კიდევ ერთი დაუფასებელი ქართველი
კიდევ ერთი დაუფასებელი ქართველი
ძველ ფოტოსურათს დავცქერი. მასზე ახალგაზრდა მოძღვარია გამოსახული ცოლ-შვილთან ერთად. მღვდელი დივანზე ზის. გვერდით ორიოდე წლის ბიჭი მოუსვამს. მათ უკან მოძღვრის მეუღლე დგას, რომელსაც ქმრისთვის მოკრძალებით დაუდვია ხელი მხარზე. საოცარი იდილიაა... გავა 7-8 წელი და ეს იდილია სამუდამოდ დაირღვევა. მოძღვარი განიმოსება, მღვდლობას დაუტევებს და აღიღებს ჯვარს, რომლის ტვირთვასაც მთელ დარჩენილ სიცოცხლეს შესწირავს. ეს მღვდელი გიორგი ბოჭორიძეა, რომლის ღვაწლის შესახებ ცოტამ თუ იცის საქართველოში. ეს წერილიც სწორედ მისდამი დიდი მადლიერებისა და კრძალვის ნიშნად დაიწერა.
გიორგი ბოჭორიძე 1884 წლის 20 აგვისტოს დაბადებულა სოფელ ნაციხვარში (ახმეტის რაიონში), მღვდლის ოჯახში. მამამისი თეოდოზი წარმოშობით ქვემო რაჭიდან, სოფელ ჯვარისიდან ყოფილა. მიზეზთა გამო მამაპაპეული კუთხე დაუტოვებია და კახეთში გადასახლებულა. აქ ალვანელი ულამაზესი თუშის ქალი თამარ ქააძე შეურთავს და სოფელ ნაციხვარში დასახლებულა. ერთხანს იქ მსახურობდა მღვდლად, შემდეგ - ალვანის ეკლესიაში. დაკრძალვითაც იქვე დაუკრძალავთ, ეკლესიის ეზოში.
მამა თეოდოზს ოთხი შვილი ჰყოლია - სამი ვაჟი და ერთი ქალიშვილი. გიორგის ქართული წერა-კითხვა ნაციხვარში უსწავლია ხარის ბეჭზე. დაწყებითი განათლება თელავის სასწავლებელში მიუღია, მერე კი სწავლა თბილისის სასულიერი სემინარიაში გაუგრძელებია. ეს ის დრო იყო, სასულიერო სემინარიიდან რევოლუციონერები უფრო მეტად რომ გამოდიოდნენ, ვიდრე სამღვდელონი. თავისუფლების მოყვარე ახალგაზრდაც ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში - სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი გახდა. არჩილ ჯორჯაძის ჭეშმარიტად ეროვნული, თავისუფლებისთვის მებრძოლი პარტია იმხანად მრავალ პატრიოტ ქართველს აერთიანებდა.
დადგა 1905 წელი. ქართველმა სამღვდელოებამ კიდევ ერთხელ სცადა, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია აღედგინა. პასუხად კაზაკებმა მათრახის ცემითა და ხიშტის კვრით დაშალეს კრება. ამ მკრეხელობამ გიორგის სამშობლოს თავისუფლებისათვის ბრძოლის ჟინი გაუასკეცა. მაგრამ ვინც გაბედა და მღვდლებზე ხელი აღმართა, განა გიორგი ბოჭორიძის საბრძოლო შემართებას შეურიგდებოდა? ჰოდა, კიდევაც გაურიცხავთ სემინარიიდან "მგლის ბილეთით". ამან ვერ შეაჩერა, კახეთში სოფელ-სოფელ დადიოდა და არალეგალურ ლიტერატურას ავრცელებდა, ფარულ კრებებს, მიტინგებს აწყობდა. თიანეთთან ახლოს, ცხრაკარაზე, კახეთის მეფეთა ძველი რეზიდენციის ნანგრევებზე გამართულ მიტინგზე ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებდა. ბოქაულს მისი დაპატიმრება განუზრახავს, მაგრამ გიორგიმ თბილისს შეაფარა თავი.
1906-07 წლებში მეფის არმიაში უმსახურია. 1908 წელს დაბრუნებულა სახლში. 1910 წელს დაოჯახებულა - ჩაილურელი ანა ქევხიშვილი შეურთავს. 1912 წელს მღვდლად უკურთხებიათ და სოფელ კაჭრეთში გაუმწესებიათ. მამა გიორგის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. რევოლუციური ენერგია ახლა მრევლის საკეთილდღეოდ მიმართა. მისი თაოსნობით გახსნილა ორი სკოლა, კოოპერატივი, ბანკი, იმდენი ეცადა, თურმე, ბაზრობაც დააწესებინა და სოფლის ბოლოს რკინიგზის ბაქანი გაამართვინა. აუშენებია სასოფლო სახლიც, სადაც ყველა მსურველს შეეძლო სწავლა-განათლების მიღება.
