წმინდა პანტელეიმონის ვედრებაში ადამიანი ფიზიკურად და სულიერად იკურნება
წმინდა პანტელეიმონის ვედრებაში ადამიანი ფიზიკურად და სულიერად იკურნება
საბურთალოზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის პირველ სართულზე, უკვე რამდენიმე წელია, რაც სამლოცველო სახლი ფუნქციონირებს. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ტაძარი წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელზე აკურთხა.

ამ უდიდესი წმინდანის მაკურნებელი ძალა საავადმყოფოს თანამშრომლებმა და ავადმყოფებმა საკუთარ თავზე არაერთგზის გამოსცადეს. ტაძრის წინამძღვარი, მამა დავითი (შენგელია), შეჭირვებულთ მომავლის რწმენას უნერგავს და ნუგეშს ყველას უნაწილებს.

- წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძარი ანუგეშებს ყველას, ვისაც ფიზიკური თუ სულიერი ტკივილი აწუხებს. ამ წმინდანის ვედრებაში ადამიანი ფიზიკურადაც იკურნება და სულიერადაც მხნევდება. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი არასოდეს დატოვებს ავადმყოფს, როგორი მძიმე სენითაც არ უნდა იყოს შეპყრობილი. ნუგეშისცემა კი ასეთ შემთხვევაში უპირველესია, რათა ადამიანი სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს.

- მამაო დავით, თქვენთან როგორი ავადმყოფები მოდიან?

- სხვადასხვანაირი. ყველა მათგანს თავისებურად რთული და მძიმე დიაგნოზი აქვს. ბევრს უჭირს ტკივილის დაძლევა, ამიტომ ყოველ კვირას, ხუთშაბათობით, წმინდა პანტელეიმონის დაუჯდომელი ლოცვები იკითხება, ხოლო შემდეგ ჯანმრთელობის პარაკლისს ვიხდით. ლოცვები გადმოღებულია ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული ტექსტიდან. ყველა იმ ადამიანს, ვისაც მძიმე დეპრესიული მდგომარეობა აქვს და შინაგანად დათრგუნულია, შეუძლია წმინდა პანტელეიმონის ლოცვაში ნახოს მაკურნებელი ძალა.

- უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის თუ მიგისწრიათ და გიზიარებიათ?

- დიაგნოზი ზოგჯერ ისეთი რთულია, შედეგზე ექიმები ზუსტ პასუხს ვერ იძლევიან. თუმცა იყო შემთხვევაც, ადამიანისთვის მიგვისწრია, აღსარება გაჭირვებით უთქვამს და ზიარებაც მიუღია, გამოკეთებულა კიდეც და შინაც დაბრუნებულა. ეკლესია, წმინდა ზიარება სასწრაფო, უებარ დახმარებას უწევს ასეთ ადამიანებს.

- წმინდა მამები ამბობენ, ადამიანი ცოდვების გამო სნეულდებაო. თუ აქვს ავადმყოფს გაცნობიერებული ეს?

- თუკი ავადმყოფი რომელიმე ტაძრის მრევლია, მან კარგად იცის, რომ ავადმყოფობა ცოდვების შედეგია და ცდილობს მოინანიოს კიდეც, ეზიარება და ამით მაკურნებელ ძალას იღებს. ზოგიერთი ავადმყოფობის მერე იწყებს ამაზე ფიქრს, იხსენებს წარსულს და უღრმავდება საკუთარ ცხოვრებას.

- ანუ ფიზიკურად განკურნებული ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს?

- ვინც მოხვედრილა საავადმყოფოში და შეუგრძნია ის მადლი, რომელსაც ეკლესია აღსარებისა და ზიარების სახით გასცემს, ეკლესიურ ცხოვრებას ირჩევს. ბევრსაც მოუკითხავს ჩვენთვის ტაძარში და დიდი მადლიერებაც გამოუთქვამს.

- მამაო, ადამიანურად ცოტა მძიმე ხომ არ არის თქვენთვის ავადმყოფებთან ურთიერთობა?

- მძიმეც არის, მაგრამ პანტელეიმონ მკურნალის შემწეობით უსაშველოდ მძიმედ არ გვესახება, ღმერთი გვაძლევს უნარს, შეძლებისდაგვარად გავესაუბროთ ადამიანებს და სულიერი სარგებელი მივცეთ თითოეულ მათგანს.

- ასეთ ადამიანებს როგორ მოძღვრავთ, რას ეუბნებით?

