წმიდაო მამაო, შენ თვითონ იცი, რომ ცათა სასუფეველი ტანჯვის დათმენით მოიპოვება
წმიდაო მამაო, შენ თვითონ იცი, რომ ცათა სასუფეველი ტანჯვის დათმენით მოიპოვება
მნათობნი ნეკრესისა და წილკნისა
აბიბოს ნეკრესელის ხსენებას 12 დეკემბერს ვდღესასწაულობთ, ხოლო 15 დეკემბერს წილკნის ეპისკოპოსის ისე სასწაულმოქმედის ხსენებას აღვასრულებთ. შემთხვევითი არ არის, რომ იოანე ზედაზნელის ამ ორი მოწაფის ხსენებას თითქმის ერთად აღვნიშნავთ, ისინი ხომ ერთ დღეს იქნენ თორმეტი მოწაფიდან გამორჩეულნი და ეპისკოპოსებად ხელდასხმულნი.

იოანე ჯერ კიდევ ზედაზნის მთაზე მოღვაწეობდა თავის მოწაფეებთან ერთად, როდესაც ორი ეპისკოპოსი გარდაიცვალა: წილკნისა და ნეკრესისა. ქართლის კათალიკოსმა ევლოგიმ მთაზე ასვლა ისურვა ეპისკოპოსებით, რათა მამებიდან გამოერჩია ახალი ეპისკოპოსები იმის მიხედვით, ვინც უსისხლო მსხვერპლს შესწირავდა იმ დღეს უფალს. სწირავდნენ აბიბოსი და ისე. მათ კათალიკოსმა აუწყა ღვთის ნება და აკურთხა აბიბოსი ნეკრესის და ისე - წილკნის ეპისკოპოსად. იოანეს კურთხევით, მამები დაემორჩილნენ კათალიკოსს და თან გაჰყვნენ.

აბიბოსმა, ნეკრესის ეპისკოპოსმა, კახეთში დაიწყო ქადაგება, წარმართობისკენ მიქცეული მთიელები ჭეშმარიტებისკენ შემოაბრუნა. ამ დროს სპარსელები ცდილობდნენ ქართველების გადაბირებას ცეცხლთაყვანისმცემლობაზე. წმინდა აბიბოსმა შუა ქალაქში დანთებული ცეცხლი წყლით ჩააქრო, რის გამოც განრისხებულმა მაზდეანებმა შეიპყრეს წმიდა მამა, საპყრობილეში ჩააგდეს და სასტიკად აწამეს.

იმჟამად ანტიოქიაში ღირს სვიმეონ მესვეტეს უფლისგან ეუწყა ნეკრესელი მღვდელმთავრის მომავალი წამების შესახებ. ნაგვემი ეპისკოპოსი მართლაც იხმო მარზპანმა. დატყვევებულ წმინდანს გზად სვიმეონ მესვეტის მიერ ანტიოქიიდან გამოგზავნილმა მსახურმა წერილი და კვერთხი გადასცა. აბიბოსმა მტარვალებს სთხოვა, შიო მღვიმელის ნახვის ნება მიეცათ მისთვის, რაზეც თანხმობა მიიღო. მამა შიომ შემდეგი სიტყვებით გაამხნევა ეპისკოპოსი: წმიდაო მამაო, შენ თვითონ იცი, რომ ცათა სასუფეველი ტანჯვის დათმენით მოიპოვება.

წმინდა აბიბოსი მარზპანს მიჰგვარეს. ამ უკანასკნელის შეკითხვაზე, თუ რატომ მოკლა მათი ღმერთი ანუ ჩააქრო ცეცხლი, ეპისკოპოსმა უპასუხა: მე არავინ ვიცი მეფედ, გარდა უფალი ჩვენი იესო ქრისტესი, - და მშვიდად და გულწრფელად შეევედრა მტანჯველებს, განშორებოდნენ ბოროტებას და ჭეშმარიტი ღმერთი ეღიარებინათ.

KARIBCHEგანრისხებული მარზპანის ბრძანებით, ნაგვემ-ნატანჯი წმინდა აბიბოსი ქვით ჩაქოლეს სპარსელებმა. მისი წმინდა ცხედარი კი ქალაქგარეთ გაათრიეს ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად, თანაც მცველები მიუჩინეს, რომ ქრისტიანებს არ მოეპარათ და პატივით არ დაეკრძალათ. მოხდა სასწაული: უფალმა დაიცვა მღვდელმთავრის ცხედარი ნადირთაგან.

დღეს მოწამე მღვდელმთავრის აბიბოს ნეკრესელის უხრწნელი გვამი მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში ტრაპეზის ქვეშ განისვენებს.

წილკნის ეპისკოპოსის ისეს სახელს უკავშირდება დიდი სასწაული ქართლში, მდინარე ქსანზე: წყალუხვ მდინარეს წმინდა ისემ კვერთხი დაჰკრა და უბრძანა, გაჰყოლოდა. მდინარე ქსანი მორჩილად მიჰყვა აღმართზე მიმავალ ბერს, მივიდა წილკნის საყდართან და დღესაც ამ კალაპოტში მიედინება.

უსაზღვრო იყო ნეტარი ისეს მოთმინება, სათნოება, მღვიძარება და მარხვა. იგი დაუღალავად ქადაგებდა უფლის სასუფეველს, მუსრავდა კერპებს, მოაქცევდა წარმართებს და კურნავდა ავადმყოფებს.

მადლმოსილი ეპისკოპოსი ისე წილკნის მონასტერშია დაკრძალული.

"ევედრეთ, მამანო, თქუენგან შეყუარებულსა ღმერთსა, რაითა ყოველნი შეგვიწყალნეს დიდითა წყალობითა თვისითა".

რუსთავის 13 ასურელი მამის ეკლესიის
შემოქმედებითი ჯგუფი "გორგასალი"
ბეჭდვა
1კ1