ილია - "უგვირგვინო მეფე საქართველოსი"
ილია - "უგვირგვინო მეფე საქართველოსი"
ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ნიშნავდა მთელი საქართველოს მიწა-წყალს, ნიშნავდა ქართველობას
2 აგვისტოს საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმინდა ილია მართლის ხსენებას დღესასწაულობს.

ჩვენი ერის უახლეს ისტორიაში წმინდა ილიას სახე მანათობელ შუქურად ბრწყინავს. ქართველებს მისთვის "საქართველოს უგვირგვინო მეფეც" უწოდებიათ, დაფნის გვირგვინითაც შეუმკიათ მისი შუბლი და, ჩვენდა საუბედუროდ, ტყვიითაც შეულეწავთ. "ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი", - უთქვამს ვაჟა-ფშაველას. ილია ქართველთა ეროვნული ცხოვრების მამოძრავებელი ძალა იყო. ათასგვარი ხერხი გამოიყენეს მის წინააღმდეგ ჩვენი ერის მტრებმა, მაგრამ რომ ვერა დააკლეს რა, მისი მოკვლა განიზრახეს. ის კი ვერ გათვალეს, რომ მამულზე დღედაღამ მზრუნველს, საქართველოსთვის მოკლულს ყოვლადმოწყალე უფალი თავის წიაღში დაუმკვიდრებდა საუკუნო განსასვენებელს და უფალთან ახლოს მყოფი წმინდა ლოცვით უფრო მეტად შეეწეოდა თავის ერს.

როგორც ფესვები ასაზრდოებს ხეს, დღემდე ასე აწვდის სულიერ საზრდოს ქართველი ერის ეროვნულ ცხოვრებას ილიას სიტყვა. "სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?!" ილია მხოლოდ სიტყვა არ იყო, მისი სიტყვა საქმით იყო გამოხატული. მან ღირსეული პასუხი გასცა შთამომავლობას - ენაც დაიცვა, მამულიც და სარწმუნოებაც და შეურყვნელი უანდერძა მომავალ თაობას. შექმნა "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება". ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყაჩაღის აღსარება მინდა გავიხსენო:

"შუაღამისას მივადექით საგურამოს - ის სოციალისტი, ისიდორა და მე. დავაბრახუნეთ. გამოვიდა მოურავი. მაშინვე გვიცნო, მაგრამ არ შეგვიშინდა, ხმამაღლა მოგვაძახა, - ბატონს სძინავს და ხვალ მობრძანდითო.

- რა ამბავია მანდა? - გაისმა მეორე სართულიდან, - შემოიყვანე, ვინც არიან!

მოურავმა კაბინეტში შეგვიყვანა. ილია მანამდე შორიდან მყავდა ქალაქში დანახული, ახლოდან უფრო სხვანაირი ჩანდა. შუა ოთახში იდგა სერთუკში გამოწყობილი ტანმორჩილი მოხუცი კაცი. მან სამივეს ხელი ჩამოგვართვა და გვითხრა:

- საღამო მშვიდობისა, ბატონებო! ვიცი, რაზეც გარჯილხართ, გგონიათ, ილია თავადია და ფული ბევრი ექნებაო. უნდა გითხრათ, რომ ყვარლის მიწები უსასყიდლოდ გადავეცი გლეხებს და აქაური მამულებიც გლეხებს მივეცი, ჩემთვის მხოლოდ იმდენი დავიტოვე, რაც ორი სულის წლიდან წლამდე შენახვას სჭირდება. მართალია, მე და ჩემს მეუღლეს პური არა გვშივა, მაგრამ სიმდიდრით სწორედ ვერავის ვეჯიბრებით და წასართმევიც ბევრი არაფერი გვაქვს. იმას თუ ფიქრობთ, ილია ბანკირია და რაც ბანკში ფული შემოდის, შინ მიაქვსო, აქაც იმედი უნდა გაგიცრუოთ: მართალია, ბანკი ფულს ატრიალებს და მოგებაც რჩება, მაგრამ ამ მონაგებით ჩვენ ვინახავთ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, "ივერიას", ვეხმარებით ქართულ თეატრს, სოფლის სკოლებს, ვბეჭდავთ წიგნებს და შინ წასაღები კი არა, ზოგჯერ შინიდან მოსატანიც კი გვიხდება. მადლობა ღმერთს, თუ ცოტა რამეს მაინც ვახერხებთ. გაგიცრუვდათ მოლოდინი! მაგრამ რადგანაც გარჯილხართ და ამ სიშორეზე ამოსულხართ, სულ გაწბილებულებს არ გაგიშვებთ, ცოტაოდენს ჩემს საკუთარ ფულს მოგართმევთ და მცირეზე ნუ დამძრახავთ!

