საუბრობდა წმინდა ევსტატე უხილავ უფალთან და ღვთის მადლით აღივსებოდა
საუბრობდა წმინდა ევსტატე უხილავ უფალთან და ღვთის მადლით აღივსებოდა
მწირობა, უცხოობა არჩია წარმავალ დიდებას
იმპერატორების: ტიტუსისა (79-81) და ტრაიანეს (98-117) დროს  რომში ერთი სახელგანთქმული სარდალი ცხოვრობდა, სახელად პლაკიდა, რომლის სხენებაც კი მტერს შიშის ზარს სცემდა. განსაკუთრებით მაშინ გამოუჩენია თავი, იმპერატორი აჯანყებულ იუდეველებს რომ ებრძოდა.

პლაკიდა წარმართი იყო, მაგრამ მრავალ ქრისტიანულ სათნოებას აღასრულებდა: მშიერს დააპურებდა, შიშველს შემოსავდა, ტყვეებს გამოისყიდიდა და ათავისუფლებდა. გულწრფელად უხაროდა, როცა ვინმეს დახმარების საშუალება ეძლეოდა და ამას სამხედრო წარმატებებზე მნიშვნელოვნად თვლიდა. მაგრამ ერთი რამ აკლდა - ჭეშმარიტი ღმერთის რწმენა, უმისოდ ხომ ყველა კეთილი საქმე მკვდარია. მოხედა ღმერთმა ამ კეთილ ადამიანს, როგორც ერთ დროს კორნილიოსს, და ინება, მისთვის ცხონების გზა განეცხადებინა.

ერთხელ პლაკიდა თავის მეომრებსა და მსახურებთან ერთად სანადიროდ წავიდა. გზად ირმებს გადაეყარნენ და დაედევნენ. უცებ შენიშნა, რომ ყველაზე დიდი ირემი ფარას გამოეყო. პლაკიდა მას გაედევნა. ირემმა მაღალ კლდეზე აირბინა, მისი მდევარი კი კლდის ძირას დარჩა. ფიქრობდა, როგორ მოენადირებინა იგი. ამ დროს კი სახიერმა ღმერთმა თვითონვე "მოინადირა".

უცქერის ირემს პლაკიდა და რას ხედავს - უზარმაზარ რქებს შორის ბრწყინვალე ჯვარი ადგას, ჯვარზე კი მაცხოვარია გაკრული. განცვიფრებულ სარდალს ხმა მოესმა: "რაისათვის მდევნი, პლაკიდა?!" ამ სიტყვების გამგონს შეეშინდა და მკვდარივით დაეცა მიწაზე. გონს რომ მოვიდა, თრთოლით წარმოთქვა: "ვინ ხარ, უფალო?" მაშინ მაცხოვარმა მიუგო: "მე ვარ უფალი იესო ქრისტე, კაცთა ხსნისთვის განკაცებული, საკუთარი ნებით წამებული და ჯვარცმული, ის, რომელსაც შეუცნობლად ეთაყვანები. შენმა კეთილმა საქმეებმა და უხვმა მოწყალებამ ჩემამდე მოაღწია და შენი ცხონება ვინებე. გამოგეცხადე, რათა შემიცნო ჭეშმარიტი ღმერთი, რამეთუ არ მსურს, სიმართლის მქმნელი მტრის მახეში გაებას და დაიღუპოს".

თავი ასწია პლაკიდამ, მაგრამ ვერავინ იხილა. "ახლა კი მწამს, რომ შენ ხარ ღმერთი ცისა და მიწისა, შემოქმედი ყოველი ქმნილებისა. ამიერიდან მხოლოდ შენ გეთაყვანები. გევედრები, უფალო, მასწავლე, როგორ მოვიქცეო!" - შეჰღაღადა. მოესმა: "წადი ქრისტიან მღვდელთან და მისგან ნათელიღე. ის დაგმოძღვრავსო". გახარებულმა და გულშემუსვრილმა პლაკიდამ თაყვანი სცა უფალს, ამხედრდა და შინისკენ გასწია. მხოლოდ ერთგულ მეუღლეს გაანდო ნანახი. ქალმაც უთხრა: "წუხელ ხმა მესმა: "მეუღლესა და შვილებთან ერთად მე - ჭეშმარიტ ღმერთს, იესო ქრისტეს - შემომიდგები, რომელიც ცხონების გზას ვუჩვენებ ჩემს მოყვარულთ. მსწრაფლ აღასრულეთ, რაც გებრძანათო".

