ცხოვრება ღირსისა მამისა ჩვენისა წმინდა გერმანე კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსისა
ცხოვრება ღირსისა მამისა ჩვენისა წმინდა გერმანე კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსისა
12 მაისს (ახალი სტილით 25 მაისს) არის ხსენება წმინდა გერმანე კონსტანტინეპოლელისა. შეგვეწიოს მისი წმინდა ლოცვა დღევანდელ ქრისტიანებს. გთავაზობთ წმინდა გერმანეს ცხოვრებას.
წმინდა გერმანე ქალაქ კონსტანტინეპოლში დაიბადა. მამამისი იუსტინე, პატრიციას საპატიო ხარისხის მფლობელი, ერთერთი უპირველესი სენატორი იყო და ყველას დიდებითა და პატივით აღემატებოდა. მისი შურდა კონსტანტინე პოგონატს (მეფობდა 668-686 წლებში) და ამის გამო მოაკვლევინა იგი, როცა თვითონ სამეფო ტახტზე ავიდა. კონსტინემ სახელგანთქმული სენატორის მკვლელობა არ იკმარა და იუსტინეს ვაჟის, მაშინ ჯერ კიდევ ყრმის, ნეტარი გერმანეს დასაჭურისება და ეკლესიის სამსახურში გადაცემა ბრძანა. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ეშინოდა როცა გერმანე გაიზრდებოდა და სენატორის წოდებას მიიღებდა, მამის მკვლელობის გამო, შური არ ეძია პოგონეტის ოჯახზე. სასულიერო პირთა დასში ამგვარად ჩარიცხული გერმანე ანგელოზივით ცხოვრობდა. სოფლისაგან და ყოველგვარი ამსოფლიური ამაოებისაგან განრიდებულს გონება მთლიანად ღვთისკენ ჰქონდა მიპყრობილი, მუდმივად უფალს ადიდებდა და დღე და ღამ საღმრთო წიგნებს გულდასმით შეისწავლიდა. საიდანაც მან შეიცნო სიღრმე სიბრძნისა და აღმოავსო საღმრთო მოძღვრებათა ცხოვრების წყალიდან, რომლითაც მან უკვე მასწავლებლის და მოძღვრის ხარისხში მყოფმა დაარწყულა ეკლესია ქრიტესი. როცა წმინდა გერმანემ სრულყოფილების წლებს მიაღწია, მას როგორც სათნოებით კანდელივით ბრწყინვალე კაცს ქალაქ კიზიკიის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. აქ ის უწმინდეს პატრიარქ კირთან ერთად მონოთელიტობის ერესს (მწვალებლობა, რომელიც გავრცელდა VII საუკუნეში ბიზანტიის ეკლესიაში, და ქრისტეში ერთი ნების – ღვთაებრივი ნების არსებობის მწვალებლურ აზრს ავითარებდა, გახდა კონსტანტინოპოლის მიერ 681 წ. მოწვეულიVI მსოფლიო კრების განსჯის საგანი. კრებამ დაგმო მაკარი ანტიოქელის ეს მოძღვრება, რომლის მიზანი იყო მოეგვარებინა მონოფიზიტებისა და დიოფიზიტების ცილობა ბიზანტიის სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად. მონოფიზიტებს უნდა დაეთმოთ და ეღიარებინათ ქრისტეში ორი ბუნება,ხოლო დიოფიზიტებს - ქრისტეში ერთი ნებისა და ერთი მოქმედების არსებობა, რასაც მონოთელიტობა ეწოდა.
