ღირსი იოანე ხახულელი (X-XI საუკუნეები) - 10 (23) მარტი
ღირსი იოანე ხახულელი (X-XI საუკუნეები) - 10 (23) მარტი
ღირსი იოანე ხახულელი (X-XI) ბაგრატ III-ის თანამედროვე სასულიერო მოღვაწე, მთარგმნელი და კალიგრაფი იყო. მას როგორც მჭევრმეტყველ მქადაგებელს "ოქროპირი" უწოდეს. სხვადასხვა წყაროდან ირკვევა, რომ ღირს იოანეს ხელი დაასხეს ჯერ ბოლნისის, შემდეგ კი ხახულის ეპისკოპოსად.

დაახლოებით 1019 წელს ღირსმა იოანემ ხახულის კათედრა დატოვა და არსენ ნინოწმინდელთან ერთად სამოღვაწეოდ ათონის მთას მიაშურა.
ჯერ კიდევ საქართველოში შესრულებული ერთ-ერთი ხელნაწერის ანდერძში ნათქვამია: "ლოცვა ჰყავთ ნეტარისა ბერისა იოანე გრძელის ძისა და სულიერი შვილისა მისისა იოანე ოქროპირისათვის, რომელნი ფრიად დაშურეს შრომასა და წერასა ამის წმიდისა წიგნისა".

ათონის მთაზე ღირსი იოანე ერთგულად ამოუდგა მხარში წმინდა ექვთიმე ათონელს (ხსენება 13 მაისს) და დიდად მეგობრობდა.

როგორც "გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებიდან" ირკვევა, ღირსი იოანე ხახულელი ათონზე აღსრულებულა.

აქ კი მცირე რამ იმ ადგილის შესახებაც გვსურს მოგითხროთ, სადაც წმინდა იოანე მოღვაწეობდა:

ხახული

თორთუმის წყლის მარცხენა შენაკადზე, ხახულის წყლის ხეობაში, არის სოფელი ხახული, რომლის ბოლოს არის ხახულის ტაძარი. მაჰმადიანებს ის ჯამედ გადაუკეთებიათ, რასაც ტაძარი დანგრევისაგან გადაურჩენია. როგორც ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს: "ტაძარი გამუსლიმანებულ ქართველებს მიზგითად გადაუკეთებიათ, ამგვარად ზრუნვის საგნად გაუხდიათ და კარგად შეუნახავთ."

სამშენებლო წარწერა ხახულის ტაძრის კედლებზე არ არის, მაგრამ "ქართლის ცხოვრების" მიხედვით ხახულის ტაძარი ააშენა დავით კურაპალატმა. უფრო დაწვრილებით გვიყვება ვახუშტი ბატონიშვილი: "ხევზედ, შიფაქლუს მთის კალთას, არს ეკლესია - ეკლესია-მონასტერი ხახულისა, ყოვლადწმიდის ღვთისმშობლისა. ეს აღაშენა დავით კურაპალატმან, დავით მეფის მამობილმან. აქა არს ეკლესია ფრიად მშვენიერი, დიდმშენი, რომელი აღაშენა 48-ე მეფემან დავით. არამედ აწ უქმ ცარიელ არიან..." ვახუშტის მიერ დასახელებული 48-ე მეფე არის დავით კურაპალატი (876-881), ძე ბაგრატ კურაპალატისა და შვილიშვილი აშოტ I კურაპალატისა. სამწუხაროდ, ზუსტი თარიღი ტაძრის აშენების ამ ცნობებშიც არ არის მოყვანილი. მაგრამ ცხადია, რომ ტაძარი დააარსა დავით III კურაპალატმა X საუკუნის II ნახევარში.

თანდათან ხახულის მომიჯნავე მიწებზე ჩამოყალიბდა ხახულის თემი - ეკომონიკურად დაწინაურებული რეგიონი (უფრო გვიანდელი ხანის ოსმალურ დოკუმენტებში ხახულის თემი "ხახოს ხეობად", ზოგჯერ კი "იშხანის" სახელით იხსენიება. აქ 100-მდე სოფელი და 30-მდე დამოუკიდებელი წვრილი აზნაური ითვლებოდა).