ჩამოწვა ღამე. პლაკიდამ ქრისტიანი მღვდლის სახლის მოსაძებნად გაგზავნა ხალხი. მის საცხოვრებელს რომ მიაგნეს, ცოლთან, ვაჟებსა და ერთგულ მსახურებთან ერთად მიადგა მამა იოანეს. მღვდელმა მოისმინა მისი მონათხრობი, ადიდა ღმერთი და აღარც დაუყოვნებია - მონათლა ისინი და ახალი სახელები უწოდა: პლაკიდას - ევსტატე, მის ცოლს - თეოპისტია, შვილებს კი აღაპე და თეოპისტე. ნათლობის შემდეგ ისინი უფლის სისხლსა და ხორცს აზიარა, დალოცა და სთხოვა: უფლის წინაშე რომ წარდგებით, მეც მომიხსენიეთო. სულიწმინდის მადლმა მოიცვა ახალნათელღებულნი, ეგონათ, ზეცაში გადავსახლდითო.

მეორე დღეს ევსტატე, ვითომდა სანადიროდ, იმავე ადგილას წავიდა, სადაც იესო გამოეცხადა. ჩამოქვეითდა და სამადლობელი ლოცვა აღუვლინა უფალს. "ევსტატე, - მოესმა უეცრად, - ახლა საქმით უნდა გამოაჩინო შენი ჩემდამი სარწმუნოება, მტკიცე სასოება და გულითადი სიყვარული, ეს ყოველივე კი სიღარიბესა და განსაცდელებში შეიცნობა და არა წარმავალი კეთილდღეობისას. იობივით შენც მოგიწევს მრავალი მწუხარებისა და უბედურების დათმენა, რათა, ცეცხლში განწმენდილი ოქროს დარად, გამოიწრთო, ჩემი ღირსი გახდე და მიიღო გვირგვინი ხელთა ჩემთაგან". "იყავნ ნება შენი, უფალო, - თქვა ევსტატემ, - ყოველივეს მადლიერებით მივიღებ. ვიცი, სახიერი და მოწყალე ხარ და ასეთივეა შენი სასჯელი. განა შენს მოწყალე ხელთაგან მამობრივ სასჯელს არ მივიღებ? ჭეშმარიტად, განმზადებულ ვარ მონაი შენი, ყოველივე დავითმინო, ოღონდ კი შენი შეწევნა მდევდეს თან".

კვლავ ესმა ხმა ევსტატეს:

- ახლა გსურს დაითმინო მწუხარება თუ ცხოვრების დასასრულს?

- უფალო, თუ შეუძლებელია, სრულიად ამარიდო განსაცდელი, მაშინ მომეცი იგი, რომ ახლავე დავითმინო, და შემეწიე, რათა ბოროტმა შენს სიყვარულს არ განმაშოროს.

- მხნე იყავ, ევსტატე, მტკიცედ დეგ, - განამხნევა უფალმა, - რამეთუ მადლი ჩემი მარადის შენთან იქნება და დაგიფარავს. ოღონდ დამდაბლება მოგიწევს დიდად, მე კი არათუ ანგელოზთა წინაშე განგადიდებ, კაცთა შორისაც აღვადგენ შენი სახელის დიდებას. მრავალჭირგამოვლილს ნუგეშს მოგივლენ. დაგიბრუნებ ძველ თანამდებობასაც. მაგრამ გიხაროდეს არა წარმავალი პატივი, არამედ ის, რომ სახელი შენი სიცოცხლის წიგნშია ჩაწერილი".