კრებამ ნათლად ჩამოაყალიბა: ქრისტეში არის ორი ბუნება და ორი ნება, ოღონდ ადამიანური ნება უთმობს, მაგრამ არ ეწინააღმდეგება, არ ებრძვის ღვთაებრივს, არამედ ექვემდებარება უფლის ყოვლის შემძლე ნებას) ებრძოდა, რის გამოც ის პატრიარქთან ერთად იდევნებოდა ურჯულო მეფე ფილიპეს მიერ. წმინდა კირი გადასახლებაში გარდაიცვალა 712 წელს. მოკვდა მისი მდევნელი მეფე ფილიპეც. სამი წლის მერე, არტემის მეფობისას, რომელსაც ანასტასი მეორე ეწოდა, ცრუპატრიარქ მწვალებელ იოანეს დამხობის შემდეგ, გასახარად მორწმუნე ერისა კონსტანტინეპოლის საპატრიარქო ტახტზე წმინდა გერმანე ავიდა. ის იყო ღირსეული კაცი, საღმრთო მადლით ავსებული, რომელი იმითაც გამომჟღავნდა, რომ იგი მომავალს ჭვრეტდა და წინასწარმეტყველებდა. ასე, მაგალითად, როცა ის თავის მსახურებისას, პირველად საზეიმოდ შეჰყავდათ წმინდა სოფიას ტაძარში, ხალხით გარშემორტყმულს, რომელთაც ახლადარჩეული პატრიარქის ხილვა სურდათ, მიუახლოვდა მიუახლოვდა ერთი ორსული ქალი, სახელად ანა და უთხრა:
-აკურთხე მამაო, ჩემს წიაღში ჩასახული ყრმა.
პატრიარქმა შეხედა მას, შინაგანი თვალებით განსჭვრიტა მომავალი, და უთხრა:
-დაე გაკურთხოს უფალმა, წმინდა პირველმოწამეს ლოცვით.
ამ სიტყვებით მან იწინასწარმეტყველა, რომ ანას ვაჟი შეეძინებოდა და ის წმინდა პირველმოწამე სტეფანეს სეხნია იქნებოდა. ამასთან, მან თავისი წინასწარმეტყველება სასწაულითაც დაამტკიცა. როცა გერმანე ამას ამბობდა, მის ბაგეთაგან სიტყვებთან ერთად ცეცხლის ალიც გამოვარდა, რომელიც ქალმა იხილა და შემდგომში ყველას ფიცით არწმუნებდა, ამ სასწაულმა მტკიცედ დამარწმუნა მღვდელმთავრის წინასწარმეტყველებაშიო. მართლაც ანას შეეძინა ვაჟი და მას სტეფანე დაარქვა. როცა სტეფანე გაიზარდა, დაკაცდა, ბერად აღიკვეცა და ავქსენტის მთაზე ღვთისმოშიშად მოსანგრეობდა. შემდგომში ის ქრისტეს სახელის აღმსარებელი გახდა წმინდა ხატების თაყვანისცემისთვის მოწამეობრივად ევნო, ურჯულო მეფის კონსტანტინე კოპრონიმის დროს. თვითონ კომპრონიმზეც, ბერძენთა იმპერატორ ლევ ისავრიელის ვაჟზეც იწინასწარმეტყველა წმინდა გერმანემ. მან თქვა, რომ იგი მართლმორწმუნეთა საშინელი მდევნელი და ჯალათი იქნებოდა. თავისი ნათლობის დროს, რომელიც უწმინდესმა პატრიარქმა გერმანემ შეასრულა, კონსტანტინემ საკუთარი განავალით შებილწა წმინდა ემბაზი. მაშინ წმინდა გერმანემ ახალნათელღებულზე თქვა:
-ეს ყრმა როცა დაკაცდება, დიდ ბოროტებას მოუტანს ქრისტიანებს და მთელ ეკლესიას: ეკლესიის სიწმინდეს შებილწავს ერეტიკოსობით და მრავალი ქრისტეს კეთილმორწმუნე მონათა სისხლს დაღვრის.
კონსტანტინეს შემდგომში კომპრონიმი ეწოდა რაც "ნეხვიანს, განავლიანს" ნიშნავს. შემდგომში წმინდა გერმანეს წინასწარმეტყველება ზედმიწევნით ასრულდა: კოპრონიმმა მრავალი აწამა წმინდა ხატების თაყვანისცემისთვის, რომელთა შორის იყო ზემოთხსენებული სტეფანე.