1917 წლის თებერვლის რევოლუციას მამა გიორგისთვის კაჭრეთში მოუსწრია. ამ ამბით აღფრთოვანებულს გარეშემო სოფლებიდან 5000-მდე კაცი შეუყრია და საბრძოლო ყიჟინა დაუცია: "ქრისტიანობის მთავარი პრინციპი სიყვარული და დათმობაა, მაგრამ როცა სამშობლოს ბედი წყდება, ჭეშმარიტ მართლმადიდებელს უფლება არა აქვს, ლოცვის ამარა დარჩეს. საქართველოს თავისუფლებისთვის ჩვენი მღვდელ¬მთავრები ლაშქარს ჯვრით, ხმლითა და დროშით მიუძღოდნენ. დაე, მონობის უღლის დასამხობად დღესაც ასეთი შემართებით გავისარჯოთო", - უთქვამს ამ მიტინგზე. - გაგვიძეხ და გინდ იერუსალიმს გამოგყვებითო, - მიუგია ხალხს. ყრილობას მამა გიორგი კაჭრეთის მხარის კომისრად აურჩევია. ს. ვარდოსანიძის ცნობით, იგი პირველი სასულიერო კრების მუშაობაშიც მონაწილეობდა.
1918 წელს გაიხსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სწავლას მოწყურებული ახალგაზრდა მოძღვარი უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. გატაცებით დაეწაფა ცოდნას: სწავლობდა ძველსა და ახალ ენებს, განსაკუთრებით დაოსტატებულა ქართულ ეპიგრაფიკაში, ეთნოგრაფიასა და ხელოვნებათმცოდნეობაში.
მაგრამ დადგა 1921 წელი. უკუღმა დატრიალდა ბედის ჩარხი. ბოლშევიკებმა ოთხივ კუთხივ გადააწითლეს საქართველო. "ხალხის მთავრობამ" ამავე წელს 15 აპრილის დეკრეტით სახელმწიფო ეკლესიისგან განყო და საეკლესიო ქონება ხალხის საკუთრებად გამოაცხადა. დაიწყო ქართული ეკლესიის ძარცვა-გლეჯა. ანგრევდნენ ტაძრებს, ხვრეტდნენ სამღვდელოებს, ანადგურებდნენ სიწმინდეებს. ძნელი იყო ამ ყველაფრის გულგრილად ყურება და გიორგი ბოჭორიძემ გაიხადა ანაფორა, დაუტევა მღვდლობა - ფიქრობდა, ასე უფრო შეძლებდა სიწმინდეთა გადარჩენას (ს. ვარდოსანიძის ცნობითვე, ეს 1921 წელს მომხდარა). სწორედ იმხანად ი. ჯავახიშვილის, კ. კეკელიძის, დ. შევარდნაძის, ა. შანიძის ძალისხმევით შეიქმნა ხელოვნების სიძველეთა და ბუნების ძეგლთა დაცვის კომიტეტი, რომლის მიზანიც რაც შეიძლება მეტი ისტორიული ნივთისა თუ ძეგლის გადარჩენა გახლდათ. კომიტეტმა რწმუნების სიგელით აღჭურვა გ. ბოჭორიძე და დაიწყო მისი ხეტიალი საქართველოს მთასა და ბარში. "ვინაიდან სარწმუნოების საწინააღმდეგო პროპაგანდა ყველაფერს ნთქავდა, სპობდა და აქრობდა, ამიტომ მოგზაურობა წარმოებდა მეტისმეტად აჩქარებული ხასიათით, ელვის სისწრაფით ხდებოდა გადასვლა ერთი ადგილიდან მეორეში. რევოლუციის ქარცეცხლს ვგლეჯდი მრავალსაუკუნოვან კულტურულ ნაშთებს, რასაც მოვასწრებდი, გადარჩენილი იყო, რასაც ვერა - დაღუპული", - წერს გიორგი ბოჭორიძე.
აი, როგორ იხსენებს იგი 1923-26 წლებს: "მასალის მოგროვება მეტისმეტად მძიმე საქმე იყო. სამი წელი მოგზაურობაში ყოფნა, სამი წელი რევოლუციის ქარცეცხლში ტრიალი, ორ-სამ თვეობით გარემ¬ხრობანი (გარეთ ყოფნა), ზამთრის სიცივე და ზაფხულის სიცხე; დღეში 17-18 საათი მუშაობა, ცხრა-ათჯერ სიცოცხლის საფრთხის თავიდან აცილება და მრავალი სხვა - ყველა ძალ-ღონისა და ნებისყოფის უდიდეს, უაღრეს დაჭიმვას მოითხოვდა. მიუხედავად ამისა, ყველა სიმძიმე დაძლეულ იქნა და საქმეც მთლიანად იქნა შესრულებული".