საუბრობდა წმინდა ევსტატე უხილავ უფალთან და ღვთის მადლით აღივსებოდა, ხარობდა სულით. ქრისტეს სიყვარულით ანთებული დაბრუდნა შინ. მოუთხრო ხილვა თანამეცხედრეს და სთხოვდა, არწმუნებდა, მასავით ყოველივე დაეთმინა. გონიერმა ქალმა თქვა: "იყავნ ნება უფლისა ჩვენ ზედა! ჩვენ კი მთელი გულით შევთხოვოთ, მოთმინება მოგვივლინოსო". ცოლ-ქმარმა კიდევ უფრო მეტი ღვთისმოშიშებით, მკაცრი მარხვით, ლოცვით, მოწყალების უხვად გაცემით განაგრძო ცხოვრება.

მალე ევსტატეს სახლს სნეულება და სიკვდილი ეწვია. სენმა მსახურები სულ ერთიანად გაუწყვიტა. საქონელიც დაეხოცა. დარაჯიც რომ აღარ დარჩა, მის ქონებას ღამღამობით ქურდები ეზიდებოდნენ. მალე სახელგანთქმული და მდიდარი კაცი გაღატაკდა...

მაგრამ ევსტატეს და მის მეუღლეს მწუხარება ვერ ერეოდა, მადლობას შესწირავდნენ ღმერთს და ერთმანეთს განამხნევებდნენ. ნაცნობთა გამკილავ მზერას რომ დამალვოდნენ, გადაწყვიტეს, უცხო მხარეში გადასახლებულიყვნენ, სადაც მათი წარმომავლობა არავის ეცოდინებოდა და სიმყუდროვეში ღვთივსათნოდ იცხოვრებდნენ. ევსტატე მეფესთან დაახლოებული პირი იყო და შეეძლო, იოლად დაებრუნებინა ქონება, მაგრამ არ ისურვა; მწირობა, უცხოობა არჩია წარმავალ დიდებას. მოჰკიდეს ვაჟებს ხელი და ერთ ბნელ ღამეს მალულად დატოვეს სახლი.

ბევრი ხეტიალის შემდეგ გადაწყვიტეს, ეგვიპტეში წასულიყვნენ. დასხდნენ გემზე და ეგვიპტისკენ გაცურეს. ნაპირს რომ მიადგნენ, გემის კაპიტანმა მგზავრობის საფასურად ცოლი მოსთხოვა ევსტატეს. საბრალო ამ უკეთურ კაცთან ვერას გახდა - მახვილით დაემუქრნენ და ვაჟებიანად გემიდან ჩამოსვეს, მერე გაშალეს იალქანი და ნაპირს მოშორდნენ.

უზომო იყო ევსტატეს მწუხარება! იდგა და გემს შეჰყურებდა, ვიდრე თვალს არ მიეფარა. ერთი რამ ანუგეშებდა - ეს განსაცდელი ხომ უფალმა დაუშვა, ზეციურ სამშობლომდე კი მხოლოდ მოთმინებით თუ მიაღწევდა.

KARIBCHE

მაგრამ ევსტატეს მწუხარება ამით არ დამთავრებულა. ერთ წყალუხვ მდინარეს მიადგნენ. ხიდი არ იყო და ორივე პატარას ერთდროულად ვერ გადაიყვანდა. ერთი ვაჟი რომ გაიყვანა ნაპირზე და მეორისკენ მობრუნდა, შუაგულ წყალში შესულმა დაინახა, როგორ გამოვარდა საიდანღაც ლომი, ბიჭს პირი დაავლო და უდაბნოში გაუჩინარდა. ის იყო, გამწარებული მამა მეორე შვილისკენ გაეშურა, რომ ახლა უეცრად მგელი გაჩნდა საიდანღაც, ბიჭს კბილები ჰკიდა და წაიყვანა...

საბრალო ევსტატე! ნაპირზე გასული მწარედ გოდებდა... მაგრამ, მიუხედავად ამხელა ტრაგედიისა, საყვედური არც კი დასცდენია, არც კი დაუჩივლია! მადლობდა ღმერთს და იმით ნუგეშობდა, რომ საყვარელ ცოლ-შვილს იმქვეყნიურ ცხოვრებაში მაინც შეხვდებოდა.

