სიკვდილი: მეორე დღეს საზრდელის მოსატანად მისულმა ჭაბუკმა იპოვა ცოცხალმკვდარი მოსაგრე და სოფელში ჩაიყვანა. სოფლელებს წმიდანი მკვდარი ეგონათ, მაგრამ შუაღამისას ანტონი გონს მოვიდა და შეევედრა მეგობარს, "აღკიდებად და მიღებად სამარედვე და არავის განღვიძებად" - მისი სიმტკიცე აღემატებოდა მტრის ძლიერებას. დემონები მაინც არ ცხრებოდნენ და ცდილობდნენ, არჩეული ადგილიდან გაეძევებინათ ბერი. უეცრად ზეცით გარდამომავალი ბრწინვალე ნათელი გამოჩნდა. ანტონი წყლულებისგან განიკურნა, წამოდგა და ნეტარებით ჰხადა უფალს: "სადა იყავ, რად არა პირველვე გამოჩნდი, რაითამცა სალმობანი ჩემნი დაცხრვენ?" პასუხად გაისმა: "აქა ვიყავ, ანტონი, არამედ მოველოდე ხილვად შენსა სიმხნესა. ხოლო აწ, რამეთუ დაუთმე და არა იძლიე, გექმნე შენ მარადის შემწე, და იყო შენ სახელოვან ყოველსა ქუეყანასა". ამ დროს წმიდა მამა ოცდათხუთმეტი წლის იყო. მან გადაწყვიტა თებაიდის უდაბნოს სიღრმეში შესულიყო და იქ განეგრძო მოღვაწეობა მარტოდმარტო, სრულ მდუმარებაში.

ეშმაკი ცდილობდა, შეეჩერებინა მანამდე არნახულ ღვაწლს შემდგარი ბერი, ძვირფასეულობა და ოქრო დაუყარა წინ, ანტონმა კი გულგრილად ჩაუარა მათ და გზა განაგრძო. ერთი მთის მახლობლად ღირსმა მამამ მიტოვებული საკერპო შენიშნა, იქ დასახლდა და შემოსასვლელი ქვებით ამოქოლა. მოწაფეს მასთან წელიწადში ორჯერ მიჰქონდა საზრდელი, წყალს კი გალავანს შიგნით მდებარე ჭიდან იღებდა. სრულ მდუმარებაში გაატარა ღირსმა ანტონიმ ოცი წელი. ამის შემდეგ, უფლის ნებით, მისი სამყოფელი გაცხადდა და სულიერი მოღვაწეობის მრავალმა მსურველმა მიაშურა უდაბნოს. ღირსი მამა სიყვარულით მოძღვრავდა სულიერ შვილებს.