XVI საუკუნეში ხახული ქართლის კათოლიკოსის საგამგებლოში შედიოდა. XVI საუკუნეშივე ოსმალეთის მიერ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების დაპყრობის შემდეგ, ხახული მოსწყდა ქართულ სახელმწიფოებრივ და კულტურულ ცხოვრებას.

ხახულის ტაძრის კედლებზე წარწერები ცოტაა. ზოგი მათგანი ტაძრის მშენებელი ოსტატების ვინაობას გვამცნობს. ტაძრის მოხატულობისაგან ცოტა რამ შემორჩენილა. საკურთხევლის ფრესკებზე ჩანან მოციქულები, რომელთაც ხელში სახარება უჭირავთ. შემორჩენილია აგრეთვე ქართული ასომთავრული წარწერები. ტაძრის კარზე ჯერ კიდევ კარგად ჩანს წმინდა გიორგის, ღვთისმშობლის გამოსახულებები.

ხახულის მონასტერი ძველი საქართველოს განათლების ერთ-ერთი კერა იყო, საიდანაც გამოდიოდნენ გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწენი, ღვთისმეტყველნი, მქადაგებელნი, მთარგმნელნი, კალიგრაფები და სხვა.

სახელგანთქმულ მთარგმნელს, გიორგი მთაწმინდელს, დაწყებითი განათლება სწორედ ამ მონასტერში მიუღია და აქვე აღკვეცილა ბერად. ჩვენამდე მოაღწია ხახულის მონასტერში გადაწერილმა ხელნაწერებმაც. ხახულის ცნობილი ღვთისმშობლის ხატი - კარედი კი საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

ხახულის კარედი ხახულის ტრიპტიქი, რომელიც 1952 წლიდან დღემდე საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის მუდმივ უნიკალურ ექსპოზიციაშია გამოფენილი, თავდაპირველად საქართველოს ისტორიულ მხარეში, ტაოში, ხახულის მონასტერში, იყო დაცული.

XII საუკუნეში დავით აღმაშენებელს (1089-1125) ხახულის მონასტრიდან გადმოუსვენებია უკვე სახელგანთქმული, სასწაულმოქმედი ხატის ტრიპტიქი გელათის მონასტერში, სადაც იგი ახლად შეუჭედიათ. ტრიპტიქის ვერცხლით შეჭედილი კარების გარეთა ნაწილი, რომელიც, სტილისტური თვალსაზრისით X საუკუნის ოქრომჭედლობის ნიმუშს წარმოადგენს, ხელუხლებლად დაუტოვებიათ, ხოლო დანარჩენი ნაწილი ხატისა თავიდან მოუჭედავთ და შეუმკიათ ოქროთი, ვერ¬ცხლით, ტიხრული მინანქრითა და პატიოსანი თვლებით.

ხახულის მონასტერი დიდი და მრავალნაგებობებიანი ანსამბლი იყო.

ექვთიმე თაყაიშვილის აზრით, აქ უეჭველად იყო სემინარია, სატრაპეზო, სასახლეები და ბერების საცხოვრებლები, მაგრამ ამას ჩვენ დრომდე არ მოუღწევია. მონასტერს დიდი გალავანი არტყია, მთავარი ტაძრის გარდა გალავნის შიგნით ხუთი სხვადასხვა დროის ეკლესიაა, სამი კი გარეთ.

ხახულის მთავარი ტაძარი დიდი მასშტაბის ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ტაძრის შიდა კედლები, ისევე როგორც ფასადები, მოპერანგებულია თლილი ქვით.

სავარაუდოდ, კედლები არ იყო განკუთვნილი ფრესკებისათვის, მაგრამ როდესაც ფრესკები გახდა მორთვის აუცილებელი ელემენტი, დაიფარა ეს კედლებიც. ფრესკული მხატვრობა ძალიან კარგი ხარისხისაა, მაგრამ მისგან ცოტა რამაა შემორჩენილი. საკურთხევლის ფრესკებზე ჩანან მოციქულები, რომელთაც ხელში სახარება უჭირავთ. შემორჩენილია აგრეთვე ქართული ასომთავრული წარწერები.