სახიერმა ღმერთმაც უვნებლად დაიცვა მისი ცოლ-შვილი. უდაბნოში გაქცეულ ლომს მწყემსებმა ბავშვი დააგდებინეს. მეორე ვაჟიც იხსნეს ეგვიპტელმა მიწის მუშებმა. მწყემსები და მიწის მუშები თანასოფლელები იყვნენ და ბიჭები ერთად გაიზარდნენ, თუმცა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ღმერთმა ევსტათეს ცოლიც დაიფარა. უცხოტომელი გემის კაპიტანი მაშინვე დასნეულდა და თავის ქვეყანას რომ მიაღწია, ისე გარდაიცვალა, თეოპისტიასთვის თითიც არ დაუკარებია. გათავისუფლებული ქალი მარხვითა და ლოცვით განიძლიერებდა სულს.

პლაკიდა კი სოფელ ვადისისში დასახლდა და იქაურების პურის ყანებს ყარაულობდა. უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობდა და მარხვითა და ლოცვით წვრთნიდა საკუთარ სულს.

იმ ხანებში უცხოტომელებმა რომის იმპერიასთან ომი გააჩაღეს და რამდენიმე ქალაქი ხელშიც ჩაიგდეს. დამწუხრებულ იმპერატორ ტრაიანეს თავისი მამაცი სარდალი პლაკიდა გაახსენდა - ის რომ აქ ყოფილიყო, მტერი ამდენს ვერ გაბედავდაო. მერე კი ბრძანება გასცა: "ვინც ჩემს ერთგულ პლაკიდას იპოვის, დიდი პატივითა და თვალ-მარგალიტით დავაჯილდოებო". მაშინ იმერატორს ორი მხედარი მიუახლოვდა - პლაკიდას მეგობრები ანტიოქე და აკაკი. ნებართვა ითხოვეს, მთელ იმპერიაში მოეძებნათ სარდალი.

მრავალი მხარე შემოიარეს და ბოლოს იმ სოფელს მიაღწიეს, სადაც ევსტატე ცხოვრობდა. ის კი ამ დროს ყანაში იყო. უეცრად მისკენ მომავალი მხედრები შეამჩნია. მათში თავისი მეგობრები შეიცნო და სიხარულისგან ატირდა, მაგრამ ცრემლი შეიმშრალა და ცდილობდა, მღელვარება არ შეემჩნიათ. მხედრები მიესალმნენ და ჰკითხეს: ვინ არის ამ დასახლების ბატონი და ასეთი და ასეთი კაცი ხომ არ უნახავსო. "მას რატომ დაეძებთო?" - ჰკითხა ევსტატემ. "პლაკიდა ჩვენი მეგობარია, დიდი ხანია, არ გვინახავს და არც მისი ოჯახის ასავალ-დასავალი ვიცით. თუ ვინმე მის ადგილსამყოფელს მიგვასწავლის, უხვად დავასაჩუქრებთო". ევსტატემ შესთავაზა: "პლაკიდას შესახებ არაფერი მსმენია... შინ მესტუმრეთ, დაისვენეთ და იქნებ თქვენი მეგობრის ამბავიც გავიგოთო".

მართლაც სანაქებოდ გაუმასპინძლდა სტუმრებს, მონდომებით ემსახურებოდა. დროდადრო კი ცრემლის დასამალად გარეთ გასვლა უწევდა.

მხედრებმა დაისვენეს, სული მოითქვეს და მასპინძელში პლაკიდა შეიცნეს. როცა დარწმუნდნენ, მათ წინაშე მათი მეგობარი იდგა, მუხლებში ჩაუცვივდნენ.

მიხვდა ევსტატე, რომ დადგა უფლის მიერ ნაწინასწარმეტყველები დრო, როცა ძველებური პატივი უნდა დაბრუნებოდა და თავისი ვინაობა აღარ დაუმალავს. ანტიოქემ და აკაკიმ მას ძვირფასი სამოსი შემოსეს და ხალხს სარდლის გმირობის ამბავი მოუთხრეს, მერე კი შესხდნენ ცხენებზე და რომისკენ გასწიეს.

