"უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო..."
"უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო..."
სხეულის განსაწმენდად აუცილებელია მარხვა. ამბა პიმენს უთქვამს: "სულს ისე არაფერი აწრთობს, როგორც საჭმლისგან თავშეკავება". აღდგომის დიდმარხვა 2 მარტს იწყება - გვეძლევა საშუალება, ხორციელი ფუფუნების მოკლებით სულიერად გავძლიერდეთ. მარხვა 19 აპრილს უფლის ბრწყინვალე აღდგომით გვირგვინდება.

მთელი დიდმარხვის განმავლობაში "დილისა" და "ძილად მისვლის" ლოცვების შემდეგ იკითხება წმინდა ეფრემ ასურის ლოცვა.

ღირსი ეფრემ ასური (გარდაიცვალა დაახლოებით 373-379 წლებში) ნიზიბიაში დაიბადა. მშობლები, ღარიბი მიწათმოქმედები, კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, თუმცა ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. დაუდევარი ჭაბუკი თვით უფალმა გაწვრთნა: ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა.

განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა ამ სოფელს და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი - ნიზიბიის ეპისკოპოსი (ხსენება - 13 იანვარს). მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებას იხვეჭდა და სულიერებაშიც იზრდებოდა.

წმინდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზე. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა 14 წლის განმავლობაში, მის აღსასრულამდე.

363 წელს, როცა ნიზიბია სპარსელებმა დაიპყრეს, ეფრემმა დატოვა უდაბნო და ერთ-ერთ მონასტერში დაემკვიდრა ქალაქ ედესის მახლობლად. აქ მის გვერდით მოსაგრეობდნენ დიდი მამები, რომლებიც ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდნენ დროს. მათი თავშესაფარი გამოქვაბული იყო, ერთადერთი საკვები კი - მცენარეულობა. ასკეტურ ღვაწლს ღირსი მამა საღვთო წერილის დაუცხრომელ შესწავლას უთავსებდა. უფალმა იგი მოძღვრების ნიჭით დააჯილდოვა: ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ სულიერი რჩევა-დარიგების მსურველნი. მის ქადაგებებს მსმენელზე განსაკუთრებული ზემოქმედება ჰქონდა, რადგან ღირსი მამა დარიგებებს საკუთარი თავის მხილებით იწყებდა. მისმა მადლმოსილმა სწავლა-მოძღვრებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს რჯულზე.

წმინდა მამა სიმდაბლის გამო თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. სიცოცხლის მიმწუხრზე იგი ეგვიპტეში გაემგზავრა დიდი მეუდაბნოე მამების ღვაწლის გასაცნობად. უკან გამობრუნებულმა კაბადოკიის კესარიაში გამოიარა. დიდ მღვდელმთავარს მისი ხუცად კურთხევა უნდოდა, მაგრამ, ეფრემისავე დაჟინებით, დიაკვნად დაასხეს ხელი. ამ ხარისხში იმყოფებოდა იგი აღსასრულამდე. წმინდა მამას მღვდელმთავრობაც შესთავაზეს, მაგრამ მან თავი აარიდა პატივს და სალოსობა დაიწყო.

როცა ედესაში საშინელი შიმშილობა მძვინვარებდა, ეფრემმა თავისი შთამაგონებელი სიტყვით მდიდრები გლახაკების დასახმარებლად აღძრა. მორწმუნეთა შემოწირულობით მან დავრდომილთა თავშესაფარი ააგო. შემდეგ კი ედესის მახლობლად, გამოქვაბულში განმარტოვდა და აქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე...

***
ღირსმა მამამ იღვაწა საღვთო წერილის, კერძოდ კი, მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებისთვის. მას ეკუთვნის მრავალი ლოცვა და საგალობელი. ცნობილია ეფრემ ასურის ლოცვა "უფალო და მეუფეო", რომელიც დიდმარხვაში იკითხება (დიდმარხვის განმავლობაში ამ ლოცვას არ ვასრულებთ პარასკევ საღამოს, შაბათ დილა-საღამოს და კვირა დილას, ხოლო კვირა საღამოდან კვლავ განვაახლებთ) და ქრისტიანებს სულიერი განახლებისკენ მოუწოდებს:

"უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-გზის).

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმომწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია)".

წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) გვთავაზობს ეფრემ ასურის ლოცვის საინტერესო განმარტებას:

"სამ ნაწილად ანუ სამ მუხლად არის გაყოფილი ეს ლოცვა:

პირველს მუხლში ჩვენ ვსთხოვთ ღმერთსა, რათა განაშოროს ჩვენგან ოთხი ცოდვა: უქმობა, მიმომწვლილველობა, მთავრობის-მოყვარეობა და ცუდად მეტყველება.

რა არის, ძმანო, სული უქმობისა? სული უქმობისა ის არის, როდესაც კაცს არ უყვარს შრომა და მუშაკობა, არამედ უყვარს ცუდად ყოფნა, ანუ უსაქმოდ გატარება თავის დროებისა. მაშასადამე, სული უქმობისა აქვს ზარმაც და მცონარე კაცსა... ღმერთმან შექმნა კაცი შრომისა და მუშაკობისთვის...

მეორე ცოდვა, რომელიც იხსენება პირველს მუხლში, არის მიმომწვილველობა, ანუ, სხვაფერ ვსთქვათ, მოწყინება. ზოგჯერ კაცს მოეწყინება ლოცვაზედ დგომა, ანუ მარხვის შენახვა, ანუ ნიადაგ შრომა და მუშაობა. ესეც დიდი მავნებელი ცოდვა არის, ძმანო ჩემნო...

