წმინდა ნიკოლოზი - მეზღვაურთა შემწე
წმინდა ნიკოლოზი - მეზღვაურთა შემწე
წმინდა ნიკოლოზი თავის სიცოცხლეში იმ ადამიანებსაც შეეწეოდა, რომლებიც მას არ იცნობდნენ და თვალითაც არ ენახათ, და რწმენით მიმართავდნენ შეწევნისათვის.
ამგვარად განმზადებული იყო წმინდა ნიკოლოზი შესწეოდა ადამიანებს, ცხოვრების მათთვის უმძიმეს წუთებში! აი ერთი მაგალითი მრავალრიცხოვან შემთხვევათაგან.

ხომალდი, რომელიც ეგვიპტიდან ლუკიისკენ მიცურავდა, საშინელ ქარიშხალში მოხვდა: ძლიერმა ქარმა დახია აფრები და ხომალდი დააზიანა; ტალღებმა თითქმის წყლით აავსეს გემი. მეზღვაურებს გადარჩენის იმედი აღარა ჰქონდათ. საბედნიეროდ, ამ გადამწყვეტ მომენტში მათ გადამრჩენელი აზრი მოუვიდათ, ლოცვით მიემართათ წმინდა ნიკოლოზისთვის, რომელიც არც კი ენახათ, მაგრამ გაეგონათ რომ იგი მსწრაფლშემწე იყო განსაცდელში ჩავარდნილთათვის. ღვთის კაცის შეწევნის იმედმაც არ უმტყუვნა მათ. მეზღვაურებმა ლოცვა რომ დაასრულეს, მათ წინ გამოეცხადა წმინდა ნიკოლოზი, საჭესთან დადგა და უთხრა: "მომიხმეთ და მოვედი დასახმარებლად, ახლა ნუღარ გეშინიათ!" და ხომალდის მართვა დაიწყო. ღვთის წმინდანის ნებით ქარი ჩადგა, ზღვა დაწყნარდა. ასეთი ძლიერი რწმენა ჰქონდა წმინდა ნიკოლოზს, რწმენა, რომელზეც თვით უფალმა ბრძანა: "რომელსა რწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს"(იოანე 14:12). რწმენით უბრძანა მან ზღვასა და ქარს და ისინი ემორჩილებოდეს მას. ზღვის ღელვის დაცხრობის მერე, წმინდა ნიკოლოზის ხატება უჩინო შეიქმნა. მეზღვაურებმა ზურგქარით ისარგებლეს და მშვიდობიანად მისცურეს ქალაქ მირონამდე და მღვდელმთავრისადმი ღრმა მადლიერების გრძნობით თავის მოვალეობად ჩათვალეს მისულიყვნენ მასთან და მადლობა გადაეხადათ. ისინი შეხვდნენ მღვდელმთავარს, მაშინ როცა იგი ტაძრისკენ მიდიოდა, ჩაუვარდნენ ფეხებში თავიანთ გადამრჩენელს და გულწრფელი მადლობა შესწირეს.

ღვთის საკვირველმა სათნომყოფელმა, იხსნა რა ისინი ხორციელი უბედურებისა და დაღუპვისაგან, თავისი გულმოწყალებით მოინდომა ისინი სულიერი სიკვდილისაგან დაეხსნა. თავისი მჭვრეტელი თვალით მან მეზღვაურთა სულებში შეაღწია და ისინი მრუშებით დასნეულებული იხილა, რომელიც ასე განაშორებს ადამიანს ღმერთსა და მის წმინდა მცნებებს. ამიტომაც მღვდელმთავარმა იზრუნა მამობრივი შეგონებით ეხსნა ისინი ამ ცოდვისა და საუკუნო წარწმედისაგან. "ჩაუკვირდით თქვენს თავს,-უთხრა მათ,- განიწმინდეთ გულნი და გულისთქმანი თქვენი, რათა სათნო ეყოთ ღმერთს. თუ თქვენ შეგიძლიათ რაიმე დამალოთ კაცთაგან, და მძიმე ცოდვების ჩამდენნი, მათ წინაშე სათნოებათა მოქმედებათაც, რომ გამოჩნდეთ, ღვთისაგან მაინც ვერაფერს დამალავთ. აუცილებელია მკაცრად დავიმარხოთ სულიერი და ხორციელი სიწმინდე, რამეთუ პავლე მოციქულის სწავლებით: "ტაძარნი ღმრთისანი ხართ და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქვენს შორის"(1 კორინთელთა 3:16). მისცა რა მეზღვაურებს სულის მარგებელი რჩევები, თუ როგორ უნდა მორიდებოდნენ სამარცხვინო ცოდვას, უფლის მღვდელმთავარმა ლოცვა-კურთხევით გაისტუმრა ისინი სახლებში.
ბეჭდვა
1კ1