ტრაიანემ დიდი პატივით მიიღო პლაკიდა - ძველი თანამდებობა უბოძა და იმაზე მეტი ქონება მისცა, ადრე რომ ფლობდა.

მეფემ სთხოვა, უცხოტომელებზე სალაშქროდ გამგზავრებულიყო. შეკრიბა ჯარი ევსტატემ. იმპერატორის ბრძანებით, სამხედრო სამსახურისთვის რომის იმპერიის ყველა ოლქიდან ჩამოვიდნენ ახალგაზრდები. მათ შორის იყვნენ ევსტატეს ვაჟებიც: აღაპე და თეოპისტე. დავაჟკაცებულიყვნენ და გალამაზებულიყვნენ. ევსტატემაც გამოარჩია ისინი და შეიყვარა. ვაჟები ევსტატეს გვერდიდან არ სცილდებოდნენ, ერთმანეთიც ძმებივით უყვარდათ.

გამარჯვებული რომაელთა ჯარი დედაქალაქში ბრუნდებოდა. ერთ თვალწარმტაც დასახლებასთან შეისვენეს. მდინარის პირას გამართეს კარვები. აღაპემ და თეოპისტემ თავიანთი კარავი, ღვთის განგებულებით, იმ ბაღის ბოლოს გაშალეს, რომელიც მათ დედას თეოპისტიას ეკუთვნოდა.

ერთხელაც, კარავში რომ ისვენებდნენ, მშობლებზე წამოიწყეს საუბარი.

"მახსოვს, მამაჩემი რომაელი მხედართმთავარი იყო, - ჰყვებოდა აღაპე, - ერთხელ დედასთან და ჩემს უმცროს ძმასთან ერთად მივცურავდით. მამამ გემიდან ჩამოგვიყვანა, დედა კი რატომღაც ხომალდზე დარჩა. მწარედ ვტიროდით. მერე მამამ მდინარეზე გადამიყვანა, ნაპირზე დამსვა და ჩემი ძმის გადმოსაყვანად წავიდა. ამ დროს ლომმა პირი მტაცა და წამათრია. მწყემსებმა გადამარჩინეს და გამზარდეს".

ეს რომ მოისმინა, თეოპისტე წამოვარდა და აღაპეს გადაეხვია: "ჭეშმარიტად, ჩემი ძმა ხარ! რაც შენ მოყევი, მეც იგივე მახსოვს, ოღონდ მე მგელმა მომიტაცა და მიწათმოქმედებმა გადამარჩინესო". ძმები სიხარულის ცრემლს ვეღარ იკავებდნენ. ტიროდა თეოპისტიაც. თურმე ამ დროს ბაღში საქმიანობდა და მათ საუბარს ყური მოჰკრა. შვილების ნახვა სურდა, მაგრამ ასე დაკონკილი ხომ ვერ დაენახვებოდა სახელგანთქმულ მეომრებს?

გადაწყვიტა, რომში გაჰყოლოდა ჯარს. იქნებ იქ მაინც შეეტყო საყვარელი მეუღლის ამბავი, შვილებთანაც ახლოს იქნებოდა. დაემხო მთავარსარდლის წინაშე და რომში დაბრუნების ნება ითხოვა - უცხოტომელებმა ტყვედ ჩამიგდეს და თექვსმეტი წელია ამ მხარეში ვარ გადმოხვეწილიო. ევსტატემ ნება დართო. წამოდგა თეოპისტია და რას ხედავს - მის წინ მისი საყვარელი ევსტატე დგას! ერთ სიხარულს მეორე დაერთო!

გამოვიდა კარვიდან და უფალს შეევედრა, რომ ქმარ-შვილს შეეცნო. მერე კი ხელსაყრელი დრო შეარჩია და მეუღლესთან შებრუნდა.