ილიამ კუთხეში მდგარი ბიურო გამოაღო და ას ორმოცდაათი მანეთი მოგვაწოდა. მე არ მინდოდა ამ ფულისათვის ხელის მოკიდება, მაგრამ სოციალისტმა გამოართვა და წამოვედით.

საგურამოდან მცხეთისკენ მოკლეებზე გადმოვედით, გზაში იმ სოციალისტს ვუთხარი: აიღე შენი წილი და აწი აღარ გაგვეკარო-მეთქი.

გამთენიას მოვედით მე და ისიდორა მცხეთაში. დუქანში ასი მანეთის მელანი, კალმები, ფანქრები, საწერი ქაღალდი ვიყიდეთ, დავტვირთეთ ურემი და გავატანეთ საგურამოში, ილიასთან".

ყაჩაღის ამ აღსარებაში მართლად ჩანს ილიას საქმით გამოხატული სულიერება. ჭეშმარიტი ქრისტიანი, ვისთვისაც დღე ღამდებოდა და ღამე თენდებოდა სამშობლოს მაჯისცემის ყურისგდებით, სხვაგვარად არც მოიქცეოდა, რადგან ყოველ ადამიანში, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხატს ეძებდა, მის სულს ეხმიანებოდა და მისი პიროვნული ღირსების აღორძინებას ცდილობდა.

"როცა ადამიანს თავს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისათვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო, მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო, მშიერი ვიყავ და არ მაჭამეთო, შიშველი ვიყავ და არ ჩამაცვითო, სნეული ვიყავ და არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო, - უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო, მე ვეტყვი: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არგაკითხული, მე ვიყავიო... სხვა შენთვის და შენ სხვისთვის - აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!" - ბრძანებს წმინდა ილია მართალი, უფლის მცნებისაებრ, მუდამ მოყვასზე ზრუნვაში გართული.

"ვით მამა ზეცისა, იყავნ შენც სრული - აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, - ცალკე ადამიანია, თუ მთელი ერი, - ამ სისრულის გზაზე, ვინ რამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის - აი წყარო როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელი ერისა", - გვმოძღვრავს ილია, რომელსაც გასიგრძეგანებული ჰქონდა წინაპართა ღირსება, სრულყოფილებისკენ სწრაფვით მოპოვებული, რაც ასე ხატოვნად გამოთქვა: "ქრისტე ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენ ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დაგუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავწირეთ, ცოლ-შვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმომწონებით ვეძახით".

წმინდა ილია ხედავდა, რომ ქართველი ერის სულიერი ძალა - საწინდარი მისი ფიზიკურად გადარჩენისა ქრისტიანობაში იყო. ამიტომ ბრძანებდა: "ქრისტეს რჯული ქართველებისათვის მარტო სარწმუნოებითი აღსარება კი არ იყო, იგი ამასთან ერთად პოლიტიკური ქვიტკირიც იყო საქართველოს მრავალი ნაწილის გასაერთიანებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა... ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ნიშნავდა მთელი საქართველოს მიწა-წყალს, ნიშნავდა ქართველობას. დღესაც მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთსა და იმავე მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან - გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორც-შეთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარია მტრის წინაშე. სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას იგი სულ იმაზედ მოაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს სიწმინდეს და უდიდეს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამსახუროს, თავგანწირვით ამოქმედოს".

წინაპართა ნაცად გზას ამჟამადაც ურყევად მიუყვება ჩვენი ეკლესია მისი საჭეთმპყრობლის - უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის წინამძღოლობით. ქართულ სულს, ეროვნულ მემკვიდრეობას მტკიცედ იცავს ეკლესიის წიაღში ჩვენი სამღვდელოება.

ჟურნალი "კარიბჭე" ულოცავს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მფარველი წმინდანის ილია მართლის ხსენების დღეს და უსურვებს, არ მოჰკლებოდეს ღვთის მადლი და შემწეობა ქართველი ერის უფალთან მიყვანის გზაზე.
ბეჭდვა
1კ1