ხატმებრძოლობის ერესი კომპრონიმის მამის ლევ ისავრიელის დროს დაიწყო. ამ ერესში ჩაფლული ლევი ცდილობდა რომ თავის ხალხში გაევრცელებინა. მან თავისი სახელმწიფოს პროვინციებში გააგზავნა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ეკლესიებიდან წმინდა ხატები გამოიტანეს, ფეხით გათელეს და დაწვეს, რამეთუ ის წმინდა ხატებს ის კერპებად თვლიდა და მის თაყვანისმცემლებს-კერპთთაყვანისცემლებად.
წმინდა პატრიარქი გერმანე მხნედ შეეწინააღმდეგა ერეტიკოს მეფეს. მან არაერთხელ გააგზავნა მეფესთან სასულიერო პირები, კეთილგონიერი და პატიოსანი კაცები, თვითონაც მიდიოდა მასთან და არიგებდა, რომ დაეტოვებინა ბოროტი განზრახვა; მაგრამ წმინდა გერმანეს შეგონებას არანაირი წარმატება არ ჰქონია.
ერთხელ პატრიარქმა უთხრა მეფეს:
-მომისმენია ერთი წმინდა კაცის წინასწარმეტყველება,რომ ოდესღაც წმინდა ხატები თაყვანისცემის გამო ატყდება მართლმადიდებელთა დევნა. დაე ეს შენი მეფობის ჟამს ნუ მოხდება.
-რა დროს და ვისი მეფობისას იქნებაო,- ყურადღებით ჰკითხა იმპერატორმა.
-მეფე, რომელსაც კონონი ერქმევა, დაიწყებს დევნას წმინდა ხატების გამო,- უთხრა წმინდა გერმანემ.
-ჩემი სახელია კონონი, უპასუხა ლეონ ისავრიელმა, ეს სახელი ნათლისღებისას მომცეს, ლეონი კი შემდგომში დამიძახეს. ამიტომაც წინასწარმეტყველება ჩემი მეფობის როს უნდა აღსრულდეს.
-არა, მეფეო,- შეეწინააღმდეგა წმინდა გერმანე, დაე ნუ იქნება ეს, დაე ნუ მოხდება ამგვარი ბოროტება შენს მეფობისას. რამეთუ ამ ბოროტების მოსურნე ანტიქრისტეა, მტერია ღვთაებრივი ხორცშესხმისა. მეფეო, ამასთან გაიხსენე ისიც, სამეფო ტახტზე ასვლის წინ, ფიცი დადე, რომ დაიცავდი უწმინდესი რწმენის უბიწოებას, არ დაარღვედი არაფერს წმინდა მოციქულთა და ღვთივსულიერ მამათა გარდამოცემიდან და ქრისტიანული რწმენის საწინააღმდეგოდ ახალს არაფერს შემოიტანდი.
მეფე უსმენდა უწმინდეს პატრიარქს , ხან სირცხვილს გრძნობდა, ხანაც მძვინვარებდა, ცდილობდა პატრიარქის წინააღმდეგ რაიმე ეპოვა, რომ ტახტიდან დამნაშავესავით მოეცილებინა და არა როგორც ჭეშმარიტების აღმსარებელი. თავისი ბოროტი სურვილის განხორციელებისათვის თანამზრახველიც იპოვა, გერმანეს მოწაფე, ხუცესი ანასტასი. ამ ანასტასის, იუდას ზნეობის კაცს, მეფე პატრიარქობას დაჰპირდა, მას მერე რაც გერმანეს განდევნიდა, ისიც თავის მხრივ დაჰპირდა მეფეს დახმარებას ერესის გავრცელებასა და წმინდა ხატების განადგურებას.
ამიტომ ანასტასი აშკარა მტერი გახდა წმინდა გერმანესი, მის პატრიარქობიდან ჩამოგდებამდეც კი. წმინდა გერმანემ განსჭვრიტა სულით მისი ბოროტი განზრახვა და ხვედრი რაც ელოდა, და უწინასწარმეტყველა ანასტასის ამგვარ ვითარებაში.
ერთხელ წმინდა გერმანე სამეფო პალატში შედიოდა, ანასტასი ამაყად მისდევდა მას დაუკან გერმანეს შესამოსელის კიდეზე დააბიჯა. "ნუ ჩქარობ,- უთხრა მას წმინდა გერმანემ, მოვა დრო, როცა შენ ბრბოთი გარშემორტყმულს ყვირილით წაგიყვანენ დიპპინში (მოედანი, საჯარო თავშეყრის ადგილია).