- კიდევ რას მთხოვ, დედაკაცო? - ჰკითხა ევსტატემ.

- გევედრები, ჩემო ბატონო, ნუ განურისხდები შენს მხევალს და მოთმინებით მომისმინე. განა შენ პლაკიდა არა ხარ, წმინდა ნათლისღებისას ევსტატე რომ უწოდეს? შენ ის არა ხარ, ვინც ირმის რქებს შორის ჯვარცმული იესო იხილა? განა ცოლ-შვილთან ერთად არ დატოვე რომი ღვთის გულისათვის? განა უცხოტომელმა არ წაგგვარა ცოლი? მოწამეა თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ვისთვისაც ამდენი წამება დავითმინე, რომ მე შენი ცოლი ვარ, ისევ ისე წმინდა, ღვთის მადლით გადარჩენილი.

ევსტატემ, თითქოს ძილიდან გამოერკვაო, იცნო მეუღლე და მოეხვია. თვალცრემლიანნი მადლობას აღუვლენდნენ უფალს.

თეოპისტიამ ქმარს შვილების ამბავი ჰკითხა. მხეცებმა შეჭამესო, - მიუგო დამწუხრებულმა. მაშინ ქალმა ბაღში მოსმენილი უამბო. ევსტატემ აღაპე და თეოპისტე იხმო და ვინაობა ჰკითხა. დარწმუნდა ცოლის ნათქვამში - მათ წინაშე თექვსმეტი წლის დაკარგული შვილები იდგნენ!

სასიხარულო ამბავი მთელ ჯარში გავრცელდა. რომში ორმაგად გახარებული ბრუნდებოდა ევსტატე.

ამასობაში იმპერატორი ტრაიანე გარდაცვლილიყო და ტახტზე ანდრიანე ასულიყო. უამრავი ტყვე, უთვალავი საგანძური ჩამოიტანა ალაფად ევსტატემ, მისი სახელი უფრო მეტად განდიდდა.

ანდრიანემ ამ დიდი გამარჯვებისთვის "ღმერთების" სამადლობლად მსხვერპლის შეწირვა გადაწყვიტა. დიდებულებთან ერთად წარმართულ საკერპოში შევიდა. მხოლოდ ევსტატე არ შეჰყვა. "უპირველესად შენ გმართებს ღმერთებისთვის მადლობის შეწირვა", - მიმართა იმპერატორმა. "მე ქრისტანი ვარ და მხოლოდ ერთ ღმერთს - იესო ქრისტეს ვმადლობ და ვეთაყვანები, რამეთუ მან ყოველივე მიბოძა. ბრმა, ყრუ-მუნჯ და უძლურ კერპებს კი არ ვცნობო!" - თქვა ევსტატემ და შინ წავიდა.

განრისხდა იმპერატორი. ყველა ღირსება აართვა მთავარსარდალს და ცოლ-შვილთან ერთად, როგორც უბრალო მოქალაქე რომისა, სასამართლოს წინაშე წარადგინა. მსხვერპლშეწირვაზე რომ ვერ დაიყოლია, ისინი მხეცებს მიუყარა საჯიჯგნად.

გამოუშვეს მხეცები, მათ კი მიუალერსეს ტყვეებს და თავი მოუდრიკეს.

მხეცებმა დაიცხრეს თავიანთი ბუნებრივი მძვინვარება, მაგრამ სამაგიეროდ ანდრიანე გამხეცდა, გამძვინვარდა. მეორე დღეს წმინდა ევსტატე და მისი ცოლ-შვილი გავარვარებულ სპილენძის ღუმელში შეაყრევინა. წმინდანებმა ილოცეს და სული თვისი ღმერთს შეავედრეს.

სამი დღის შემდეგ ანდრიანემ პლაკიდას დაფერფლილი სხეულის ნახვა მოინდომა. კარი რომ გააღეს, მოწამეთა სხეულები უვნებელი იხილეს, თმის ღერიც არ შეტრუსვოდათ. მძინარეთ ჰგავდნენ და საოცარი სილამაზით ბრწყინავდნენ.

