"მამა, მამა, მამა..." - ათჯერ მაინც გაიმეორა და ეს იყო მისი ბოლო სიტყვები
"მამა, მამა, მამა..." - ათჯერ მაინც გაიმეორა და ეს იყო მისი ბოლო სიტყვები
გვსურს, მოგითხროთ დიდი ქართველის, წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის "შვიდწილად ცეცხლში გამოწრთობილი" ცხოვრების შესახებ.

მეგობრები ამბობდნენ, გერასიმე (ასე ერქვა ერში წმინდა გაბრიელ ქიქოძეს) ოჯახური ცხოვრებისთვის არის დაბადებული და არა ბერობისთვისო. გერასიმე ასეც მოქცეულა - პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1849 წელს, იქაური მღვდლის ნიკოლოზ ვლადიკინის ქალიშვილი მარიამი შეურთავს ცოლად და თბილისში წამოსულა.

გერასიმეს სრული უფლება ჰქონდა ეთქვა, ბედნიერი ვარო. ახალგაზრდა და მშვენიერი ცოლი ჰყავდა, წარჩინებულ სამსახურში მსახურობდა, მთავრობა კმაყოფილი გახლდათ მისი პატიოსანი შრომით, საზოგადოებასაც დიდად ეიმედებოდა მისი, ახალი თაობა ხომ თითქმის ეთაყვანებოდა, ნივთიერადაც უზრუნველყოფილი იყო, ამიტომ შეეძლო, სამეცნიერო საქმიანობისთვისაც მშვიდად მოეკიდა ხელი...

მისი ოჯახი პატარა სამოთხეს ჰგავდა: უმანკოება, მყუდროება, სიყვარული, მხიარულება სუფევდა. მუსიკის ჰანგებიც ხშირად ისმოდა. მარიამი, ტანდაბალი კოხტა ქალი, მუსიკის მშვენიერი მცოდნე გახლდათ და ხშირად აცეკვებდა ქმარს, რომელსაც მართლაც ლაზათიანად გამოსდიოდა ეს საქმე...

მაგრამ ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა - სულ სამიოდე წელს გასტანა, მერე კი წელიწად-ნახევარში გერასიმემ ცოლი და ხუთი შვილი დაკარგა.

უბედურებამ მამა გერასიმე ლამის ჭკუიდან შეშალა. ქუჩა-ქუჩა დადიოდა და მღვდლის ჯოხს ბურთივით ათამაშებდა. მასწავლებლობაც გაუჭირდა, აღარც უწინდელი გამჭრიახობა ჰქონდა და გაკვეთილსაც ძველებურად ვეღარ ხსნიდა.

დასრულდა თუ არა გამოცდები, ორი შვილი ახლობლებს დაუტოვა, თვითონ კი პიატიგორსკში წავიდა დარდის გასაქარვებლად. მაგრამ უბედურებამ იქაც არ მოასვენა - ორივე პატარა ერთ თვეში გარდაეცვალა.

ჩამოვიდა რუსეთიდან და მღვდლობის დატევება მოისურვა. მაშინ იხმო ეგზარქოსმა ისიდორემ და ანუგეშა, უთხრა: "გონიერი კაცი ხარ და უნდა ხედავდე, რა საკვირველება დაუშვა შენზე ღმერთმა. კარგად იცი, რომ შენი სამშობლო ქვეყანა დიდად მოკლებულია კარგ და შეგნებულ მღვდელმთავრებს. ნათელია, უფალმა ამ მისიისთვის გამოგირჩია - ცოლ-შვილი მოგაშორა და ანგელოზებად შერაცხა, მათ ნაცვლად კი ქართველ ერს გაძლევს, რათა უწინამძღვრო და გზა ჭეშმარიტებისა ასწავლოო".

ეგზარქოსის სიტყვებმა დაამშვიდა მამა გერასიმე. ძალზე ანუგეშა მეგობრის საშა რუდაკოვის გამოგზავნილმა წერილებმაც. ხმის გამცემი არავინ დამრჩაო, - სწერდა საშას, ის კი კითხვას ურჩევდა, წიგნები იქნებიან შენი მეგობრებიო. მართლაც, განაგრძო თავისი წიგნისთვის ("ცდისეული ფსიქოლოგიის შესავალი") მასალების მოგროვება და დამუშავება. სემინარიაშიც ასწავლიდა. უფრო მკაცრი და მომთხოვნი გახდა.

ოცდათორმეტი წლის იყო მამა გერასიმე, როცა დაქვრივდა. აღიკვეცა ბერად და სამი წლის შემდეგ ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ დროს ეგზარქოსი ევსევი გახლდათ. ეს ის ევსევია, 1877 წელს ბოდბეში წმინდა ნინოს საფლავის გათხრა რომ მოინდომა, მაგრამ ღვთის რისხვა ეწია - წამსვე დამბლა დაეცა და სული განუტევა. მანამდე კი იაკობ გოგებაშვილი ლამის შეშალა. დიდად მტრობდა ეგზარქოსი გაბრიელ ეპისკოპოსსაც.

1860 წელს წინდა გაბრიელს იმერეთის ეპარქია ჩააბარეს, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე მართავდა. სულით სნეული სამწყსო დახვდა ეპარქიაში. მართლაც დასტაქრის დანა სჭირდებოდა ზოგიერთი მანკის აღმოფხვრას. პირველივე წლებში სწამებდნენ ცილს: ჩვენს ეპისკოპოსს "პოხონდრია" სჭირსო, ბევრი "ბრაზიანს" ეძახდა. ეს "ბრაზიანობა" კი რადიკალური წამალი გახლდათ ფესვგამდგარი სენის აღმოსაფხვრელად.