თუმცა იმ დროს ამას არც ანასტასიმ და არც სხვებმა, ვინც ეს მოისმინა ყურადღება არ მიაქციეს წმინდა გერმანეს ნათქვამს და უკვე შედგომში გაახსენდათ, როცა წინასწარმეტყველება აღსრულდა, რაზეც ქვემოთ მოგითხრობთ.
წმინდა გერმანე, როგორც ქრისტეს კარგი მეომარი, უშიშრად და მამაცურად ებრძოდა ერეტიკოსებს ღვთის სიტყვის მახვილით. ერთხელ მან ერთერთი საეკლესიო მსახური გააგზავნა მეფესთან და შემდეგი რამის თქმა დაავალა:
-არ გეკადრება მეფეო, უწესოდ ამაღლდე ღვთის წინაშე, შენი შემოქმედისა, რომელმაც გიბოძა სიცოცხლე და მეფობა, შენ არ გაქვს უფლება როგორც ამბობენ, შესძრა უძრავი; წესი არ არის გადალახო ძველ დროში წმინდა მამების მიერ დადგენილი საზღვრები. იმ კაცობრივი სახით, რომელიც ღვთის სიტყვამ ყოვლადწმინდა მარადის ქალწულისგან მიიღო, განქარდა ეშმაკთა მსახურება და კერპთთაყვანისცემა. დაფაზე საღებავებით გამოსახული ხატი, მსგავსი ქრისტს კაცობრივი სახისა და მისი გამოუთქმელად მშობელისა თაყვანისსაცემად მოგვეცა, ჯერ კიდევ 725 წლის წინ, როცა უფალი ჩვენი კაცის სახით მოგვევლინა დედამიწაზე. უფლის ამაღლების შემდეგ, იმ სისხლმდინარე დედაკაცმა რომელიც იესოს სამოსის კიდეზე შეხებით განიკურნა, ამის სამადლობელოდ მან მაცხოვრის გამოსახულება შექმნა. მანამდე კი თვით უფალმა ტილოზე გამოსახა თავისი ღვთაებრივი სახე და ედესოში გაუგგზავნა ავგაროზს. წმინდა ლუკა მახარებელმა დახატა ყოვლადწმინდა ქალწულის ღვთისმშობლის გამოსახულება. ამიტომაც სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას გამართულმა ღვთაებრივმა კრებებმა ბრძანეს არა ხატების განადგურება, არამედ მათი თაყვანისცემა. ამიტომაც იცოდე მეფეო, შენ თუ ხატთმებრძოლობის დოგმატის გამტკიცებაში დაეხმარები, მე პირველი წავალ ამის წინააღმდეგ. მე მზად ვარ სისხლი დავღვარო ჩემი ქრისტეს ხატისთვის, რომელმაც თვითონ დაღვარა სისხლი, რათა განეახლებინა დაცემული ხატი ჩემი სულისა. ნათელია, რომ ქრისტეს ხატის შეგინება აღიწევა მის პირველხატამდე, ქრისტემდე, ისევე როგორც მის წინაშე გამოხატული პატივისცემა. ამიტომაც, ჩვენ ქრისტეს ერთგულ მონებს გვმართებს მოვკვდეთ კიდეც ჩვენი უფლის პატივისმიგებისთვის.
სხვა დროს კი წმინდა გერმანე ასე ეუბნებოდა მეფეს:
-თუ მე ვარ იოანა, გადამაგდეთ ზღვაში, რამეთუ საეკლესიო კრების გარეშე არა მაქვს უფლება რაიმე დავაკანონო რაც რწმენას ეხება.