ტაძრის იატაკი თლილი ქვისაა, აფსიდის იატაკი სამი კიბითაა ამაღლებული. თავდაპირველად ტაძარს მხოლოდ ჩრდილოეთის მინაშენი ჰქონდა, დანარჩენი შემდგომში გაჩნდა. ჩრდილო-დასავლეთის მინაშენი საკმაოდ დიდია, შესასვლელი აქვს ეკლესიიდან, ნათდება აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან. გრძელი და განიერი სათავსი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომელიც ეყრდნობა სამ საყრდენ თაღს. ეს თაღები სამხრეთიდან ეყრდნობა პილასტრებს, ჩრდილოეთიდან კი კედლებს.

მინაშენი, როგორც ჩანს, დამხმარე სათავსი იყო, და გარდა ყველაფრისა, მარნის როლს ასრულებდა, მიწაში ქვევრები იყო ჩამარხული. დანარჩენ მინაშენებზე ინფორმაცია საკმაოდ მწირია.

ტაძრის ფასადები მოპირკეთებულია კარგად გათლილი ქვით და შესაბამისად შემკულია.

ხახულის სამონასტრო ანსამბლი სხვებზე მდიდარი იყო. მას შემოვლებული ჰქონდა მაღალი და მძლავრი გალავანი, რომელიც მთის რელიეფს მიყვებოდა. სამწუხაროდ, გალავნიდან შემორჩენილია ძალიან მცირე ფრაგმენტები. შემოინახა კამაროვანი კარიბჭე, რომელიც ჩაშენებული იყო გალავანში სამხრეთიდან. შესაძლებელია, ამ კარიბჭის თავზე სამრეკლო ან კოშკი იყო.

გალავნის შიგნით, ეზოში განლაგებული ეკლესიებიდან ყველაზე საინტერესოა საყდარი, რომელიც ტაძრიდან სამხრეთით რამდენიმე ნაბიჯით არის დაშორებული. ეკლესია პატარაა, ერთნავიანი.

შესასვლელი მხოლოდ დასავლეთიდან, სარკმლები კი აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან აქვს. ეკლესიის დარბაზი გამოყოფილია პილასტრით, აფსიდის გვერდითა ნაწილებში მოწყობილია ნიშები. ეკლესია მოპირკეთებულია თლილი კვადრებით და კარგად დეკორირებულია. სტილისტური თავისებურებების მიხედვით ეს ეკლესია აშენებულია მთავარი ტაძრის შემდეგ, მაგრამ X საუკუნის ფარგლებში.

ეკლესია, რომელიც მიშენებული იყო კარიბჭის მარცხნივ ისე იყო დანგრეული, რომ ვერ მოხერხდა მისი ანაზომების აღება. ასევე დანგრეულია კიდევ ორი ეკლესია. ერთში, რომელიც მიშენებული იყო გალავანზე, იკითხება სარკმლები სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან და კარი დასავლეთიდან. ცუდ მდგომარეობაში არის აგრეთვე ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდგარი ეკლესია.

ეზოში მდგართაგან ყველაზე დიდი იყო ტაძრის ჩრდილოეთით აგებული ეკლესია. მისგან შემორჩენილია კედლები, სიმაღლით 1,5 მ. ეკლესია ერთნავიანია, მაგრამ ორიგინალური. საკურთხეველი სამაფსიდურია. თითოეულ აფსიდში სარკმელია. ეკლესიის ქვეშ აკლდამაა, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს.

ხახულისწყლის ხეობაში, მონასტრის ახლოს, კიდევ რამდენიმე მცირე ეკლესიაა. მათგან ორი, ახლომდებარე, ალბათ მონასტერს ეკუთვნოდა, ხოლო დანარჩენი - სხვადასხვა სოფელს. ორი პატარა ეკლესია დგას მონასტრის პირდაპირ, ხახულისწყლის მარჯვენა ნაპირზე.

ეკლესია, რომელიც ყველაზე ახლოსაა მონასტერთან, აშენებულია კარგად გათლილი ქვით და მთლიანად შემონახულია. დარბაზულ ეკლესიას შესასვლელი ჩრდილოეთით აქვს, ნათდება სარკმლებით საკურთხეველში და დასავლეთის კედელში. აფსიდში ორი მაღალი ნიშია. შესასვლელი არქიტრავის ქვაზე ამოკვეთილია წრეში ჩახაზული რომბი. ამავე ქვაზე არის ცუდად შემონახული ასომთავრული წარწერა.

ბეჭდვა
1კ1