"სიცილით ეცინოდა სატანჯველთა მათ და მტანჯველთა მისთა"
"სიცილით ეცინოდა სატანჯველთა მათ და მტანჯველთა მისთა"
ტერფებში ლურსმნები ჩააჭედეს და აიძულეს, ერბინა. დაუნდობლად გვემეს, თავზე ნაღვერდლით სავსე ტყავის ტომარა ჩამოაცვეს...
მღვდელმოწამე გრიგოლ ეპისკოპოსი, სომხეთის განმანათლებელი, 257 წელს დაიბადა. იგი პართთა სამეფო გვარის არშაკუნიანთა ჩამომავალი იყო. წმინდანის მამამ ანაკმა სომხეთის სამეფო ტახტისთვის ბრძოლაში თავისი ნათესავი, მეფე კუსარი სიცოცხლეს გამოასალმა. ამისთვის მთელი მისი საგვარეულო ამოჟლიტეს. გადარჩა მხოლოდ ანაკის ორი ჩვილი ძე, "რომელნი ჯერეთ სახუეველთა შინა ძუძუის-მწოვარნი იყვნეს". მათგან ერთი სპარსეთში გახიზნეს, მეორე - გრიგოლი კი ერთმა ნათესავმა კესარიის კაბადოკიაში გადაიყვანა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით აღზარდა.

როცა მოიწიფა, გრიგოლი დაქორწინდა, ორი ვაჟიც შეეძინა, მაგრამ მალევე დაქვრივდა. წმინდანი ძეებს კეთილმსახურებით ზრდიდა. ერთი მათგანი - ორთანე შემდგომში მღვდელი გახდა, მეორე - აროსტაკე კი ბერად აღიკვეცა და უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. მამის ცოდვა რომ გამოესყიდა, გრიგოლი კუსარის ძის - თრდატის ამალას შეუერთდა და ერთგულად ემსახურებოდა მეფისწულს.

თრდატს გრიგოლი მეგობარივით უყვარდა, მაგრამ მის აღმსარებლობას ვერ ეგუებოდა. სომხეთის ტახტზე ასვლის შემდეგ მან ნეტარს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. გრიგოლმა მტკიცე უარით უპასუხა. განრისხებულმა მტარვალმა ერთგული მსახური საშინლად აწამა: იგი თავდაყირა დაკიდეს, ყელზე ლოდი გამოაბეს, ქვეშ კი ნაკელი და სიბინძურე დაუფინეს, რომელიც ცეცხლით აღაკვამლეს, რომ მყრალ კვამლს მარტვილის საყნოსელი ამოევსო და ნაწლავებიც გაეჟღინთა. ტერფებში ლურსმნები ჩააჭედეს და აიძულეს, ერბინა. დაუნდობლად გვემეს, თავზე ნაღვერდლით სავსე ტყავის ტომარა ჩამოაცვეს...

გრიგოლი, ღვთის შეწევნით, მოთმინებით იტანდა სატანჯველს და მტარვალს იმ ჟამს მოაგონებდა, როცა ყველანი შიშველნი და ქედდადრეკილნი წარვდგებით პირუთვნელი მსაჯულის წინაშე. წმინდანის კადნიერებით უმეტესად აღბორგებულმა თრდატმა გაამძაფრა წამება და აბუჩად აგდებული, ხორცდაფლეთილი და გასისხლიანებული მარტვილი საპყრობილეში ჩააგდო. ღმერთმა წყლულებათაგან განკურნა თავისი რჩეული, მაგრამ უსჯულო თვითმპყრობელმა სასწაული ვერ გულისხმაყო და კვლავ საწამებლად შეაგდო იგი. მარტვილი უდრეკი რჩებოდა და "სიცილით ეცინოდა სატანჯველთა მათ და მტანჯველთა მისთა".