როცა პატრიარქმა დაინახა, რომ არაფრის გაკეთება არ შეეძლო ერესიდან მეფის ჩამოსაშორებლად, მაშინ ღვთაებრივ საკურთხეველში პატრიარქის ტახტზე დადო თავისი ომოფორი და დაუტევა პატრიარქობა. მეფე ძალზე გაბრაზდა წმინდა გერმანეს კადნიერად ნათქვამ სიტყვაზე, შეიარაღებული მეომრები გააგზავნა, რომელთაც ცემეს წმინდა გერმანეს და უპატიოდ გამოაგდეს საპატრიარქო სახლიდან. წმინდა გერმანე თავის მონასტერში დაბრუნდა და იქ მონაზვნებთან ერთად მყუდროებაში განვლო დარჩენილი ცხოვრება და 740 წელს 96 წლის ასაკში მშვიდობიანად მიიცვალა უფლისა მიმართ. ის ხორეს მონასტერში დაკრძალეს., კონსტანტინეპოლის ჩრდილოეთ მხარეს.
წმინდა გერმანე ცნობილია როგორც საეკლესიო მწერალი, ამას მოწმობს მეშვიდე მსოფლიო კრების მიერ მიერ წმინდათა დიპტიქში მისი სახელის შეტანა. წმინდა გერმანეს თხუზულებები თავის შემდგენლობით სხვადასხვაგვარია. მას ეკუთვნის: წმინდა წერილის ყველაზე რთული ადგილების განმარტება, მეშვიდე მსოფლიო კრებაზე წაიკითხეს მისი სამი ეპისტოლე ხატთა თაყვანისცემაზე. მას ეკუთვნის ბევრი სულის მარგებელი ქადაგება ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებაზე, მის მიძინებაზე, ხარებაზე, ტაძრის სატფურებაზე და ღვთისმშობლის სარტყელის დადებაზე...წმინდა გერმანემ ბევრი ნაშრომი დაგვიტოვა, რაც ღვთისმსახურებას ეხება, მათგან ყველზე მნიშვნელოვანია ლიტურგიის განმარტება.
წმინდა გერმანეს გაძევების სემდეგ მეფემ საპატრიარქო ტახტზე ზემოთხსენებული ანასტასი აიყვანა, რომელიც მასთან ერთან ეკლესიიდან ყრიდა წმინდა ხატებს და განამტკიცებდა ხატთმებრძოლობის ერესს. წმინდა გერმანეს წინასწარმეტყველება მასზე შემდეგნაირად ასრულდა. როცა უწმინდური ლეონ ისავრიელი მოკვდა, მეფობა მისმა ვაჟმა კონსტანტინე კოპრონიმემ მიიღო, რომელიც ტახტიდან ჩამოაგდო ლეონის სიძემ არტავასდმა. ამაში მას ეხმარებოდა პატრიარქი ანასტასი, რომელმაც მეფის გვირგვნი დაადგა არტავასდსა და მის ვაჟს. მაგრამ სამი წლის შემდეგ კოპრონიმმა შეკრიბა დიდი ლაშქარი და კონსტანტინეპოლი აიღო. თავისი სიძე არტავასდი და მისი ვაჟები, თავისი დიშვილები დააბრმავა და არტავასდის მომხრე ბევრი დიდებული ამოხოცა. კონტანტინეს ბრძანებით პატრიარქი ანასტასი გააშიშვლეს და საჯარო ადგილას, მოედანზე მთელი ხალხის წინაშე ცემეს. შემდეგ კი ვირზე უკუღმა შესვეს და მთელი ქალაქი შემოატარეს. ასე ასრულდა წმინდა გერმანეს წინასწარმეტყველება. უბედურ მეფე კოპრონიმს ანასტასის ტახტიდან ჩამოგდებაც უნდოდა, მაგრამ სხვა მისნაირი მოშურნე ხატთმებრძოლი ვერა ნახა და საპატრიარქო ტახტზე დატოვა, სადაც მან 24 წელი დაჰყო. სიცოხლის ბოლოს მას სნეულება შეეყარა რომელსაც "კორდასპოსს" ეძახიან. ბაგეები რომლითაც ის წმინდა ხატებსა და თავის მასწავლებელს ლანძღავდა ჩირქით ევსებოდა და იგი საბოლოოდ ამ ავადმყოფობითაც მოკვდა.
ბეჭდვა
1კ1