- ვინც უფლისკენ გამოიხედავს, ვინც ამ საავადმყოფოში მოხვდება და წმინდა პანტელეიმონის სამლოცველოსთან ექნება ურთიერთობა, ეს მის სულს, სხეულს დიდ შვებას და სიხარულს მიანიჭებს. მათ მივმართავ, რომ ყოველთვის, სადაც არ უნდა იყვნენ, ახსენონ წმინდა მკურნალი პანტელეიმონი, მადლობა შესწირონ მას და ის აუცილებლად შეეწევათ.

- მამაო დავით, როგორი სახისა იყო თავიდან სამლოცველო სახლი და როგორია იგი დღეს?

- თავდაპირველად საავადმყოფომ საპატრიარქოს გადასცა სალოცავი ადგილი. შემდეგ მრევლის დახმარებით გაფართოვდა ეკლესიის აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადები, საკურთხეველმა ნავის სახე მიიღო, ხოლო დასავლეთის მხარემ - სტოას სახე. ტაძარს მოვუშენეთ სატრაპეზო. ძველი ქართული საეკლესიო ტრადიციის მსგავსად, მოპერანგებულია დეკორატიული ქვით. საკურთხეველში დაიხატა მაცხოვრისა და მღვდელმთავრების ფრესკები, ეკლესიის გვერდით ანუ საავადმყოფოს დარბაზში აშენდა სამრეკლო და სანათლავი ემბაზი, რომელიც მოპირკეთდა იმ ქვებით, რითაც ტაძარია დამშვენებული.

საკურთხეველი მოხატა დავით ხიდაშელმა, კანკელი - ირაკლი ცინცაძემ. ტაძარში ახლაც მიმდინარეობს სამუშაო, რომელსაც გიორგი გოცირიძე და ერმოლაოზ ჭელიძე ასრულებენ. გვინდა ეკლესიის მახლობლად დაიდგას ქართული ჯვარ-ორნამენტებიანი სტელა.

- მამაო დავით, გვიამბეთ ცოტა თქვენს შესახებ?

- ზუსტად ექვსი წელია, რაც პატრიარქის კურთხევით და მეუფე დანიელის შუამდგომლობით ამ ტაძარში ვწირავ. ადრე ქალაქგარეთ ვმსახურობდი. დავიბადე თბილისში, 1957 წლის 4 იანვარს. დავამთავრე თბილისის
46-ე საშუალო სკოლა. ორი წელი ჯარში ვმსახურობდი. მცხეთის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ ვმსახურობდი თბილისის სხვადასხვა ტაძარში - მედავითნედ, სტიქაროსნად, მგალობლად. ბავშვობაში, 11-12 წლისას, განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერთან, იქ მოღვაწე აწ განსვენებულ დედებთან, ჩემს ძვირფას ადამიანებთან - იღუმენია ანა აჭაიძესა და სქემმონაზონ სუსანა (ტატიანა) უროტაძესთან. ეს იყო ჩემი ბავშობის საუკეთესო წლები. სწორედ მაშინ შევხვდი პირველად ამჟამინდელ პატრიარქს ილია II-ს. მაშინ უწმინდესი მცხეთის სასულიერო სემინარიას ხელმძღვანელობდა.

მყავს მეუღლე ნანა და ორი შვილი - ელისაბედი და იოანე. ჯვარი დავიწერე ავჭალის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში. ჩემი შვილების ნათლიები არიან იქაური მონაზვნები: დედა ელისაბედი, დედა იოანა და დედა პარასკევა. იქ მედავითნედ ვმსახურობდი და იმ დროს დიდი სიყვარულით ვიხსენებ. მამა გარდაცვლილია, დედა ჩვენი ტაძრის მრევლია. მორწმუნე ოჯახში გავიზარდე. დავდიოდი ქაშვეთის ტაძარში, სადაც მიტროპოლიტი დავითი სწირავდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კი ეფრემ II იყო.

- დაგვლოცეთ, მამაო.

- ღმერთმა დალოცოს თქვენი ჟურნალი. ის ბევრ კარგ პიროვნებას გვაცნობს, რაც მთავარია, ყველა ის თემა, რომელიც პერიდულად შუქდება, საზოგადოებისთვის სასარგებლოა, ამიტომაც ყველა ტაძარში "კარიბჭე" დიდი სიხარულით იკითხება.
ბეჭდვა
1კ1