წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი-მტრების შემრიგებელი და უდანაშაულოდ მსჯავრდადებულთა ძალმოსილიi დამცველი.
წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზი-მტრების შემრიგებელი და უდანაშაულოდ მსჯავრდადებულთა ძალმოსილიi  დამცველი.
წმინდა ნიკოლოზი თავისი სიწმინდის გამო, სარგებლობდა რა უდიდესი პატივისცემითა და გავლენით, ჯერ კიდევ სიცოცხლეში სახელი გაითქვა როგორც მტრების შემრიგებელმა, უდანაშაულოდ დასჯილთა ძალმოსილმა დამცველმა და სავირველმა მეოხმა და გამომხსნელმა უაზრო სიკვდილისაგან.
შემორჩენილია შემდეგი გარდამოცემები მის მიერ გადამტერებულთა შერიგებისა და უდანაშაულოდ დასჯილთა მეოხებისა.

კონსტანტინე დიდის მეფობის დროს ფრიგიაში (ლუკიის ჩრდილოეთით მდებარეობდა) ამბოხმა იფეთქა მის ჩასაქრობათ კონსტანტინემ სამი მხედარმთავრის -ნეპოტიანეს, ურსასი და ერპილიონეს წინამძღოლობით ჯარი გააგზავნა. არმია გემებზე დასხეს და კონსტანტინეპოლიდან გავიდნენ, მაგრამ ზღვის ძლიერი ღელვის გამო ფრიგიამდე ვერ მიაღწიეს და ლუკიაში გაჩერდნენ, ადრიატიკის სანაპიროსთან, სადაც ქალაქი მდებარეობდა.

ზღვა დიდხანს შფოთავდა, ამიტომ მათ აქ დიდხანს მოუწიათ დარჩენა. ამასობაში ჯარს საკვების მარაგი გამოელიათ. ამიტომ ჯარისკაცები ხშირად გადადიოდნენ ნაპირზე და ძალადობით ადგილობრივ მოსახლეობას საკვებს ართმევდნენ. ასეთი საქციელი ადგილობრივებს აღაშფოთებდა და ერთხელაც პლაკომატში სისხლიანი შეტაკება მოხდა ადგილობრივებსა და ჯარს შორის.

როცა წმინდა ნიკოლოზმა პლაკომატის ჯანყის შესახებ შეიტყო, მაშინათვე იჩქარა მის ჩასაქრობად. ყველასთვის საყვარელი მღვდელმთავრის გამოჩენის ამბავმა, მხარეებს შორის კამათი შეწყდა და ყველანი ერთად გაეშურნენ მის შესახვედრად-ადგილობრივი მკვიდრნიც და მეომრებიც, მხედარმთავრებთან ერთად. როცა ამ უკანასკნელთაგან შეიტყო, რომ ისინი ფრიგიაში ჯანყის ჩასახშობად მიდიოდნენ წმინდა ნიკოლოზმა ჯარისკაცებს სიმშვიდისკენ მოუწოდა, და სთხოვა რომ ადგილობრივ მკვიდრთთათვის არ ეწყენინებინათ, ამასთან ისინი ქალაქში მიიპატიჟა და მეგობრულად გაუმასპინძლდა.

პლაკომატში ყოფნისას წმინდა ნიკოლოზთან რამდენიმე მირონქალაქელი მივიდა, რომელთაც სამი უდანაშაულო თანამოქალაქის დახმარება სთხოვეს, რომელთაც ქალაქის თავმა ევსტატემ, შურიან კაცთაგან მოსყიდულმა, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ესეც დაუმატეს, ასეთ უსამართლობას და უსჯულოებას არ ჩაიდენდა ევსტატე, ყველასგან პატივცემული მღვდელმთავარი ქალაქში რომ ყოფილიყოო.