თუმცა მუდამ "ბრაზიანი" არ ყოფილა წმინდა გაბრიელი. მოყვარული გახლდათ, ახლობელთა ჭირსა თუ ლხინს იზიარებდა, ხუმრობაც უყვარდა. უნდა გეცქირათ, რა ნეტარებას გრძნობდა, ბავშვების გუნდს გარს რომ შემოიხვევდა! თავზე ხელს უსვამდა პატარებს, კოცნიდა, ეალერსებოდა, ჯვრებს ურიგებდა, ეთამაშებოდა.

ნამდვილი გაბრიელი კი ალბათ მაშინ იყო, როცა განმარტოვდებოდა და ღვთის წინაშე წარდგებოდა. მოიდრეკდა მუხლს, აღაპყრობდა ხელებს და ტიროდა, ცოდვათა მიტევებას შესთხოვდა უფალს.

ძალზე ენატრებოდა ცოლ-შვილი. როგორც კი ჩამოვიდოდა თბილისში, მაშინვე ვერის სასაფლაოს მიაშურებდა და ცოლ-შვილის საფლავზე პანაშვიდს გადაიხდიდა, მერე ჩამოჯდებოდა ქვაზე და წიგნის კითხვას შეუდგებოდა. დაღამებულზე თუ წავიდოდა შინ.

გავიდა წლები. ამ ხნის განმავლობაში კიდევ მრავალი ქარტეხილი გამოიარა წმინდა გაბრიელმა. მოახლოვდა ღვთის წინაშე წარდგომის ჟამიც, დრო, როცა საყვარელ ოჯახს უნდა შეხვედროდა ჭირნანახი და განწმენდილი. მაგრამ ეშმაკმა, რომლის სახელსაც ვერსად წააწყდებით წმინდა გაბრიელის ქადაგებებში, უკანასკნელი, გენერალური ბრძოლა გაუმართა ცხოვრების მიწურულს.

1895 წლის ნააღდგომევიდან თანდათან დასუსტდა და დასნეულდა. ძილში ბოდვა და წამოყვირება უწინაც სცოდნია, ბოლო წლებში კი ნამდვილ სნეულებად ექცა. ცხვირიდან სისხლდენაც გაუძლიერდა, მუცლის ტკივილმაც უმატა. სიზმრები არ ასვენებდა. გახდა, ძილი გაუტყდა.

თბილისიდან მისი ძმისშვილი, ცნობილი ექიმი ტიტე ქიქოძე დაიბარეს. გადაწყდა, ავადმყოფი რაჭაში წაეყვანათ ჰაერის გამოსაცვლელად. ოდნავ შვება კი მისცა, მაგრამ ვერ გამოაჯანმრთელა. სოფელ ჭიბრევში ეკლესია უკურთხებია. ქადაგების თქმა სურდა, მაგრამ ფერი დაკარგა, გაფითრდა, აკანკალდა, ცრემლი მოერია. სახარება დიაკვანს დააკავებინა და სუსტი ხმით წარმოთქვა: "ვხედავ, საყვარელნო ძმანო, ჩემთვის ეს სახარებაც უკანასკნელია, ჩემი აქ მოსვლაც და თქვენთან ქადაგებაც! როდესაც ჩემს სიკვდილს გაიგებთ, ყველამ ღმერთს შემავედრეთ, რომ ვცხონდე. მე თქვენთვის როგორ ვეხვეწებოდი ღმერთს, ის იქ გამოჩნდება, როდესაც თქვენ ყველანი ჩემთან მოხვალთ და ყველაფერს იხილავთო".

რაჭაში დიდხანს არ გაჩერებულა, ქუთაისში დაბრუნება გადაწყვიტა. იქ კი ლოგინად ჩავარდა, მეხსიერება დაკარგა. აციებდა, ბორგავდა, შფოთავდა. ბოლო ხანებში ოთახში სიარული დაიჩემა. თუ სიარულს ვერ შეძლებდა, ფეხზე მაინც უნდა გაეჩერებინათ. თვალები მუდამ დახუჭული ჰქონდა. უმატა ლოცვას, ტირილს. რა გატირებსო, რომ ჰკითხავდნენ, პასუხობდა: ჩემს ცოდვებს ვტირიო.

სიკვდილის მოახლოება რომ იგრძნო, მოიხმო თავისი კრებული, დალოცა და აკურთხა. მერე, ერთკვირიანი აგონიისას, ლამის განუწყვეტლივ იმეორებდა: "მომიხსენე მე, უფალო, სასუფეველსა შენსა...", "უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩემო, შემიწყალე მე..." ლოცვის სრულად წარმოთქმის ძალაც რომ აღარ შერჩა, "უფალო, უფალოსღა" ჩურჩულებდა. მხოლოდ ბაგეებს ამოძრავებდა, სული ღვთისკენ მიეპყრო.

"მამა, მამა, მამა..." - ათჯერ მაინც გაიმეორა და ეს იყო მისი ბოლო სიტყვები...

26 იანვარს, ღამის ორ საათზე, ქუთაისის საეკლესიო ზარების რეკვამ ხალხს საყვარელი მღვდელმთავრის გარდაცვალება ამცნო. საწუთროზე გამარჯვებული დიდი მამის სული უკვე ზეციდან აკურთხებდა სამწყსოს.

10 მარტს დაკრძალეს ეპისკოპოსი გაბრიელი, რომლის სხეულიც ამ ორმოცდაექვსი დღის განმავლობაში სრულიად არ შეცვლილა - ესეც ერთი-ერთი ნიშანი გახლდათ მისი წმინდანობისა.
ბეჭდვა
1კ1