311 წელს იმპერატორმა მაქსიმიანემ ქრისტიანთა დევნა დაიწყო. მოწამეობრივი აღსასრულის მაძიებელი ანტონი ალექსანდრიაში ჩავიდა. იგი ემსახურებოდა პყრობილ ქრისტიანებს, ესწრებოდა მათ გასამართლებას, მაგრამ მტარვალები მას არც შეხებიან: უფალმა არც ახლა ინება მისი სიკვდილი. დევნის შეწყვეტის შემდეგ ნეტარი მოსაგრე დაუბრუნდა მეუდაბნოების ღვაწლს. ღმერთმა თავის რჩეულს სასწაულთმოქმედების ნიჭი მიმადლა.მნახველების სიმრავლე აღვევდა წმიდა მამის მყუდროებას, ამიტომ ის კიდევ უფრო შორს, შიდა უდაბნოში~ შევიდა და მთის მწვერვალზე დაემკვიდრა. ბერებმა მოძებნეს საყვარელი მოძღვარი და სთხოვეს, ზოგჯერ მაინც მოენახულებინა ისინი. კიდევ ერთხელ მოუხდა ღირს ანტონის უდაბნოს დატოვება-მართლმადიდებლური სარწმუნოების დასაცავად მანიქეველთა და არიანელთა ცრუსწავლებისაგან. არიანელებმა იცოდნენ, თუ რა დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ანტონი დიდი და ხმები დაჰყარეს, იგი ჩვენი სწავლების მიმდევარიაო. ამ ცილისწამების გასაქარვებლად ჩავიდა ნეტარი მამა ალექსანდრიაში და საჯაროდ შეაჩვენა მწვალებლობა. ღირს ანტონისთან მიდიოდნენ წარმართი ფილოსოფოსები და ცდილობდნენ, თავიანთი ამაოდბრძნობით მოეტეხათ იგი, მაგრამ წმიდანი თავისი მარტივი და დამაჯერებელი პასუხებით სირცხვილეულ ჰყოფდა მათ. იმპერატორი კონსტანტინე დიდი (337, ხს. 21 მაისს) და მისი ძეები პატივს სცემდნენ და სასოებდნენ ანტონი დიდის ლოცვებს. მათ დედაქალაქში მიიწვიეს წმიდა მამა, მაგრამ მან არ ისურვა მეუდაბნოე ძმების დატოვება, იმპერატორი კი საპასუხო ეპისტოლით გააფრთხილა, არ გაამაყებულიყო თავისი მაღალი მდგომარეობით და მარად ხსომებოდა მომავალი სამსჯავრო: "უწყოდეთ, რამეთუ ქრისტე მეუფე არს."

***
ღირსმა ანტონიმ ოთხმოცდახუთი წელი დაჰყო უდაბნოში. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან მოუწოდა ძმებს და ასე დამოძღვრა ისინი: "ისწრაფდით უფროისღა მიახლებად მარადის თავთა თქუენთა უფალსა და მერმე წმიდათა მისთა, რაითა სიკუდილისა შემდგომად საუკუნეთა მათ საყოფელთა, ვითარცა მეგობართა და მეცნიერთა, შეგიწყნარნენ თქუენ მათცა". შემდეგ ანტონიმ ითხოვა, მისი გვამი იქვე, უდაბნოში დაეფლათ და არ მოეწყოთ მისი გადასვენება ალექსანდრიაში.

ღირსი ანტონი მშვიდობით მიიცვალა 357 წელს, 105 წლის ასაკში. მისი ნეშტი ორმა მოწაფემ მოძღვრის ანდერძისამებრ, უდაბნოში, ერთ განკრძალულ ადგილას მიაბარა მიწას. ღირსი ანტონის ცხოვრება დაწვრილებით აღწერა ათანასე ალექსანდრიელმა. ეს ნაშრომი მართლმადიდებლური ჰაგიოგრაფიის პირველი და ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. იოანე ოქროპირი წერდა, იგი ყველა ქრისტიანმა უნდა წაიკითხოს, წმიდა ანტონიმ მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომელიც დღესაც ასაზრდოებს ქრისტიანთა სულებს.
544 წელს ღირსი მამის უხრწნელი ნაწილები ალექსანდრიაში გადაასვენეს. XV საუკუნეში კი ისინი არასში (საფრანგეთში), წმიდა ივლიანეს სახელობის ტაძარში დააბრძანეს.

წმიდა იმპერატორმა თეოდოსი დიდმა თავისი ზეობის დროს ააღორძინა და განამტკიცა ქრისტიანობა იმპერიაში, მან (379-395) გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა წარმართობას. გამოსა კანონი, რომლის მიხედვითაც კერპების ყოველგვარი მსახურება დანაშაულად ითვლებოდა. კეთილმსახური მეფე ერთგულად იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას. მისი ხელშეწყობით მოხდა მოიწვია II მსოფლიო კრების მოწვევა (381 წ).
ღირსი აქილე აღმსარებელი უდაბნოში მოღვაწეობდა V საუკუნეში. მან მრავალი ტანჯვა-წამება დაითმინა ქრისტესთვის, და ბოლოს, მშვიდობით მიიცვალა.



ბეჭდვა
1კ1