როცა ქალაქის თავის ევსტატეს უსამართლობის შესახებ შეიტყო, წმინდა ნიკოლოზი მაშინათვე მირონში გაემგზავრა, რათა მოესწრო უსამართლოდ დასჯილთა გადარჩენა და მეფის სამ მხედარმთავარს გაყოლა სთხოვა. როცა მან ლევად წოდებულ ადგილას მიაღწია, მას უთხრეს, რომ განსასჯელები დიოსკურეს ველზე გაყვანათ სიკვდილით დასასჯელად. აუჩქარა ნაბიჯს მღვდელმთავარმა და მიაღწია წმინდა კრისკენტის ეკლესიას, წმინდანმა ხალხით სავსე მინდორი იხილა, რომლებიც გარს შემორტყმოდნენ განსასჯელებს. ისინი უკვე გაემზადებინათ სიკვდილით დასასჯელად: ხელები შეკრული ჰქონდათ, სახე დაფარული, მუხლნი მოდრეკილი, კისრები კი გაშიშვლებული მახვილისთვის მოეღირათ. სჩანდა რომ კაცობრივი შეწევნა შუძლებელი იყო. ამ გადამწყვეტ მომენტში გამოჩნდა წმინდა ნიკოლოზი, რომელმაც ჯალათს ხელიდან გამოსტაცა გაშიშვლებული მახვილი, მიწაზე დააგდო და გაანთავისუფლა უდანაშაულოდ დასჯილნი. იქ მყოფთაგან ვერავინ გაბედა მისი შეჩერება, ყველანი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რასაც ის აკეთებდა ყველაფერს ღვთის ნებით აკეთებდა. სიკვდილის კარიბჭესთან მდგარი და ბორკილთაგან განთავისუფლებული ეს სამი კაცი სიხარულის ცრემლებით ტიროდნენ, ხალხი კი ხმამაღლა ადიდებდა ღვთის კაცს მისი მეოხებისთვის.

ამასობაში დასჯის ადგილას თვით ქალაქის თავი ევსტატეც მივიდა. იხილა რა ღვთისკაცის სიმართლე და შეიცნო რა თავისი დანაშაული, იმის შიშით, რომ ის შეიძლება მეფეს დაესაჯა, წმინდა ნიკოლოზს მუხლებში ჩაუვარდა და მიტევებას ევედრებოდა. მაგრამ, ბოროტი სულის შთაგონებით არ სურდა თავი დამნაშავედ ეღიარებინა, და თავის დანაშაულს ქალაქის ორ უხუცესს სიმონიდსა და ევდოქსის აბრალებდა. ამგვარი სიცრუე არ დაიფარა წმინდა ნიკოლოზისგან, რომელიც ხედავდა რა ევსტატეს სიჯიუტეს, სურდა მიშ შესახებ მეფისთვის მოეხსენებინა. ბოლოს ევსტატემ გულწრფელად აღიარა თავისი დანაშაული, ის რომ სამ უდანაშაულოდ დასჯილისთვის სიკვდილის მისჯა მისი საქმე იყო და აცრემლებული წმინდა ნიკოლოზს შენდობას სთხოვდა. ღვთის სათნომყოფელმა ახლა უკვე მიიღო მისი სინანული და შუნდო.

იქ მყოფ სარდლებს უკვირდათ წმინდა ნიკოლოზის ამგვარი მოშურნეობა და ძალმოსილება, და ალბათ ვერც კი წარმოიდგენდნენ რომ ერთ დროს მათაც დასჭირდებოდათ წმინდა ნიკოლოზის ამგვარი მეოხება. დაემშვიდობნენ უფლის მღვდელმთავარს, გზა დაალოცინეს, სწრაფად და წარმატებით ჩააცხრეს ჯანყი ფრიგიაში, და ამით გახარებულები დაბრუნდნენ შინ. მეფე დიდად გახარებული დარჩა აჯანყების სწრაფი ჩაქრობით და თავისი მხედარმთავრები ძღვენითა და პატივით აავსო. საუბედუროდ მათ ძლიერი მტრები ჰყავდათ.

ამ სამი სარდლისადმი მეფის კეთილგანწყობამ, მათი მტრების გულები შურით აღანთო და გადაწყვიტეს მათი დაღუპვა. მათ მხედარმთავრებს კონსტანტინეპოლის მმართველის ევლავიოსის წინაშე ცილი დასწამეს, თითქოს მათ მეფეს უღალატეს და მისი დამხობა სურდათ . ოქროთი მოქრთამულმა ევლავიოსმა დაიჯერა მათ ცილისწამება მეფე მხედარმთავრების ღალატში დაარწმუნა. სარდლების უმადურობით აღშფოთებულმა მეფემ ბრძანა მათთვის ბორკილები დაედოთ და საპყრობილეში ჩაემწყვდიათ.