მესამე ცოდვას, რომელზედაც არის თქმული ამ ლოცვაში, ეწოდება მთავრობის-მოყვარეობა. მთავრობის-მოყვარეობა ის არის, ოდესცა კაცი ეძიებს უფლებასა ანუ მბრძანებლობასა სხვათა კაცთა ზედა. ეს ცოდვა ხშირად დაემართება დიდთა ანუ უფროსთა კაცთა, რომელნიც არიან მთავრობასა შინა... თუ ვინმე კაცი მთავრობას ანუ ჩინოვნიკობას ეძიებს მხოლოდ მისთვის, რათა თავის თავს მისცეს სარგებლობა, გამდიდრდეს, პატივი და დიდება შეიძინოს, თუ მარტო ამას ფიქრობს ვინმე და სხვა არაფერი ახსოვს, იგი დიდ ცოდვაში არის...

მეოთხე ცოდვა, რომელსა ახსენებს პირველი მუხლი, არის ცუდად-მეტყველება. ცუდად-მეტყველება არის ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, გამომავალი პირისაგან კაცისა. ღმერთმან ენა ჩვენ მისთვის მოგვცა, რათა ვაკურთხოთ, ვადიდოთ და ვლოცოთ იგი; დავლოცოთ, დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. გარნა ჩვენ, ნაცვლად ამისა, ენას ხშირად ვხმარობთ ცოდვისათვის: ენითა ჩვენითა ვიტყვით სიცრუეს, გინებას...

მეორესა მუხლსა შინა ვევედრებით ღმერთსა, რათა, ნაცვლად ოთხთა ამათ ცოდვათა, მოგვცეს ოთხი სათნოება: სიწმიდე, სიმდაბლე, მოთმინება და სიყვარული.

პირველი სათნოება - სიწმიდე ანუ სული წმიდისა არის ორ-გვარი: გარეგანი ანუ ხორციელი ის არის, როდესაც კაცს უყვარს წმინდად ჩაცმა, წმინდად ჭამა და სმა და წმინდად ცხოვრება თავის სახლში. კარგი, გონიერი და სასარგებლო საქმე არის, თუ კაცი ცდილობს ხორციელსა სიწმიდესა ზედა... ესრეთ უნდა ვიფიქროთ, რომ ვისაც უყვარს გარეგანი და ხორციელი სიწმიდე და სისუფთავე, ის სულიერისა სიწმიდისათვისაც უფრო ცდილობს.

მეორე სათნოება - სიმდაბლე აქვს იმ კაცს, რომელიც თავის თავზედ დიდს არაფერს ფიქრობს, ესე იგი თავის თავი არ მიაჩნია დიდად. ამ სათნოებას კაცი შეიძენს მაშინ, როდესაც კარგად იფიქრებს თავის ცოდვებზედ. ჩვენ ყველანი, ძმანო ჩემნო, ცოდვილნი ვართ ღვთის წინაშე.

მესამე სათნოება - მოთმინება მეტად საჭირო არის ყოველთვის კაცისთვის, ამისათვის რომელ ქვეყანაზედ არ არის იმისთანა კაცი, რომელსაც არ შემთხვეოდეს ვითარიმე უბედურება და უკმაყოფილება. ყოველს საქმეში და ყოველს შემთხვევაში საჭირო არის კაცისათვის მოთმინება...

მეოთხე სათნოება - სული სიყვარულისა ანუ შეყვარება ღვთისა და მოყვასისა არის ყოველთა უდიდესი, უმაღლესი და უსაჭიროესი სათნოება. უმეტესად უნდა გახსოვდეთ, რომ ვისაც არ აქვს სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, ის არ არის ქრისტიანე. ვევედროთ ღმერთსა, რათა მოგვცეს ჩვენ სული სიყვარულისა და ერთობისა. ამინ.

ბოლოს მესამესა მუხლსა შინა ვსთხოვთ ჩვენ ღმერთსა, რათა მოგვცეს ჩვენ ცნობა თავისა ჩვენისა და არა განკითხვად მოყვასთა ჩვენთა.

ცნობა თავისა თვისისა არის საფუძველი კეთილისა ქრისტიანობრივის ცხოვრებისა. თუ კაცმან თავის თავი არ იცის, თუ არ შეიტყო, რა ცოდვა უქმნია, რა ნაკლულევანება აქვს გულში, რანაირად გაიმართავს იგი თავის თავს, რანაირად მოინანიებს და როგორ შეიქმნება უმჯობესი?.. დიდი სარგებლობა და სულიერი მადლი მოგეცემა, როდესაც კარგად გასინჯავ შენ თავს და გულში იტყვი: მე სწორედ ამაში და ამაში ვარ დამნაშავე ღვთის წინაშე. თუ ესრეთ ქმენი, უთუოდ კარგად მოინანიებ შენს ცოდვას და კარგი შეიქმნები; ხოლო კარგად თუ არა იცან შენი თავი, არა თუ ქრისტიანობაში, არამედ არც სხვა საქმეში გამოდგები.

ვინც კარგად თავის თავი იცნა, ის აღარც თავის მოყვასს განიკითხავს... ეს ცუდი ჩვეულება თითქმის ყოველ კაცსა აქვს; ყოველი კაცი იმას ცდილობს, რომ განიკითხოს მოყვასის ცოდვა, გარნა კეთილი და ჭეშმარიტი ქრისტიანე უმეტესად თავის თავს განიკითხავს და არა სხვას. თქვენც ესრეთ ეცადენით, ძმანო ჩემნო, თუ გსურთ, რომ იყვნეთ კეთილნი ქრისტიანენი. ამინ.

მოამზადა

დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1