1923-დან 1934 წლამდე გიორგი ბოჭორიძემ მოიარა ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამცხე-ჯავახეთი, საინგილო, გუდამაყრის ხეობა, თუშეთი. წარმოიდგინეთ, მხოლოდ რაჭა სამჯერ შემოიარა! მიუვალ ადგილას მოძიებული ხელოვნების ნიმუშები, ისტორიული ნივთები და ჩანაწერები ხან ზურგით, ხან ცხენით, ხან ურმით ჩამოჰქონდა და სათანადო აქტებით აბარებდა სიძველეთა კომიტეტის წევრებს. უამრავი განსაცდელი შეხვდა ამ "გარემხობისას", უამრავჯერ გადაურჩა დახრჩობას თუ კლდეზე გადაჩეხვას. ალბათ, მფარველი ანგელოზი თუ დაჰყვებოდა თან თავადაც საქართველოს სიწმინდეთა "მფარველ ანგელოზს".
საბჭოთა მთავრობა ეჭვის თვალით უცქერდა, ხშირად აპატიმრებდნენ და ამცირებდნენ. რამდენჯერმე მოუხდა აბობოქრებულ მორწმუნეთა პირისპირ დგომა. მაგრამ ღვთის მადლი ყოველთვის იფარავდა დიდ მამულიშვილს. ამ ათი-თორმეტი წლის განმავლობაში, როგორც თვითონ მოგვით¬ხრობს, აღურიცხავს 900-მდე ისტორიული ძეგლი, მოუგროვებია 200-ზე მეტი ისტორიული ნივთი, 540 ხელნაწერი და 200-ზე მეტი დასტამბული წიგნი, 28 წარწერიან-ქანდაკებიანი ქვა, 3550 სიგელ-გუჯარი და სხვა საბუთი. ამას გარდა, შეუსწავლია თბილისის ლომბარდში დაგირავებული ძველი ხელნაწერებისა და სხვა ისტორიული ნივთების მდგომარეობა, შეუმოწმებია და აღუწერია თბილისის 30-ზე მეტ ეკლესიაში დაცული არქივები, წიგნსაცავები, ისტორიული ღირებულების მასალები. კახეთიდან ჩამოუტანია და თბილისის უნივერსიტეტის ნუმიზმატიკის კაბინეტისთვის ჩაუბარებია - 1200 წელს თამარის მიერ გამოცემული ფულის კოლექცია, უზარმაზარი შრომა გაუწევია რუსეთის სხვადასხვა ადგილიდან ჩამოტანილი არქივების ცენტრალურ არქივში გადასატანად და დასაბინავებლად.
"როცა გ. ბოჭორიძის მუშაობას ეცნობი, დაუჯერებლად გეჩვენება, თუ როგორ შესძლო ერთმა კაცმა მოკლე დროში ამდენის გაკეთება. მისი ხელით გადმოღებული ბევრი წარწერა ერთადერთი წყაროა, ბევრიც დაიკარგა და უფრო მეტი განადგურდა", - ბრძანებს ბატონი ვ. გურგენიძე. მართლაც, ვერ მოასწრო, ვერ გადაარჩინა სორის მონასტრის გულანი (კოოპერატივში სახვევ ქაღალდად მოეხმარათ), ნიკორწმინდის მინანქრიანი ხატებით შემკული ჯვარ-დროშა (დაემსხვრიათ) და სხვ. სამაგიეროდ, ბოლშევიკების მსახვრალ ხელს გამოსტაცა სოფელ ჯვარისაში ვახტანგ გორგასლის დედის საჰაკდუხტის მიერ შეწირული ჯვარი, რომელიც გასაყიდად გამზადებულ ვერცხლეულში ეპოვა, 1013 წელს გადაწერილი ოთხთავი სოფელ ბარში, თაბორის ოთხთავი, ისიც XI საუკუნისა...
1937 წელს დაუპატიმრებიათ. ერთხანს ორთაჭალის ციხეში მჯდარა. 1939 წელს, შუაღამისას, ჩრდილოეთ კავკასიისკენ წაუყვანიათ. სადგურ გუდერმესთან ერთ რუსს და ერთ ქართველს, ვინმე აბრამიშვილს, ვაგონში დაუხრჩვიათ და გაუძარცვავთ. 27 სექტემბერი მდგარა, ჯვართამაღლება დღე. ჯვართამაღლებას დასრულდა მიწიერი სიცოცხლე გიორგი ბოჭორიძისა. მოწამის გვირგვინით შემკულმა, ჯვართამაღლებას აღამაღლა თავისი ჯვარიც, სისხლითა და ოფლით გაპოხილი; ჯვარი, ესოდენი სიმდაბლით რომ ზიდა და სათნოებათა კიბედ რომ ექცა ზეციურ იერუსალიმში შესასვლელად. 1939 წლის ჯვართამაღლებას გიორგი ბოჭორიძე, საქართველოს სიწმინდეთა მფარველი ანგელოზი, საქართველოს მფარველ ზეციურ ანგელოზთა დასს შეუერთდა. შეგვეწიოს მისი ლოცვა აქ, მიწაზე, დარჩენილებს.
"კარიბჭე" 2004
ბეჭდვა
1კ1