რამოდენიმე ხნის მერე, მხედარმთავრების მტრებმა, იმის შიშით, რომ საქმის გამოძიებისას, მათი ცილისწამება არ გამომჟღავნებულიყო, ახალი საჩუქრებით "აიძულეს" ევლავიოსი იმპერატორისთვის მხედარმთავართა სასწრაფოდ სიკვდილით დასჯა ეთხოვა. მოწყენილი და სევდიანი სახით გამოცხადდა მთავარი მიფის წინაშე. "არცერთ ტუსაღს სინანული არ სურს, უთხრა მან მეფეს,-პირიქით, ისინი მტკიცე არიან თავის განზრახვაში და დიდად გაბოროტებულნი შენს წინააღმდეგ. მეფეო, ბრძანე,სასწრაფოდ სიკვდილით დაისაჯონ ისინი, რათა მათ თავიაანთი განზრახვა არ აასრულონ შენს წინაარმდეგ". ხელმეორედ შეცდომაში შეყვანილმა მეფე საშინლად განრისხდა და ბრძანა, მეორე დილას სასწრაფოდ სიკვდილით დაესაჯათ "მოღალატენი". პირველმა ამის შესახებ განსასჯელებს საპყრობილის დარაჯმა ამცნო. ეს უკანასკნელი ძალზე სწუხდა მომხდარზე, დარწმუნებული იყო სიკვდილით დასჯილთა უდანაშაულობაში და მწარედ დაიტირებდა მათთან მოსალოდნელ განშორებას.

შეიტყვეს რა სარდლებმა თავიანთი სასიკვდილო განაჩენი და საკუთარ თავში დანაშაულს ვერა პოულობდნენ, ისინი სასოწარკვეთამ შეიპყრო: ტანზე სამოსს იფლეთდნენ და თმებს იგლეჯდნენ თავზე. "რომელ მტერს შეშურდა ჩვენი ცხოვრება?-ამბობდნენ ისინი,-რისთვის ვიხოცებით, როგორც ბოროტმოქმედნი? ასეთი რა ჩავიდინეთ, რომ სიკვდილით ვისჯებით?" ამასთან, თავიანთი უდანაშაულობის მოწმედ მოუხმობდნენ ყველა ნათესავს, ნაცნობს და თვით ღმერთს.
საბედნიეროდ, ერთმა მხედარმთავარმა, ნეპოტიანემ, გაიხსენა, თუ როგორ იხსნა წმინდა ნიკოლოზმა, სამი მირონელი უდანაშაულოდ სიკვდილისაგან. მტკიცე იმედით, რომ უდანაშაულოთა საკვირველი გამომხსნელი არც მათ დატოვებდა შეწევნის გარეშე, მათ უფალს მიმართეს მხურვალე ლოცვით და წმინდა ნიკოლოზის მეოხებით შეწევნა სთხოვეს. შეისმინა კაცთმოყვარე ღმერთმა და თავისი სათნომყოფელის ნიკოლოზის ლოცვით იხსნა ისინი სიკვდილისაგან.. იმავე ღამეს წმინდა ნიკოლოზი ძილში გამოეცხადა მეფეს და მრისხანედ მიმართა: "გაანთავისუფლე საპყრობილიდან სამი სარდალი, რამეთუ ისინი უდანაშაულოდ არიან მსჯავრდადებულნი და არაფრის გამო იტანჯებიან". შემდეგ მოუთხრო მეფეს, თუ როგორ დასწამეს ცილი მათ და ბოლოს ესეც დასძინა: "თუ შენ ყურად არ იღებ ჩემს ნათქვამს და არ გაუშვებ მათ, ისეთსავე ჯანყს ავტეხავ, როგორიც ფრიგიაში იყო და შენ დაიღუპები".

გაოცდა მეფე ამ საკვირველი კაცის ხელმწიფებით ნათქვამ სიტყვებზე, ვერ ხვდებოდა თუ როგორ შესძლო მან სასახლეში შეღწევა და ჰკითხა: "ვინ ხარ შენ, რომ ომითა და სიკვდილით მემუქრები?"-"მე ნიკოლოზი ვარ, მირონ-ლუკიის მიტროპოლიის მღვდელმთავარი",-იყო პასუხი. ამის შემდეგ მეფეს გამოეღვიძა და საფიქრალში ჩავარდა, თუ რას ნიშნავდა ეს ყოველივე. იმავე ღამეს წმინდა ნიკოლოზი ევლავიოსსაც გამოეცხადა ძილში და უდანაშაულოდ დასჯილი მხედარმთავრების დასჯა მოსთხოვა.