- დიდია ქრისტიანთა ღმერთი! - ყვიროდა ხალხი.

მეფე სირცხვილეული დაბრუნდა სასახლეში. ყველა განიკითხავდა, უდანაშაულოდ რომ მოაკვლევინა რომისთვის ასე საჭირო მხედართმთავარი.

წმინდა მოწამეთა ნაწილები რომში, მათსავე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული.

საქართველოში იმთავითვე პატივს მიაგებდნენ წმინდა ესტატეს, ამის დასტურია კასპის რაიონის სოფელი ერთაწმინდა და ამ სოფელში მდებარე ეკლესია.

ტაძრის სახელწოდება "ერთაწმინდა" დაკავშირებულია მრავალმოწამე წმ. ესტატესთან, რომლის სახელზეცაა იგი ნაკურთხი. "ესტატე წმინდა" დროთა განმავლობაში ხალხის გამოთქმაში ქცეულა "ერთაწმინდად" და სოფელსაც, როგორც პლ. იოსელიანი ფიქრობს, იგივე სახელწოდება უძველესი დროიდანვე მიუღია. ამის დამამტკიცებელი უნდა იყოს უთუოდ აღნიშნული ძველი სახელწოდების მიახლოებული რედაქცია "ესტაწმინდა", რომელიც გვხვდება ერთაწმინდასთან დაკავშირებულ ძველ ისტორიულ საბუთებში.

წმინდა ესტატეს ეკლესია XIII საუკუნის შუა წლების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. თლილი ქვით ნაგები დიდი ეკლესიის გუმბათი ორთავისუფლად მდგომ ბურჯსა და ბემის კუთხეებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებული კუთხის ოთახებია. ფასადების მდიდრული მორთულობა (უმეტესად კარ-სარკმელთა საპირეებისა და ჯვრების ჩუქურთმები) ტექნიკურად კარგი ხარისხისაა, მაგრამ მხატვრული თვალსაზრისით მშრალია და დაქუცმაცებული. ეკლესიას გვიანდელი შეკეთება-გადაკეთების კვალი ეტყობა. XVII საუკუნის დასაწყისიდან იგი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. ეკლესიაში დაკრძალულია გიორგი სააკაძეს ვაჟის - პაატას თავი...

აქვე ერთ საგულისხმო ამბავს მოგითხრობთ.

მტარვალმა შაჰ აბასმა ერთაწმინდაში წმინდა ევსტატეს სახელობის ტაძრის დანგრევა მოისურვა. მეორე დღესვე შეუდგნენ მისი ჯარისკაცები ტაძრის დაშლას, გუმბათიდან კრამიტები გადმოყარეს. შაჰმა თვალისჩინის თანდათანობით დაკარგვა იგრძნო და მთლად დაბრმავდა. აქამდე მას თვალი არასოდეს სტკივებია და ახლა დამწუხრებულს ჩაეძინა. უეცრად შეშინებულს გამოეღვიძა და არ იცოდა, როგორ აეხსნა ეს ხილვა - გოლიათი ვიხილე, რომელიც მახვილით ჩემს განგმირვას ცდილობდაო. შაჰის წინაშე მოკრძალებით წარდგა ერთაწმინდელი, გიორგი სააკაძის ამალის წევრი და სიზმარი აუხსნა: თვალისჩინი მაშინ დაგიბრუნდება, თუ ტაძრის ნგრევას შეაწყვეტინებ, ვინაიდან ეგ ტაძარი წმინდა ევსტატესია და იგი გახლდათ ის გოლიათი, რომელიც გესიზმრათო. შაჰი ასეც მოიქცა. თვალისჩინი დაუბრუნდა, მერე კი იმ ქართველს შეჰყვა ტაძარში, სადაც მას წმინდა ევსტატეს ხატი აჩვენეს. შეძრწუნდა შაჰი, სწორედ ეგ მემუქრებოდაო. წმინდა ევსტატეს ტაძარს მან თვალმარგალიტით მოოჭვილი ხმალი შესწირა.

ბეჭდვა
1კ1