სათნოების გოდოლი - ისიდორე სამთავნელი
სათნოების გოდოლი - ისიდორე სამთავნელი
მეორე წელია ღირსი მამის ისიდორე სამთავნელის ხსენებას ვდღესასწაულობთ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა 2005 წლის 23 ნოემბრის სხდომაზე ღირსი ისიდორე სამთავნელის ხსენების დღედ 25 ივნისი (ძვ. სტილით - 12 ივნისი) დაადგინა. დიდია წმინდა მამის მიერ გაწეული ღვაწლი ქართველი ერის ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოსაქცევად. რწმენაში გასაძლიერებლად დღესაც ისევე გვესაჭიროება ღირსი მამის ლოცვა, როგორც თხუთმეტი საუკუნის წინ, როცა სპარსელები ათასი ხერხით ცდილობდნენ კერპთაყვანისმცემლობაზე ჩვენს გადაბირებას.

წმინდა ისიდორე (ეზდერიო) სამთავნელი, ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი, საქართველოში VI საუკუნეში იოანე ზედაზნელთან ერთად ჩამოვიდა. ასურელი მამები ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოაგზავნა სპარსთაგან შევიწროებულ ივერიაში, სადაც ამავე დროს მონოფიზიტობაც იკიდებდა ფეხს, რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებაში გაეძლიერებინათ ქართველები. მათ ცხოვრებაში წერია, რომ ისინი იყვნენ "ღმრთისა სათნონი, ნათელნი სოფლისანი, ჭურნი რჩეულნი სავსენი ნელსაცხებელითა, ზეცისა კაცნი და ქუეყანისა ანგელოზნი, განმანათლებელნი სოფლისანი, სახენი, წესნი და კანონნი უცთომელნი მონოზონებისანი".

წმინდა ისიდორე თავიდან ღირს იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზადენის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი, როცა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით საქართველოს სხვადასხვა მხარეს გაუშვა სამოღვაწეოდ, წმინდა მამამ ქართლს მიაშურა. მდინარე ლეხურის მარცხენა ნაპირზე (კასპიდან 11 კმ-ზე) დამკვიდრდა და სოფელ ჭალის მახლობლად დააარსა მონასტერი, სადაც დააბრძანა მახცოვრის იესო ქრისტეს ხელთუქმნელი ხატი, რომელიც განუშორებლად თან ჰქონდა.

ღირსი ისიდორე მარტვილობდა, დაუღალავად იღვწოდა, ქადაგებდა მართლმადიდებლობას, ურწმუნოთ მოაქცევდა, უნუგეშოთ ნუგეშინისსცემდა, სნეულთ კურნავდა. ქართულ მატიანეს არ შემოუნახავს ისიდორე სამთავნელის სასწაულმოქმედი ღვაწლის ამსახველი ცნობები. ვიცით, რომ წმინდა მამა თავის მიერ აგებულ ტაძარში აღესრულა და აქვე "დაიდვა მრავალ მოღვაწე გვამი მისი".

წმინდა ისიდორეს მიერ აგებული ტაძრიდან აღარაფერია შემორჩენილი. გადმოცემით, სამთავისის ტაძარი თბილისის სიონის, წილკნის, ერთაწმინდისა და მეტეხის ტაძრებთან ერთად აუგია ვახტანგ გორგასალს. "კალმასობაში" ნათქვამია: "ვახტანგ გორგასლან, მეფემ საქართველოსმან აღაშენა ოთხი ეკლესიანი: წილკნის, სამთავისის, მეტეხის გაღმა მხარისა და რუისისა და ოდეს გაშინჯეს ეს ეკლესიები, მაშინ ხუროთმოძღვრებით და აღმშენებლობით უფრო აქეს სამთავისი და უწოდა - ესრეთ სამთავ ეკლესიათა ესე სამთავისი უმჯობესიაო", ამიტომ დღესაც ტაძარს სამთავისი ეწოდება. ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეების მიხედვით, სამთავისის აშენების თარიღი 472 წელია.

დღევანდელი სამთავისის ტაძარი მოგვიანებით, 1030 წელს ილარიონ, სამთავნელ ეპისკოპოსს აუგია, რომელიც მოხსენებულია ეკლესიის დასავლეთის კარის ზემოთ, აყვავებული ჯვრის თავზე ამოკვეთილ სამსტრიქონიან წარწერაში: "ილარიონ სამთავნელმან აღაშენა ტაძარი ესე..." თუმცა, ცხადია, წმინდა მამა სიდორეა სამთავისის სამონასტრო კომპლექსის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი.

სამონასტრო კომპლექსში შედის ეპისკოპოსის პალატი, მცირე ეკლესია და სამრეკლო.

ეპისკოპოსის პალატი XVII საუკუნის II ნახევარში აგებულ გალავანშია ჩართული. ეს იყო საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საეპისკოპოსო. სამთავნელი ეპისკოპოსი პირველად 506 წლის დვინის საეკლესიო კრებაზე იხსენიება, ამიტომ სამთავისის ეპარქია გაცილებით ადრე, V საუკუნის ბოლოს მაინც არის ჩამოყალიბებული. აქ მოღვაწეობდნენ მწიგნობრები და კალიგრაფები: არქიეპისკოპოსი ევდემონი (XVII), კვიპრიანე სამთავნელი (XVII-XVIII) და კათალიკოსი ანტონი (XVIII).

დღევანდელი სამთავისისა და გორის ეპარქია განსაკუთრებული სიყვარულით, საზეიმო წირვით აღნიშნავს ღირსი მამის ისიდორე სამთავნელის ხსენების დღეს, 25 ივნისს. ჩვენც ვულოცავთ მთელ საქართველოს ამ დიდი მამის, ისიდორე სამთავნელის ხსენებას. მისი ლოცვა შეგვწეოდეს სარწმუნოებაში განსამტკიცებლად.

თინათინ მაჭარაშვილი

რუსთავის 13 ასურელი მამის ეკლესიის

შემოქმედებითი ჯგუფი "გორგასალი"
ბეჭდვა
1კ1