დილით იმპერატორმა ევლავიოსს თავისთან მოუხმო და შეიტყო, რომ მასაც იგივე რამ ენახა სიზმრად, ბრძანა მასთან სამი დაპატიმრებული მხედარმთავრის მოყვანა. "ეს რა ჯადო გამიკეთეთ,-ჰკითხა მკაცრად,-როგორ მოახერხეთ გასულ ღამეს, ძილში ჩემთან კაცი გამოგეგზავნათ, რომელიც მრისხანედ ითხოვდა თქვენს განთავისუფლებას, თუ ამას არ გავაკეთებდი შინაომით და სიკვდილით მემუქრებოდა?" მხედარმთავრები, რომელთაც არაფერი არ იცოდნენ სიზმრეული ჩვენების შესახებ საგონებელს მიეცნენ და როცა იმერატორმა უფრო მშვიდად უბრძანა სიმართლის გამხელა, მათ უთხრეს: "მეფეო! ჩვენ არასოდეს მიგვიმართავს ჯადოქრობისთვის და შენს წინააღმდეგ ცუდის ქმნა ფიქრადაც არ გაგვივლია. თუ ჩვენ ტყუილს ვამბობდეთ, მაშინ დაე ჩვენთან ერთად მთელი ჩვენი მოდგმა დაისაჯოს! ჩვენი მეფის სიყვარულსა და პატივისცემას ბავშვობიდანვე მივეჩვიეთ. რათა ძალისა და შესაძლებლობის მიხედვით გემსახუროთ და დაგიმტკიცეთ კიდეც ერთგულება, იმით, როცა ფრიგიაში ამბოხი ჩავახშეთ. ამისთვის შენ დაგვაჯილდოვე, ახლა კი, მტრების წყალობით უდანაშაულოდ დაგვსდეს მსჯავრი და ტყუილუბრალოდ ვიტანჯებით, რადგან, შენს წინააღმდეგ ცუდი არც გვიფიქრია და არც რამე მოვიმოქმედია".

როცა ეს მოისმინა ,მეფე სინანულში ჩავარდა, რომ სიკვდილით სჯიდა თავის ერთგულ მსახურებს და უკანონობის მიზეზი გახდა, რომლის გამოც ღვთის საშინელ სამსჯავროზე პასუხის მიგება მოუწევდა. მან მოწყალედ და ალერსიანად დაუწყო საუბარი თავის ერთგულ მსახურებს. ამ დროს რაღაც უჩვეულო რამ მოხდა! სარდლებს თვალწინ წმინდა ნიკოლოზის ხატება წარმოუდგათ, რომელიც მეფის გვერდით იჯდა და ხელის მოძრაობით მათ წყალობას და მიტევებას ჰპირდებოდა. ამას ისინი ხედავდნენ, მეფე და ევლავიოსი კი ვერა. მაშინ მხედარმთავრებმა ხმამაღლა წამოიძახეს: "ღმერთო ნიკოლოზისავ, რომელმაც მირონ ქალაქში სამი კაცი ტყუილად სიკვდილისაგან დაიხსენ, განგვაშორე ჩვენც ამ უბედურებისაგან!" გაოცებული იმპერატორი დაეკითხა: "ვინ არის ეს ნიკოლოზი და მან სიკვდილისაგან ვინ გადარჩინაო?"ნეპოტიანემ ყოველივე მოუთხრო. მეფე წმინდა ნიკოლოზის მოშურნეობამ გააოცა და ცილდაწამებული სარდლები გაანთავისუფლა. " თქვენ თავისუფლები ხართ, უთხრა მათ მეფემ,- მაგრამ მე კი არ გჩუქნით სიცოცხლეს, არამედ ღვთის დიდებული მსახური, მღვდელმთავარი ნიკოლოზი, რომელსაც თქვენ მოუხმობდით შეწევნისათვის. წადით მასთან, მადლობა გადაუხადეთ, და ჩემგან გადაეცით, რომ მისი ბრძანება აღვასრულე". ამასთან, მეფემ მთავარეპისკოპოს ნიკოლოზს სახარება და სხვა საჩუქრები გაატანა ეკლესიისთვის.

წმინდა ნიკოლოზის გამოქომაგებით გარდაუვალ სიკვდილს გადარჩენილი მხედარმთავრები განთავისუფლებისთანავე მირონლუკიისკენ გაეშურნენ. მათ, უპირველეს ყოვლისა მხურვალედ მადლობა გადაუხადეს მღვდელმთავარს მისი სასწაულებრივი შეწევნისათვის. გადასცეს სამეფო ძღვენი ,გლახაკებს უამრავი მოწყალება დაურიგეს და კეთილი მწყემსის ლოცვა-კურთხევით შინ მშვიდობით დაბრუნდნენ.
ბეჭდვა
1კ1