ღირსი ზოტიკე ხუცის ცხოვრება, ობოლთმზრდელისა - ხსენების დღე 12 იანვარი (ახ.სტილით).
ღირსი ზოტიკე ხუცის ცხოვრება, ობოლთმზრდელისა - ხსენების დღე 12 იანვარი (ახ.სტილით).
ღირსი ზოტიკე დაიბადა სომაში, გავლენიან, დიდებულ ოჯახში. ადრეული წლებიდან ყოველგვარ სიბრძნეს სწავლობდა - საეროსაც და სასულიეროსაც, რის გამოც პირველი ქრისტიანი იმპერატორის - კონსტანტინე დიდის (306-387) დაახლოებული პირი იყო. როდესაც ღვთისმოყვარე ხელისუფალმა იმპერიის დედაქალაქი რომიდან კონსტანტინეპოლში გადაიტანა, ღირსი ზოტიკეც გადავიდა იმ ქალაქში და მაგისტრის წოდება მიიღო. მალე მან უარი თქვა ერისკაცობაზე და სასულიერო პირი გახდა. აბრაამის მსგავსად, ზოტიკემ თავისი სახლის კარები გახსნა გლახაკებისთვის. გულუხვად მასპინძლობდა უსახლკაროებს, მგზავრებსა და სნეულებს, ჭეშმარიტ მამობას უწევდა ქვრივ-ობლებს. იმ ხანად ქალაქში გაძლიერდა კეთრი. დაავადების გავრცელების შესაჩერებლად, გამოიცა ბრძანება, ყველა კეთროვანი ზღვაში გადაეგდოთ. მოწყალე ზოტიკე, რომელიც ღვთის სიყვარულით იყო აღსავსე, მეფესთან მივიდა და უთხრა:

- მეფეო! შენს მონას მომეცი რაც შეიძლება ბევრი ოქრო, რათა შევძლო, შენი საგანძურისთვის ძვირფასი თვალ-მარგალიტის შეძენა, რადგან კარგად ვერკვევი ასეთ საქმეებში.

მეფეს ძალიან უყვარდა ზოტიკე და ბრძანა, მისი თხოვნა შეესრულებინათ.

ღვთისმოყვარე კაცმა ოქრო წაიღო და მეფის სახლიდან გახარებული წავიდა. ოქროს იმ მეომრებს აძლევდა, რომელთაც ნაბრძანები ჰქონდათ კთროვანების ზღვაში გადაყრა. დაავადებულების მოვლას კი თავის თავზე იღებდა. კონსტანტინეპოლთან ახლოს, ბოსფორის მოპირდაპირე ნაპირზე, ერთ მთაზე საავადმყოფო ააშენა კეთროვანთათვის. ამ დროს მეფე გარდაიცვალა და ტახტზე მისი ვაჟი კონსტანცი (337-361) ავიდა. ის მწვალებელი გახდა და მართლმადიდებლებს დევნიდა. ბოროტმა ადამიანებმა მოახსენეს, რომ ზოტიკემ მამამისს ოქრო გამოართვა ძვირფასი ქვების შესაძენად. მეფემ ღირსი მამა თავისთან იხმო და ჰკითხა:

- შეიძინე მამაჩემი ფულით თვალ-მარგალიტი ჩვენი საგანძურისთვის?

ნეტარმა ზოტიკმა უპასუხა:

- მეფეო, ხომალდი მოამზადე და ისეთი სიმდიდრეს გაჩვენებ, რაც აქამდე არ გქონია.

მეფესთან ერთად ბოსფორის მეორე მხარეს გადავიდა, საავადმყოფოში მიიყვანა, კეთროვანები და ავადმყოფები აჩვენა და უთხრა:

- აი, მეფეო, ძვირფასი ქვები და ბრწყინვალე მარგალიტები, რომელიც შენს გადასარჩენად დიდი ძალისხმევის შედეგად შევაგროვე.

მეფე განრისხდა და ბრძანა ველურ ჯორებზე გამოებათ და გზებსა და ველებზე ეთრიათ. საშინელი წამების შემდეგ ნეტარმა ზოტიკემ სული უფალს მიაბარა (დაახლ. IV საუკუნე). იმ ადგილას, სადაც ის დაიღუპა, წმინდა და ტკბილმა წყარომ ამოხეთქა, რომლის წყლით ყოველგვარი სნეულება ინკურნებოდა.


ბეჭდვა
1კ1