მას გამლღვალი ტყვია ჩაასხეს პირში, მაგრამ სულიწმინდის მადლით დაცულმა გრიგოლმა გრილი წყალივით მიიღო და შემოკრებილთათვის ღვთის სიტყვის ქადაგება განაგრძო. გაკვირვებულ თრდატს არ სურდა ასეთი მხნე ქვეშევრდომის დაღუპვა და მის გადასაბირებლად ლიქნას მიმართა, მაგრამ ერთმა მოთმინებადაკარგულმა კარისკაცმა შესძახა: "არა ღირს არს ეგე ცხოვრებისა და არცა ყოვლად მზისა ამის ხილვისა", რადგან პართი ანაკის - მამაშენის მკვლელისა და სომხეთის ამაოხრებლის ძეაო. შურისძიების სურვილით ანთებულმა მეფემ მარტვილი არარატის ბნელ დილეგში ჩააგდო, სადაც ნეტარმა 14 წელი გაატარა. ამ პერიოდში თრდატმა მრავალი სხვა უსჯულოება ჩაიდინა: წამებით ამოხადა სული წმინდა რიფსიმეს, გაიანეს და 35 ქალწულს.

ღვთის რისხვა არ ასცდათ უსჯულო თრდატსა და მის კარისკაცებს. ბოროტით შეპყრობილები გადარეულებივით დარბოდნენ ტყეში და სხეულებს იგლეჯდნენ. თრდატის დას ჰქონია ჩვენება, რომელიც რამდენჯერმე განმეორდა. მას ეუწყა, თუ ძველ პატიმარს, გრიგოლს ამოიყვანდნენ, განსაცდელი მოეხსნებოდათ. მართლაც ამოუყვანიათ გრიგოლი ჯურღმულიდან. სასწაულებრივად გადარჩენილ ნეტარს, მიუხედავად ფიზიკური სისუსტისა, სულის სიმტკიცე არ შერყეოდა. იგი განბანეს, ბრწყინვალე სამოსით შემოსეს და პატივით წააბრძანეს ქალაქ ვალეროშენში, სადაც თრდატი იმყოფებოდა.

გრიგოლმა უპირველესად მოიძია წამებული ქალწულების წმინდა ნაწილები და პატივით დაკრძალა, მათ საფლავზე კი ტაძარი ააგო. ეშმაკჩასახლებულ თრდატს ამ ტაძარში მოწამეთა მიმართ ლოცვა აღავლენინა და თვითონაც ილოცა მისთვის, რის შემდეგაც მეფე განიკურნა.

ამის შემდეგ წმინდანმა მრავალი ტაძარი ააგო. მათ შორის აღსანიშნავია ეჩმიაძინის სულთმოფენობის სახელობის ეკლესია (301 წელი); მუსრავდა წარმართულ კერპებსა და ბომონებს.

305 წელს ნეტარი გრიგოლი კაბადოკიის კესარიაში გაემგზავრა, სადაც მთავარეპისკოპოსმა ლეონტიმ სომხეთის ეპისკოპოსად დაასხა ხელი. უკან მობრუნებულმა მღვდელმთავარმა ჯერ მეფესა და მის სახლეულს, შემდეგ კი მთელ სომეხ ერს სცა ნათელი მდინარე ევფრატზე. მოციქულებრივი საქმიანობისთვის წმინდანს სომხეთის განმანათლებელი ეწოდა. მან მეზობელი ქვეყნების - სპარსეთისა და ასურეთის მრავალი მკვიდრიც მოაქცია ქრისტიანობაზე.

გრიგოლი მოწაფეებთან ერთად უდაბნოში გავიდა და კლდის ნაპრალში დაეყუდა სალოცავად. პურს ორმოც დღეში ერთხელ იღებდა. თრდატმა გრიგოლის ვაჟი აროსტაკე ჩამოაყვანინა უდაბნოდან და გრიგოლს ევედრა, სწორედ მისთვის ჩაებარებინა ეკლესიის საჭეთმპყრობელობა. გრიგოლმა, როდესაც ძის სათნოება იხილა, მეყსეულად დაასხა ხელი და ეპისკოპოსად აკურთხა. 325 წელს ნიკეის I მსოფლიო კრებაზე მონაწილეობა აროსტაკემაც მიიღო - მან დაგმო არიოზის ერესი.

წმინდა გრიგოლ პართეველმა მეუდაბნოეობის ღვაწლში შეჰვედრა სული უფალს 335 წელს. მისი უხრწნელი ნაწილები სომხეთში, ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული...

მოამზადა
დემეტრე ტლაშაძემ
ბეჭდვა
1კ1